ქართველი მხატვარი ამერიკაში და ძველი თბილისის პოპულარიზაცია საზღვრებს მიღმა
მხატვარი თამარ მოსულიშვილი ამერიკაში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს. საქართველოში მისი პროფესიული ცხოვრება საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა არც საზღვარს მიღმაა პასიური. მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარებისა, რაც კორონავირუსს უკავშირდება, მხატვარი მაინც აქტიურია, გამოფენებშიც მონაწილეობს და საყვარელი საქმის გაკეთებასაც ახერხებს.
- ბავშვობა ის პერიოდია, როცა ყველა ხატავს, თუმცა, სერიოზულად როდის გააცნობიერეთ, რომ გსურდათ მხატვარი გამხდარიყავით?
- რაც თავი მახსოვს, ძალიან მიყვარს ხატვა, მშობლები მუსიკასა და ცეკვაზე უფრო ამახვილებდნენ აქცენტს, რადგან სჯეროდათ, ხატვა ბუნებრივად კარგად მეხერხებოდა. არავინ აღიქვამდა ჩემს გატაცებას სერიოზულად. ალბათ იმიტომ, რომ ნათესავებსა თუ წინაპრებში მხატვარი არ გვყოლია, დღემდე ყველას უკვირს ჩემი არჩევანი. ვაკეთებდი კოლაჟებს, ვხატავდი ქსოვილზე და თავისთავად, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების სურვილი გამოვთქვი. არჩევანი მოდის დიზაინის ფაკულტეტზე შევაჩერე. მოსამზადებლად ერთი წელი მქონდა, მშობლებისთვის ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და თან ფიქრობდნენ, რომ ეს დრო არ იქნებოდა საკმარისი აკადემიაში მოსახვედრად, თუმცა, შანსი მაინც მომცეს. სამხატვრო სკოლაში მიმიყვანეს და მცირე დროში მომზადებულმა პირველივე ცდაზე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში.
- მოდის დიზაინი საქართველოში 10-15 წლის წინ გაცილებით ნაკლებად იყო განვითარებული, ვიდრე დღეს - ახლა საერთაშორისო ბაზარზეც გავდივართ. თქვენ თუ მოგეცათ ამ კუთხით რეალიზაციის საშუალება?
- ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, სწავლის პერიოდშივე გამიჩნდა ინტერესი ფერწერის მიმართ, ყოველწლიურ საკურსო გამოფენებზე ჩემი ნამუშევრები საუკეთესოთა შორის ხვდებოდა და ბევრი ლექტორი ფაკულტეტის შეცვლასაც მირჩევდა, მაგრამ გადავწყვიტე, მოდის დიზაინის მიმართულებით დამესრულებინა სწავლა. პარალელურად ვმუშაობდი კომპანიში "ვანილა ივენთ", სადაც ღონისძიებებისთვის სპეციალურ დაკვეთებს ვასრულებდი. იმავე პერიოდში შევისწავლე ბატიკა - აბრეშუმის მოხატვა. ვფიქრობდი, ჩემივე მოხატული ქსოვილით შემექმნა სამოსი და დღემდე გარდერობში ვინახავ რამდენიმე ჩემი ხელით მოხატულ და შეკერილს ნივთს. სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ქართველ, წარმატებულ დიზაინერ გიორგი შაღაშვილთან. ვმონაწილეობდით მოდის კვირეულში და ხშირად ჩემი შეკერილი სამოსი ხვდებოდა ჩვენებებზე. იქ ვმუშაობდი მანამ, სანამ ამერიკაში ემიგრაცია გადავწყვიტეთ.
- რა მიზეზით გაემგზავრეთ ამერიკაში?
