მესხეთის უნიკალური და "საიდუმლო" შენობა-გვირაბები - გზაპრესი

მესხეთის უნიკალური და "საიდუმლო" შენობა-გვირაბები

ისტორიკოსი რევაზ ანდღულაძე მესხეთ-ჯავახეთში წარსულში არსებული, დღემდე შემონახული თუ დანგრეული შენობა-ნაგებობების შესახებ გვესაუბრება და სხვა საინტერესო ამბებსაც მოგვითხრობს.

- ბატონო რეზო, თქვენი ინფორმაციით, როდიდან ჩნდება პირველი ოდები მესხეთ-ჯავახეთში, როგორი ტიპის ნაგებობები იყო და რა მასალით შენდებოდა ეს საცხოვრებლები?

- კონკრეტულად როდიდან იგებოდა, ამას დაზუსტებით ვერავინ დაგვიდასტურებს, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ საცხოვრებელი სახლის რამდენიმე ტიპზე: ერთი არის დარბაზი, რომელსაც ფანჯარა ზემოთ, ჭერში აქვს, ანუ - ერდო; მეორე არის სათავსი, რომელსაც გლეხი სხვადასხვა პროდუქტის შესანახავად იყენებდა; მესამე კი ოთახი, სადაც უცოლო ბიჭები წვებოდნენ, ე.წ. პატარა დარბაზი. 1920-იანი წლებიდან ფანჯრებიანი სახლის შენება დაიწყეს, ძველ სახლზე იყო მიდგმული.

ერთდრულად გვხვდება როგორც არქიტექტურულად მარტივი, ისე რთული კომპლექსები. მარტივს 1-2 ოთახი აქვს, რთული კი მთელი კომპლექსია. მაგალითად, ასეთი იყო ბალიაშვილების სახლი და შემდეგ, ამ კომპლექსს ყირქესალიშვილები პატრონობდნენ. ორი ძმა იყო - სტეფანე და ივანე; პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრეს. ივანე საბჭოთა კავშირის დამსახურებული არქიტექტორი და პედაგოგი იყო, სტეფანემ კი წიფას გვირაბის ელექტრიფიკაცია და ელექტროწევის მატარებლების სისტემა შექმნა, საბჭოთა კავშირში პირველი და ერთადერთი. დღეს მისი სახელობის კათედრაცაა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასეთი ოჯახი იყო. სწორედ იმ ოდას ჰქონდა ე.წ. აჯილაკის ოთახი, რომელიც სპეციალურად ახალდაქორწინებულთათვის გახლდათ. მეორე ასეთი დარბაზი (ბალახაძეების) ვნახე ვარევანში, მაგრამ ისინი რომ წამოვიდნენ, მათი ოდა სომეხმა მოსახლემ იყიდა. ჭკვიანი აღმოჩნდა და კარგად უვლის.

GzaPress

ოდა-სახლში შესვლისას, ჯერ ხვდები კარაპანში, ე.წ. ბალკონში, რომელიც საკმაოდ დიდი იყო და გლეხი მას იყენებდა სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესანახავად, გუთნის დასადებად, გასამზადებლად, სანამ სამუშაოდ წავიდოდა და ა.შ. კარაპანიდან ბაკებით, ანუ ვიწრო დერეფნით ოთახებისკენ გადიოდი, სადაც იყო ბოსელი, დიდი დარბაზი, პატარა დარბაზი, ე.წ. საცივი ოთახი და ფურნის სახლი. ჩვენთან ფურნე იყო გავრცელებული და ფურნის სახლი გვქონდა, ჯავახეთში კი - თონე და თონის ოთახი, სადაც ცომი იზილებოდა და პური ცხვებოდა.

