"ქართველები არასოდეს გამოსულან ოსების წინააღმდეგ ბრძოლის პირველდამწყების როლში" - გზაპრესი

"ქართველები არასოდეს გამოსულან ოსების წინააღმდეგ ბრძოლის პირველდამწყების როლში"

ვაჟა მაისურაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია თავისი ფესვებით და წინაპრების წარსულს იკვლევს არქივების, საეკლესიო ჩანაწერებისა და სამეცნიერო მასალის საფუძველზე. ბატონი ვაჟა გვიამბობს რამდენიმე ეპიზოდს წინაპრების ცხოვრებიდან.

მებრძოლი მაისურაძეები

- პაპაჩემს სამი ძმა ჰყავდა, მათ შორის უფროსი იყო ილია მაისურაძე, რომელიც 1918-1921 წლებში ჯავის რაიონის მილიციას ხელმძღვანელობდა. ილა (ილია) მენშევიკური პარტიის წევრი იყო, მისი პარტბილეთის ნომერიც ვიცი. პირველად 1907 წელს დაიჭირეს იარაღის ტარებისთვის და ასტრახანის გუბერნიაში გადაასახლეს ერთი წლით. იმ დროს ცხინვალში მეფისნაცვალი უნდა ჩამოსულიყო, ილა კი ხელისუფლებისთვის არასაიმედო პიროვნება გახლდათ. კომუნისტების დროს, რასაკვირველია, არავინ საუბრობდა 1918 წელს მომხდარ ფაქტებზე. კერძოდ, როგორ შეიჭრნენ ოსები ცხინვალში და როგორ გადაწვეს ადგილობრივი მოსახლეობის სახლები. მათ შორის ჩემი წინაპრების სახლიც იყო. ბებია იხსენებდა, სახლიდან მხოლოდ აკვნების გამოტანა მოვახერხეთო. ილა აქტიურად მონაწილეობდა ოსების ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების ჩახშობაში 1920 წელსაც. მაშინ ვალიკო ჯუღელის (საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი) გვერდით იბრძოდა. 42 წლის ილა მაისურაძე 1921 წლის ივლისში დააპატიმრეს, როცა საქართველო უკვე ანექსირებული იყო.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მასთან ერთად დააკავეს მისი სამი თანამებრძოლი - მიხეილ ლომიძე (26 წლის), ოსი ნიკოლოზ ცხოვრებოვი (23 წლის, თამარაშენიდან) და ოსი სანდრო გაბარაევი (44 წლის, აჩაბეთიდან). 1920 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის დასაცავად, ქართველების მხარდამხარ ოსებიც იბრძოდნენ. ბრალდების დასკვნით დადგენილებაში წერია: "...ბუნებით ავანტიურისტმა ილა მაისურაძემ შექმნა 45-კაციანი ბანდა, მისი მარჯვენა ხელი იყო ცხოვრებოვი. ეს ბანდა მენშევიკური ხელისუფლების დაკვეთით და ასევე საკუთარი ინიციატივით ეწეოდა ძარცვას, სცემდა გლეხებს, წვავდა მათ სახლებს და ზოგს მხეცურად ხოცავდა. რამდენიმე მოწმის წინასწარი და დამაჯერებელი ბრალდების საფუძველზე, დაკავებულების საქმე გამოძიების დასასრულებლად გადაეცა ცხინვალს. იქ დაიკითხა 40 მოწმე სხვადასხვა სოფლიდან, რომლებმაც დაადასტურეს ყველა ბრალდება..." საქმე ისევ თბილისს დაუბრუნდა და ილა მაისურაძეს დახვრეტა მიესაჯა.

GzaPress

ისტორიკოსი და მეცნიერი ლევან თოიძე წიგნში "როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" წერს: "ქართველები არასოდეს გამოსულან ოსების მიმართ ძალმომრეობის, მათ წინააღმდეგ ბრძოლის პირველდამწყების როლში. ქართველთა და ოსთა საუკუნეობრივი მეგობრობა სერიოზულად შეილახა 1918-1920 წლებში. სწორედ ამ დროს, დაიღვარა სისხლი მათ შორის. ყველამ უწყის, რომ ეს მოხდა არაქართველთა ინიციატივით. აჯანყებულებმა ხელი აღმართეს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს ისეთი რეალობაა, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ასეთ ვითარებაში, განა ამიერკავკასიის კომისარიატს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და მათ შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდათ თავდაცვის უფლება? ჰქონდათ, რასაკვირველია, გამოიყენეს კიდეც. ეს აჯანყებები გაუმართლებელი რომ იყო, ამის აღიარებას ჩვენი ისტორიოგრაფია ერიდებოდა. ეს იყო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა, როგორმე არ გაემწვავებინათ ეროვნული შუღლი".

