რა არის აუცილებელი კარგი ფეხბურთელების გასაზრდელად
11 წლისას მშობლები აღარ ჰყავდა და მეოთხეკლასელი ბიჭი საგურამოს სკოლა-ინტერნატში გადაიყვანეს, ორი წლის მერე კი თბილისში, გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში შევიდა. ფეხბურთს კარგად თამაშობდა და უფროს ძმას სთხოვა, ახალგახსნილ სპეცსკოლაში მიეყვანა. იქ უთხრეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კარგად ისწავლიდა. მერე გამოცადეს, თავით ბურთი 30-ჯერ მაინც აკენწლა, შემდეგ ფეხით კენწლა და სწორედ მაშინ თქვა თამაზ ჯავახიშვილზე ერთ-ერთმა მწვრთნელმა - ეს ბიჭი აუცილებლად უნდა მივიღოთო. მეცხრეკლასელი უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა... როგორ გაგრძელდა ნიჩბისელი ბიჭის საფეხბურთო გზა და რა წარმატებებს მიაღწია, ამას თავად ბატონი თამაზისგან გავიგებთ.
- სპორტული სკოლის რეჟიმს იოლად მიეჩვიეთ?
- როცა საგურამოში ვსწავლობდი, კლასში არ შევდიოდი, სულ ბურთს დავდევდი. აქ კი სწავლასაც გვთხოვდნენ და ყველაფერს განრიგის მიხედვით ვასრულებდით. ეს იყო ორჯერ ვარჯიში, ოთხჯერადი კვება, გაკვეთილების მომზადება აღმზრდელ-მასწავლებლებთან ერთად და მერე ჩაბარება (როგორც მშობლები ითხოვენ ხოლმე), ძილი თავის დროზე... დილის 8 საათზე ადგომა, 9-ზე გაკვეთილები იწყებოდა. ისეთი მოწადინებული ვიყავი, ყოველდღე დილის ხუთზე ვდგებოდი. ზოგჯერ ფანჯრიდან ვიპარებოდი და გლდანში, მაშინ სამხედრო "გარადოკს" ეძახდნენ, ტბაზე დავრბოდი. მწვრთნელებმა რომ გაიგეს, მიშლიდნენ - გადაიწვებიო, მაგრამ სკოლის ვარჯიში არ მყოფნიდა. ოფიციალური თამაშის შემდეგაც, ცოტა ხანს დავისვენებდი და მერე ისევ დავრბოდი, დღესაც ასე ვარ... შრომა მიყვარს, რომ არ ღამდებოდეს, ალბათ 24 საათი ვიმუშავებდი.
- ვინ იყვნენ თქვენი პირველი მწვრთნელები?
- სპორტსკოლაში იყვნენ თენგიზ კუბლაშვილი, ციტო ვარდიაშვილი, ნიაზ ძიაპშიპა (თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი)... ზაფხულობით ბათუმში "ზბორებზე" დავდიოდით, ამხანაგურ მატჩებს ვატარებდით, ბათუმის "დინამოს" თამაშებზე "აუტჩიკები" (როცა ბურთი მოედნიდან გადავარდება და ბავშვები აწვდიან) ვიყავით. ნაკრების წევრებს ლესელიძესა და ეშერაში გვიწვევდნენ შეკრებებზე. იქ სპორტული ბაზა იყო და ფეხბურთელების გარდა, სხვა სპორტსმენებიც ისვენებდნენ. მახსოვს, ნონა გაფრინდაშვილს "მაგიდის ტენისი" ვეთამაშე, ის ყველანაირად სპორტული ქალბატონია. ძალიან თბილად გვექცეოდა, ჩვენ 14 წლის ბავშვები ვიყავით. ნონას სასადილოშიც არაერთხელ შევხვედრივარ. ლამაზი სიცილი და გაღიმება ჰქონდა.
