კეთილი ადამიანების გახსენება - გზაპრესი

კეთილი ადამიანების გახსენება

ერთი აღმოსავლური თქმულების მიხედვით, ბრძენმა თავის მოსწავლეებს უთხრა: როდის იწყება ნამდვილი სიცოცხლე, იცით? როცა აღარ იქნები და გაგიხსენებენ, ეს ადამიანის მუცლადყოფნას ჰგავს. მერე შენი გამხსენებელიც რომ აღარ იქნება ცოცხალთა შორის და მაინც კეთილად გაგიხსენებენ, ესაა ნამდვილი სიცოცხლეო! მკითხველს ორ მოგონებას ვთავაზობთ; ორი უბრალო მოქალაქის გახსენებას კეთილ ადამიანებზე.

ლია ვეშაპიძე:

"საოცარი პიროვნება იყო ეთერ გოგოლაძე. რუსულ ენასა და ლიტერატურას გვიკითხავდა, თან აქცენტზე გვამუშავებდა, რომ სწორად გვემღერა ჩაიკოვსკის, მუსორგსკის, პახმუტოვას ენაზე. ეტყობა ჩემი სოფლური რუსული არ მოსწონდა. საბედნიეროდ, მე მოვეწონე და მითხრა, მოდი ჩემთან, კულტურის სამინისტროში (ძირითადად, იქ მუშაობდა სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ), მინდა რუსული კარგად გასწავლოო. გამიხარდა, მაგრამ თან განვიცდიდი. არც ისე კარგი მატერიალური მდგომარეობა მქონდა, რომ სწავლის საფასური გადამეხადა. ერთი თვის მეცადინეობის შემდეგ მოკრძალებით ვკითხე, რამდენი იყო საჭირო მისი შრომის ასანაზღაურებლად? არ დამავიწყდება ტირილში გადასული წყრომა და პასუხი, - შვილო, მე შენი დახმარება მინდა. როგორ გაიფიქრე, რომ ფული უნდა გადამიხადოო. შემრცხვა, მაგრამ ჩემებურად გადავწყვიტე ამაგის გადახდა და სოფელში, რომელიც ძალიან შეუყვარდა, თითქმის ყოველ ზაფხულს ვიწვევდი. მახსენდება, როგორ ცდილობდა დედას დახმარებოდა ოჯახურ საქმეებში. ქალაქელ ქალს ძნელად გამოსდიოდა სოფლის ცხოვრებისთვის ფეხის აბმა, ზოგჯერ ხელიც ეცარებოდა, მაგრამ გულწრფელად სურდა, ჩვენი შრომის ტვირთის შემსუბუქება. თბილისში მონახულების დროს ერთხელ მითხრა, - იცი, ბაზარში აღარავის ვევაჭრები, რასაც მიფასებენ, ულაპარაკოდ ვიხდიო...

წელს საშინელი ტკივილი განვიცადე დედის გარდაცვალების გამო, მაგრამ როდესაც ტელეფონით ვსაუბრობდით, ჩემი ძვირფასი ეთერის ნათქვამი "შვილო" გულს ესალბუნებოდა. სექტემბერში შეხმიანება გამომრჩა... 3 ოქტომბერს, ტრადიციულად, დაბადების დღის მისალოცად დავურეკე... მის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვრეკავდი, ყურმილს არავინ იღებდა... მეგობართანაც ვახსენე. ვუთხარი, ვეღარ ვუკავშირდები, საერთო მეგობრებსაც ვეხმაურები და არავინ არაფერი იცის-მეთქი. ამ დაწყევლილი პანდემიის გამო, თბილისში წასვლაც ვერ მოვახერხე. მეგობრისგან გავიგე სამწუხარო ამბავი, ქალბატონი ეთერი 24 აგვისტოს გარდაცვლილა. წავიდა, როგორც რეზო ინანიშვილი იტყოდა, ერთი "ყუჩი", დაუყვედრებლად სიკეთის მთესველი, ღვაწლმოსილი და დიდსულოვანი ადამიანი... უამრავი რამ მახსენდება. როცა რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას ვუწევდი ორგანიზებას, მირეკავდნენ რადიო თუ ტელეჟურნალისტები და ეთერი ბოლოს მიმხელდა, რომ საინფორმაციო მხარდაჭერაზე ის ზრუნავდა. ჩემ გამო აწუხებდა მხატვრებს, რათა ბეჭდვითი პროდუქციის დიზაინში გაეწიათ დახმარება. სწორედ ასეთი უანგარო და უხმაურო სიკეთით განვლო ამქვეყნიური ყოფა. ერთადერთი შვილი ჰყავს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს თავისი ოჯახით. არ ვიცი, ბოლო წუთებში დედის გვერდით იყო თუ არა. შვილიშვილი კი დაბრუნდა სამშობლოში და ეს ამბავი მცირედით მაინც მამშვიდებს. მთელი თვე მოუთმენლად ველოდებოდი ტელეფონში მის სითბოდაფენილ ტრადიციულ პასუხს; "ლიჩკა შენ ხარ? მოიცა შვილო, ტელევიზორს ჩავუწიო..." და იწყებოდა მოკითხვით, მოგონებითა და რჩევა-დარიგებებით სავსე დაუვიწყარი სიმფონია... წავიდა და ვიცი, თან გაიყოლა ჩემი უკანასკნელად ნახვის ოცნება. მე კი მის გამო ვერდაღვრილი ცრემლით გაჟღენთილი ფიქრები დამიტოვა... სულ მეუბნებოდა: "შენი ტელეფონის ნომერი სამგან მიწერია, ყველას ვუბარებ, აუცილებლად გააგებინეთ, როცა აღარ ვიქნები..." არ ან ვერ გამაგებინეს, ერთგანაც ვერ იპოვეს ჩემი ნომერი... საკუთარი პრობლემების მოყოლით ადამიანების გადაღლა არ მიყვარს, მაგრამ ეს სწორედ დიდი მეგობრის სამუდამო სამყოფლის მისაგნებად დავწერე. იქნებ ვინმემ იცის და ხმა მომაწვდინოს, რომ მის საფლავთან შევძლო მისვლა და გულწრფელი ცრემლით მოფერება... ჩემი ტკბილი და უფროსი მეგობარი ჩემშია და კიდევ ღმერთთანაა..."

