"აყვავდება როცა კომში, გვეყოლება კიდევ ბოვში"... - გზაპრესი

"აყვავდება როცა კომში, გვეყოლება კიდევ ბოვში"...

შალვა და ქეთი ტაბატაძეებს 9 შვილი ჰყავთ და მეათის მოლოდინში არიან. უფროსი, ელენე 14 წლისაა, აბრაამი, ყველაზე უმცროსი - 10 თვის. ორ პატარა ოთახში ცხოვრობენ, საღამოობით ზოგი დასაძინებლად გვერდით მცხოვრებ ბებია-ბაბუას სტუმრობს. მათ სახლში მუდმივად ქაოსია - ზოგი ტირის, ზოგი იცინის, სწავლობენ, ხატავენ, ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ დიდი სიყვარული და სიხარულიც ტრიალებს...

ქეთი:

- ლურსმანაშვილი ვარ გვარად, წარმოშობით ხარაგაულიდან ვყოფილვართ, მაგრამ ვერტყვიჭალიდან ბორჯომში ჩაუსახლებიათ ჩემები. ბაბუაჩემის დედა იყო 18 დედმაშვილთაგანი, მე კი დედისერთა ვარ. ხშირად ვითომ ხუმრობით გვეტყვიან ხოლმე, რა იყო, ან სკამი არ გაქვთ სახლში, ან ტელევიზორიო?.. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებს და მწყინს ასეთი დამოკიდებულება. ერთხელ ვიღაც გავიცანი და ვიდრე გაოცებას ამ კითხვით გამოხატავდა, თვითონ დავასწარი: - დიახ, 9 შვილი მყავს, მაგრამ რომ იცოდეთ, სკამიც მაქვს და ტელევიზორიც-მეთქი. შეიძლება, მეგობარი, ნათესავი გეხუმროს ამ თემაზე, მათგან მისაღებია, მაგრამ 2 წუთის წინ გაცნობილი ადამიანისგან, არა... ამას ვინც კითხულობს, მგონია, გონზე არ არის და არ იცის, შვილი რა ბედნიერებაა.

- რადგან დედისერთა ხართ, ამიტომ გაგიჩნდათ ბევრი შვილის ყოლის სურვილი?

- იცით, ბევრი რაღაც წარსულიდან არ მახსოვს, იმდენად ჩართული ვარ ჩემს ოჯახსა და საქმეებში. ჩემი სამყარო მაქვს და სხვა რამეებისთვის დრო არ მრჩება. შეიძლება მინდოდა კიდეც ბევრი შვილი, მაგრამ არ მახსოვს (იცინის), ყოველ შემთხვევაში, წინასწარ არ დამიგეგმავს. ეკლესიური კუთხით თუ მივუდგებით, დაგეგმვა არ არის სწორი საქციელი. ამას ვერ აღვწერ, შინაგანად, მოწოდებით ვარ დედა. რაღაც სხვა, უცნაური რამ ხდება ჩემში. მრავალშვილიანობა რთულია და ძალიან საპასუხისმგებლო, ვაღიარებ... პირველ ხუთ შვილს შორის შუალედი წელზე მეტი არ ყოფილა, ყველაფერში უფლის ხელი რომ ურევია, მერე 2-2 წელი გამიჩნდა შუალედი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული ორსულობა მაქვს, ეს 9 თვე მაინც ბედნიერების პერიოდია ჩემთვის. არ უნდა გეშინოდეს ადამიანს შვილთა სიმრავლის, მხოლოდ იმაზე არ უნდა იფიქრო, რა ვაჭამო, სად დავაწვინო, რა იქნება ხვალ? ზოგი რამ ღმერთს უნდა მიანდო. იმხელა ბედნიერება მოაქვს დედობას, რომ ნერვიულობა და შფოთი აღარაფერია. შეიძლება სივიწროვეში იცხოვრო, შეიძლება ბევრი პრობლემა გქონდეს, მაგრამ იმხელა სიხარულსა და მოთმინებას გაძლევს ღმერთი, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, რომ სირთულეებს ძლევ. ფანატიკოსი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუ სულ მცირე სიკეთე გაგვიკეთებია, ათმაგად დაგვბრუნებია უკან. ასე რომ, მეტი რწმენა უნდა გვქონდეს, უმადური და ბრმა არ უნდა იყო და ღვთის ხელს ბევრ რამეში დაინახავ.

- სად შეხვდით ერთმანეთს, როგორ დაოჯახდით?