რაც შეეხება ოდა-ბოსელს - ბოსელს ახორს ვეძახით, ეს ოჯახის შეძლების მიხედვით კეთდება: თუ ბევრი მიწა ჰქონდათ, შესაბამისად, გამწევი ძალა - საქონელი, პირუტყვიც ბევრი უნდა ჰყოლოდათ. მაგალითად, ასეთი ზედგინიძეების შენობა ვნახე ჭობარეთში, 20 სული მარტო გამწევი ძალა - პირუტყვი ებათ, მეწველისათვის კიდევ ცალკე ჰქონდათ. იქვე საბძელიც იყო, რომ პირუტყვისთვის საკვები ეჭმიათ. გლეხს ასევე ჰქონდა ამბარი (30-36 კვმ), ანუ ბეღელი და მის ქვეშ ყოველთვის იყო მარანი, მინიმუმ 40 კვმ ფართობის, რომელიც მიწაში გახლდათ ჩაშენებული.

საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, როცა აღარც ოსმალო გვაწუხებდა და აღარც ომიანობა, საცხოვრებელ სახლებზე დაიწყეს იატაკიანი, "ლამფიანი" და ორფანჯრიანი ოთახების მიშენება. ასეთებია უდეში, ვალეში, ჯავახეთში - ხოსიოში, არაბიძეების დარბაზი, ასევე, ინასარიძეების, მურჯიკნელების, ხმალაძეების დარბაზები. მთელი ეს სოფლები ისეთნაირადაა მოფენილი, რომ საინტერესო დასათვალიერებელია. ბევრ შენობაში ხალხი ახლაც ცხოვრობს. ასპინძაში, სოფელ საროში მე-17 საუკუნის ასპანიძეების დიდი დარბაზი იყო, სხვებისგან განსხვავებული. ახლა ჩამოშლილ-ჩანგრეულია...

"სამალავიანი და გვირაბიანი სახლები ახლაცაა შემორჩენილი"

- ხშირად, ერთი გვარის ხალხი სახლებს ერთად იშენებდა. ასეთები დღესაცაა შემორჩენილი. მაგალითად, ჩემი გვარიდან დარჩენილია პაპაჩემის სახლი. ამ სახლებს თავიანთი გასაძრომი სამალავები ჰქონდა, გვირაბები. როცა არემარეს მტერი შემოესეოდა, თავის გადარჩენის მიზნით იყენებდნენ. ასეთი სამალავიანი და გვირაბიანი სახლი ახლაცაა შემორჩენილი არალში (ფეიქრიშვილების). რამდენიმე გვირაბია ისეთი, რომლითაც სხვადასხვა გვარის ხალხი უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს გვირაბები დაბლა, ხევში ჩადის, საიდანაც წყალსაც ეზიდებოდნენ.

- ეს რომელი საუკუნეებისაა?

- ყველაზე ძველი, რაც ჩემს სოფელში - არალში მოვიძიე, იყო გიგო ფეიქრიშვილის, მე-17, მაქსიმუმ მე-18 საუკუნეში გაკეთებული დარბაზი, მუხის. მუხა ერთადერთხელ ვნახე ჩემს სოფელში თავისი ბოძებით, მოსართავებით, ბორჯღალით, სიცოცხლის ხით და სხვა ნიშნებით.

მესხური ბუხარი და განჯინები

- ადიგენის რაიონში, ჭელაში, სადაც რაჭველები არიან ჩამოსახლებულები, სამსართულიანი სახლი ვნახე, რომელიც რეხვიაშვილებს ეკავათ და იქ არის ბუხარი, ძალიან ნატიფი ხელოვნებით გაკეთებული. ზედ აწერია - "ეს ბუხარი სტეფანესი, აგებულია 1793 წლის 9 მაისს" - მხედრული და ასომთავრული ასოებით, შერეულია.

