"გზის" სტატიების გამოძახილი ფერწერაში
ჟურნალი "გზა" პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც ბარსელონაში მცხოვრები ქართველი თვითნასწავლი მხატვარი, ეკატერინე სიხარულიძე აღმოაჩინა და ქართველ მკითხველს გააცნო არა მარტო სახელოვნებო მიღწევების კუთხით, არამედ მისი ცხოვრების მრავალმხრივი ასპექტით. ამჯერად, ქალბატონი ეკას კიდევ ერთ მიღწევას გავაცნობთ ჩვენს მკითხველს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხატვარმა "ფეისბუკის" მეშვეობით გვამცნო (სტილი დაცულია):
"ჩემო თბილო და უზომოდ საყვარელო მეგობრებო, მინდა კიდევ ერთი ჩემი დიდი სიხარული და წარმატება გაგიზიაროთ. სიცილიის დედაქალაქ პალერმოში გამოვიდა წიგნი "თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატები", სადაც მთელი მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, გრაფიკოსების, დიზაინერების, მხატვრების ნაშრომებია წარდგენილი. წილად მხვდა ბედნიერება, ჩემი ერთი ნახატით დამშვენებულიყო მთავარი გვერდის ყდა და წიგნის ერთი გვერდი. წიგნში თჰე Gრეატ Mასტერს ოფ ჩონტემპორარყ Aრტ თანამედროვე მხატვრებს შეუერთდნენ ხელოვნების სამყაროს "დიდი სახელები": პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ენდი უორჰოლი, მარკ შაგალი, პოლ კლე, ჯოან მირო, ვინსენტ ვან გოგი, ამადეო მოდილიანი, ედვარდ მუნკი, ჯექსონ პოლოკი, რენე მაგრიტე, ალბერტო ბურრი და მრავალი სხვა. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ამბიციური საგამომცემლო პროექტი. კურატორი ფრანჩესკო სავერიო რუსო და სალვატორე რუსო. თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატების შექმნილი შედევრების მრავალი ასლი გადაეგზავნება კოლექციონერებს, გალერეების მფლობელებს, მუზეუმებს, რეჟისორებს, კურატორებს, დილერებსა და ხელოვნების მოყვარულებს. ამ წიგნში ნამუშევრების შეტანა არის პრესტიჟული სერტიფიკატი..."
ეკატერინე სიხარულიძე:
- დიდი ხანია, ესპანეთში ვცხოვრობ, ქალაქ ბარსელონაში. ემიგრანტის მძიმე ცხოვრება საოცრად შემიმსუბუქა მეუღლემ, ჩავი პრატმა და ხატვამ. ხელოვანს აუცილებლად ესაჭიროება მუზა, მოტივატორი, რომ აიღოს ხელში ფუნჯი და დაიწყოს მუშაობა. მართალია, ძალიან ბევრი აღიარება მომიტანა ჩემმა ფერწერამ, მაგრამ მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჟურნალ "გზას", რომლის მასალებსაც ინტერნეტის საშუალებით ვეცნობი და სწორედ ამ მასალების საფუძველზე შეიქმნა ჩემი ნახატები... ერთხელ წავიკითხე სტატია "სინდისის ჩიტი", რომლის დასრულებისთანავე მოვამზადე მოლბერტი და ინსპირაციით დავიწყე ხატვა... ასე შეიქმნა ჩემი ნახატი "სინდისის ჩიტი - ტკივილი, რომელიც არ იმალება". ნახატი ავტოპორტრეტია და ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. ტოლედოში, სერვანტესის მუზეუმში გამოფენის დროს ამ ნახატმა მომიტანა რჩეული მხატვრის დიპლომი! მეორე ნახატი, რომელიც "გზამ" შთამაგონა, არის ვაჟა-ფშაველას პორტრეტი. ის დახატულია წერილის საფუძველზე: "გარდაცვალება ზეიმით აღსანიშნავი არ არის, ტირილად დავსდგებით". იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა წერილი ჩემთვის, რომ ის ერთი ამოსუნთქვით შევქმენი და წარმატებაც მომიტანა. მადრიდში, პრადოს გალერეაში გამოიფინა ჩემი "ვაჟა" და ხელოვნების სპეციალისტების დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა... ამის დასტურია ის, რომ "ვაჟა" კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციიდან მოკლე ხანში გამოიფინება ლუვრში! გარდა ამისა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტატია წავიკითხე "გზაში": "დავბრუნდებით?!" და "დიდი დარდი". ამ ორ სტატიას აერთიანებს აფხაზეთიდან დევნილობის თემა. ეს ორი სტატია გავაერთიანე ერთ დიდ ტილოში, რომელიც დიდი ემოციით, ცრემლების დენით ვხატე, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ჯერ სრულყოფილი არაა. თითქოს აკლია რაღაც, რადგან არ ვიცი იმ წითელპალტოიანი გოგონას სახე სრულყოფილად, არც იმ აფხაზეთიდან დევნილი ჭაბუკის შესახებ ვიცი ბევრი რამ, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ამ ტილოს ხატვას ყველაზე მეტი დრო დავუთმე და გამორჩეულად მიყვარს... იმედი მაქვს, რომ ჩემი და "გზის" მხატვრული "ალიანსი" კიდევ დიდხანს გაგრძელდება და არაერთი ნახატი დაიბადება სამშობლოდან შორს, სამშობლოს წრფელი სიყვარულითა და მონატრებით...
როლანდ ხოჯანაშვილი