"სანამ მე და ეს ბაღი იქნება, ნაირაც იცოცხლებს" - გზაპრესი

"სანამ მე და ეს ბაღი იქნება, ნაირაც იცოცხლებს"

ნუგზარ ძნელაშვილმა პროფესია 59 წლის ასაკში შეიცვალა და მებაღე გახდა. არაფერი სჯობს რუსთავში, მის ეზოში სტუმრობას - იქ სულ სხვა სურნელია, საოცარი სილამაზე, სიმწვანე, მცენარეებითა და ვარდებითაა დამშვენებული იქაურობა და რაც განსაკუთრებულობას მატებს, ეს ქართული შტრიხებია - ციხე-გალავანი, წყარო, ქვევრები. ბაღს 3 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა. როდესაც მასზე საუბრობს, შეუძლებელია ვერ იგრძნო, როგორ უყვარს და როგორ ენატრება: ამბობს, რომ "ნაირას ბაღი" ის ადგილია, რომელიც მეუღლეს ხსოვნას უკვდავყოფს.

- 5 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ეზოს გამწვანება დავიწყეთ. ძალიან მოგვეწონა ეს დამღლელი, თუმცა სასიამოვნო პროცესი. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი მებაღეობის შესახებ და თითქმის ყველაფერს ნაირა აკეთებდა, სწორედ მან შემაყვარა მცენარეები. ეზოში უამრავი ყვავილი გვქონდა, ზაფხულში ულამაზესი იყო აქაურობა, სამოთხეს ჰგავდა. ზამთარში ეზოს ვასუფთავებდით, ფოთლებს ვაგროვებდით - შრომატევადი გახლდათ და ერთმანეთს ვეკითხებოდით, - ბაღი კარგი კია, მაგრამ ნეტავ, ყველა ასე წვალობსო? ნაირას გარდაცვალების შემდეგ, ბაღს მისი სახელი დავარქვი და ახლა თვითონ ვუვლი. საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯიც დავამთავრე და ასე ვიქეცი მოყვარული მებაღე პროფესიონალად. ისე, ეკონომისტი ვარ, ყოველთვის პროფესიით ვმუშაობდი და ამიტომ ბევრს გაუკვირდა, როდესაც ჩემი ახალი გატაცების შესახებ გაიგო.

- ეზო რამდენიმე ნაწილად გაქვთ დაყოფილი, ხომ?

- ასე ვარჩიე - მაქვს ზამთრის ბაღი, სადაც ძირითადად, ჯუჯა მცენარეებია, ბონსაი ნივაკები, რომელთა წყალობით აქაურობა ზამთარ-ზაფხულ მწვანეა. ინგლისურ ბაღში, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზია, მცენარეები სიმაღლის მიხედვითაა განლაგებული და თან ძალიან მრავალფეროვანია - სალათისფერი, ვერცხლისფერი და წითელი. ქვის ბაღი ფერდობზეა გაშენებული, აქ ნახავთ ქვევრებს და დიდი ზომის ქვებს წარწერებით, ჩანჩქერსაც, ჩემი ხელით გაკეთებულს, ალპური ჯიშის მცენარეებს. მგონი, ურიგო არ გამოვიდა და კიდევ, მაქვს ვარდების ბაღიც. ამ 4-5 წელიწადში ოთხჯერ გადავაკეთე ბაღი. ეს უკვე საბოლოოა, მხოლოდ სახეობებს თუ დავუმატებ.

GzaPress

- ქვებზე, ქვევრებზე, ქოთნებზე - ყველგან წარწერებია: "არც სილამაზე არ არსებობს უსიყვარულოდ", "მე თუ მენატრება, მას თუ ვენატრები". "შენმა სიყვარულმა ცხოვრება მასწავლა". ალბათ მეუღლეს ეძღვნება...

- ანგელოზი ყოფილა, ყველასგან გამორჩეული და არ მცოდნია. ყოველდღე დავდივარ საფლავზე, შაბათ-კვირის გარდა. სანამ მე და ეს ბაღი იქნება, ნაირაც იცოცხლებს, ასე მჯერა.

- მეგობრებს ძალიან უყვარდათ თქვენთან სტუმრობა? საქეიფო კუთხესაც ვხედავ.

