"ჩემი ბავშვის თვალებითაც ვხედავ, რომ ჩემი მომავალი ამერიკაშია..." - გზაპრესი

"ჩემი ბავშვის თვალებითაც ვხედავ, რომ ჩემი მომავალი ამერიკაშია..."

ამჯერად მინდა გაგაცნოთ გოგონა, რომელსაც ძალიან ბევრი გატაცება აქვს და თან, ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებს, არაჩვეულებრივად გამოსდის. ამბობს, რომ თუ რამეს კარგად აკეთებს, ეს მისი შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე ხდება. ყოველთვის ცდილობს, დასახულ მიზანს მიაღწიოს და არც უკან დახევა სჩვევია. მაშ ასე, თათული მაღრაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობს, ეხერხება ციგურებზე სრიალი, ქარგავს, ჯირითობს, უკრავს ფლეიტაზე, უყვარს წიგნების კითხვა და ა.შ. ბოლოს კი მისი "ფეისბუკ"-მეგობრები საკუთარი ნახატებით გაგვაოცა. შევატყვე, საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მოსწონს, მის ყველა პასუხში თავმდაბლობა იგრძნობა...

- როგორც ვიცი, ყველა საგანს თითქმის ერთნაირი წარმატებით უმკლავდები, ეს შენი პედაგოგების დამსახურებაა?

- ეს არ არის მხოლოდ პედაგოგების დამსახურება. სწავლის სურვილი პირველად ჩემმა საყვარელმა ბებიამ - ციურიმ გამიჩინა, რომელიც ახლა ჩემ გვერდით აღარ არის; სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა... ასევე, სწავლისკენ მიბიძგეს დედამ და მამამ. ცხადია, მათ სურთ, რომ საუკეთესო მომავალი მქონდეს და ამიტომ კარგ რჩევებს მაძლევენ.

სამწუხაროდ, ახლა ონლაინრეჟიმში ვსწავლობთ და ეს არ მომწონს. ვფიქრობ, მასწავლებელთან რეალური ურთიერთობა მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის. ახსნის პროცესიც უფრო სიღრმისეულია და მეტ მასალას გავდივართ, უფრო მეტ ცოდნას ვაგროვებთ.

GzaPress

- თათული, შენ რომ იყო განათლების მინისტრი, რას შეცვლიდი ან რას დაამატებდი სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად?

- მოვითხოვდი მასწავლებლების საგულდაგულოდ შერჩევას. პედაგოგს ბავშვის უნდა ესმოდეს, მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს და რაც მთავარია, მოსწავლეებს კარგად უნდა ეპყრობოდეს, სწავლის მიმართ ზიზღი რომ არ გაუჩნდეთ...

- შეგიძლია მითხრა, რა შეცვალა კორონავირუსმა შენს და შენი ახლობლების ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ სკოლაში ვერ დადიხარ?

- ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, ვეღარ დავდივარ ფლეიტაზე (ამასაც ონლაინ ვმეცადინეობთ) და საჯირითოდ. მხოლოდ ხატვის წრესა და ინგლისურზე მივდივარ. კორონას გამოა, რომ სადაც უნდა შევიდე, ვიხრჩობი - პირბადეში ვერ ვსუნთქავ...

GzaPress

- ზაფხულში, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგად გაერთე და ლამის მთელი საქართველო მოიარე დედასთან ერთად. ყველაზე მეტად, რომელმა კუთხემ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება?

- კიდევ ერთხელ წავიდოდი მესტიაში, რადგან იქ ჩასვლიდან 2 დღეში ჩაგვკეტეს და ვერაფრის დათვალიერება ვერ მოვასწარი... სვანეთიდან კოლონით ჩამოგვიყვანეს თბილისში, თვითიზოლაციაში ვიყავით მერე... თავიდან სასტუმროში წაგვიყვანეს, სადაც წესიერი საცხოვრებელი პირობები არ იყო, ამიტომ ერთი დღის შემდეგ გადაგვიყვანეს სახლში... მოკლედ, ეს ზაფხული ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა ჩემთვის, ოღონდ - ცუდი მხრიდან...

- შარშან ვიცი, რომ ზაფხული ამერიკაში გაატარე. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი იქიდან?

- დიახ, ამერიკაში ვიყავი 2019-ში და ეს საუკეთესო ზაფხული იყო და საერთოდ, საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში. ნიუ-იორკიდან მანქანით წავედით ფლორიდაში, ბევრი შტატი ვნახე: ნიუ-ჯერსი, ფილადელფია, ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კაროლინა და სამხრეთ კაროლინა, შტატი ჯორჯია, ფლორიდა; ვიყავი მაიამიში, ასევე ორლანდოში. თან, ამერიკის მოქალაქეც გავხდი. ჩემი მეთერთმეტე დაბადების დღე ფლორიდის "დისნეილენდში" აღვნიშნე და რაც ყველაზე მთავარია, მონატრებული მამა ვნახე...