- მეტეხის ტაძრის მრევლი წავედით მოსალოცად შიომღვიმის მონასტერში, 2005 წელს. შალვაც ჩვენთან ერთად იყო. იმდენს ლაპარაკობდა სამარშრუტოში და იმდენს ხუმრობდა, ვიფიქრე, ეს ვინ არის, მთელი გზა არ გაჩერებულა-მეთქი!.. თურმე, ნუ იტყვით და, ჩემი მომავალი ქმარია. მაშინ მამა აკაკი იყო ჩემი სულიერი მოძღვარი, ახლო, მამაშვილური ურთიერთობა მაქვს მასთან. მისმა მეუღლემ მითხრა ერთხელ, - შიომღვიმეში ყოფნისას ვევედრებოდი უფალს, მეორე ნახევარი მეპოვაო, და ეს კარგად მახსოვდა. მოკლედ, მეც ვილოცე უბიწო სიყვარულისთვის და ამ დროს ის უკვე გვერდით მყავდა. გაცნობიდან 2 თვეში გავიპარეთ და გელათში დავიწერეთ ჯვარი, მხოლოდ მოძღვარს გავუმხილეთ. მაშინ მე 22 წლის ვიყავი, შალვა - 29-ის. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. განა არ ვკამათობდით, ვკლავდით ერთმანეთს იმ 2 თვის განმავლობაშიც, მაგრამ მივხვდი, ის იყო...

- ამბობენ, რომ ყოველდღიურობაში სიყვარული უფერულდება...

- რას ამბობთ, შეჩვევის მომენტი არის, მობეზრების - არა. რა თქმა უნდა, იყო რთული პერიოდები, მაგრამ სიყვარული ისეთი რამეა, ნებისმიერ განსაცდელს გადაგატანინებს. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ასეა. როდესაც მეუღლე აქტიურად არის ჩართული ოჯახურ საქმიანობაში და მუდმივად გრძნობ მის გვერდში დგომას, ამას არაფერი ჯობს. როდესაც მუშაობდა, სახლში შემოსვლისთანავე მართმევდა ბავშვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი იყო. ის ჩემთვის საყრდენია, დიდი იმედი.

- ყველაზე მეტად რა გიჭირთ?

- (იცინის) ბოლო დროს ვატყობ, ყველაზე მეტად ხმაურის ატანა მიჭირს. როგორც უყურებთ, ფართობი პატარაა, ვერსად დაიმალები. ყველას რაღაც აინტერესებს, ყველას რაღაც უნდა, მუდმივად რაღაცას გეკითხებიან, ყველა ლაპარაკობს - თან გინდა, იდეალური დედა იყო და ყველას პასუხი გასცე, თან ვერ ახერხებ. აი, ეს მიშლის ნერვებს. აქ საკუთარ თავთან განმარტოება გამორიცხულია და სწორედ ეს მენატრება, თუმცა ერთი ჩახუტება და ყველაფერი რიგზეა.

შალვა:

- პროფესიით იურისტი ვარ, რელიგიათმცოდნეც, 4 წელი ვასწავლიდი სკოლაში რელიგიის ისტორიას, მერე, როგორც იცით, გაუქმდა ეს საგანი და სხვაგან დავიწყე მუშაობა. ამჟამად მამასახლისი ვარ, ასე ვხუმრობ ხოლმე. მთელი დღე შინ ყოფნა და ამდენი ბავშვის მოვლა ადვილი არ არის, მით უმეტეს - კაცისთვის, მაგრამ როცა ბევრი შვილი გინდა, ამხელა პრობლემებთან მეუღლეს მარტო ვერ დავტოვებ, გვერდში უნდა დავუდგე. ვიდრე ბაღი იყო, 10 საათზე იქ მიმყავდა 2 ბავშვი, დანარჩენები სკოლაში იყვნენ და უფრო ადვილი იყო, სხვა საქმის კეთებასაც მოასწრებდი კაცი, მაგრამ ახლა, გინდა თუ არა, ყველა სახლშია. 13 სული რომ სულ 60 კვადრატულში ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ძნელია - ზოგს ეძინება, ზოგს სწავლა უნდა, ზოგს - ტელევიზორის ყურება, პატარები ტირიან და ვერ აგებინებ, რომ უნდა გაჩუმდნენ, რადგან დანარჩენებს ონლაინგაკვეთილები აქვთ და ა.შ.

GzaPress

ქეთი:

- რადგან ფიზიკურად უკვე გამიჭირდა და დახმარება მჭირდებოდა, რადგან ჩემი შემოსავალი მეუღლისაზე მეტი იყო, ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ. როდესაც მოვღონიერდები და ძალას მოვიკრებ, ისევ იმუშავებს.

- ქეთი, ინგლისურ ენაში ამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. როგორ ახერხებ ასეთ მცირე ფართობში ან ამდენი შვილის ხელში?

- ნახევარსარდაფი გვქონდა, შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ და იქ ვატარებ გაკვეთილებს. ადრე ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედი ბევრი მიზეზის გამო. უფრო კი იმისთვის, რომ ბავშვებთან ახლოს ვყოფილიყავი და ყურადღება მიმექცია. გაკვეთილებს შორის პერიოდში ამოვდივარ და ვაკონტროლებ, ვინ იმეცადინა, ვინ რა დავალება შეასრულა, ვინ ჭამა - მოკლედ, ოჯახს მოწყვეტილი არ ვარ.

- რაც ონლაინსწავლებაა, როგორ ახერხებენ ბავშვები, გაკვეთილებს დაესწრონ?

