"თოჯინას შეუძლია ადამიანზე მეტად მოახდინოს ბავშვზე ზემოქმედება" - გზაპრესი

"თოჯინას შეუძლია ადამიანზე მეტად მოახდინოს ბავშვზე ზემოქმედება"

თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული იური ფოფხაძე სკოლის წლებში უამრავ წარმოდგენაში მონაწილეობდა, სცენაზე მღეროდა და ცეკვავდა კიდეც. სკოლა სამტრედიაში დაამთავრა და თბილისში ჩამოვიდა. თეატრალურ ინსტიტუტში ყველა ტური წარმატებით გაიარა, თუმცა რიტმში ჩაიჭრა. მერე მაინც ჩააბარა ამ ინსტიტუტში დრამის ფაკულტეტზე (რიტმის გამოცდაზე ამჯერად უმაღლესი შეფასება მიიღო) და იმ პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც მსახიობებს თოჯინების თეატრისთვის ამზადებდნენ. ერთხანს თოჯინებისა და მეტეხის თეატრში ერთდროულად მუშაობდა, მერე კი წლების მანძილზე მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო.

თეატრალურ ინსტიტუტამდე

- იმ წელს, როცა ინსტიტუტში ვერ ჩავირიცხე, ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი იყო მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი სოლისტი სერგო გოცირიძე, პირველი ქართველი ბანი, რომელიც იქ მღეროდა. პარალელურად თეატრალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი, სადაც ერთ-ერთი პედაგოგი არაჩვეულებრივი მსახიობი - თამილა ლასხიშვილი იყო. ქუთაისის ოპერის თეატრის დასის გამგემ, საოცარმა პიროვნებამ - სერგო გოცირიძემ, გარდა იმისა, რომ ვოკალს მასწავლიდა, შესანიშნავი განათლებაც მომცა. ჩვენი ოჯახი ხელვიწროდ ცხოვრობდა და ბევრი რამის შესაძლებლობა არ მქონდა. დედა მოაგროვებდა რაღაც თანხას და სამტრედიიდან ქუთაისში, დრამატული თეატრის სპექტაკლის პრემიერაზე წამიყვანდა ხოლმე. ბატონი სერგო მიყვებოდა დიდი თეატრის შესახებ, ყველა ქართველ მომღერალზე, ვისაც კი ამ თეატრში უმღერია: დავით გამრეკელზე, ზურაბ ანჯაფარიძეზე, ზურაბ სოტკილავაზე... სერგო გოცირიძე მთელ საქართველოში ეძებდა ნიჭიერ ბავშვებს. მან მიაგნო რაჭაში ტარიელ ჭიჭინაძეს, წამოიყვანა, მოაწყო ტექნიკუმში, მერე კი დაეხმარა, რომ კონსერვატორიაში ჩაებარებინა. შემდეგ, წლების განმავლობაში, ტარიელი ჩვენი თეატრის სოლისტი (ბანი) იყო.

პედაგოგები და მეგობრები

- ბედნიერი ვარ, რომ მშობლებივით მზრუნველი პედაგოგები მყავდა. სამტრედიის კულტურის სახლში იყვნენ დავით ტაბიძე და ტარიელ ხაჟალია. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძინა კიკაჩეიშვილმა თბილისში წამომიყვანა. ის სამტრედიის მასწავლებელთა სახლთან არსებულ თეატრს ხელმძღვანელობდა, სადაც სკოლის ასაკიდან ვთამაშობდი. თბილისში თავის ნათესავთან მიმიყვანა და იქიდან დავდიოდი გამოცდებზე... ვმეგობრობდი ნოდარ ანდღულაძესთან, ზურაბ ანჯაფარიძესთან, ზინა კვერენჩხილაძესთან... ბატონი ზურაბი და მე ერთ ჯგუფს ვასწავლიდით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ქალბატონმა ზინამ გამაცნო ანა კალანდაძე, რომელთანაც უდიდესი მეგობრობა მაკავშირებდა. მისი არაერთი პოეზიის საღამოს ავტორი ვარ.

