"თუ არ წაიქეცი, სიარულს ვერ ისწავლი" - გზაპრესი

"თუ არ წაიქეცი, სიარულს ვერ ისწავლი"

ქართველი კარიკატურისტის, კემოს ნამუშევრები კალიფორნიის, სტამბოლისა და ხორვატიის გალერეებშია წარმოდგენილი. მსოფლიო კარიკატურისტების ჩემპიონატზე არაერთხელ მიაღწია წარმატებას, თუმცა, როგორც საუბრისას აღნიშნა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან არანაირ ხელშეწყობას და დაინტერესებას არ გრძნობს. ამბობს, რომ მხატვარს განსხვავებული ხედვა, ფიქრის უნარი და ღრმა შინაგანი სამყარო სჭირდება წარმატებისთვის.

- როგორც ყველა პატარა, მეც ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა სერიოზულად ამ საქმით მაშინ დავინტერესდი, მე-8 თუ მე-9 კლასში რომ ვსწავლობდი. მახსოვს, გაკვეთილებზეც ბევრს ვხატავდი და სახლშიც... ან უნდა გამოვსულიყავი ნეიროქირურგი, რაც ძალიან მაინტერესებდა, ან - მხატვარი და ბოლოს მხატვრობამ გადაწონა...

- რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?

- ალბათ ანტიპათია იმ პროფესიების მიმართ, რომლებისთვისაც მშობლები მამზადებდნენ პატარაობაში (იცინის). მაგალითად: ფორტეპიანო, ვიოლინო, გიტარა, ვიოლონჩელი, ფლეიტა, საყვირი, ალტი, ხალხური სიმღერა და სხვა მრავალი. ჩემი გავიტანე და "გართობა" პროფესიად ვაქციე.

- რომელმა ნახატმა მოგიტანათ აღიარება?

- პირველად 2009 წელს დავხატე ცნობილი ბელგიელი ჩოგბურთელის, კიმ კლიჯერსის კარიკატურა და მსოფლიო კარიკატურისტების ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ, 2013 წელს, ცნობილი ბლუზმენის, ეტა ჯეიმსის კარიკატურით მსოფლიო ათეულში მოვხვდი. მერე კიდევ რამდენიმე ნახატით გავედი მსოფლიოს ჩემპიონტაზე და ბოლოს, 2019 წელს, სერიალიდან - The Dalking Dead დანაი გურირას კარიკატურით მეორე ადგილი დავიკავე ამერიკაში.

- პირველი კარიკატურა რა იყო?

- მათემატიკის მასწავლებელი დავხატე, ის ძალიან მიყვარს, თუმცა მაშინ ცოტა გავაბრაზე. მითხრა, "ბაბაიაგას" ვგავარ ამ ნახატშიო (იცინის).

GzaPress

- რატომ მაინცდამაინც კარიკატურა?

- სრულიად შემთხვევით. გრაფიკოსი გახლდით, პორტრეტისტი. იუმორი ყოველთვის მქონდა და როდესაც მხატვრობასა და იუმორს გავაერთიანებთ, კარიკატურას ვიღებთ. არაჩვეულებრივი მიმდინარეობაა, ძალიან რთული და უცხო. მერწმუნეთ, ყველა მხატვარს არ შეუძლია კარიკატურის დახატვა.

- როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, რომელთა კარიკატურებსაც ქმნით?

- უმეტესად დადებითი, ხალისობენ... ბევრი საყვარელ ადამიანებს მახატვინებს და მერე სიურპრიზს უკეთებენ, ჩუქნიან...

- რომელ ნამუშევარს გამოყოფთ, როგორც თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასს?

- ესაა ნახატი, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ დავხატე, საწერკალმით შესრულებული, 30 000-მდე გულის ფორმით დახატული პორტრეტი. პორტრეტზე ჩემი შეყვარებულია, რომელიც ამჟამად ჩემი მეუღლე და 10 წლის გოგონას დედა გახლავთ.

- აღნიშნეთ, კარიკატურაზე მუშაობა ყველა მხატვარს არ ეხერხებაო...

- რთულია... ხატვის ცოდნა იდეალურადაა საჭირო, ასევე - ადამიანის ანატომიის სრულფასოვანი ცოდნა და რაც მთავარია, იუმორის გრძნობაც უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, კარიკატურის ხატვის სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებაც აუცილებელია.

- საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობენ თქვენს ნამუშევრებს. მოგვიყევით უცხოეთში თქვენი მიღწევების შესახებ.

- როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ბევრჯერ მოვხვდი მსოფლიო დონის კონკურსებზე ათეულში, სამჯერ მეორე ადგილი დავიკავე. გარდა ამისა, 3 პერსონალური და 20-მდე ჯგუფური გამოფენა მქონდა.

GzaPress

- ფოტოგრაფიითაც დაინტერესდით.

- პროფესიით გრაფიკოსი დიზაინერი გახლავართ, ანუ პოლიგრაფიული დიზაინის სპეციალისტი, ასევე კარგად შევისწავლე ფოტოხელოვნება. მოგვიანებით ანიმაციებზეც დავიწყე მუშაობა. მოგეხსენებათ, კარიკატურა და ანიმაცია ბიძაშვილ-მამიდაშვილივით არის და ამჟამადაც ჩემს მეგობართან, გიორგი მარშანიასთან ერთად საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაციურ პროექტზე - "ჟირაფი ჟოზე" ვმუშაობ.

- რომ არა სხვა შემოსავალი, საქართველოში თქვენი პროფესიის ადამიანი თუ შეძლებს ნახატებით თავის შენახვას?

