ერთადერთი სერტიფიცირებული უსინათლო ადვოკატი საქართველოში - გზაპრესი

ერთადერთი სერტიფიცირებული უსინათლო ადვოკატი საქართველოში

სოფი ხუციშვილი ჩვენს ქვეყანაში პირველი და ერთადერთი სერტიფიცირებული უსინათლო ადვოკატია. მხედველობის პრობლემა არასწორი მკურნალობის შედეგად შეექმნა, მაგრამ ამას განვითარებაში, განათლების მიღებაში ხელი არ შეუშლია. მისი ემოციები, სიცოცხლის სიყვარული, სილაღე გადამდებია, შინაგანი ძალა და მიზანდასახულობა - მისაბაძი. სოფი ხატავს და ამბობს, რომ ყოველი ნახატი მისი სულის ნაწილია, ფერები კი იმწუთიერ განცდებს უკავშირდება.

- ბავშვობაში გრიპი შემეყარა, თვალები დამიწითლდა. დედამ ორთაჭალის ერთ-ერთ კლინიკაში მიმიყვანა. ექიმმა ჩემი იქ დარჩენა ჩათვალა საჭიროდ, მკურნალობა დამიწყო. თურმე ძალიან ბევრ გენტამიცინს მიკეთებდნენ, ინიექციის გარდა, ამ პრეპარატს თვალშიც მაწვეთებდნენ. ჩემი მდგომარეობა გამოკეთების ნაცვლად, უარესდებოდა. დედა ექთანია. ექიმს ეუბნებოდა, იქნებ არასწორი გზით მივდივართ, იქნებ საჭირო სხვა რამეაო? ექიმი კი დაჟინებით უმეორებდა, მოგვენდეთო. მხედველობა თანდათან მაკლდებოდა, მაშინ სამ-წლინახევრის ვიყავი. კრიტიკულ მდგომარეობამდე რომ მივედით, დედამ ექიმებს უთხრა, - მოსკოვში წავიყვანო, მაგრამ მათ გზები დაუხლართეს: ამ ბავშვის თვითმფრინავით მგზავრობა არ შეიძლება, მაღალი წნევაა, ცუდად იმოქმედებსო... დედას შეეშინდა. მამა ექიმ რეზო გურგენიძეს დაელაპარაკა. მან უთხრა, ბავშვი სასწრაფოდ წამოიყვანეთო. ექიმი კლინიკიდან არ გვწერდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ეს ეპიზოდი მახსოვს, - ექიმებს შესვენება ჰქონდათ, მე და დედა კლინიკიდან რომ გამოვიპარეთ. შემდეგ რეზო გურგენიძესთან დავიწყე მკურნალობა. ერთი პერიოდი თითქოს მხედველობა დამიბრუნდა, მაგრამ მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყო. მალე ბატონი რეზო გარდაიცვალა და მკურნალობის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. მხედველობა დავკარგე, მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შემეძლო. მამას მეგობარი ბელგიაში ცხოვრობდა. მან გვირჩია, ევროპაში წავსულიყავით. ამ დროს 5-6 წლის ვიყავი. ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია - ამ ქვეყნების კლინიკები მოვიარეთ, ყველა ექიმმა ერთი და იგივე დასკვნა დადო: მხედველობის დაკარგვა არასწორი მკურნალობის შედეგი იყო. უკვირდათ, რომ მხედველობასთან ერთად, სმენაც არ დავკარგე.

- საზღვარგარეთ ოპერაცია გაიკეთე?

- გვირჩიეს, ოპერაცია გარდატეხის ასაკის შემდეგ უფრო შედეგის მომტანი იქნებაო და რისკზე აღარ წავედით. 22 წლის ვიყავი, როცა თურქეთში გავემგზავრე. ექიმმა თვალებში რომ ჩამხედა, მითხრა, - გარდა იმისა, რომ მხედველობის დაბრუნების შანსი არსებობს, ასევე დიდია რისკი, სინათლის შეგრძნება საერთოდ დაიკარგოსო. ამ შემთხვევაში დედასა და მამას გადაწყვეტილების მიღება გავუადვილე: ავუხსენი, მხედველობის 5% მაინც რომ მქონდეს, არ გავრისკავდი, ვინაიდან მე ვხედავ მხოლოდ სინათლეს და ეს არაფერში მეხმარება, რაც იქნება, იქნება, არ ინერვიულოთ-მეთქი. ოპერაცია დაინიშნა. საოცარი განცდა მქონდა. მჯეროდა, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, ექიმს ჩემი ხელი ეჭირა. მითხრა: ამ ოპერაციით ვამაყობ, რასაც არ ველოდებოდი, ის დამხვდა, დარწმუნებული ვარ, დღეიდან ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ ოპერაციის შემდეგ, რამდენჯერმე წამიერად დავინახე.

- ვინ ან რა დაინახე?