ინსტიტუტი დავამთავრე და თბილისში მუსიკალური ტექნიკუმის ვოკალურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვოკალისტების ექიმმა, ფონიატორმა მარინა ნოზაძემ ნოდარ ანდღულაძესთან დამაკავშირა. თუ დღეს რაიმე გამეგება სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ, ბატონი ნოდარისგან ვისწავლე. ქალბატონი მარინასგან ვისწავლე ვოკალური აპარატის შესაძლებლობები. მან ასე იცოდა თქმა: მე ვიყავი სვერდლოვსკში და ჩამოვიტანე ახალი სავარჯიშოები. ის მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დადიოდა და კვლევებს ატარებდა. მეც ვაკეთებდი ახალ-ახალ ვარჯიშებს. ცოტა ხანს გერმანიაში ვიყავი და ბერლინში მცხოვრებ ოდესელ ფონიატორ ქალბატონთან გავიარე სუნთქვითი ვარჯიშების კურსები. გერმანიაში მეორედ რომ ჩავედი, იქაურებს ვაჩვენე ჩემი სუნთქვის ვარჯიშები და გაოგნებული დარჩნენ. მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების კათედრაზეც ვიყავი სამთვიან სტაჟირებაზე.

GzaPress

თოჯინების თეატრი

- თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, იმ წელს პირველად ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფი, რომელსაც თოჯინების თეატრისთვის მსახიობები უნდა მოემზადებინა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო თოჯინების თეატრი. შესანიშნავი პიროვნების - გივი სარჩიმელიძის ჯგუფში ვსწავლობდი, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. მე რომ თოჯინას ხელი პირველად მოვკიდე, მეგონა - ამას რა უნდა, აფართხალე, აამოძრავე და მეტი არაფერი-მეთქი. ნურას უკაცრავად! თოჯინას შეუძლია, ბავშვზე ზემოქმედება მოახდინოს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანს. დღეს რომ ვეხმარები უამრავ ბავშვსა და ახალგაზრდას მეტყველების პრობლემის დაძლევაში, ვიცი, როგორ ვიმუშაო აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან, ეს სწორედ თოჯინების სპეციფიკის ცოდნის შედეგია. ასევე დიდი დამსახურებაა თოჯინების თეატრის კოლექტივის, ვინც იქ დამხვდა: ჯერ თავად გივი სარჩიმელიძე და შოთა ცუცქირიძე, კაცი, რომელსაც ობრაზცოვის თეატრი ეხვეწებოდა, ჩვენთან წამოდიო... სახალხო არტისტი ეთერ ცქიტიშვილი მასწავლიდა, თოჯინამ როგორ უნდა ისუნთქოს.

"მუსკომედია - ჩემი სიყვარული"

- ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, ცნობილმა რეჟისორმა შოთა მესხმა მუსკომედიის ფაკულტეტზე დადგმულ სპექტაკლში მიმაღებინა მონაწილეობა; დირიჟორი მიხეილ ბორჩხაძე იყო, ცეკვას გივი ოდიკაძე გვასწავლიდა... ვითამაშე და უცებ ვიგრძენი ამ ჟანრის მიმართ სიყვარული. ინსტიტუტის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ მივედი მუსკომედიის თეატრში სამუშაოდ. მაშინ დირექტორი იყო ანზორ ტრაპაიძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი - გურამ მელივა. ტრაპაიძის მეუღლე ინსტიტუტში ჩვენი კონცერტმაისტერი გახლდათ. მან მირჩია, მუსკომედიაში გასინჯვაზე მივსულიყავი... მიმიღეს.

