"მე ვიცნობდი გენიოსს - ფრიდონ ნიჟარაძეს!" - გზაპრესი

"მე ვიცნობდი გენიოსს - ფრიდონ ნიჟარაძეს!"

გენიოსის გვერდით არც დიდხანს უნდა იყო, არც მცირე ხანს. თუ დიდხანს იქნები, მოგეჩვენება, რომ ის არაფრითაა გამორჩეული, მცირე ხანში კი მის გენიალობას ვერ იგრძნობ. მე გამიმართლა და ოქროს შუალედი გამომივიდა. ფრიდონ ნიჟარაძეზე უნდა გესაუბროთ...

ოთხი ან ხუთი წელია მას მერე, რაც ენგურის ხეობას სამი თავგადაკლული მოგზაური შევუდექით. მოგზაურობის გარდა, სხვა საერთო ინტერესი არ გვაკავშირებდა თითქოს. სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის ადამიანები ჯერ თეთნულდის აისის არამიწიერმა სილამაზემ გაგვაერთიანა, მერე უშგულის განუმეორებლობამ. სამეულიდან მხოლოდ მე მქონდა ნანახი ევროპის "სახურავად" აღიარებული ეს თემი, თან რამდენჯერმე, მაგრამ მურყმელთან ისე ამიჩქროლდა გული, როგორც სულ პირველად. უშგულში რამდენჯერაც ახვალ, იმდენ სიურპრიზს დაგახვედრებს განგება. სიურპრიზი ამჯერად გენიოსის ახლოს გაცნობა იყო.

ჩვენი მასპინძელი ნიჟარაძეების ოჯახი გახლდათ. ვიცოდით, ვისთანაც მივდიოდით. მამუკა ნიჟარაძე ახალგაზრდა კაცია და თანამეგზურთაგან ერთ-ერთის კურსელი იყო. მოსხეპილი ახალგაზრდა წინ გაგვიძღვა, თან გაგვაფრთხილა, რომ ბიძა, ფრიდონ ნიჟარაძე მისი თანამოსახლეა - ეს გაფრთხილება დელიკატური იყო... უნდა შევმზადებულიყავით უცნაურ კაცთან ოთხდღიანი თანაარსებობისთვის. ლამარიადან თავქვე რომ დაუყვები, ჯგრააგს (წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს) ჩასცდები, ჩანს ყავრით დახურული სახლი. ყავრის დანახვა უკვე გახალისებს. ასეთი სახურავები იშვიათია უკვე. დიდთოვლობის ჟამს, ნალექის სიმძიმეს სახურავის მსუბუქი დახურვა კედლებს შეღავათს აძლევს. კოშკებსაც ხურავდნენ ზოგჯერ ასე, უფრო მეტად კი - ზორბა ფიქლებით, რომელთა სიმძიმეს ბებერი მურყვამები სიმშვიდით უძლებენ... ასეა ნიჟარაძეების კოშკებიც დახურული. ოდესღაც გონიერ სვანებს ენგურსგაღმურა ფერდობზე მოუტეხავთ ფიქლები, საზვავეზე დაუწყვიათ და მერე, როცა ზვავობის დრო დაიწყებოდა, მოჰქონდა თოვლის ნაკადს პრიალაზედაპირიანი ქვები მაჩუბებისთვის, კოშკებისთვის, სახურავებისთვის...

ნიჟარაძეების ყავარსახურავიანი სახლის ეზო პატარაა. ზოგადად, უშგულში უმეტესად პატარა ეზოები აქვთ. ეს არაფერი. ეზოში ურიკაა, რომელზეც "მერსედესის" საფირმო ნიშანია ალუმინის მავთულით დამაგრებული. ბომბორა ძაღლი ფხიზლადაა და თავს გაჩვენებს, თითქოს თვლემს. ობოლი ცირცელი სამხრეთისკენ გაწოწილა ისე, თითქოს ღვთისმშობლის ხატისკენ მავედრებელი ხელები გაუწვდია ლოცვით დაქანცულ ქალს... ასეთი იყო მაშინდელი ეზო ნიჟარაძეებთან. მასპინძლები ღვთით დალოცვილნი არიან უშგულს. დიასახლისი ზღაპრულ სუფრას შლის, მამა-თემრაზი გვიყვება სოფლის ამბებს, მამუკა უხერხულად დგას, თითქოს მეტი გვეკუთვნოდა და ვერ დაგვახვედრა შესაბამისობა. არადა, ამაზე მეტს ლუკულუსიც ვერ დაიზმანებდა...

ახლა ნაკლებად საინტერესოა შხარისკენ თუ თამარის საზაფხულო რეზიდენციებისკენ ჩემი სვლის აღწერა. ფრიდონზე უნდა დავწერო. ფრიდონის გენიალობის შესახებ მსმენოდა. ისიც ვიცოდი, პატრიარქი რომ სწვევია, ნახატი შეუძენია მისგან და ახლა უკვე რომ აღარ ხატავდა... თმა-წვერდიდი კაცი გაგვეცნო. მეგონა, რომ... ჰო, ბევრი რამ მეგონა. ვიცოდი, ჟურნალისტები რომ არ უყვარდა და არ მინდოდა, გამემხილა ჩემი სამსახურებრივი პოზიცია.