- ჩემმა მეუღლემ მწვანე ბარათი მოიგო. ის პროფესიით ეკონომისტია და აქ გააგრძელა კარიერა. მაშინ ახალი დაოჯახებულები ვიყავით. ამერიკაზე არასდროს მიოცნებია და ის ფაქტი, რომ მე უნდა გადავსულიყავი იქ საცხოვრებლად, სტრესული აღმოჩნდა. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში რეალიზებული ვიყავი და ამერიკაში არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ჯერ მეუღლე გაემგზავრა, მერე მე და ბავშვი ჩავფრინდით. ამერიკაში თავდაპირველად ძალიან "დაკარგულად" ვგრძნობდი თავს. ერთი წლის იყო ბავშვი და დიდ ყურადღებას მოითხოვდა. ახლა არა მარტო ფერწერაში ვმუშაობ, არამედ ვქმნი ბატიკის ტექნოლოგიით დამუშავებულ შარფებს და ბალიშის პირებს, სხვადასხვა ექსკლუზიურ ნივთს. ვმონაწილეობ გამოფენებში, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში. ახლახან შენობის ერთ-ერთ ფასადზე დავამთავრე ჩემი პროექტი, ვნახოთ, რა იქნება მომავალში (იღიმის).
- უცხო გარემოში ცხოვრების პირველ ეტაპზე, თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე რა იყო? რა გადალახეთ და რა ვერ?
- ამერიკაში რომ ჩამოვედით, თავდაპირველად სტუდიოს ტიპის ბინაში ვცხოვრობდით. ამიტომ მხოლოდ მცირე ზომის ტილოებზე ვახერხებდი ხატვას. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა ბავშვს საღებავები ერთმანეთში აურევია და ფუნჯით დაუთხაპნია ნახატები (იღიმის). ახლა დიდი პირადი სივრცე მაქვს, სადაც შემიძლია დიდი ზომის ტილოებზე ვიმუშაო. გარდა ამისა, მოსწავლეებიც მყავს, მაგრამ ამჟამად მეც, ჩემი მეუღლეც და ბავშვიც საქმეს ონლაინ ვეწევით.
- ხატვას ასწავლით?
- დიახ. ამერიკაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ბავშვებს ხატვას ვასწავლიდი. კოვიდის პანდემიის დაწყების მერე, ყველანი შინ რომ დავრჩით, მოსწავლეების მშობლებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ გაკვეთილები ონლაინ ჩამეტარებინა. თავდაპირველად ეს შეუძლებლად მიმაჩნდა, თუმცა, ახალ გამოწვევებთან შეჭიდება მიყვარს, არ ვუშინდები და სწორედ ამიტომ დავთანხმდი, ფეხი ამეწყო იმ რეალობისთვის, რაშიც აღმოვჩნდით. ვცადე, გამოვიდა, ბავშვებიც კმაყოფილები არიან, მშობლებიც და მეც.
- ბოლო ხანს მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანთან საუბრისას, გვერდს ვერ ვუვლით პანდემიის თემას. როგორია რეგულაციები და რა შეცვალა კოვიდმა თქვენს რეალობაში?
- ვირჯინიის შტატში, ქალაქ ვუდბრიჯში ვცხოვრობთ, რომელიც საკმაოდ ახლოა ვაშინგტონთან. გაზაფხულზე ბევრი შეზღუდვა გვქონდა, ზაფხულში ღია რესტორნები და კაფე-ბარები გაიხსნა, მხოლოდ 50 პროცენტი უნდა შევსებულიყო, თუმცა შემოდგომაზე ინფიცირებულთა რიცხვმა კვლავ საგრძნობლად მოიმატა და როგორც საქართველოში, აქაც რეგულაციები გამკაცრდა. დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ხოლო ღია სივრცეში მისი ტარება ჩემს ქალაქში ნებაყოფლობითია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში ნიღბის ტარება უკვე ღია სივრცეშიც აუცილებელი გახადეს. ხალხი უმეტესად შეგნებულად უდგება რეგულაციებს. ქუჩაში გადაადგილებისას, თუნდაც საპირისპირო მიმართულებიდან მოდიოდეს და შენ გვერდით უწევდეს ჩავლა, დისტანციას დაიცავს ან შეეცდება, ქუჩის მეორე მხარეს გადავიდეს. ხალხი უფრთხილდება თავს და სხვასაც. კლინიკები გადავსებულია, ვირუსის გაჩენის პირველივე ეტაპზე ბევრს შინ მკურნალობა უწევდა და დღემდე ასეა.