- არანაირი სხვა შემოსავალი არ მაქვს, ჩემი ნახატების გარდა. სამწუხაროდ, შეკვეთების 90% საზღვარგარეთიდან არის და მხოლოდ 10%-ია - საქართველოდან. რომ არა ჩემი წარმატებები საზღვარგარეთ, არ მექნებოდა არანაირი შემოსავალი და მხატვრობისთვის თავის დანებება მომიწევდა. მას შემდეგ, რაც უმაღლესი დავამთავრე, სახელმწიფო სექტორიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა, სადმე რომ დავსაქმებულიყავი. რამდენიმე დაბალანაზღაურებად კერძო კომპანიასთან ვთანამშრომლობდი, მაგრამ ესეც მალე დასრულდა. სამწუხაროდ, არც ერთმა ჩემმა გამარჯვებამ და წარმატებამ არ მიიქცია სახელმწიფოს ყურადღება.

GzaPress

- ესე იგი, კულტურის სამინისტროსგან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს ხელოვან ადამიანს?

- (იცინის) არა. რთულიდან მარტივისკენ დავალაგებ: წლების წინ "დისნეის" ჯგუფისგან მქონდა შემოთავაზება, მუშაობა რომ დამეწყო ერთ-ერთი მულტფილმის კადრებზე, სატესტო რეჟიმში. ინტერვიუებში ამაზე ბევრი ვილაპარაკე და ვიწუწუნე იმ სურვილით, რომ ხელი შეეწყოთ ჩემი გამგზავრებისთვის ან თავად ყველაფერი უნდა გამეყიდა და წავსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, ვერ გავრისკე. არავინ გამოთქვა ჩემი დახმარების სურვილი... არაერთხელ გავიტანე საქართველოს სახელი საზღვარგარეთ, ჩემს სფეროში საკმაოდ დადებითად და საამაყოდ გვაქვს საქმე, მაგრამ აქ არავინ მეკითხება, რა პირობებში ვხატავ, როგორ ვახერხებ გამარჯვებას, მაქვს თუ არა სამუშაო გარემო, სახელოსნო ან რაიმე ადგილი... გარდა ამისა, სამჯერ მოვაწყვე პერსონალური გამოფენა - 2006, 2010, 2011 წლებში. მერე არაერთ კონკურსში გავიმარჯვე, მაგრამ არავინ გამოჩენილა, ვინც გამოფენის მოწყობაში დამეხმარებოდა, არც სახატავი ინვენტარით წახალისება შემოუთავაზებია ვინმეს, არც არავის მოულოცავს სიტყვიერად, ახლობლებს და თუ არ ჩავთვლით მეგობრებს "ფეისბუკზე", რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ხალხი მეტ-ნაკლებად ცდილობს ხელოვნების დაფასებას და ეს უკვე კარგია, მაგრამ "ზემოდან" განვიცდით უყურადღებობას. მხოლოდ ერთეულებს ხვდებათ ამის პატივი, მათ უკან კი ბევრი ძლიერი ხელოვანი იჩაგრება, რომელსაც ლუკმაპურისთვის სხვა საქმის კეთება უწევს. სათანადო ყურადღება რომ ექცეოდეს ხელოვნებას, ბევრად გაიზრდებოდა ჩვენი ქვეყნის რეიტინგი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, ვისაც აქვს უდიდესი პროექტების განხორციელების ნიჭი და უნარი, მაგრამ ხელშეწყობა ნული. ამის გამო ზოგი ხელოსნობას იწყებს, ზოგი - ტაქსისტობას, ზოგი მოპედზე ჯდება და ა.შ. ბევრი ნიჭიერი ადამიანის რესურსსა და პოტენციალს კარგავს ჩვენი ქვეყანა. არაერთხელ მომიწია მეც მსგავსი ტიპის სამსახურებში მუშაობამ და ის ძვირფასი დრო, რომელიც ლუკმაპურისთვის შოვნაზე დაიხარჯა, სამწუხაროდ, მხატვრობას მოაკლდა. კარგი იქნება, დაგვითმონ სახელმწიფო უფასო სივრცეები, სადაც მხატვრები გამოფენებს მოაწყობენ. წარმატებულ მხატვრებს წახალისება სჭირდებათ. კარგი იქნება, თუ მხატვართა სხვადასხვა თაობას შეეძლება ერთად მუშაობა. შეიძლება გაკეთდეს სატელევიზიო პროექტები, კონკურსები, სადაც არა მარტო კარიკატურას თუ ზოგადად მხატვრობას გავუწევთ პოპულარიზაციას, არამედ ახალ ტალანტებსაც აღმოვაჩენთ. ჯანსაღი კონკურენცია გაზრდის შემოქმედი ხალხის რაოდენობას და საერთო შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება. უფასო ფულს არავინ ითხოვს, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება აქტივობები და სამუშაო ადგილები.

- რას ეტყოდით იმ თაობას, ახლა რომ იწყებენ ხატვის შესწავლას?

- ძალიან რთული და მძიმე გზის გავლა მომიხდა და კიდევ ბევრი ბრძოლა მელის წინ, თუმცა არაფერს ვნანობ. წარსულში რომ დავბრუნდე, ისევ მხატვრობას ავირჩევ და უფრო შემართებით გავივლი იმავე გზას. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ნებისმიერი სფერო უნდა მოინადირო. ბევრია წარუმატებლობა, ჩავარდნა, მაგრამ ღირს ბრძოლად, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასე მიღწეული წარმატება ბევრად "გემრიელია". თუ არ წაიქეცი, სიარულს ვერ ისწავლი.

ფიქრია რობაქიძე