ჩემზე განსაკუთრებული ამაგი აქვს ვოვა (ვლადიმერ) ელოშვილს. სპორტული სკოლის დამთავრების მერე, ყველანაირად მეხმარებოდა. წასასვლელი არსად მქონდა. ნიჩბისიდან თბილისში ვარჯიშებზე ვერ ვივლიდი. ელოშვილი დარწმუნებული იყო, რომ წარმატებული ფეხბურთელი გავხდებოდი. თბილისში ჩამწერა, "სკა" სტადიონზე მომაწყო, ფორმა მომცა, ფულსაც მაძლევდა. ფაქტობრივად, მზრდიდა. მის სიკეთეს რა დამავიწყებს!
- რომელიმე მნიშვნელოვანი მატჩი გაიხსენეთ.
- საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები უეფას ტურნირში მონაწილეობდა და ლაიფციგში ჩავედით, იქ ტარდებოდა. ნაკრებს სამი მწვრთნელი ჰყავდა: ლაპინი, ლიადინი და ელოშვილი. მაშინ პირველად აღმოვჩნდი უცხოეთში, თუმცა მოსკოვიც უცხოეთი იყო ჩემთვის. ხუთდღიანი შეკრება მოსკოვში გავიარეთ და მოვემზადეთ მატჩისთვის. ლაიფციგში მომხიბლა სტადიონმა, ბუცებმა, ყველაფერმა. მეგონა, სასწაული ხდებოდა. მაშინ სად გვქონდა შიპებიანი ბუცები, სამ ლურსმანზე ამოწვერილი სპორტული ფეხსაცმელი გვეცვა. ის მატჩი 2:1 მოვიგეთ. ლაიფციგში ასეთი რამ შეგვემთხვა: ნაკრებში სამი ქართველი ვიყავით - ოლეგ ბერულავა, მალხაზ გაგოშვილი და მე. სამივე ლიფტით ჩამოვდიოდით მე-15 სართულიდან. გვიხარია, - ამას რას მოვესწარითო, - ვამბობთ და უცებ, ლიფტი არ გაჩერდა?! საათ-ნახევარი ვისხედით, როგორც იქნა, გამოგვიყვანეს და მოგვიანებით შევუერთდით ბიჭებს ვარჯიშზე.
ლაიფციგიდან რომ ჩამოვედით, მაშინ აგვიყვანეს თბილისის "დინამოში", 1968 წელი იყო. პირველი შეხვედრა 17 წლისამ ჩავატარე მოსკოვის "დინამოსთან". მახსოვს, თბილისში ცივი ამინდი იყო. თამაშობდნენ მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი... მურთაზი დუბლების ბიჭებს ცოტა მკაცრად გვექცეოდა. ბრაზდებოდა, როცა ერთად ვვარჯიშობდით და სწორ პასს ვერ მივცემდით. რეზო უმაღლესი ადამიანია, მასთან თბილი ურთიერთობა მქონდა, ვძმაკაცობდით. ხშირად მივდიოდით ბაკურიანში ზამთარში, სადაც რეზოსთან ერთად დავრბოდი. ამას წინათ მისი შვილი ვნახე მცხეთაში, ვეღარ ვიცანი. რომ გავიგე, რეზო ძოძუაშვილის შვილიაო, ვუთხარი: შენა ხარ, ბიჭო? ჩემს მხრებზე გატარებდი, ბაკურიანში რამდენს გარბენინებდი-მეთქი.
- თბილისის "დინამოს" გარდა, კიდევ სად თამაშობდით?
- დედის გინების გამო, "დინამოში" ერთი კაცი ვცემე, ამას არავის ვაპატიებდი და გორის "დილაში" წავედი. გუნდის უფროსი დიტო ჩხატარაშვილი მეხვეწებოდა, არ წავსულიყავი. მითხრა: "დინამოში" მოსვლა იოლია, მეორედ მობრუნება კი ძნელიო, და ასეც მოხდა. გორის "დილაში" მეშვიდე მატჩს სადღაც სარანსკში ვატარებდით, ფეხი რომ მოვიტეხე. მარჯვენა მცველი ვიყავი, ზოგჯერ ცენტრშიც მიწევდა თამაში. თავდაუზოგავად და უხეშად (არა სხვების მიმართ) ვთამაშობდი, "ჟილკა" მქონდა. ტრავმებსაც ამიტომ ვიღებდი, ფეხი სამჯერ მაქვს მოტეხილი. ავად თუ გავხდებოდი, ნემსს ვიკეთებდი და სტადიონზე გავდიოდი. ტრავმების გამო არასრული დატვირთვით, მაგრამ მაინც ვთამაშობდი ფიზკულტურის ინსტიტუტის, ლანჩხუთის, საჩხერის გუნდებში... გული მწყდება, რომ უფრო დიდი ფეხბურთი არ მითამაშია.