- ამერიკა უფრო გიზიდავს თუ აქაურობა?

- ვფიქრობ, ამერიკაში განვითარების დონე ბევრად მაღალია, ასევე - იქ კარგი სამსახურის შოვნასაც შეძლებ ადამიანი...

მომავალში მინდა, საცხოვრებლად და სასწავლებლად გადავიდე მამასთან, ამერიკაში. ჩემი ბავშვის თვალებითაც ვხედავ, რომ ჩემი მომავალი იქ არის...

GzaPress

- თათული, ალბათ, როგორც ყველა ბავშვი, ახლა დროს ძირითადად სახლში ატარებ. ყველაზე ხშირად, რით ერთობი?

- ბევრი გატაცება გაქვს. ასე რომ, არ ვიწყენ... ისე, სახლში გართობა არც გამომდის, ძირითადად ვმეცადინეობ და ინგლისურენოვან ფილმებს ვუყურებ, უცხო ენაში ცოდნის გასამყარებლად.

- იმ წრეებზე სიარული, რაც ჩამოთვალე, შენც გსურდა თუ მშობლების გავლენით შეარჩიე?

- ყველა წრე, რაზეც დავდივარ, მხოლოდ ჩემი არჩეულია. ოჯახში არასდროს არაფერს მაძალებენ - ყველას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

- შენი ნახატების სოციალურ ქსელში გამოჩენამ ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია. ხატვაზეც მიამბე. რისი ხატვა უფრო მოგწონს?

- ყველაფრის ხატვა მიყვარს. ამ დროს მე ვისვენებ. უკვე 6 წელია, რაც ნახატებს ვქმნი, მაგრამ ზეთით მუშაობა წელს დავიწყე. ჯერ მხოლოდ, ასე ვთქვათ, 5 სერიოზული ნამუშევარი მაქვს ზეთში შესრულებული, თორემ ისე, უამრავი ნახატი დამიგროვდა.

GzaPress

- ფლეიტაზე რაღაც წარმატებები გაქვს. ამაზეც მიამბე...

- დიახ, ფლეიტაზე სტიპენდიატი ვარ და დამამთავრებელ კლასში გახლავართ.

- ცხენები გიყვარს?

- ბავშვობიდან მიყვარს ეს ცხოველი. როცა ცხენზე ვზივარ, მას ვენდობი და იგი ამას გრძნობს. ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ, საოცარი შეგრძნება მაქვს, როცა ვჯირითობ...

- ქარგავ კიდეც?

- სულ პატარა ვიყავი, როცა ბებომ ქარგვა მასწავლა. ეს საქმეც მომწონს...

- რას ურჩევ ბავშვებს, რომლებმაც არ იციან, პანდემიის პერიოდში, სახლში გამოკეტილებმა მოწყენილობისგან რა გააკეთონ?

- არსებობს ძალიან ბევრი საქმიანობა: ქსოვა, ქარგვა, ხატვა და ა.შ. რითაც გაერთობიან. რაღაც ჰობი ყველას აქვს. თუ ჯერ არ იცით, მაგალითად, როგორ უნდა მოქსოვოთ, შეგიძლიათ ინტერნეტით ისწავლოთ. მეც ბევრ რამეს ვითვისებ ვიდეოგაკვეთილებით.

- ზოგს შეიძლება პირველ ჯერზე არ გამოუვიდეს ისეთი კარგი ნამუშევარი, როგორიც უნდა - ასეთ დროს ბევრი თავს ანებებს საქმეს...

- არც მე გამომდის რაღაც პირველივე ჯერზე, მაგრამ თავს არ ვანებებ - ეს არასწორია. ქაღალდებით რაღაც ნივთების დამზადებას ვსწავლობდი ვიდეოგაკვეთილებით. პირველად საშინელება გამოვიდა, მაგრამ მოვინდომე და ნელ-ნელა დავხვეწე. თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ, მთავარია, არ დაეზაროთ.

GzaPress

- წიგნების კითხვა გიყვარს, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე რომელმა წიგნმა მოახდინა?

- თანატოლებს ვურჩევ "ბიძია თომას ქოხის" წაკითხვას. ამ წიგნმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. განსაკუთრებით იმ მომენტმა ამიჩუყა გული, როდესაც თომა მოკვდა. ამ წიგნმა მასწავლა, რომ კანის ფერისა და სოციალური ფენის განურჩევლად, ყველა ადამიანს ერთი და იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს.

- და ბოლო კითხვა, ყველაზე მეტად, რა გენატრება? როცა შეზღუდვები მოიხსნება და თავისუფლად გადაადგილებას შევძლებთ, პირველ რიგში, რას გააკეთებ, ვის მოინახულებ?

- მოვინახულებ კლასელებს, ძალიან მომენატრნენ... დანარჩენი ყველა მონატრებული ადამიანის ნახვა მოვახერხე. იმედია, მალე დავბრუნდებით სკოლაში.

P.S. თუ თქვენც გსურთ რესპონდენტის როლში ყოფნა, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81. წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია