ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილის გაღვიძება - გზაპრესი

ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილის გაღვიძება

ყველა ადამიანი საინტერესო წიგნს ჰგავს. თუ მკითხველად ვარგიხარ, ადამიანსაც "წაიკითხავ" და ისევე, როგორც კარგი ნაწარმოების სტრიქონებს შორის შეგიძლია დაინახო კარგი, ასეა ნებისმიერ ჩვენგანში... როცა ადამიანის "წაკითხვას" შეეცდები, სჯობს, მისი ნაწერებით დაიწყო. ნათია ჯანხოთელზე უკვე ერთხელ გვეწერა "გზაში", როგორც ქვემო სვანეთის ერთი სოფლის "გამმაგრებელ" ახალგაზრდა მასწავლებელზე, თუმცა ამჯერად სამიზნე დედამისი აღმოჩნდა ერთი მონათხრობის გამო:

"ჭითხაროს წვერზე მზე ამოიწვერა და ისეთი მწველი სხივები სტყორცნა სოფელს, უმალვე დილის მირაჟში გაახვია აქაურობა. გარიჟრაჟზე დაწყებული ჩიტების გამაყრუებელი ჟივილ-ხივილი ახალი შეწყვეტილია. სამაგიეროდ, ძაღლების ყეფა ისმის სოფლის შუკებსა და ორღობეებში, საძოვარზე გადენილ საქონელს უყეფენ ეზოებიდან...

მარხილს, რომელზეც გუთანია შემოდებული, კვალდაკვალ მიჰყვება კუდაპრეხილი ძაღლი დათვია. ისეთი ამაყია, გეგონება, თვითონაც სამუშაოდ მიდიოდეს და დანარჩენ ძაღლებს, რომლებიც ეზოებიდან უყეფენ, ეუბნება, თქვე უმაქნისებო, წამოდით სამუშაოდ, სახლში რა გაჩერებთო. ჩემს სოფელში ერთი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა. ამ ქალის ყანასთან გაჩერდა მარხილი. მოხუცი ორი ჯოხით ძლივს დადიოდა, მაგრამ საოჯახო საქმეებს მაინც არ ეშვებოდა, ხვნა-თესვის დრო რომ დადგებოდა, მეზობლები ყანას უხნავდნენ. როცა ამოვიდოდა სიმინდი, თვითონ თოხნიდა... ნელ-ნელა, საღამოს სოფლის ბოლოდან (ყანა სოფლის ბოლოში იყო) გამოუყვებოდა შარას ორი ჯოხით და დაღამებულზე იყო ხოლმე შინ... პატარა გოგო ვიყავი ამ დროს, მოვკვდი ამის ცოდვით. სხვა ჩემხელა გოგოებს ვუთხარი, წავსულიყავით დილით ადრე და გაგვეთოხნა ამ მოხუცის ყანა. მთელი ღამე ვერ მოვისვენე იმ სიხარულის მოლოდინში, რაც მოხუცს ელოდა. ვიცოდი, ამის ნახვა როგორი სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის. დილით, სანამ მზე ამოვიდა, წავედით და დავამთავრეთ საქმე, მოვრჩით თოხნას პატარა გოგოები... ისეთი გაბრწყინებული თვალები და სიხარულისგან ათრთოლებული ნიკაპი არასოდეს მინახავს, აკანკალებული დამჭკნარი ხელებით სიხარულის ცრემლებს როგორ იწმენდდა, როგორ ბუტბუტებდა ლოცვას, არასოდეს დამავიწყდება! მე კიდევ ერთი ღამე ვერ დავიძინე განცდილის და ნანახის შემდგომი ემოცია იყო ეს..."

ამის წაკითხვის მერე ვიფიქრე, ასეთი რამის დამწერ-გამკეთებელი რომ იყო, უნდა გაგზარდოს კარგმა დედამ. მე ვაქვეყნებ ნორა ავალიანზე, ნათიას დედაზე - ქალზე, რომელმაც შვილებს ასწავლა შრომა და სიკეთე! ყველა სიტყვა, ქვემოთ მოხმობილი, ნათიასეულია და დედას ეძღვნება. როცა ჟურნალში დაბეჭდილ ამ სტატიას წაუკითხავს ნათია დედას, ალბათ იქნება ცოტა ცრემლიც, ღიმილიც და ზამთრის ადრიანი საღამოს წინააღმდეგ ჩიხარეშში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს დედაშვილობის ყოვლისშემძლებლობა.