GzaPress

ფრიდონი ხშირად იდგა ეზოში და ცას უყურებდა. ზოგჯერ ფარდულის წინ, ძელსკამზე იჯდა და მაინც ცას უყურებდა. გენიოსების ხედვა ფეხქვეშეთით ვერ კმაყოფილდება. ერთხელ გავბედე, გვერდით დავუჯექი. გინდა, ნახატები გაჩვენოო? - არც მოუხედავს ჩემკენ, ისე იკითხა. მომეჩვენა, რომ ციდან მიყურებდა გამჭოლად, სულის ყველაზე შორეულ კუნჭულებშიც. ავენთე სიხარულით. წავიდა ეს სიხარული ცაში და ფრიდონის თვალმა გაზომა. სიხარულის მოცულობა მოეწონა და წამიძღვა ყავრიანი სახლის მეორე სართულზე. მზე შემოგვყვა დერეფანში, თუ ფანჯრებიდან შემოიპარა მნათობი, არავინ იცის. ვფიქრობ, ჩემი და ფრიდონის ალიანსს კოსმოსიდანვე მოჰყვა უჩუმრად. წითელი იატაკისა და კედლის შეერთების ადგილას ჩაიჩოქა მზემ და გვიყურებდა. ფრიდონი მორიგეობით ხსნიდა მცირე თუ დიდი ნახატის სამყაროს, ფერების, სიმბოლოებისა და დეტალების წვრილმანებს. აქ სხვა იყო კოშკი, სხვა იყო ცხრათავა შხარა, უფრო მეტი იყო ლურჯი ფერი, ვიდრე ფერი, სხვა ფერებიც მეტი იყო, ვიდრე ფერები.

მომისმენია უდიდესი და უმცირესი მუზეუმების გიდებისათვის. ვმდგარვარ მონეს, ტიციანის, რემბრანდტისა და ფიროსმანის ნახატების წინ, მოვნუსხულვარ, მაგრამ ეს სხვა იყო. თავად შემოქმედი ხსნიდა დიდი რუდუნებით თავის შემოქმედებას... ნამცეცა დეტალშიც კი იდო უზარმაზარი შრომა და ღვაწლი. ყველა ერთნაირად უყვარდა ავტორს, კოშკის ლიბო, სამოთხის ფრინველის ბუმბული, ეშმა, ანგელოზი თუ ჩამავალი მზის სხივის უკანასკნელი გაელვება. ყველა ნახატს ეტყობოდა, რომ საუკუნო შრომაც არ ეყოფოდა სხვათაგან და ეგებ ფრიდონს ეს შედევრები ხელის ერთი გენიალური მოსმით ჰქონდა შესრულებული დიდი ფიქრის მერე! ზოგჯერ პროზა მოეძალებოდა და ახსენებდა სტუდენტობის ამბებს მოკლედ, მოკლედ ახსენებდა სოფლის ამაო ვაინაჩრობას. ვფიქრობ, უხაროდა, გენია რომ იყო და საუკუნეების ბოროტულად მავიწყებელ ძალას ებრძოდა სიცოცხლეშივე წარმატებით...

ერთმა ჟურნალისტმა, აქ რომ იყო მოსული, ფაქტობრივად, გადარეული მიწოდა, შენზე მეტი გადარეული მე ვარო, ეჩქარებოდა, სწრაფად უნდოდა ჩემი და ჩემი ნახატების გადაღება, მერე ნახვამდის მითხრა და მე ნეხვამდის გავუშვიო, ემოციის დაუტყობლად მითხრა. მეც აღმსარებელივით ვთქვი, რომ ჟურნალისტი ვარ. ვიციო, გაიღიმა. არ გამკვირვებია. ისევ ვიგრძენი, რომ პირდაპირ არ მიყურებდა, მისი მზერა კოსმოსიდან მოდიოდა და სულის ყველაზე დახურულ ნაწილებსაც დაუნდობლად მიშიშვლებდა! იგრძნო, რომ დაწერას არაფრისას ვაპირებდი. მაშინ მეგონა, ვერასდროს დავწერდი გენიოსზე, რომელსაც სხვა ძალები ჰქონდა, ვიდრე ყველა ჩემს ნაცნობს. გამიმხილა, როგორ დაასაჩუქრა ბევრი თავის ნახატებით, მერე გაუბრაზდა და ჩამოუარა, ისევ დაიბრუნა. სამყარო ჩავტიე და მათთვის სამყაროს მიჩუქება მეტისმეტი მომივიდაო. ვხედავ, შენ არ გინდა, რომ გაჩუქოო. არ ხარ მომგროვებელი, უფრო გამცემი ხარო და გავწითლდი უხერხულობისგან.