ილიამ 3 წელი მეტეხის ციხეში გაატარა. საბოლოოდ, 1924 წლის ცნობილი აჯანყების მონაწილეებთან ერთად, ისიც დახვრიტეს. პირველ სექტემბერს დახვრეტილთა 800-კაციან სიაში ერთ-ერთია ილია მაისურაძე. თუმცა, ჯავის მილიციის ყოფილ უფროსს ამ აჯანყებასთან საერთო არაფერი ჰქონია. საქმეში დევს მეტეხის ციხის ექიმის დასკვნა, სადაც წერია, რომ პატიმარს ტუბერკულოზი აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ილას ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, მათი დაბადების თარიღები დაკითხვის ოქმში შეგნებულად შეცვალა: უნდოდა, რომ ოჯახისთვის მოსალოდნელი რეპრესია თავიდან აერიდებინა. ნიკალა მცირეწლოვნად გამოიყვანა, რომელიც მამის დაპატიმრების დროს 16 წლის იქნებოდა. თუმცა, წლების შემდეგ, ნიკალა "ჩეკას" მაიორი გახდა და 1930 წელს დახვრიტეს. საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ ილა იძებნებოდა. იგი თბილისში, მალაკნების ბაზართან დაუჭერიათ, რაც საბრალდებო დასკვნითაც დასტურდება.

საბჭოთა ხელისუფლებას ემსხვერპლა პაპაჩემი ვანო მაისურაძეც, რომელიც 1937 წელს საბჭოთა წყობილების დამხობის მიზნით, "კონტრრევოლუციური გადატრიალების მოწყობის" ბრალდებით დააპატიმრეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადმოცემით ვიცი, რომ სოფლის წისქვილში საუბრისას, სტალინის აუგად მოხსენიებისთვის დაისაჯა. ვასო მაისურაძე პატიმრობის მე-5 წელს ურალის ციხეში გარდაიცვალა. პაპაჩემი 5 წელი ნიკოლოზ მეორის ჯარში, კავალერიაში მსახურობდა. ასევე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო პაპას ბიძაშვილი სანდრო მაისურაძე. ის გახლდათ ვალიკო ჯუღელის მოადგილე. სანდრო 1918 წელს კატარინენფელდის (ბოლნისი) აღებისას დაიღუპა და გმირის ღირსებით დაკრძალეს. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია მისი საფლავი. ოჯახს ვასო მაისურაძის ერთადერთი ფოტო შემორჩა. ილა მაისურაძის ფოტო კი არ არსებობს. საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ 1918 წელს ოსები ცხინვალიდან 4 ოჯახის გასახლებას ითხოვდნენ. მათ შორის იყო ილა მაისურაძის ოჯახიც, რომელიც გასაბჭოებამდე იარაღით ხელში ებრძოდა ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ პირებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უდანაშაულოდ დასჯილთა რეაბილიტაცია დაიწყო. მე სამი რეაბილიტაციის ბარათი ავიღე - პაპის, პაპის ძმისა და მისი შვილის სახელზე. სამივე: ვასო, ილა და ნიკალა, ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა. ილას შვილიშვილი, 80 წელს გადაცილებული ოთარ მაისურაძე გორში ცხოვრობს.