- როცა პედაგოგი გახდით, ბავშვებთან მუშაობა მოგეწონათ?
- ვფიქრობ, პედაგოგად დავიბადე, ბავშვების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. საგურამოში პროფსასწავლებელი იხსნებოდა და როგორც მცხეთელი კაცი, იქ გამიშვეს ფიზაღზრდის მასწავლებლად. სხვათა შორის, საქართველოს მასშტაბით პროფსასწავლებელთა სამმართველოს ჰიპოკრატე შევარდნაძე ხელმძღვანელობდა. პედაგოგობა არ გამჭირვებია, ჩემი სასწავლებელი ყველგან წარმატებით გამოდიოდა, შეჯიბრება იყო თუ რამე ღონისძიება.
წლების წინ მცხეთის ფეხბურთის გუნდი "არმაზი" შევქმენით, რომლის პრეზიდენტი ვიყავი. ახლა გუნდი აღარ არსებობს. გუნდი კი არა, მცხეთაში სტადიონიც აღარ არის. დიდი ხანია, მცხეთის საფეხბურთო სკოლაში ვმუშაობ. ბიჭებთან ერთად ფეხბურთში გოგონებსაც ვავარჯიშებდი, თავად გამოთქვეს სურვილი. ისეთი მოწადინება გამოიჩინეს, რეგიონული პირველობის მატჩებს გოგონათა გუნდებიც დავამატეთ, სადაც საკმაოდ კარგად გამოდიოდნენ. ასევე ჩატარდა რეგიონის პირველობა გოგონებს შორის (4 გუნდი იყო), რის შემდეგაც გორში დაგვპატიჟეს. იქ ნახა ჩვენი თამაში ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ნინო ვაჭარაძემ და შემოგვთავაზა, - მცხეთის გოგონათა გუნდი გააკეთეთ და ჩემპიონატზე გადითო. ასე დაიბადა გუნდი "დიდგორი". მათი მწვრთნელი და დირექტორი ვარ.
- რა წარმატებები აქვს "დიდგორს"?
- ჯერ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, გამოუცდელები ვართ. წელს პირველად ვმონაწილეობდით საქართველოს ქალთა ჩემპიონატში, მე-16 გუნდად დავემატეთ. ეს არის უმაღლესი ლიგა. გაზაფხულიდან დავიწყებთ თამაშს და მთელი ძალით ვიბრძოლებთ. გუნდის უფროსი მწვრთნელია გიორგი მიქელაძე, პრეზიდენტი - ვიტალი გრძელიშვილი. სამი კაცი ვუძღვებით საქმეს. გოგოები წამდაუწუმ მირეკავენ: თამაზ მასწ., როდის ვივარჯიშებთო? კორონას გამო ჯერჯერობით, აკრძალული გვაქვს.
- ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე რას ფიქრობთ?
- დღეს ქართული ფეხბურთი მკვდარია. სანამ არ იქნება უფასო ინტერნატები და სპორტსკოლები, როგორც ჩემს დროს იყო, ფეხბურთი ვერ განვითარდება. სოფლებში ძალიან პერსპექტიული ბავშვები იზრდებიან, მაგრამ მათ არა აქვთ შესაძლებლობა, თბილისში ივარჯიშონ და ფული გადაიხადონ. ჩემი აღზრდილია 2004 წელს დაბადებული გიორგი გოჩიაშვილი. კარგია, ეს ბავშვი თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში რომ წაიყვანეს. ფეხბურთელი იყიდებოდა და კორონა რომ არა, დღეს ბელგიაში იქნებოდა. სულ ამას ვამბობ, რომ კარგი ფეხბურთელის გასაზრდელად აუცილებელია, სწავლა უფასო იყოს.
ნანული ზოტიკიშვილი