"ადამიანი მანამდე ვერ გაიგებს იმ გრძნობების სიდიადეს, სანამ თვითონ არ გამოცდის, რა არის იმედი, ნუგეში, სიხარული. სამივე გრძნობა სიყვარულზეა დაფუძნებული... გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ დედა ჩემთვის ყველაზე საამაყო ადამიანია, ყველაზე კარგი, ჩემი სამყაროს უდიდესი ნაწილი. მის გაკვალულ გზაზე დავდივარ დღემდე და ასე ვივლი მუდამ. ვიღაცა ვერც კი შეამჩნევს იმ უხილავ ძაფებს, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, მისი ამოსუნთქვით ვხვდები, რა უნდა, რა უხარია და რა სწყინს. ეს იმიტომ, რომ ყველაზე ახლოს ვარ მასთან. როცა რამე შეაწუხებს, გაფართოებული, მუდარის მომცველი თვალებით რომ მიცქერის და თვალებითვე მეკითხება შეშინებული, მაღალი წნევა ხომ არ მაქვსო? მე ღიმილით ვპასუხობ: ოდნავ მაღალი გაქვს! სიტყვა "ოდნავ" უკვე ნუგეშია და დარწმუნებული ვარ, იწევს წნევა დაბლა. ადრე ასეთების გამო ძალიან ვითრგუნებოდი, ჩემს თავს უსუსურ არსებად მივიჩნევდი და პრობლემას სასოწარკვეთილი, დაბნეული ვუყურებდი. მეშინოდა, სამყაროს დასასრული მეგონა ის მომენტი, როცა დედა ავად გახდებოდა, მაგრამ ყველაფერი ვისწავლე, რაც საჭიროა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დავეხმარო და ასეთ ჩუმ, წყნარ გარემოში წინაღობა დავამარცხო.

პატარები ვიყავით, მამა რომ გარდაიცვალა. ვერც ვაცნობიერებდით, რა მოხდა, რას ნიშნავდა ეს ამბავი... დედა მებრძოლი ქალია. მშრომელი, ისეთი მამის და ოჯახის შვილია, სხვანაირად არც შეიძლებოდა. ოთხი შვილი უნდა გაეზარდა! თან 90-იანი წლებია, ყველას უჭირს არსებობა. დედა ქალის და კაცის საქმეს ერთნაირად ეჭიდებოდა. უმეტესად გამოსდიოდა, ჩვენც ბევრს გვაშრომებდა, მიგვაჩვია საქმიანობას. ახლა მადლიერი ვარ, მაშინ ცოტას ვწუწუნებდით, ფიზიკური დატვირთვა მალე გვღლიდა პატარებს. ზოგჯერ ვერ ვუმკლავდებოდით მძიმე სამუშაოს, დედა ითრგუნებოდა, შიშიც ჰქონდა, დარდიც ეძალებოდა მამას გამო, ჩუმად გაიპარებოდა, ჩვენ რომ არ შეგვემჩნია, სახლის უკან დაჯდებოდა და ტიროდა, ქვითინებდა, შველას ითხოვდა... პატარებს უხილავი სიმები დედას გულთან გვქონდა გაბმული, მალევე ვგრძნობდით ამ სიმების გატოკებას; ვგრძნობდით, დედას რაღაც ძალიან აწუხებდა... ჩვენც მოგვინდებოდა ტირილი, დედასგან უჩუმრად, ავიპარებოდით მეორე სართულზე, იმ ფანჯარასთან დავდგებოდით, რომელიც სახლის უკანა მხარეს გადაჰყურებდა. დედას ვუცქეროდით და ჩვენც ფარდის უკან დამალულები, გულდამძიმებული ვტიროდით ცხარე ცრემლებით. ცხელი ცრემლები ყელთან ისკვნებოდა, ნუგეში კი არსაიდან მოდიოდა. ვუმალავდით ცრემლებს ერთმანეთს.

