"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ-იორკში" - გზაპრესი

"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ-იორკში"

გზა თბილისის მერიიდან ნიუ-იორკამდე რთული და ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი ჩანდა. იყო დაბრკოლებები, მუხლჩაუხრელი შრომა, ბევრჯერ დაცემაც და ოცნების ასრულებამაც არ დააყოვნა. ანა ქურციკიძისა და ვანო ზაქაიძის წყვილმა ნიუ-იორკში სახელი არქიტექტორობით გაითქვა.

- რატომ წახვედით ამერიკაში, თქვენ ხომ საქართველოშიც წარმატებული არქიტექტორები იყავით?

- ჩვენ ვმუშაობდით თბილისის მერიაში. წარმატებულები ვიყავით-მეთქი, ვერ ვიტყვი, ბევრად მეტ წარმატებას მივაღწიეთ ამერიკაში. თბილისში მუშაობის დროს ჯერ კიდევ პატარა, გამოუცდელი, 23 წლის გოგო ვიყავი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჩემს პროფესიაში. მახსოვს, როდესაც სხდომებზე შევდიოდი, ყველა არასერიოზულად მიღებდა, სანამ ჩემს ნაშრომებს ნახავდნენ. საქართველოში ქალმა არქიტექტორმა თავი დაიმკვიდრო, ცოტა რთულია. ყოველთვის ვფიქრობდი, დაგიმტკიცებთ, რომ ქალებსაც შეგვიძლია-მეთქი...

- რატომ ამერიკა? ეს თქვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო?

- ჩვენ, მთელი ოჯახი, მწვანე ბარათით წავედით, მართლაც ბედის საძიებლად. ვიფიქრეთ, თუ ვერ ავეწყობოდით, უკან დავბრუნდებოდით. რა თქმა უნდა, სურვილი გვქონდა, ჩვენი პროფესიით გვემუშავა, მაგრამ ამაზე ფიქრი მიუწვდომელი გვეგონა. არ გავჩერებულვართ და არც ბედს დავლოდებივართ, პირველივე დღიდან დავიწყეთ მუხლჩაუხრელი შრომა. მე მჯერა, რომ თუ თავდაუზოგავად იმუშავებ, შედეგიც არ დააყოვნებს.

- დღეს ნიუ-იორკში წარმატებული არქიტექტორები ხართ. როგორ დაიმკვიდრეთ უცხო ქვეყანაში ადგილი?

- რთული იყო, მაგრამ არ ვნებდებოდით და არც ახლა ვნებდებით, წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასავლელი. ერთხანს ოფისში ვცხოვრობდით, შინ მხოლოდ სამოსის გამოსაცვლელად და მოსაწესრიგებლად თუ მოვდიოდით. დაუღალავად ვიშრომეთ. გაგვიმართლა, რომ ერთი პროფესია გვაქვს. როდესაც პირველად ჩამოვედით, 200 "სივი" გავგზავნე სხვადასხვა კომპანიაში და აქედან მხოლოდ ათი დამიკავშირდა. ბოლოს ჩემი მეუღლის რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა.

- არ არის რთული, ერთ სივრცეში ერთ საქმეს რომ აკეთებთ მთელი დღე?

- პირიქით, გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს. რომ არა ჩვენი პროფესია, მოუცლელობის გამო ალბათ ერთმანეთს ვერც კი ვნახავდით (იცინის).

- დიზაინერებიც ხართ...

- დიახ, ეს უფრო ჰობია. მე ვხატავ, ჩემი მეუღლე ქმნის. ძირითადად საათებს, ჩანთებს, სამკაულებს ვაკეთებთ. ძალიან გვიყვარს ეს საქმეც.

- დაახლოებით რამდენი შენობა-ნაგებობა დააპროექტეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ?

- ბევრ დიდ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ-იორკში.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე, მხოლოდ ნიჭი თუ იღბალიც?

- რა თქმა უნდა, ნიჭთან ერთად, იღბალიც, აუცილებლად უნდა გაგიმართლოს. ფორტუნა შენს მხარეს უნდა იყოს, რომ ბევრ წარმატებას მიაღწიო. გარდა ამისა, კარგი არქიტექტორი ყველა სფეროში უნდა ერკვეოდეს. უნდა გაითვალისწინო და წარმოიდგინო ის გარემო, რომელსაც აპროექტებ, რათა იმ ადამიანებმა, ვინც იქ იმუშავებს ან იცხოვრებს, თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნონ.

- მაინტერესებს, როგორ უთავსებთ სამსახურსა და დედობას, ოჯახს ერთმანეთს?

- მე ვარ პატარა პრინცესას დედა და ვცდილობ, კარგი დედა ვიყო, რამდენად გამომდის, არ ვიცი. ეს მართლაც ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული "პროფესიაა", რომელიც არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება, შენში იბადება შენს შვილთან ერთად. საოცარია დედის ინსტინქტი. შემიძლია, ცალი ხელით ბავშვს ვაჭმევდე და მეორით კომპიუტერთან ვმუშაობდე. ონლაინრეჟიმზე გადასვლამ კიდევ უფრო გამიმარტივა საქმე. თუმცა, დედაჩემი მეხმარება, მარტო ამდენს ვერ შევძლებდი.

- როგორი მეუღლე ხართ?

- მიუხედავად იმისა, რომ ერთი პროფესია გვაქვს და ოცდაოთხი საათი ერთად ვართ, ერთმანეთი მაინც არ გვბეზრდება. თუ ამას გავითვალისწინებთ, გამოდის, კარგი მეუღლე ვარ. მაინც ჩემს ქმარს ჰკითხეთ... ყველა ნორმალური წყვილივით ჩვენც ვკამათობთ და ვრიგდებით, შეიძლება იმაზე მეტსაც ვკამათობთ, ვიდრე ჩვეულებრივი წყვილი, - ზოგჯერ სამსახურის საკითხებზეც. ისიც უნდა ვთქვა, რომ საოცრად კარგი მეუღლე მყავს და მის გვერდით ცუდი ვერ ვიქნები.

- ხომ არ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

- ამ ეტაპზე მე და ვანო ვმუშაობთ, რომ გავხდეთ ამერიკის, კერძოდ - ნიუ-იორკის შტატის რეგისტრირებული, ლიცენზირებული არქიტექტორები, რაც საკმაოდ რთულია აქაურებისთვისაც კი. დაბრუნებას და იქიდან ონლაინმუშაობაზე ვფიქრობთ. უკვე ნებისმიერ კომპანიასთან შეგვიძლია ონლაინრეჟიმში მუშაობა, დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვეთ.

ფიქრია რობაქიძე