ყავრიანი სახლის მეორე სართული იტევდა დიდ სიმდიდრეს, აღუწერელს, შეუფასებელს. გარეთ გამოვედი და გამოგვყვა მზეც. ცისიერი დასალიერისკენ წასრიალდა უსაზღვროდ ბედნიერი, რომ ფრიდონმა დაისწრო საუბარში...

მეორე დღეს ფოტომასალა გადმოიღო ფრიდონმა. ბევრი იყო ძალიან. გამორჩეული სახის ადამიანები, ხელშეუხებელი ბუნება, სხვაგვარად დანახული ტაძრები, დროსთან ჭიდილში გამარჯვებული კოშკები, ზემოიმერელი აზნაურივით დაკვანწული ტყის ბილიკები, ახალშობილივით წმინდა თოვლი და ათასი რამ გადაეღო "ზენიტით" თუ რომელიღაც აპარატით. შავთეთრობით ოსტატურად გამოხატული იყო ფერადი სამყარო, მაგრამ ახლოსაც ვერ მივიდოდა ფრიდონისეულ ნაფუნჯრებთან. გავიფიქრე, ალბათ სიზარმაცის დროს ობიექტივით ცდილობდა შინაგანი სურვილების დაკმაყოფილებას გენიოსი მაესტრო და უცებ მესმის: ეს ფასეული არაა, ეს ფასეული არაა... ცისკენ მიმართული მზერა ჩემში კითხულობდა პირუთვნელ ფიქრებს და ისევ შემრცხვა ჩემი პირდაპირობის, ფიქრისმიერი პირდაპირობის!..

GzaPress

მეზობლის ევროპიდან ჩამოსულ შვილს გამარჯობის თქმა აუკრძალა, - აბა, სად ხედავ გამარჯვებასო? მზესაც პირდაპირ უყურებდა და იქით აძლევდა საკვებს, ეგებ და ოდესმე ენერგია მოაკლდეს, ვინღა გაანათებს სამყაროს, ვინ გაუთბობს გულს სამყაროს უძღებ შვილებსო. კიდევ ათასობით უცნაურობა უთქვამს ფრიდონს და ახლა გვიანია, ყველაფერი უნდა ჩამენიშნა მისგან...

ნოემბრის ცივ დღეს გარდაიცვალა. დაკრძალვაზე უშგულური ზარით გააცილეს იმ ქვეყნად. სახლიდან გამოსვენების დროსაც ისევ თავად იყო უპრეტენზიო მბრძანებელი, ასე ჩანდა. თითქოს კართან და ეზოდან გასვენების ჟამსაც ფრიდონის სურვილით დაატრიალეს კუბო, თითქოს ლამარიას დაბლა, სასაფლაოზე მოზარეებსაც ის დირიჟორობდა. მეგონა, შხარა და დაუდეგარი ენგურიც მუხლზე დაიჩოქნენ, როცა მიწის პირველმა ბელტმა ყრუდ გაიხმაურა სამარეში... მერე, როგორც წესი, დარჩა ამაღლებული ბორცვი და კიდევ ის, რაც ჩვენგან განასხვავებს გენიოსებს!

თითქოს იოლად მოერია დროს უშგულში გაზრდილი ერთი კაცი. გავა ხანი და დრო აღიარებს მეტს, ზუსტად იმას აღიარებს, რომ მეტაფიზიკისა და ასტრალის კაცი მოერია შხარის ძირას, ენგურის პირა მწვანე მინდორზე, ლამარიასა და ჯგრააგის ახლოს... ასწია ამ კაცმა იმოდენა საჯილდაო ქვა, რომლის მსგავსი მსოფლიოში ცოტას თუ აუზიდავს.

P.S. გამიმართლა და მე ვიცნობდი მას... ხატვა რომ შემეძლოს, დავხატავდი ფრიდონს წვერით, ნაოჭებითა და ასტრალში გაქცეული მზერით. ეს არ შემიძლია... კომპოზიტორი რომ ვიყო, ვივალდის "სეზონებზე" მეტით ვეცდებოდი მისი ხასიათის გადმოცემას, რომელსაც აუცილებლად შევურევდი დოგას ვალსსა და ლისტის დიდებულ ბგერებს - ესეც არ შემიძლია. წერა შემიძლია და ისიც არასრულყოფილად. უბრალოდ, გრძნობა ჩავაყოლე ყველა სიტყვას, ჩვეულებრივ სიტყვებს, რომლის აღქმასაც შენ გავალებ, ჩემო მკითხველო. და კიდევ, ეგებ ვიამაყოთ, ასე ქმნიდნენ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მთებში ხელოვნებას ვითომ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლეში არ ვაღირსეთ გენიოსის ტიტული...

P.P.S. არ ვიცი, როდის ავალ უშგულში, მაგრამ როცა ავალ, გენიოსის საფლავს მივეახლები. გაგიმხელთ, რატომაც. მინდა ვიგრძნო უკვე ასტრალიდან მომზირალი ფრიდონის მზერა, რომელმაც ერთბაშად ჩაიტია კავკასიონის მწვერვალებიდან დაწყებული ჩვენი გალაქტიკა და მის იქითა ირეალურობაც!

როლანდ ხოჯანაშვილი