- 6 მოსწავლე გვყავს, ძალიან რთულია. გამოდის, ყველას უნდა ჰქონდეს ტელეფონი. კიდევ კარგი, სხვადასხვა დროს ეწყებათ სწავლა, ცოტა შეღავათია. ამას წინათ ერთ-ერთი აივნიდან დაესწრო გაკვეთილს, აბა, რა ექნა, ოთახში აღარ იყო ადგილი.

- რომელი უფრო მკაცრი ხართ შვილებთან ურთიერთობაში?

შალვა:

- ზოგჯერ ქეთია განერვიულებული რაღაც პერიოდის განმავლობაში და სულ ყვირის, უწყრება ბავშვებს, მაშინ მე ვარ მშვიდად. მერე შეიძლება უფრო მკაცრი და მყვირალა თვითონ გავხდე და ამ დროს ქეთი ინარჩუნებს სიმშვიდეს. მოკლედ, ერთმანეთს ვაბალანსებთ.

ქეთი:

- უნდა გავამხილო, შალვას ძალიან ტკბილი სიმამრი ჰყავს და სიძეს მოფერებით "კატა ლეოპოლდი" შეარქვა (იცინის). იცით, რატომ?.. ძალიან ლმობიერი, მშვიდი ხასიათისაა და ბევრი უნდა ეცადო, რომ განწყობა გაუფუჭო. მეც რომ ასეთი ვიყო, როგორები დაიზრდებოდნენ ეს ბავშვები, არ ვიცი. რომელიღაც მაინც ხომ უნდა იყოს მკაცრი.

- სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და ხუმრობა გავრცელდა - განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერა, რომელსაც ყველა ერთად ასრულებთ: "აყვავდება როცა კომში, გვეყოლება კიდევ ბოვში, გვიჭირს რჩენა, მაგრამ შვილი მაგარია"... იუმორით, სიხალასით უმკლავდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს და ეს კარგია. საინტერესოა, ტექსტებს ვინ იგონებს?

შალვა:

- სტუდენტობის დროს მიყვარდა "კავეენზე" სიარული. ერთხანს ჩემს ჯგუფელთან ერთად "სოხუმელ ბურჟუებში" ვთამაშობდი, მერე გამოვამზეურე ჩემი ხუმრობები "ფეისბუკის" საშუალებით. იუმორით ვერ შეხედავ ყველაფერს, მაგრამ ლაღი უნდა იყო ადამიანი, არ უნდა დაიბოღმო იმაზე, რომ გაწყენინეს და საკადრისი პასუხი არ გაეცი. მიხარია, თუ სხვასაც კარგ განწყობაზე ვაყენებ.

- მაინტერესებს, სახელმწიფო რითი ეხმარება მრავალშვილიან ოჯახს?

ქეთი:

- ვიღებთ სოციალურ დახმარებას და კიდევ მრავალშვილიანობისას - ბავშვზე 50 ლარს თვეში. ოღონდ, თუ სოციალურად დაუცველი არ ხარ, მრავალშვილიანობის დახმარებას არ გაძლევენ. მადლობა ღმერთს, ადამიანები საუკეთესო კუთხით დაგვანახვა ჩვენმა მდგომარეობამ. კალათბურთის მწვრთნელი ლიკა ქაჯაია, რაგბის მწვრთნელები - ერეკლე კამლაძე და დიტო კალანდაძე - სწავლის გადასახადს არ იღებენ. ვინ იცის, რამდენჯერ არ გამოურთმევია ფული ტაქსის მძღოლსაც?!. ზოგჯერ უხერხულად ვგრძნობთ თავს ამის გამო: სრულიად უცნობი ადამიანები მოსულან და ისე, რომ გვარ-სახელიც კი არ უთქვამთ, საკვები და ტანსაცმელი დაუტოვებიათ ჩვენთვის.

შალვა:

- მერიის ბალანსზე უამრავი ძველი შენობა და მიწაა, ხომ შეიძლება მრავალშვილიან ოჯახებს გადასცენ? 7 ბიჭი მეზრდება და დღეს თუ ვერ ავაშენებ იმ მიწაზე სახლს, როცა წამოიზრდებიან და ცოლებს მოიყვანენ, იქნებ მათ მაინც მოახერხონ. ვიცი, ზოგს ეხმარებიან ქირის გადახდით, მაგრამ წლობით ამ ხარჯის გაღებას არ ჯობს, სხვა გზა გამონახონ?

- ბევრი საქმისა და პრობლემის მიუხედავად, ალბათ ძალიან ბედნიერი და ამაყი ხართ თქვენი ოჯახით...

- იცით, როდის ვარ ამაყი და ბედნიერი?.. ქუჩაში ამდენნი რომ მივდივართ, ხალხი გაფართოებული თვალებით გვიყურებს და გვეკითხება, ყველა თქვენიაო? ტაძარში ზიარების რიგში რომ ჩამწკრივდებიან, აი, მაშინ მეუფლება სიამაყის გრძნობა; როდესაც სკოლის მასწავლებლები აქებენ ჩვენს შვილებს, მაშინაც ბედნიერები და ამაყები ვართ.

ნინო ჯავახიშვილი