თუ გლეხს საშუალება ჰქონდა, ბუხრის მარჯვნივ და მარცხნივ ე.წ. დოლაბს აკეთებდა. მას ერთი საიდუმლო გასაძრომი ჰქონდა, რომ ბავშვები გაეპარებინა, მეორე კი - ჯამ-ჭურჭლის ჩასალაგებელი, ანუ დიდი განჯინა. ძლიერი ოჯახის პატრონი აქ ლოგინის ჩასალაგებელს აკეთებდა. მაშინ ჭილოფებზე ორ მეტრამდე სიგანის ტახტი - საქვი ჰქონდათ; დამწკრივდებოდა მთელი ოჯახი და დაიძინებდნენ. თუ დიდი ოჯახი იყო, ორი ტახტი ჰქონდათ. დილით ქვეშაგებს აალაგებდნენ და განჯინაში ათავსებდნენ. ქალბატონებს მზითვის კიდობანი ჰქონდათ, რომელსაც ოჯახის არც ერთი წევრი არ მოჰკიდებდა ხელს. ის აუცილებლად ალვის ხისგან კეთდებოდა: მასში ჭია ნაკლებად შედის და მსუბუქია, კარგად ითლება. ქალს იქ თავისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ედო. კიდობანს ერთი პატარა უჯრა ჰქონდა, სადაც საქარგავი ძაფები, ყაისნაღი, ნემსი იდებოდა. ასევე ჰქონდათ სამამაკაცო კიდობანი, სადაც გამოსასვლელი ტანსაცმელი, სადღესასწაულო ჩოხა-ახალუხი, აზიაცკები იდო.

GzaPress

"მაგან თუ საქმე არ გაგაკეთებინა, პურს არ გაჭმევსო"

- რაც შეეხება იმას, თუ როგორ იწყებდა გლეხი შენებას, რამდენიმე ვარიანტია: თუ დიდი, გაუყრელი ოჯახი იყო, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობდა, თუნდაც ორი ძმა, ცდილობდნენ, ერთ-ერთი ოჯახს გასცლოდა, ოღონდ შორს არ მიდიოდა, იქვე, მამაპაპური სახლის კედელზე მიადგამდა სახლს, ანუ საერთო კედელი ჰქონდათ. გამოცდილი თვალი სიმაღლის მიხედვით შეამჩნევს, ამ შენობებიდან რომელია უფრო ადრე აშენებული: გაყრამდე აშენებული ოდნავ მაღალი იყო, ახალმიდგმული - ცოტა დაბალი, რადგან ეს ხომ მიწურბანიანია, ამიტომ წყალი კალოდან უნდა გადადინდეს.

დარბაზის მშენებლობის დროს, ჩვენთან, მესხეთში დედაბოძი არ იყო, 12 ბოძს აკეთებდნენ, რომელზეც იგებოდა სახლი. კედელი 40-50 სმ ან 60-80 სმ სისქის ქვისაგან კეთდებოდა. დარბაზში სვეტის ფეხები ლამაზად იყო გაკეთებული, მიწიდან 10-20 სანტიმეტრზე, რათა სვეტი ვადაზე ადრე არ დამპალიყო. ჩვენს სოფელთან ახლოს თეთრი მიწის კარიერია და დარბაზების კედელს ამ გაცრილი თეთრი მიწით აკეთებდნენ, კირის შემცველია და მეც გამიკეთებია. ბოძების შემდეგ, გადახურვას იწყებდნენ, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა და ერდო წვეროში გამოვიდოდა. ხეს რომ გათლიდნენ, ბურბუშელა რჩებოდა, რომელსაც ერდოზე მთლიანად გადააფარებდნენ, ძალიან წვრილ ქერის ნაბჯარს გადააყრიდნენ, კარგად მოტკეპნიდნენ, 5-10 სმ მოატალახებდნენ, გააშრობდნენ და დააყრიდნენ მიწას. როცა კარგად მოიტკეპნებოდა, წყლის გადასასვლელი სანიაღვრეები კეთდებოდა, რომ წყალი არ ჩასულიყო და დროდადრო ისევ ტკეპნიდნენ.