იმ დროს რეჟისორი გურამ მელივა მუშაობდა სპექტაკლზე "შვეიკი, შვეიკი...", სადაც ბადრი ბეგალიშვილი თამაშობდა. ისეთი პოპულარული მსახიობი იყო, მისი გამოჩენისთანავე ტაშით ინგრეოდა დარბაზი. ბადრის დუბლიორად დამნიშნეს გამოუცდელი ადამიანი. შოკი მქონდა, მაგრამ მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე. პირველი პრემიერა ბეგალიშვილმა ითამაშა, მეორე - მე. სცენაზე შევდიოდი თუ არა, მაშინვე სიმღერას ვიწყებდი. ვდგავარ და უეცრად ტუჩებზე სისველე ვიგრძენი: ნერვიულობისგან ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ფარდა გაიხსნა და არ მახსოვს, როგორ ვიმღერე... შემდეგ სცენებში სისხლი აღარც გამხსენებია. ამ როლის (ბრედშნაიდერი) შესახებ დაიწერა წიგნში "საქართველოს მუსიკალური კომედიის თეატრი" - მუსიკისმცოდნე მირა ფიჩხაძე ჩემს სადებიუტო გამოსვლას წარმატებად აფასებდა... ამ თეატრში არაჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ: ვარია (ბარბალე) იანვარაშვილი, ელენე ჩოხელი, თემო ხელაშვილი, ვახტანგ სალარიძე, თინა მერკვილაძე... აი, ამათ გვერდით ვიდექი. უფროსი თაობა ახალგაზრდებს ყოველთვის გულშემატკივრობდა. მახსოვს, ვარია მოვიდოდა რეპეტიციაზე და ჩუმად მეტყოდა: "შვილიკო, აქ პაუზა გააკეთე იმიტომ, რომ დარბაზში ტაში იქნება!" მიკვირდა: თქვენ რა იცით-მეთქი? კიო, გაიმეორებდა და ზუსტად ისე იყო.

მოწვეულ რეჟისორებთანაც მიმუშავია. მოსკოვიდან სამჯერ ჩამოვიდა რეჟისორი მიხაილ ოშეროვსკი, რომელიც ეფექტებზე აგებულ სპექტაკლებს დგამდა. მის "ქალთა აჯანყებაში" თემო ხელაშვილთან ერთად ვითამაშე. პოლონეთიდან იყო სადადგმო ჯგუფი - რეჟისორი, მხატვარი და დირიჟორი. მათ სპექტაკლში მუნჯი ბიჭის პატარა როლი მქონდა, რომელიც მუშაობის პროცესში ისე გაზარდეს, ლამის წამყვან როლად იქცა... ანშლაგებით მიდიოდა გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლი "მევიოლინე სახურავზე", რომელიც ოდესაში გასტროლებზეც ვაჩვენეთ და იქაც უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ - დამატებითი სპექტაკლიც დანიშნეს. ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი მუსკომედიის თეატრში იმ პერიოდს, როცა ბილეთი არ იშოვებოდა და თეატრში ჩუმად, მუშთაიდის ბაღის მხრიდან შევდიოდი, რადგან ნაცნობებს ფეხზე დგომის ბილეთსაც კი ვერ ვაძლევდი.

რამდენიმე წლის წინ მეგობარმა ამერიკაში დამპატიჟა. ერთ დღეს, ბრუკლინში პლაჟზე მივსეირნობთ და უეცრად ქალის კივილი გვესმის: "ბატონი იური ფოფხაძე!" - და ვიღაცა ჩემკენ მორბის... ქართველი ემიგრანტი იყო, 11 წელია აქ ვარო. ახსოვდა ჩემი სპექტაკლები და მიცნო. ბედნიერი და ამაყი ვიყავი.

"მალიკოს სითბომ გადამძალა"

- მუსკომედიის თეატრში რეპეტიცია დამთავრდა და გაჩერებასთან ავტობუსს ველოდები. ვხედავ, მოდის ქალბატონი ჭაღარა, იისფრად შეფერილი თმით. თეატრალურ ინსტიტუტში მეტყველების კათედრის დამაარსებელი - მალიკო მრევლიშვილი გახლდათ. გაჩერდა და მეუბნება: იურა, შვილიკო, შენ გეძებდი; ხვალ ჩემთან სახლში გელოდებიო. მთელი ღამე არ მეძინა. მივედი და მითხრა: მოდი ჩვენთან კათედრაზე, მახსოვს, პროზას რა კარგად კითხულობდიო. რა თქმა უნდა, მალიკოს სითბომ ისე გადამძალა, რომ რეჟისორ კუკური პატარიძის შემოთავაზებას, მისი ასისტენტი გავმხდარიყავი, ვეღარ დავთანხმდი. ბატონი კუკური ამ სიტყვებით შემხვდა - რატომ მიღალატეო?!.