GzaPress

ყანა სოფლიდან მოშორებით გვქონდა. დედა იმ მხარეს ხშირად გაჰყურებდა ხოლმე. შუადღეს მთიდან მომავალი მარხილები მოედინებოდა ჩამწკრივებული, თივა მოჰქონდათ სოფლის კაცებს. ქალები და ბავშვები ყანებში იყვნენ, კარტოფილის მოსავალს იღებდნენ. ოქტომბრის თვეა, ალოო თხუმ (ანუ ყველაზე ცხელი სეზონი), ასე ეძახდა დედა. ახლა თუ არაფერს შემოიტან სახლში, მთელი ზამთარი მშივრები ვიქნებითო, - ამბობდა. ოთხი პატარა უნდა გამოეკვება და აღეზარდა. ბევრს დარდობდა, მაგრამ ბევრსაც მუშაობდა. დარდი ვერ ერეოდა. ჩვენ, პატარა გოგონებსაც გულისყური იმ გზისკენ გვქონდა, საიდანაც ერთადერთი ძმა თივით დატვირთული მარხილით უნდა გამოჩენილიყო. სევდიანად ვმუშაობდით, რადგან ჩვენი ობოლი ბიჭი, ჩვენი ოჯახის კაცი, სოფლის სხვა კაცებთან ერთად შორს, მთაში გვეგულებოდა. ხიფათიანი გზა იყო, ღმერთის იმედად ვიყავით... მახსოვს, დედამ ღამის სამ საათზე გააღვიძა ჩემი ძმა, ჭრაქით მივიდა ლოგინთან და უთხრა, - შემოგევლოს დედა, უნდა ადგე უკვე, დაგიძახეს მეზობლებმაო... გუდაში ჩაულაგა საგზალი, გააცილა, დედის ლოცვაც თან გააყოლა. ძალიან უმძიმდა ასე პატარა შვილის გაშვება მეტად მძიმე და საფრთხილო საქმეზე, მაგრამ რა ექნა? სხვა გზა არ იყო, მთელ ოჯახს უნდა ეშრომა... ჩვენი ძაღლი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ხარებს, ფუსნაის და კვამაის. ძაღლი ნუგეში იყო ღამის გზაზე ბიჭისთვის... შუადღეს, როდესაც მთიდან მომავალი ქარავანი გამოჩნდებოდა შორს, ყანაში ჩამწკრივებული გავცქეროდით გზას მანამდე, ვიდრე ჩვენს მარჩენალ ფუსნაის და კვამაის არ ამოვიცნობდით. ხარებს ვცნობდით უმალ. ისინი ხომ ჩემს ძმაზე ბევრად დიდები იყვნენ... ამის მერე ამოვისუნთქავდით და მხიარულად, ბავშვური სიცელქით ავცეტდებოდით. ერთი სული გვქონდა, მალე ჩაევლო ჩვენს ყანასთან ამ ურმებზე მარხილშემოდგმულ ჭრიალა ქარავანს, ბავშვები მხიარული შეძახილებით ვამხნევებდით დაღლილ მუშებს. დედა ზოგს სახლში გაგვიშვებდა, თივა უნდა შეგვეყრევინებინა საბძელში, თვითონ ყანაში რჩებოდა, უნდა მიელაგებინა დაწყებული საქმე. ბიჭი თუ შეძლებდა, თივის დაბინავების მერე მოვიდოდა და მარხილით სახლში წავიღებდით დღის ნაშრომს. ჩვენი ძაღლი სულ აწეული კუდით დარბოდა და ისიც მხიარულად იყო ჩართული შემოდგომის ჭირნახულის დაბინავებაში...