გლეხებში ერთი ასეთი თქმულებაა: ასპინძის ომის დროს, სოფელ ხიზაბავრაში ერეკლე მეფეს სოფლის ერთ-ერთმა შეძლებულმა გლეხმა პური აჭამა. ხიზაბავრელები ენაკვიმატი ხალხია. ერეკლემ იკითხა, ეს კაცი რა მოხელეა, რომ ამხელა პატივი გვცაო? არყის ქვაბის ტოლა ასამდე ქვაბი იდგა და ხორცი იხარშებოდა... ო, მეფეო, ეგ ისეთია, მაგან თუ საქმე არ გაგაკეთებინა, პურს არ გაჭმევსო. მეფემ მერე მასპინძელს ჰკითხა: შენზე ამბობენ, ძალიან ხელმოჭერილი კაცია და რით დავიმსახურეთ, ამხელა პატივი რომ გვეცი და ასეთი პური გვაჭამეო? - მეფევ ბატონო, გაგეცინებათ, მაგრამ ეგ კალოები, სადაც თქვენ სხედხართ, ახალი გაკეთებული მაქვს; ქვეყანა ხალხი უნდა მომეყვანა, რომ კალო გაეტკეპნათ, ახლა კი ამხელა ჯარი შედგა, გაიტკეპნა და ამაზე მეტი რა საქმე უნდა გაგეკეთებინათო?!. მეფეს გაეცინა და გულახდილობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მათ საფლავის ქვებზე იმ ხელსაწყო იარაღებს გამოსახავდნენ, რისი ხელოსნებიც იყვნენ"

- ხეს სპეციალურ დროს ურჩევდნენ და ისე ჭრიდნენ, ნოემბერ-დეკემბერში, სავსემთვარობის დროს. მთლიან ხეს მოჭრიდნენ ტყეში და ჩამოჰქონდათ. მაგალითად, ჩვენს სოფლამდე, 30-35 კილომეტრის გამოვლა მაინც უწევდათ. ზამთარში ჩამოიტანდნენ, დაალაგებდნენ და კარგი ამინდები რომ გამოვიდოდა, დახერხავდნენ. მშენებლობის დროს, აუცილებლად, უკვე მშრალ ხეს იყენებენ. ასეთი თქმაა, ვისაც სახლი არ გაუკეთებია, სვეტები ამოსული ჰგონიაო; კარგი გამრჯე კაცი მშენებლობის დროს მრუდე ხეს ტყეში არ მოჭრის, აქ მე გამაწვალებს წაღებაზე და სახლში - ოსტატსაო.

გასამრჯელო თავისებური იყო. გლეხებშია ნათქვამი, რანაირი კარგი ოსტატიც უნდა იყოს, კედლები მომთავრებას რომ იწყებს, პატრონს ოსტატიც მაშინ შესჯავრდებაო, ანუ ფულის გადახდის დრო რომ მოვიდოდა.

სხვათა შორის, პატრონები ხელოსნების საფლავის ქვებზე იმ ხელსაწყო იარაღებს გამოსახავდნენ, რისი ხელოსნებიც იყვნენ. მაგალითად, ასპინძის რაიონის სოფელ თოკში ბერო თარხნიშვილის საფლავია და ქვაზე თითქმის ყველა ხელსაწყოა გამოსახული, რადგან საუკეთესო ხელოსანი იყო, მისი ნახელავი ახლაც არაერთგანაა შემორჩენილი. უდეში (ზაქორიას სასაფლაოზე, რომელიც 1930-იან წლებში დაიხურა) მაგალითად, არის ქვისმთლელის, ვინმე ბალახაშვილის საფლავი, რომელზეც ქვის იარაღებია გამოსახული - შვეული, ჩაქუჩი, წვერა და ა.შ. ისე კარგადაა გაკეთებული ეს ყველაფერი, რომ გეგონება, ხელს მოჰკიდებ და აიღებ (იცინის).

- მესხურ ოდას თავისებური, უნიკალური და ძალიან ლამაზი ხის ჭერი აქვს. ამაზეც გვიამბეთ.

- რამდენიმე სახეობის ჭერი გვაქვს. კარაპანი ისეა გადახურული, რომ სინათლე შემოდის გარედან, ორივე თუ არა, ერთი მხრიდან მაინც. ბაკები ბნელი რომ არ იყოს, აღმოსავლეთისკენ აქვს ე.წ. ერდო გაკეთებული და მზის სხივი თითქმის მთლიანად აკონტროლებს ოთახს.

