ჯოისტიკის ჯადოქარი, ანუ რა არის კიბერსპორტი - გზაპრესი

ჯოისტიკის ჯადოქარი, ანუ რა არის კიბერსპორტი

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის განცხადებით (რომლის პრეზიდენტი დავით ჩოგოვაძე გახლავთ), PEშ 2021-ში გაიმარჯვა 30 წლის ლევან მჭედლიშვილმა. მას "ჯოისტიკის ჯადოქარს" უწოდებენ. ქართველი კიბერსპორტსმენი იასპარეზებს IEშF 2020-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალში, ისრაელის ქალაქ ეილატში ჩატარდება.

კიბერსპორტი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტული შეჯიბრების სახეობაა, რომელიც ვიდეოთამაშებზეა დაფუძნებული. 2010-იანი წლების ბოლოს კიბერსპორტის მაყურებელთა რაოდენობამ 454 მილიონი ადამიანი შეადგინა. პოპულარიზაციას თავდაპირველად აზიაში, კერძოდ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში უწევდნენ. აზიის გარდა, კიბერსპორტი პოპულარულია ევროპასა და ამერიკაშიც, სადაც ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები ტარდება. რუსეთში სპორტის ოფიციალურ სახეობადაა აღიარებული, აზიაში კი სხვადასხვა მრავალეროვნულ შეჯიბრებაში ტრადიციული სპორტის სახეობებთან ერთად იქნა წარდგენილი. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განიხილა კიბერსპორტის შეყვანა მომავალ ოლიმპიურ თამაშებში.

ლევან მჭედლიშვილი:

- ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა - ევროპის მასშტაბით 7 უძლიერეს მოთამაშეს შორის მოვხვდი. ამ წარმატების გვირგვინი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გახდა. ჩემპიონატზე 16 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან. ეს დიდი პატივია, ვეცდები, ღირსეულად წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა. ალბათ არავის სჯეროდა, ბავშვობის დროინდელი გასართობი პროფესიად თუ იქცეოდა.

- ამ სპორტის შესახებ იქნებ მეტი რამ გვითხრათ...

- კიბერსპორტი, ანუ ელექტრონული სპორტი გულისხმობს პოპულარულ ვიდეოთამაშებში ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში შეჯიბრებას. ამ სპორტში მილიონობით ადამიანია ჩართული, ტარდება ჩემპიონატები. ტურნირებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, მაგრამ არსებობს პროფესიული ლიგებიც, სადაც მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშეები და გუნდები დაიშვებიან. პროფესიონალ მოთამაშედ ქცევა დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ზუსტად იმავე შემართებითა და ინტენსიურობით ვარჯიშობ, როგორც მაგალითად, კალათბურთის, ფეხბურთის ან სპორტის ნებისმიერ სხვა ტრადიციულ სახეობაში. კარგია, რომ საქართველოშიც სერიოზული წინსვლა შეინიშნება სპორტის ამ სახეობაში. 2002 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია, რომელმაც სხვადასხვა თამაშში არაერთი ტურნირი ჩაატარა - მსოფლიოს ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირები, ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატი, სასკოლო ოლიმპიადები, ასამდე საკლუბო ჩემპიონატი. მე მარტო ფეხბურთს ვთამაშობ, თუმცა უამრავი სხვა ჟანრიცაა, მაგალითად, ბავშვებში დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია პაბჯი. საქართველოში კიბერსპორტს თამაშობენ, მაგრამ ისეთი პოპულარობით მაინც არ სარგებლობს, როგორც საზღვარგარეთ. იქ ხალხი ფულს შოულობს ამით, ბიზნესი აქვთ. მოკლედ, მომავლის სპორტია.

- თქვენ როდის დაინტერესდით კიბერსპორტით?

- ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ტრავმებმა შემიშალა ხელი და ვარჯიში ვეღარ გავაგრძელე. ჩემი ოცნება იყო, მეთამაშა დიდი ფეხბურთი და მიხარია, რომ ვირტუალურად მაინც მოვახერხე. 9 წლიდან დავინტერესდი. საერთოდ, ძალიან აზარტული ვარ, ემოციურად განვიცდი მარცხს. ნებისმიერ სპორტში ასეა - როდესაც აგებ, არ მოგწონს და ბუნებრივია, აგრესიაც გიჩნდება. ამიტომ უკეთესია, თამაშის დროს ჩაკეტილ სივრცეში იყო, რომ შენი ემოციები იქვე "მოკლა". ასეთ დროს ვინმე რომ გეტყვის, ნუ ყვირი, დამშვიდდიო, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. როცა გეიმერი ხარ, ანუ კომპიუტერული თამაშების პროფესიონალი მოთამაშე, რთულია ემოციების კონტროლი. ერთხელ 3.500-ლარიანი ტელევიზორიც კი გავაფუჭე, ჯოისტიკი მივარტყი და ეკრანი გავტეხე.

- დედა არ გიშლიდათ, ამდენ დროს კომპიუტერთან რომ ატარებდით?

- დედა კი არა, ყველა არასერიოზულად უყურებდა ჩემს გატაცებას და მეუბნებოდნენ, არაფერი გამოგივა, ახლა მაინც დაანებე თავი, 30 წლის ხარ და რაღა დროს შენი თამაშიაო?! დედა ახლაც ბრაზობს, მაგრამ შედეგი რომ ნახა, უხარია, თურმე არ ერთობაო, ამბობს (იცინის).

- რა უნარ-ჩვევები გჭირდება, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას რომ მიაღწიო?

- სამოყვარულო დონეზე ბევრი თამაშობს, მაგრამ რაკი პროფესიულად ვუდგები ამ საქმეს, დღეში მინიმუმ 2-3 საათს მაინც ვუთმობ. შეიძლება, დღეები ისე გავიდეს, არ ვითამაშო, ემოციებისგან დასვენებაც გჭირდება ზოგჯერ. ადრენალინის იმხელა მოზღვავებას გრძნობ, ვერ წარმოიდგენთ. ჯოისტიკის საშუალებით მართავ მთელ გუნდს, 11 მოთამაშეს. თამაში გრძელდება დაახლოებით 18 წუთს, დამატებითი დროის გარეშე. აუცილებელია სწრაფი აზროვნება, ხელის სისწრაფე.

- რა გზა გაიარეთ მსოფლიოს ჩემპიონატამდე და რა მოლოდინი გაქვთ?

- ჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი და მოვიპოვე უფლება, მეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს 26 ქვეყანას შორის, საიდანაც შეირჩა 7 საუკეთესო. ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 89 ქვეყანა მონაწილეობდა და გამარჯვებულ 16 ქვეყანას შორის მოხვედრა ჩემთვის მართლაც დიდი აღიარებაა. ჯგუფში უძლიერესი სერბი მოთამაშე, ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი - სტეფან სლავკოვიჩი დავამარცხე, რამაც კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა. ერთი სიტყვით, საბრძოლო და იმედიან განწყობაზე ვარ!

- წარმატებებს გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი