"5 ჯანმრთელი და ვირუსს გადარჩენილი ადამიანის ამბავი გვახარებდა"... - გზაპრესი

"5 ჯანმრთელი და ვირუსს გადარჩენილი ადამიანის ამბავი გვახარებდა"...

მაიკო ქურდაძე 16 წელია, რაც "სასწრაფო დახმარების" ექიმად მუშაობს. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, თავის საქმეზე შეყვარებულია, პროფესიონალია და განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩევაო, ერთ-ერთი მაიკო ექიმია. ამასთან, საუკეთესო და საინტერესო მოსაუბრეცაა. დაახლოებით ერთი თვის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო - "სასწრაფოს" ექიმების მიერ შესრულებული ვალსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვალსს მეწყვილესთან ერთად მაიკო ქურდაძე ასრულებდა. თუ რას ეძღვნებოდა ეს ცეკვა, რა სირთულეები ახლავს მის პროფესიას, როგორ გადაიტანა კოვიდი და რას ურჩევს სხვა დაინფიცირებულებს, ამ ყველაფერზე დიდხანს ვისაუბრეთ:

- პაციენტებთან რომ მივდივართ, ეკიპირებით იმდენად დაცულები ვართ, რომ დაინფიცირება თითქმის გამორიცხულია, თან, 72 საათში ერთხელ ვიტესტებით. ვიცი, ჩემი კოლეგები შინ რომ ბრუნდებიან, შვილებთან ურთიერთობასაც ერიდებიან, მაქსიმალურად ფრთხილობენ. ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვი, საიდან დავინფიცირდი. უკვე ბევრი ექიმია დაავადებული და ვხუმრობ, - ჩემი დაინფიცირებით მათ კოლეგიალური სოლიდარობა გამოვუცხადე-მეთქი. თითქმის ყველა სიმპტომი მქონდა - ხველა, ტემპერატურა, შემდეგ გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა, ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ზურგის ტკივილი. მეცხრე დღიდან დაავადებამ უკუგანვითარება დაიწყო. ვირუსი ნერვულ სისტემაზე საკმაოდ ცუდად აისახება, ამას თან ერთვის უამრავი ინფორმაცია დაინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ. ზოგჯერ ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჯანმრთელი ადამიანიც გადაირევა. როცა ემოციური სისტემა მშვიდია, ყველა დაავადების მართვა ადვილად შეიძლება. აფექტი და ისტერიკა მხოლოდ გვნებს, კარგი არაფერი მოაქვს. ვთქვათ, გარკვეული სიმპტომები გაქვთ, დარეკეთ და 1 საათში თუ ვერა, 2 საათში ხომ დაუკავშირდებით ექიმს, რომელიც რჩევებს მოგცემთ!.. მანამდე წაიკითხეთ, როგორია მსოფლიო რეკომენდაციები, დამშვიდდით - მთავარი ეს არის. მოგვწონს თუ არა, უნდა დავიჯეროთ ამ ვირუსის არსებობა და დავიცვათ რეგულაციები, პირველ რიგში - დისტანცია და პირბადე. ხომ ვხედავთ, უკვე რამდენი ექიმი შეეწირა ვირუსს. ბათუმში 55 წლის ექიმი გარდაიცვალა, არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონია. დაზუსტებით ვეღარ იტყვი, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკიან ან თანმხლები დაავადების მქონეებს ერჩის. კოვიდსასტუმროდან გამოსული ახალგაზრდა ბიჭი სახლამდე ვეღარ მივიდა, გარდაიცვალა. ალბათ გახსოვთ ეს შემთხვევა... ამიტომ ძალიან უნდა გავფრთხილდეთ. ქვეყანა შენდება ერთობლივი პასუხისმგებლობით, სახელმწიფო თითოეული ჩვენგანია. ბოლოს და ბოლოს, მთავრობა ან ექიმი ხომ არ მივა ყველასთან და ცხვირზე ხომ არ აუწევს პირბადეს! 80 წლის ბებო გვყავდა პაციენტი, 90 წლის მეუღლე გარდაეცვალა ინსულტით. ამ ქალბატონს 9 დღე ჰქონდა ტემპერატურა, უმადობა, სისუსტე და მხოლოდ ის აინტერესებდა, რა სჭირდა, რატომ ჰქონდა ცხელება. გადავიყვანეთ კოვიდსასტუმროში, დავტესტეთ და დადებითი აღმოჩნდა. ისეთი გახარებული იყო, დიაგნოზი რომ დავუსვით, გვლოცა და გვლოცა. მგონი, ჩვენთან ჩახუტებაც უნდოდა, მადლიერების ნიშნად, მაგრამ დისტანცია ვამჯობინეთ (იცინის). თვითონ არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ინფიცირებული ყოფილიყო, სახლიდან გარეთ არ გავდიოდიო, ამბობდა. ვკითხეთ, მეუღლის გარდაცვალებას ხალხი რა ფორმით უსამძიმრებდა? აღმოჩნდა, რომ ეს საწყალი ბებო შვილიშვილებმა და ნათესავებმა იმდენი კოცნეს და ეხუტნენ, სანამ არ დააავადეს. აბა, სხვანაირად როგორ მომისამძიმრებდნენო?.. - უკვირდა. ხომ გინდათ, რომ თქვენს ბებოებს დიდხანს ჩაეხუტოთ? ამიტომ, თქვენ კი არა, სხვებსაც აუკრძალეთ ეს ხვევნა-კოცნა. ვფიქრობ, გვიჭირს რეალურად გააზრება იმისა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. იტალიელებზე მეტად ემოციურები აღმოვჩნდით. ჩვენმა გულგრილმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა აქამდე.