- როცა ნაირა ცოცხალი იყო, ხშირად მოდიოდნენ. მას ძალიან უყვარდა სტუმარი, გამასპინძლებას არასდროს დაიზარებდა, ახლა ყველა ერიდება მოსვლას.

- რამდენი სახეობის მცენარე გაქვთ?

- არასდროს დამითვლია. მაქვს: ფეიხოია, კოწახურის ხე, ჟოლო, პალმა, ნაძვები, ეს დეკორატიული ჭრელი ტუია, უთხოვარი - თამარ მეფეს დაურქმევია ასე, კვიპაროსები, რომლებსაც სასურველი ფორმის მისაცემად ხარაჩოებში ვსვამ და ზოგს სანთლის ფორმას ვაძლევ, ზოგს - ბურთისას. ნახავთ კანფეტის ხესაც, მაგრამ კანფეტებს არ ისხამს (იცინის). ერთ-ორ წელში კიდევ უფრო ლამაზი იქნება აქაურობა.

- შეხვედრაზე რომ გითანხმდებოდით, მითხარით, რომ მებაღეობას უკვე სტუდენტებსაც შეასწავლით.

- რუსთავში სანერგე ჩემი ინიციატივით აღდგა, თავდაპირველად აგრონომად დავინიშნე, შემდეგ უფროს სპეციალისტად, მთავარ სპეციალისტად, ბოლოს კი უფროსად, გამომყავს ნერგები და ქალაქს ვამარაგებ. ამავე დროს, კოლეჯში, ამ პროფესიით დაინტერესებული ვინცაა, მებაღეობას შევასწავლი. სანერგეში გაივლიან პრაქტიკას და წარმატებული სტუდენტები ჩვენთან, სანერგეში დასაქმდებიან. კარგია, დაინტერესება რომ არის და დროა, მებაღის პროფესია დაფასდეს.

GzaPress

- როგორი უნდა იყოს მებაღე?

- მებაღე რომ გახდე, პირველ რიგში, შენი ქვეყანა და ხალხი უნდა გიყვარდეს. აქედან იწყება ყველაფერი, სიყვარული უნდა შეგეძლოს; თუ არ გიყვარს, უნდა შეიყვარო, მერე მცენარეც გეყვარება. კარგია, თუ ხატვაც გეხერხება. რამდენიმე წელი ვიარე ადრე ხატვის წრეზე და ახლა გამომადგა. შრომა რომ უნდა უყვარდეს, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ხომ არ გაგაღვიძეთო? - მეკითხებიან ხოლმე, დილის 10 და 11 საათზე რომ მირეკავენ. რაღა დროს ძილია, უკვე დაღლილი ვარ-მეთქი. დღეს ნაწვიმი იყო, ადრიანად ავდექი, ფოტოები გადავუღე ვარდებს და "ფეისბუკში" "ნაირას ბაღის" გვერდზე დავდე. უამრავი ადამიანი ათვალიერებს. ყოველ დილით ადრე ვდგები, ბაღს რომ არ შემოვურბინო, ისე როგორ იქნება? თქვენც ხომ გრძნობთ, როგორი სასიამოვნო ტენი და განსხვავებული სურნელია აქ. ზოგჯერ სამსახურში წასვლა არ მინდა ხოლმე. მივდივარ და გული აქ მრჩება, ზოგჯერ ველაპარაკები კიდეც მცენარეებს, მაგრამ უმძრახად არიან (იცინის).

- როგორც მებაღე, რას ურჩევთ მოყვარულებს?

- ჩემი მოწოდებაა - გააშენოთ ქართული ბაღები. ხომ არსებობს ინგლისური, იაპონური, იტალიური, ფრანგული და მე მინდა იყოს ქართულიც. ქართულ ბაღს რას უწოდებო? მკითხავთ - ბევრი ქართული ელემენტი შევიტანოთ... თუ ამ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, კარგად უნდა "გაიცნოთ" მცენარეები, განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება ვარდებს, ისე როგორც ლამაზ ქალს. იაპონელებს უთქვამთ: "თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი" და ნამდვილად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

ნინო ჯავახიშვილი