17 წლამდე ვიცხოვრე არალში და გაღვიძებისას, ოთახში შემოსული მზის სხივის მიხედვით უკვე ვიცოდი, რომელი საათი იყო, რომ სკოლაში არ დამგვიანებოდა.

GzaPress

"რა პროექტიც გაკეთდა, ის რომ განახორციელონ, აყვავდება ჩვენი მხარე"

- ბევრი მოხუცი წუხს, რომ მის შემდეგ იმ ოდას აღარავინ მიხედავს და დაინგრევა. რამდენად რთულია მათი მოვლა, რესტავრირება და პირვანდელი იერის დაბრუნება-შენარჩუნება? ცნობილია, რომ საკითხი დგას ოდა-სახლების იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის თაობაზე, რა ეტაპზეა განხილვის პროცესი?

- მეც ერთ-ერთი ვიყავი იმ კომისიაში, ვინც ამას ვითხოვდით და ამწუთას რა სიტუაციაა, ვერ გეტყვით. მე ჩვენი კუთხის ვთქვი, სხვამ - თავისი: რაჭის, სამეგრელოსა და ა.შ. საცხოვრისებზე ჩემი ვრცელი მოხსენება, თავის ისტორიულ ამბებიან-ანდაზებიანად, სამსონ ლეჟავას გადავეცი. 1-2 წიგნიც გამოუშვეს. ჩვენ ამ ძეგლების დაცვა, გაძეგლება გვჭირდება. უნდა მოუარო, უპატრონო. ინგრევა. ბევრგან კედლები, ჭერი ჩამოიშალა მოუვლელობით. სხვათა შორის, სოფელ საროს რეაბილიტაციის გეგმა რამდენიმე წელია შედგენილია, მაგრამ მის განხორციელებას საშველი არ დაადგა. ქალბატონი ნეფარიშვილი სერიოზულად მოეკიდა და გააკეთა, რაც შეიძლებოდა.

საშური საქმეა, საკითხი დაყენებულია. რა პროექტიც გაკეთდა, ის რომ განახორციელონ, აყვავდება ჩვენი მხარე... ახლა კი, რამდენჯერაც ჩავდივარ, გული მწყდება, მოუვლელობითა და უპატრონობით რომ პარტახდება იქაურობა. ზოგჯერ პატრონიც არ თმობს, ჩემი წინაპრისააო და რომ გააძეგლო, მეურვეობა პატრონსაც უნდა ჰქონდეს და სახელმწიფოსაც. ჩემს საკუთრებაში სახელმწიფოს რა უნდაო, მე მოვუვლიო...

უდეში, ორი ძმა ობოლაშვილის ძველი დარბაზია. მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ პატრონმა მისი შეკეთება არ მოინდომა, უნდა გავყიდო, დავანგრიოო. დავიწყე ძებნა, თუ ვინ შეიძლებოდა მეპოვა, ვინც ამ შენობას იყიდდა... ვიპოვე კიდეც - ბექა მაისურაძე, რომელიც არქიტექტურულ ფაკულტეტს ამთავრებდა და დიპლომზე მუშაობისას ჩემთან გამოუშვეს. ვუთხარი, - იქნებ იყიდო-მეთქი, და მართლაც, ბექამ და პავლემ, ძმებმა ეს სახლი შეიძინეს, ძველი კედლები ჩამოშალეს და ახლიდან ამოაშენეს, სვეტები დატოვეს. ლამაზად გააკეთეს. ფანჯრებიანი სახლია, შიდასახლი - დარბაზი, ბოსელი გადახურეს, ფურნე აქვთ, თავისი ბაკებით და ა.შ. ფურნეში რაც გინდა, გამოაცხვე. ძველებური ნივთებიც შეიძინეს - თუნგი, ხის კასრი, ფიწალი, აკვანი და ა.შ. გადაცემებიც იყო მათზე. ზაფხულობით ჩადიან. სხვათა შორის, ორმა მოქალაქემ ვალეშიც აღადგინა მამაპაპისეული ფურნე. მახარებს ასეთი ამბები.

თამთა დადეშელი