- გამოჯანმრთელდით თუ არა, მაშინვე დაუბრუნდით სამსახურს?

- 18 წლიდან ვმუშაობ. ზოგჯერ პარალელურად რამდენიმე სამსახურშიც კი - ბავშვთა ფსიქოლოგად, თერაპევტად, დერმატო-ვენეროლოგად, ფთიზიატრ-პულმონოლოგად, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტად. ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ოჯახში ყველა პედაგოგი მყავდა, თუმცა მე ყოველთვის ექიმობანას თამაში მომწონდა. მხოლოდ სურვილი, ექიმი გახდე, ბევრს არაფერს ნიშნავს, - მოწოდებით უნდა იყო, შინაგანად უნდა გრძნობდე ამას. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მომიკითხა და თან დააყოლა, - კარგია, ახლა კორონას წყალობით მაინც ხომ დაისვენებო?! - არ მინდა დასვენება-მეთქი, ვუპასუხე. იცით, როგორ ვარ? - დაჭრილი ჯარისკაცი კლინიკაში ჭრილობების მოშუშებას რომ ელოდება და ერთი სული აქვს, ფორმას როდის ჩაიცვამს და ბრძოლის ველზე გაიჭრება, - აი, ასე. მეგონა, ჩემ გარეშე წყდებოდა "საქმენი საგმირონი". ყველა გადარჩენილი სიცოცხლე ჩვენთვის, ექიმებისთვის, გმირობის ტოლფასია, რაც ბედნიერებას მანიჭებს. ამ პანდემიის პერიოდში რამდენი პაციენტი მიგვიღია და არასდროს მიფიქრია, კოვიდი ხომ არ აქვს, ვირუსი არ გადამედოს-მეთქი. ამაზე არ ფიქრობს ექიმი, ისევე როგორც ჯარისკაცი არ ფიქრობს ომში წასვლისას, რომ იქ ჯანმრთელობას დაიზიანებს. აი, ასეთი განწყობა რომ გაქვს, მთელი არსებით რომ ხარ გადართული შენს საქმეზე, ფიქრობ, ვის როგორ დაეხმარო და ამ დროს ლანძღვას ისმენ, გულსატკენია. ნუთუ არ მოჰბეზრდათ?! ჯერ ჩვენ როგორი დატვირთული რეჟიმით ვმუშაობთ და კლინიკებში, სადაც 24 საათს კოვიდინფიცირებულებთან ან რეანიმაციაში უმძიმეს პაციენტებთან ატარებს, უფრო რთულ დღეშია სამედიცინო პერსონალი. ადამიანი საიდან იღებს ამდენ ენერგიას, ვერ ვხვდები. სამსახურში გავედი და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, ისევ ჩემს საქმეს რომ დავუბრუნდი და კორონამ ვერ ჩამომაშორა-მეთქი!..

GzaPress

- მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ალბათ, ბევრი რამ გადაგხდენიათ თავს. განსაკუთრებული შემთხვევა გაიხსენეთ.

- "სასწრაფოს" ექიმობა დიდი ადრენალინია. ბევრ კლინიცისტს უთქვამს, მე ვერ შევძლებდიო - ხარ ფსიქიატრი (მივსულვართ ოჯახებში, სადაც ფსიქიკური პაციენტია და დამშვიდება სჭირდება; მათი ენაც ვიცით), ხან მეან-გინეკოლოგი (მშობიარობაც ბევრჯერ მიგვიღია), ხან კარდიოლოგი, რეანიმატოლოგიც, პედიატრიც - ყველაფრის ექიმი ხარ, მოკლედ. პირველად ჩვენ მივდივართ სტიქიის, ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევის დროსაც. რომელი ერთი გავიხსენო?.. ერთი ქალბატონი ვამშობიარეთ სახლში. დღენაკლული დაიბადა. ზუსტად 7 წუთში მივედით გამოძახების ადგილზე. მთელი კორპუსი გველოდებოდა. ამ ქალბატონის მამამთილი დაგვხდა ეზოში, მოგვყვებოდა მუქარითა და გინებით, დაგხოცავთო, ოღონდ არ ვიცი, რატომ უნდა დავეხოცეთ... ამ დროს კომუნიკაციაში არ შევდივართ, რადგან ადამიანი აფექტშია. მაქსიმალურად დაგეხმარებით-მეთქი, მხოლოდ ეს ვუთხარი. ის ქალი გადავიყვანეთ სამშობიაროში, ნაყოფი კი - ბავშვთა რეანიმაციაში. მათი ტელეფონის ნომერი მქონდა. რამდენიმე დღეში დავურეკე და დედა-შვილის ამბავი ვიკითხე. მამამთილმა მადლობები მიხადა, მაშინ კი ცოტა არ იყოს, საყვედური გავურიე და ვუთხარი, ექიმისთვის ხელის შეშლა არასწორი საქციელია და რომ თუ ასეთ დროს ვერაფრით ეხმარები, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. დამეთანხმა და მომიბოდიშა.