- დედა დავინახე, კიდევ რამდენიმე საგანი. შემდეგ მეორე ოპერაციაც გავიკეთე. თურქეთში ყოველ წელს ჩავდივარ. ბოლო ჩასვლისას ექიმმა მითხრა, - გახარებული ვარ, მაქსიმუმ 3-4 წელი და ყველაფერს დაინახავო. წასვლა ახლაც მიწევს, მაგრამ ექიმი ფრთხილობს, არ უნდა, ვირუსი შემხვდეს. ველოდები, პანდემია როდის გადაივლის.

- მიხარია, რომ მდგომარეობა იმედისმომცემია. ბავშვობაში შენი განცდები როგორი იყო?

- განვიცდიდი, სხვა ბავშვებივით რაღაცების გაკეთება რომ არ შემეძლო, ცოტათი მწყინდა კიდეც, მაგრამ დედასთან რომ ვსაუბრობდი, მეუბნებოდა, ახლა ასეა საჭირო, იმ თამაშს ვერ თამაშობ, მაგრამ ხომ იცი, სხვა თამაში შენ უკეთესად გამოგდისო. დედა სულ ცდილობდა, ჩემი ძლიერი მხარეები დაენახვებინა. არ უნდოდა, ფარ-ხმალი დამეყარა. მეუბნებოდა, გარეთ გადი, ითამაშეო, ყოველთვის აქტიურობისკენ მომიწოდებდა. ჩემი სახლის ირგვლივ დამოუკიდებლად გადავადგილდებოდი, მეგობრებთან მივდიოდი. ერთხელ წავიქეცი, მაგრამ მივხვდი, რატომ და მერე სხვაგვარად ვიქცეოდი. დედა ამ წაქცევასაც არ შეუშინებია, მასწავლიდა, ესა თუ ის მომენტი გამოცდილებად როგორ მექცია.

- მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემამ განათლების მიღებაში არ შეგიშალა ხელი.

- სწავლა უსინათლოთა სკოლაში დავიწყე. სულ საკუთარ განვითარებაზე ვზრუნავდი. განათლება ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში თავი დაიმკვიდრო, მიზნებს მიაღწიო. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ბოლო კლასში, 2-კვირიანი გაცვლითი პროგრამით ლონდონშიც ვიყავი.

- იურისტის პროფესია რატომ აირჩიე?

- ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩემი მდგომარეობა იყო. როცა წამოვიზარდე, გავიაზრე, რომ მხედველობა ექიმების არაკვალიფიციურობის გამო დავკარგე. დედას ვკითხე, მათ მიმართ რა ზომები მიიღე, დღესაც მოქმედი ექიმები არიან-მეთქი? დედა ჩემგან ამ შეკითხვას არ ელოდა. პაუზის შემდეგ მითხრა, მაშინ მაგაზე არ მიფიქრია, მთლიანად შენზე ვიყავი გადმორთულიო. ვუთხარი, ერთადერთი, რაშიც გადანაშაულებ, ის არის, რომ მათ უფლება მიეცი, საქმიანობა ისევ გაეგრძელებინათ-მეთქი.

- პირველი სერტიფიცირებული უსინათლო ადვოკატი ხარ...

- პირველი და ჯერჯერობით ერთადერთიც... გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დასრულებისთანავე მივმართე ადვოკატთა ასოციაციას, რომ ადვოკატის ლიცენზია მომეპოვებინა. ძალიან ვნერვიულობდი. რომ ჩავჭრილიყავი, ხელმეორედ გავიდოდი, მაგრამ არ მინდოდა, ოცნებას გარკვეული დროით მაინც დავშორებოდი. მაშინ ასოციაციიდან მითხრეს, ხმოვანი პროგრამა არ გვაქვსო, მაგრამ მაქსიმალურად მხარში ამომიდგნენ, გამოსავალი შემომთავაზეს, - თქვენ გვერდით დაჯდება ჩვენი თანამშრომელი, ტესტს წაგიკითხავთ და რასაც ეტყვით, შემოხაზავსო. მათი მადლიერი ვარ. ამ დღეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. ეს იყო პირველი გამოცდა, რომელზეც ვიტირე. გარეთ დედა მელოდა, არადა, ეს გამოცდა 9 საათს გაგრძელდა. დედა მამასავით ემოციური არ არის, მაგრამ შედეგი რომ გაიგო, მანაც იტირა.

- პირველი პროცესი უკვე გქონდა?

- დიახ. ამ პროცესსაც დიდი ღელვა ახლდა. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვფიქრობდი, მეორე მხარის ადვოკატი ჩემზე რას იტყოდა. მოგეხსენებათ, შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღია. ზოგჯერ გაუგებრად გმირსაც მიწოდებენ. არადა, გმირი არა ვარ. მართალია, დავასრულე მაგისტრატურა, მივაღწიე დასახულ მიზნებს, მაგრამ მერე რა? ამას ხომ ბევრი ადამიანი აკეთებს. გმირად იმიტომ უნდა ჩავითვალო, რომ ვერ ვხედავ?!. საბედნიეროდ, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი კარგი პიროვნება აღმოჩნდა.