მარტივად შეიძლება დაწერო დედაზე. ის შენი სამყაროა; რაც კი ყველაზე კარგად შეიგრძენი ამ სამყაროში, ეს დედაა, მისი ძალისხმევაა, ამიტომ არის მარტივი იმის დაწერა, რაც ნახე, რაც გაიარე მასთან ერთად... დედა გმირია, ძლიერია, კლდესავით მტკიცე და შეუვალია, ცხოვრების ყველა ეტაპზე ყველა დაბრკოლება გადალახა, საკუთარი მკლავის ძალით შეეჭიდა სიქვრივეს, ცივი გონებით იღებდა გადაწყვეტილებებს, ოთხი შვილის, ოთხი ობოლის გაზრდასა და აღზრდაში. ბევრი მწარე და ცივი დღე გვაქვს გასახსენებელი ერთად მე და დედას, მაგრამ ის ყოველ დილით, ალიონზე გაზაფხულის დილის თბილი მზესავით ამობრწყინდებოდა, ჩვენი დღე რომ გაელამაზებინა და გაელაღებინა. გახუნებული ტანსაცმლით და ბოტებით საქონელს მოუვლიდა, სახლში შემოვიდოდა და სკოლაში წასასვლელად მოგვამზადებდა, თვითონაც მოემზადებოდა, სკოლა ოჯახის შემდეგ უპირველესი იყო მისთვის. დედაზე ლამაზი არავინ დადიოდა, ასე მეგონა. ყველა მოსწავლე ეფიქრებოდა. ახლაც ედარდება თავისი და სხივისი, სტუდენტობის დროინდელი სოხუმიც, ენგურს იქით დარჩენილი საქართველო! ვინ იცის, რამდენი აქვს მოსაგონარი ჩემი ბავშვობის მანათობელ და ციმციმა ვარსკვლავს...

საოცრად სტუმართმოყვარეა, იუმორით სავსე, თუმცა გაბრაზებაც იცის. მუდამ სხვაზე მზრუნველი, ყველას გულშემატკივარი და დარდის გამზიარებელია. სტუმარი რომ მოვა და მე ყავას შევთავაზებ, მეჩხუბება და "უპურმარილოს" მეძახის, თვითონ კი თაშმჯაბით მაინც გაუმასპინძლდება. მორწმუნეა და ისეთი გულუბრყვილოც კი, რომ აღსარების ჩაბარებისას მღვდელსაც აცინებს...

დედაზე რომ ვწერ ხოლმე ინტერნეტში, რა თქმა უნდა, ვერ ვუმხელ და არც იცოდა, რატომ ვარ "მიჭედებული" ტელეფონზე (ეს მისი სიტყვაა, იმის აღსანიშნავად, რომ ხშირად ვუკირკიტებ სმარტფონს). ჩემმა ბიძაშვილმა წაუკითხა ერთხელაც ჩემი ჩანაწერები და გაბრაზდა. ბიძაშვილმა უთხრა, ნათიას ნაწერებით ბევრი გიცნობს, ყველას შეუყვარდი. ეხვეწებიან, გაგვაცანი დედაშენიო. დედა დამშვიდდა, მგონი, მასაც მოსწონს პოპულარობა. ახლა, ორი დღეა ვაკვირდები, ჩემთან ახლოს ჯდება, მიღიმის, იპრანჭება, მეკეკლუცება, სუნამოც შეიპკურა რამდენჯერმე. მგონი უნდა, ისევ რამე დავწერო და კიდევ უფრო ბევრმა გაიცნოს. დედაც ქალია, ეს იოლი ასახსნელია... მინდა დიდხანს ვიყოთ ერთად. მინდა შევეგებოთ ბევრ გაზაფხულსა და შემოდგომას, ერთად დავინახოთ თიბათვეში, ახლად მოთიბული ეზოს შორეულ კუთხეში შემთხვევით გადარჩენილმა ბაბუაწვერას ყვითელმა ყვავილმა დილით როგორ გაიღვიძა".

P.S. ბევრჯერ გადავწყვიტე, ავყოლოდი ცხენისწყლის ხეობას, პატარა ჩიხარეშში მენახა დიდი ადამიანი, ნორა ავალიანი და მეთქვა მადლობა იმის გამო, რომ ცხოვრების ყველა გამოცდას გაუძლო, მაგრამ ჯერ საამისო დრო ვერ გამოვნახე! ამ წერილით კი მინდა ვუსურვო, რომ ბევრჯერ შეესწროს ბაბუაწვერას ყვავილის გაღვიძებას ეზოს კუთხეში...

როლანდ ხოჯანაშვილი