55 მხატვრის საშემოდგომო გამოფენა ნათელა იანქოშვილის მუზეუმში - გზაპრესი

55 მხატვრის საშემოდგომო გამოფენა ნათელა იანქოშვილის მუზეუმში

გამოიფინა როგორც თვითნასწავლი და დამწყები, ისე დამსახურებული მხატვრების ნამუშევრები. ექსპოზიციაში მონაწილეობა სულ ორმოცდათხუთმეტმა მხატვარმა მიიღო. გამორჩეული ნამუშევრების ავტორებს, მათ შორის: თამარ დოჭვირს, ლიკა ცოცხალაშვილსა და ნინო დვალიშვილს სიგელები გადაეცათ.

თეიმურაზ დვალიშვილი, პროექტის ავტორი და ორგანიზატორი:

- ამ ტიპის საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენებს ორგანიზებას 2012 წლიდან ვუწევ. თავდაპირველად, ექსპოზიციისთვის საგამოფენო დარბაზს ვქირაობდით, რაც მოგეხსენებათ, თანხებთანაა დაკავშირებული. ეს პრობლემა მას შემდეგ მოიხსნა, რაც ნამუშევრებმა ნათელა იანქოშვილის მუზეუმში გადმოინაცვლა. დაინტერესებულ პირებს გამოფენილი ნახატების ნახვა ათი დღის მანძილზე შეუძლიათ.

GzaPress

- მხატვრები, ვინც გამოფენაში მონაწილეობენ, რის მიხედვით ირჩევიან?

- ამ გამოფენებში მონაწილეობა ნებისმიერ მხატვარს შეუძლია - არიან როგორც თვითნასწავლი, ისე დამწყები და დამსახურებული მხატვრები. მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებსაც. თუ მსურველი ბევრი აღმოჩნდება, ვანაწილებთ - პირველ ნაწილს ხუთი დღის, მეორე ნაწილს კი მომდევნო ხუთი დღის მანძილზე ვფენთ. როცა ნამუშევარი მოაქვთ და მისი გამოფენის სურვილს ამჟღავნებენ, ნამუშევარს ვუფასებთ. თუ მისი დამთვალიერებლამდე მიტანა ღირს, უარს არ ვამბობთ, ხოლო თუ დასახვეწია - ვაძლევთ რჩევებს, როგორ და რაზე იმუშაოს, გამოფენაში მონაწილეობას მომდევნო ჯერზე ვპირდებით. ამით მას ხატვის სურვილი კი არ უქრება, საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს და ხშირად მომდევნო ჯერზე ბევრად გაუმჯობესებული ნამუშევარი მოაქვს. მუზეუმის გაფართოების პროექტი უკვე მზადაა. თუ დამტკიცდა, მუზეუმის ზედა სართულზე დიდი მოცულობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და საგამოფენო დარბაზს გავხსნით. ახლა თუ 40-50 ნამუშევრის დატევის საშუალება გვაქვს, მერე უკვე 100 ნამუშევრის განთავსებას შევძლებთ.

GzaPress

- თემატიკა განსაზღვრულია?

- საგაზაფხულო-საშემდგომო გამოფენებზე თემა თავისუფალია. თემატურ გამოფენებს ცალკე ვუწევთ ორგანიზებას. წელიწადში ერთხელ ვმართავთ რამდენიმე მხატვრის გამოფენას. ეს შესაძლებლობა მხატვრებისთვის დიდი შვებაა, რადგან მოგეხსენებათ, საგამოფენო დარბაზების ფასი საკმაოდ მაღალია და ამის შესაძლებლობა ცალკეულ მხატვარს, უმეტესწილად არ გააჩნია. ახლახან მხატვართა ლიგა ჩამოყალიბდა. მათთან მეც ვთანამშრომლობ და ვცდილობთ, მხატვრებს მუშაობის მეტი სტიმული და ფიზიკური საშუალება მივცეთ, წავახალისოთ, გადავცეთ სიგელები, სამუშაო მასალები და მოვუწყოთ გამოფენები.

შორენა ლაბაძე