GzaPress

ნინო ხუციშვილი:

"მოგიყვებით ეთერ ალადაშვილზე. 2010 წელი იყო. სტუდენტობა მარტო ტკბილი მოგონებები არ არის. ესაა ოჯახისგან განშორება, მარტოობის მწარე გემოც. თამარ მეფის 24-ში ბინა ვიქირავე. მე და ეთერს ერთი კედელი გვყოფდა. თითქმის ცარიელ ბინაში შევედი, პირველ დღეს საწოლიც კი არ მქონდა. ეთომ თავის "ადიელა მიმაფარა". აქედან დაიწყო ჩვენი დედაშვილობა. ეთო იყო, რომ იტყვიან, მთელი იტალიური ეზოს გაჭირვების ტალკვესი. სტუდენტი გოგონები ვიყავით სულ, ეზოში ძლიერი სქესის წარმომადგენელს არ აჭაჭანებდა "მოსალოდნელი საფრთხის" თავიდან ასაცილებლად. ეთო იყო ის, ვისაც ვაბარებდით ანგარიშს, სად მივდიოდი და როდის დავბრუნდებოდი. გასახსენებელი ბევრი მაქვს... ზოგჯერ შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანი შენად იქცეს. მახსოვს, ე.წ. კენჭის გავლა დამემართა. მაშინ არ გამაჩნდა მკურნალობის სახსრები. ეთო აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდში დამიდგა, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანურად და გადამარჩინა. მოსაყოლი ბევრია... ჩვენ ერთმანეთის დედაშვილობა ვიტვირთეთ. ამბობდა, ნეტავ გაგიმართლებდეს ცხოვრებაში და ბედნიერი იქნებოდე, არ მინდა, სოფელში დაბრუნდე, იქ დარჩები და თავს მოიკლავ შრომითო. იცოდა, საქმის შუა გზაში მიტოვება არ მიყვარდა. მეუბნებოდა, ზედმეტს შვრებიო...

ასეა, ეთო, მე ბედნიერი ვარ. კარგი ადამიანი მყავს გვერდით, ჩემს სერაფიმასაც მოესწარი და განახვე... ათასი დარდი ტკივილი და სიხარულია ამქვეყნად. იწყება და სრულდება რაღაც, უბრალოდ, შენ აღარ ხარ, აი, ეს არის მთელი სიმწარე, ვეღარ მოვისმენ შენს რჩევა-დარიგებებს, ვეღარ დავინახავ შენს ღიმილს, სიკეთეს რომ ასხივებდა. ვერ გავიგებ შენს ხმას ვეღარასოდეს. შენ ბევრი რამ მასწავლე. მასწავლე ყველაზე მთავარიც - უნდა ივარგო ადამიანად! შენი მაგალითით დამანახვე, რომ მთავარი თანაგრძნობა და სიკეთეა, რომელიც წინ გვხვდება. ღმერთის გწამდა, კვირაში ორი დღე მაინც აუნთებდი სანთელს, მადლობის ნიშნად. შენი გარდაცვალებით რაღაც მოკვდა ჩემში სამუდამოდ..."

როლანდ ხოჯანაშვილი