პედაგოგი და რეჟისორი იური ფოფხაძე

- თეატრალური ინსტიტუტის თოჯინური ჯგუფის სტუდენტებთან დავდგი რევაზ ინანიშვილის მოთხრობები და აკაკის "ბუტიაობა", სადაც ჩავსვი მუსიკალური ნომრები, რომლებიც ძალიან მოეწონა გიზო ჟორდანიას. სულ მაგულიანებდა, გეხერხება და მიდი, ასე გააგრძელეო. როცა გიგა ლორთქიფანიძე გახდა თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, მსახიობების ერთმა ჯგუფმა სამწლიანი სარეჟისორო კურსები გავიარეთ, რომელსაც თავად ბატონი გიგა უძღვებოდა. ჩემი სადიპლომო სპექტაკლი იყო საბავშვო მიუზიკლი "ბურატინოს თავგადასავალი". მისი დადგმა რუსთავის თეატრში განვახორციელე. გორის თეატრში დავდგი კომედია "სხვისი შვილების მამა", ზესტაფონის დრამატულ თეატრში - თოჯინური სპექტაკლი.

GzaPress

"ჩემი ყოფილი სტუდენტები სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობენ"

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლებია, ჟურნალისტებს ვასწავლი. ჩემი ყოფილი სტუდენტები სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობენ. დღეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული შეცდომაა - რბილი ლასი. ბევრჯერ მქონია ჟურნალისტებთან ამაზე საუბარი. ქართულ სალიტერატურო მეტყველებაში არსებობს შედარებით რბილი "ლ", რომელიც გამოიყენება ორ შემთხვევაში: პირველი - როცა "ლ"-ს შემდეგ იწერება "ი", მაგალითად, სახელი "ლილი"; მეორე შემთხვევაა, როცა "ლ"-ს მოსდევს "ე" (ლერწამი, ლეღვი). ყველა დანარჩენი შემთხვევა, როცა "ლ"-ს შემდეგ არის "ა", "ო", "უ", ან თანხმოვანი, ან სიტყვა მთავრდება "ლ"-ზე, მაშინ "ლ" არის მაგარი.

დაახლოებით 15 წლის წინ ერთ-ერთ ტელევიზიაში კონსულტაციებისთვის მიმიწვიეს. ვუთხარი: იმ პირობით მოვალ, თუ ჟურნალისტს შეცდომას გავუსწორებ და ის არ გაითვალისწინებს, პირობითად დავსაჯოთ - ვთქვათ, 2-3 დღით ეთერში არ გავუშვათ-მეთქი. - არაო, ხომ იცით, ყველა ვიღაცის მოყვანილიაო... - კარგად იყავით-მეთქი... მოხარული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები მიხვდნენ - მათი საჯარო გამოსვლა "დალაგებული" უნდა იყოს: რამდენიმე მათგანთან შინ დავდივარ და მეტყველების გამართვაში ვეხმარები.

დაბოლოს

- ნოემბერში 70 წლის გავხდი. ჩემს მეგობრებს უნდოდათ, მუსკომედიაში აღენიშნათ ეს თარიღი იმ მსახიობებთან ერთად, ვინც სპექტაკლში - "კვარტეტი" ვმონაწილეობდით, მაგრამ არა უშავს... ჩემი უდიდესი სურვილია, არსებობდეს დაფინანსებული სკოლა, სადაც ბავშვების მეტყველების პრობლემებს მიხედავენ. კი არსებობს სტუდიები, მაგრამ იქ არ არის ინდივიდუალური მიდგომა, თან - ფასიანია. მაქვს ასეთი ჩანაფიქრიც - მინდა, ქვემო ქართლის რაიონების (ბოლნისი, დმანისი, მარნეული) ახალგაზრდებთან ერთად თოჯინების თეატრი დავაარსო. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხელოვნების მოყვარულების ერთობლივი მუშაობა იმ შედეგსაც გამოიღებს, რომ არაქართველი ბავშვები ქართულ ენას უკეთ შეისწავლიან.

ნანული ზოტიკიშვილი