GzaPress

სამამულო ომის დროს იტალიაში დაღუპული ზურა ხაბელაშვილი

- პაპაჩემი ივანე ჯუსტიშვილი (დედაჩემის მამა) და ზურა ხაბელაშვილი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. პაპას დედა, ელიზავეტა ხაბელაშვილი ზურას მამიდა იყო. ხაბელაშვილები ხაშურში ცხოვრობდნენ, დედაჩემი ქეთევანი - ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ადრე მაწლეთი ერქვა. დედა ყველაზე უფროსი იყო დედმამიშვილებს შორის და მას ზურა ახსოვს, რომელიც იტალიაში დაიღუპა. სამამულო ომის დაწყებამდე ჯარში გაიწვიეს და მერე ჩაერთო ომში. როგორც ჰყვებოდნენ, ვიღაცამ ამბავი ჩამოიტანა - ზურა მაგარი პარტიზანი იყოო. შემთხვევით ვნახე ედუარდ სიხარულიძის წიგნი "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, ეძღვნება ფორე მოსულიშვილს", სადაც აღმოვაჩინე უცნობი ქართველი პარტიზანის საფლავის ფოტო. დავაკვირდი და ზურა ხაბელაშვილი ამოვიკითხე... საფლავზე ისეთი ძეგლი დგას, ვიფიქრე, მთლად უბრალო კაცი არ ყოფილა-მეთქი. დავიწყე ძიება ინტერნეტში, მივაგენი სტატიას პარტიზანების შესახებ იტალიურად. გაჭირვებით ვთარგმნე და წავიკითხე, რომ ზურა ხაბელაშვილი დაიღუპა დასახლებული პუნქტის - გრაველონა-ტოჩესთვის ბრძოლებში, 1944 წლის 13 სექტემბერს. მერე გავარკვიე, რომ ეს სამდღიანი ბრძოლა ყოფილა.

იტალიაში უამრავი საბჭოთა ადამიანი იბრძოდა. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, ორ მათგანს იტალიის უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭეს, ხოლო 70-იან წლებში ფორე მოსულიშვილს მიანიჭეს იგივე ჯილდო - ოქროს მედალი "მხედრული მამაცობისთვის". სხვათა შორის, ზურა ხაბელაშვილი და ფორე ერთ რეგიონში დაიღუპნენ, მგონი, ერთ რაზმში იყვნენ. ინტერნეტში იმდენი "ვიძრომიალე", იტალიელი ჟურნალისტი მასიმო ეკლი დავიმეგობრე. მან რუსული იცის, მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში იტალიურს ასწავლის. მასიმოს მივწერე და ვთხოვე, რამე გაერკვია ჩემი ნათესავის შესახებ. მას ჰქონია სტატიები პარტიზანებზე და გამომიგზავნა თავისი წიგნის - "საბჭოთა პარტიზანები იტალიაში" - ელექტრონული ვერსია, სადაც ზურა ხაბელაშვილიც არის მოხსენებული, ოღონდ არასწორი ტრანსკრიპციით. წიგნიდან გავიგე, რომ იტალიელები 1962 წელს ხაშურში ჩამოვიდნენ სწორედ ზურასთან დაკავშირებით და მერე სტატიაც დაწერეს. ინფორმაციის მოსაძიებლად რუსულ საიტსაც მივწერე. პარტიზანთა ასოციაციამ გამომიგზავნა საფლავის ძეგლის ფოტო, რომელზეც ზურას სურათიც არის აღბეჭდილი (ეტყობა, სურათი მერე ჩასვეს). დავაკვირდი და გავარჩიე წარწერა - "ნოვარა". ესაა პიემონტის რეგიონი, ქალაქი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში. ფოტო გავადიდე და დედაჩემს ვაჩვენე. მან თქვა, რომ ზურას წარბი ჰქონდა დაზიანებული. სურათზეც ნაკერივით მოჩანს ერთი ადგილი, წარბზე კანის ფერი შეცვლილია. ზურა ხაბელაშვილს და-ძმა ჰყავდა და მათ შთამომავლებს ვიცნობ. ბიძაშვილები მეხუმრებიან: შენ ისე იზამ, ბიძას სახელმწიფოს ხარჯით გადმოასვენებინებო.

შერქმეული გვარი

- მაისურაძეები ქართლის მეფის, ვახტანგ V - შაჰნავაზის დროიდან სახლობენ ცხინვალში. უშუალოდ ჩემი წინაპრები მე-18 საუკუნის საეკლესიო ჩანაწერებში ვიპოვე. მაისურაძეები ვართ, მაგრამ ლეკიშვილებს გვეძახიან იმიტომ, რომ ჩვენი წინაპარი ლეკებს გამოექცა და ეს შერქმეული გვარიც გვაქვს. სხვათა შორის, ილას დაკითხვის ოქმს რომ ვკითხულობდი, ყურადღება მივაქციე, ასე ეწერა - ილა მაისურაძე (ლეკიშვილი). ამ სახით არის მოხსენიებული უშიშროების არქივის ე.წ. კასრაძის საქმეშიც, როგორც კასრაძის დაჯგუფების წევრი. ისინი "წითლებს" ებრძოდნენ, სანამ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდებოდა საქართველოში.

ნანული ზოტიკიშვილი