ნუ ასულელებინებთ თავს მკითხავებს - გზაპრესი

ნუ ასულელებინებთ თავს მკითხავებს

ტარო არ არის უბრალოდ კარტის დასტა, ეს არის წარმოუდგენლად რთული სიმბოლოების სისტემა, ხელოვნების, ინტუიციისა და ცოდნის სინთეზი. მისი წარმოშობის შესახებ დღემდე მიმდინარეობს დავა ტაროლოგებსა და მეცნიერებს შორის. კლასიკური ტაროს დასტა შედგება 78 არკანისგან, რომლებიც იყოფა ორ ნაწილად, მაღალ და დაბალ არკანებად. იმაზე, თუ რას ნიშნავს თავად სიტყვა "ტარო", პირველად XVI საუკუნის ბოლოდან მოდის ცნობები. ვერსიები და ლეგენდები ამაზეც ბევრია, დაწყებული ძველეგვიპტურიდან და ძველებრაულიდან, დამთავრებული ყველაზე მარტივით: იტალიაში, ქალაქ პარმასთან ახლოს მიედინება მდინარე ტარო და კარტები ვითომ იქ შეიქმნა. მან გაუძლო საუკუნეებს, რელიგიებისა და კულტურის ცვლას.

უამრავმა ადამიანმა ტაროს გაშლა ბიზნესად აქცია, ზოგმა კი მისი საშუალებით ადამიანების დახმარება სცადა. ჩვენი რესპონდენტი, ხათუნა სალუქვაძე 11 წელია საფრანგეთში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს:

- მინდოდა დავხმარებოდი ქალბატონებს და მეთქვა, თუ რას ფიქრობდნენ მათზე ის მამაკაცები, რომლებზეც შეყვარებულები იყვნენ, რის შესახებ აფრთხილებდა მათ ტარო და ა.შ., თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ადამიანების გულებამდე სწორედ ტაროს საშუალებით მივედი და მათი სიყვარული დავიმსახურე.

კარანტინის პერიოდში დავინტერესდი ამ ყველაფრით. ერთ დღეს გავიღვიძე და ვთქვი, რომ ეს იყო "ჩემი" და ბევრი ადამიანის დახმარებას შევძლებდი. მე არ ვარ მკითხავი - ვშლი ტაროს კარტს, რომელიც მესაუბრება. შესწავლით არავისგან მისწავლია, ერთ დღეს გავიღვიძე და ვიცოდი. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ასე იყო...

- როგორ შეიძლება ტაროს კარტით ადამიანების მომავალი იწინასწარმეტყველო?

- ეს არის ხელოვნება და შესაძლებლობა, იგრძნო ადამიანის ენერგეტიკა, მიხვდე, რა სურს, რა აწუხებს და რას ურჩევს მას სამყარო. ტაროს საშუალებით სამყარო გვესაუბრება.

- გაქვთ ე.წ. საჯარო გაშლებიც "იუთუბიზე" და ბევრი "გამომწერი" გყავთ. როგორც ვიცი, უფასოდ სთავაზობთ ადამიანებს ბედის წინასწარმეტყველებას.

- ეს გვერდი შეიქმნა სწორედ მათთვის, ვისაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თანხა გადაიხადოს. ჩემს "გამომწერებს" შეუძლიათ სრულიად უფასოდ მიიღონ რჩევები.

- ჯადოს გასაკეთებლად თუ მოუმართავთ?

- კი და ასეთ შემთხვევაში მათ ვუხსნი, რომ მისამართი შეეშალათ. ჯადო არსებობს, მაგრამ არა ასე, როგორც ამბობენ. თუ ნამდვილად ჯადო გაქვთ გაკეთებული, დამერწმუნეთ, მათ ყველა ვერ მოგიხსნით. ნუ ასულელებინებთ თავს ვიღაც მკითხავებს და ნუ ყრით უამრავ ფულს ამ სისულელეებში.

- ყველაზე უცნაური, რა წინადადებით მოუმართავთ?

- კონკრეტულ თემას ვერ გეტყვით, თუმცა მაოცებენ ქალები, რომლებიც საყვარელი მამაკაცების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, ცდილობენ მათ "დაჭერას". ასეთ ადამიანებზე ვბრაზდები. ჯადოებითა და ლოცვებით გამოჭერილი მამაკაცი საბოლოოდ მაინც გაგექცევათ.

- ძირითადი მომხმარებელი ქალები გყავთ, თუ მამაკაცებიც ინტერესდებიან?

- ორივე თანაბრად, ქალიც და მამაკაციც. მამაკაცებს ხშირად მოუმართავთ იმის გასაგებად, ღალატობთ თუ არა საყვარელი ქალი. ზოგი საყვარელი ქალის შენარჩუნებასაც ცდილობს.

- მოქმედებს თუ არა ტაროს გაშლა თქვენს ფსიქიკაზე?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს და ძალიან შევიცვალე კიდეც. რთულია დღეში რამდენიმე ადამიანის პრობლემა მოისმინო და შეხვიდე მათ ფსიქოლოგიურ ველში. ეს მღლის და მეც ცუდად ვხდები. არ არის მარტივი, რასაც ვაკეთებ. სხვათა შორის, ადამიანების მიმართ ნდობა დავკარგე - უფრო ეჭვიანი გავხდი.

- სამომავლოდ რას გეგმავთ და რას ურჩევთ ქალებს?

- მინდა საქართველოში ჩავიდე, შევხვდე ჩემს "გამომწერებსა" და იმ ადამიანებს, რომლებიც მენდობიან... აქვე ვიტყვი: ქალბატონებს ვურჩევ, გაუშვან ის კაცები, ვისაც მათთან ყოფნა არ სურთ. მიკვირს, რომ მათ გამო ამხელა თანხას იხდიან თუნდაც ემიგრაციაში და თუნდაც საქართველოში მყოფი ქალები. სჯობს, საკუთარი თავის დაფასება ისწავლოთ.

ფიქრია რობაქიძე