სკოლები გადასულები იყვნენ 100-პროცენტიან ონლაინსწავლებაზე. რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა მშობელმა მოისურვა, მათ შვილებს სწავლა კლასში გაეგრძელებინათ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ახლა, როცა ჩემს შვილს გაკვეთილი აქვს დისტანციურად "ზუმის" მეშვეობით, თვალს ვადევნებ იმ ბავშვებსაც, ვინც სკოლაში აგრძელებენ სწავლას. კლასებში 2 მასწავლებელია და 5 მოსწავლეზე მეტი არ ზის. მერხებს შორის დამცავი ფარებია, დაცულია 2-მეტრიანი დისტანცია და მთელი დღის განმავლობაში ატარებენ პირბადეს.
- თქვენ მიერ მოხატული კედელი ვნახე, ძველი თბილისის ხედით. ვისთვის შეასრულეთ ეს ნამუშევარი?
- ეს ქართველი ემიგრანტების ოჯახია, წლებია ამერიკაში ცხოვრობენ, საკვირაო ქართულ სკოლაში გავიცანი. გარკვეულ ხანს მათი შვილების ხატვის მასწავლებელი ვიყავი. მათ მოსწონს ჩემი ნამუშევრები და შინ ბევრი ჩემი ნახატი და მოხატული ნივთი აქვთ. ეზოში ქართული კუთხის მოწყობას აპირებენ. კედლის მოხატვა მათი ინიციატივა იყო. მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია. ჩემთვის საინტერესო იყო და ამ იდეის ხორცშესხმა. ახალ სამუშაო მასალასთან შეხება და ექსპერიმენტი ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. აქამდე ძველი თბილისის ხედები მხოლოდ შარფებზე მქონდა შესრულებული და სწორედ ასეთი ფერადოვანი, ლაღი თბილისის ნახვა უნდოდა თავის ეზოში ოჯახს. 6 დღე გადაბმულად ვიმუშავე, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე და მგონი, სასურველი შედეგი მივიღეთ. კმაყოფილები არიან თვითონაც და ყველა მათი სტუმარიც, ქართველებიც და ამერიკელი მეგობრებიც. ორმაგად სასიხარულოა, როცა ჩემს ნამუშევარს ისეთი ადამიანები ნახულობენ, ვინც აქამდე არც საქართველოს არსებობა იცოდა და არც ძველი თბილისის არქიტექტურას იცნობდა. როცა მათ აღფრთოვანებას ვხედავ, ეს მაბედნიერებს.
- დაბოლოს, ოჯახს ალბათ გაქვთ გეგმები, რას აპირებთ სამომავლოდ?
- პირველ რიგში, მოქალაქეობის მიღებას ვგეგმავთ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს შევეგუე და უკვე მომწონს ამერიკაში ცხოვრება, ნათესავებისა და ახლობლების გარეშე ყოფნა მიჭირს. ყოველ ზაფხულს მქონდა საქართველოში ჩამოსვლის ბედნიერება, მაგრამ წელს, პანდემიის გამო ვერ შევძელი და ძალიან განვიცდი. აქვე გეტყვით, რომ ამერიკაში ხელოვნება უფრო ფასობს. ზოგჯერ უყიდიათ ჩემი შარფი არა როგორც აქსესუარი, ის ჩარჩოში ჩაუსვამთ და პანოს სახე მიუციათ. ამერიკაში კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენი საათია დახარჯული თითოეული ნამუშევრის შექმნისას, რა მძიმე შრომაა საჭირო ექსკლუზივის შესაქმნელად, რომელიც არ მეორდება.
ანა კალანდაძე