GzaPress

- პროფესიული საქმიანობის მიღმა, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვს, მოგზაურობ, ხატავ...

- აღქმის უნარი კარგად მაქვს განვითარებული. ხატვა ჩემთვის თერაპიაა, ფურცელი - საუკეთესო მეგობარი, რომელსაც განცდებსა და ემოციებს ვუზიარებ. ჩემი ნახატები ჩემი სულის ნაწილია.

- გაყიდვაზე უარს ამიტომ ამბობ?

- ერთმა ბიჭმა დამირეკა, თქვენი ნახატით აღფრთოვანებული ვარ და იქნებ მომყიდოთო. არ ვყიდი-მეთქი. ის კი აგრძელებდა, ფასზე მოვრიგდებითო. თითოეული ნახატი ჩემი ემოციაა, მათ ფასი არ მინდა დავადო. ამასთან, მსურს ჩემი ნახატები საკუთარი თვალით ვნახო. მეგობრები მთხოვენ, მაჩუქეო. ადამიანების გახარება მიყვარს, მაგრამ როცა საქმე ნახატს ეხება, ვერ ვთმობ. სულ 2 თუ 3 ნახატი მაქვს გაჩუქებული.

- ბავშვობიდან ფერები გახსოვს?

- არა. საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს, თითქმის არაფერი. მე რომ ვამბობ "წითელს", შეიძლება ის ყვითელი იყოს, მაგრამ ფერებს ჩემთვის სხვა დატვირთვა აქვს, განცდებთან ვაკავშირებ. მწვანე სიმშვიდესთან ასოცირდება, ძალიან მიყვარს. თუ ნახატში მწვანე ჭარბობს, გამოდის, რომ შინაგანად მშვიდად ვარ, ჰარმონიული მდგომარეობა მაქვს. წითელი - ბედნიერებაა, სიხარულია, იმედია, სიყვარულია. მიყვარს ლურჯი - მოლოდინთან, სიახლეებთან ასოცირდება, ასევეა ცისფერიც. ზღვა მიყვარს ძალიან, კარგად ვცურავ. ჩემი ოცნებაა, ზღვის სანაპიროზე პატარა აივნიანი სახლი მქონდეს.

- რომანტიკოსი ხარ?

- ძალიან.

- შეყვარებულიც?

- ამ შეკითხვას უპასუხოდ დავტოვებ. როცა შეყვარებული ვარ, იმ ადამიანისთვის ყველაფრის გაღება შემიძლია. მან თავი ბედნიერად უნდა იგრძნოს და ჩემ გვერდით ყოფნა არ ინანოს.

- არაერთი ჰობი გაქვს, ამ ინტერესებზე მიამბე.

- მიყვარს თეატრში სიარული, ყოველი სპექტაკლიდან დადებითი ემოციით დამუხტული გამოვდივარ. მიყვარს მოგზაურობა. საზღვარგარეთ სრულიად მარტოც წავსულვარ. ვინმემ შესაძლოა იფიქროს, ამის მოგზაურობას რა აზრი აქვს, ვერ ხედავსო. დამიჯერეთ, ადამიანს შეგრძნებით ბევრი რამის გაგება შეუძლია. თვალის გარდა, გონებისა და გულის ხედვაც არსებობს, რომელიც თვალით ხედვაზე მნიშვნელოვანია. თვალი დამხმარე ინსტრუმენტია. გულისა და გონების ხედვა თუ არ გაქვს, თვალით დანახულს ვერც შეიგრძნობ. როცა გვერდით მყავს ადამიანი და აღმიწერს გარემოს, ჩემებურად ყველაფერს ვხედავ... მიყვარს ახალი ნაცნობობა, ყველა ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში თავის კვალს ტოვებს. მიყვარს ფეხბურთი, "ბარსელონის" გულშემატკივარი ვარ. 2015 წელს თბილისში "ბარსელონა"-"სევილიის" თამაშზე სტადიონზე წავედი, სახლში რა გამაჩერებდა?! არ მივანიჭე მნიშვნელობა, ვინ რას იტყოდა. მთავარია, მე ბედნიერი ვიყავი. ახალ გამოწვევებზე უარს არასდროს ვამბობ. ადრენალინი და მძაფრი შეგრძნებები მომწონს. პარაპლანით ფრენა მინდა.

- დაბოლოს, რას ეტყვი შშმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ნაკლებად აქტიურობენ?

- ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ვართ. არანაირი მდგომარეობა ტრაგედიად არ ვაქციოთ. ჩვენც შეგვიძლია სხვებს დავეხმაროთ, ადამიანებს განვაცდევინოთ სიყვარული, ბედნიერება... ამის ძალა ყველა ჩვენგანს აქვს. მთავარია, ეს ძალა ვიპოვოთ.

თამუნა კვინიკაძე