- დღესაც ბევრი პრეტენზია ისმის თქვენი სამსახურის, ექიმების მიმართ...

- მესმის, როცა ცუდად ხარ და "სასწრაფო" აგვიანებს, ღიზიანდები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, უყურადღებოდ არავინ დავტოვოთ. დიდი ძალისხმევა გჭირდება, შენც ადამიანი ხარ და გაქვს ემოცია, ნერვები, მაგრამ უნდა გადააბიჯო ამ ყველაფერს და სიმშვიდე შეინარჩუნო, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სიკეთით გიბრუნდება უკან და არა - ნეგატივით. ავად ყოფნის პერიოდში დამირეკა ვიღაცამ და მომიკითხა, - მაიკო ექიმო, როგორ ბრძანდებით, აბა, თუ მიცნობთ, ვინ ვარო? ხმაზე მივხვდი, ერთი ძველი პაციენტი იყო, რომელიც 5 წლის წინ ინფარქტით ლამის ძალით გადავიყვანე კლინიკაში; ოპერაცია გაუკეთეს და გადაარჩინეს. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მოგვიხდა გამოძახებაზე მასთან მისვლა, კვლავ დამიჯერა და გამომყვა კლინიკაში. ახლა "სასწრაფო" გამოუძახებია და უკითხავს, ჩემი გადამრჩენელი ექიმი სად არისო? მათგან გაუგია, კორონა რომ მჭირდა და ამბის გასაგებად დამირეკა. მოკლედ, ეს იმდენად სასიამოვნო იყო, კარგა ხანს გამყვება ემოციები. რაც შეეხება პრეტენზიებს, თუ რატომ არ ხსნიან საველე ჰოსპიტლებს და ა.შ. - სამედიცინო პერსონალის რესურსი ხომ უნდა გვყავდეს, მხოლოდ საწოლზე ყოფნით ხომ არ გამოჯანმრთელდება ადამიანი?! ჩვენზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია მაღალი სიკვდილიანობა და ავადობა. უხილავ მტერს ვებრძვით, მაგრამ მოსახლეობამ წუთითაც არ უნდა იფიქროს, რომ რაღაცას ვემალებით ან ვუფრთხით. ჩვენს კოლეგას უთხრეს, "სასწრაფოს" ექიმები ხართ დამნაშავე, თქვენ არ გადაგყავთ პაციენტები საავადმყოფოებში, რადგან კოვიდიანთან მიკარება არ გინდათო... დღეს ბედნიერი მოვედი სამსახურიდან და იცით, რატომ?.. ყველას გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და ვისაც სჭირდებოდა, ყველა კლინიკაში გადავიყვანეთ. უბრალოდ, სამსახურში ზარი რომ შემოდის, პრიორიტეტების დალაგება ხდება და სადაც ყველაზე სასწრაფოა, ჯერ იქ მივდივართ; ფილტვების მოსასმენად რომ რეკავენ, ამ გამოძახებაზე მივდივართ ბოლოს. არც ერთი ზარი რეაგირების გარეშე არ რჩება. მართლა მუხლჩაუხრელად ვშრომობთ.

- საუბრის დასასრულს ვიდეოზეც უნდა გკითხოთ - ამ ცეკვით რა გინდოდათ გეთქვათ?

- ოჯახში, სადაც ცხოვრობდნენ ბებია, ბაბუა და ცოლ-ქმარი 2 პატარასთან ერთად, მხოლოდ ერთს, მამას დაუდასტურდა კოვიდი. ეს რომ შეგვატყობინეს, ისე გაგვიხარდა, ჩემს მეწყვილეს, თამთას ვუთხარი, - მოდი რა, ვალსი ვიცეკვოთ-მეთქი. ჰოდა, ვიცეკვეთ; მძღოლმა გადაგვიღო ვიდეო; მერე დავადეთ შოსტაკოვიჩის ვალსის მუსიკა... ზოგი აკომენტარებდა, - ნეტავ, რა აცეკვებთ, ამიტომაც იგვიანებენ გამოძახებებზეო... ყველას ხომ ვერ აუხსნი, რა გვიხაროდა იმ წუთში - 5 ჯანმრთელი და ვირუსს გადარჩენილი ადამიანის ამბავი გვახარებდა.

ნინო ჯავახიშვილი