"მსახიობი ძლიერი უნდა იყოს, როლისთვის იბრძოლოს, ინტრიგებს გაუძლოს" - გზაპრესი

"მსახიობი ძლიერი უნდა იყოს, როლისთვის იბრძოლოს, ინტრიგებს გაუძლოს"

მაია ხმალაძე ფილმებისა და სერიალების გახმოვანების მსახიობთა იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც საქართველოში გახმოვანების პირველ სტუდია - "თეატრონში" მუშაობდა და მას შემდეგ არაერთ ტელევიზიაში ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი ბევრი ფილმი, ანიმაცია თუ სხვადასხვა ქვეყნის ტელესერიალი გაუხმოვანებია. ამჟამად მისი ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "პოსტივის" ეთერებიდან გვესმის.

ქალბატონი მაია გახმოვანების შიდასამზარეულოს გვაცნობს და გვიამბობს, თუ როგორ ხდება მაყურებლისთვის კინოპროდუქციის მოწოდება:

- ფილმებისა თუ სერიალების გახმოვანება საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი პროცესია, მაგრამ როცა საქმე გიყვარს, ყველაფერს უძლებ. საერთოდ, საკმაოდ დაუფასებელი შრომაა, ანაზღაურების მხრივ. როცა ტელევიზიაში რაიმე ტექნიკური თუ სხვა სახის პრობლემაა, მაშინვე ფილმების გაშვება იწყება, რომლებიც ჩვენზეა დამოკიდებული. თუნდაც პანდემიის პერიოდში, ტელევიზიები არ გაჩერებულან, მაგრამ ბევრი სხვადასხვა განყოფილება დაიხურა და ტელევიზია ფილმებსა და სერიალებზე დამოკიდებული გახდა...

როცა ფილმი საინტერესოა, მასზე მუშაობაც უფრო სასიამოვნოა. ვმუშაობდი ანიმაციებზე: "შრეკი", "პანდა", "მაშა და დათვი", თურქულ სერიალზე - "ასი" და სხვები. პოპულარული სერიალი იყო ასევე, "დამიბრუნე სიყვარული", რომელშიც სტანისლავ ბონდარენკო თამაშობდა და ქალთა გულები დაიპყრო. პერსონაჟების სახელები მავიწყდება ხოლმე. "ჰარი პოტერი" ჩემი გახმოვანებულია და ერთხელ, ერთმა ბავშვმა მთავარ გმირზე მკითხა - ჰერმიონა ხომ თქვენ ხართო? - ჰერმიონა რა არის-მეთქი? - ვერ გავიხსენე (იცინის). წარმოიდგინეთ, რამდენ ფილმსა და მულტფილმს ვახმოვანებ და ყველას დამახსოვრება შეუძლებელია.

- თქვენთვის სამუშაოდ ყველაზე საინტერესო რომელი ფილმი და პერსონაჟი იყო?

- ყველაზე საინტერესო იყო სერიალი ვანგაზე, რომელზეც განსაკუთრებულად ვიმუშავე. ბულგარეთის ერთი ნახევარი თვლის, რომ ვანგა წმინდანი იყო, მეორე ნახევარი კი მას შავბნელი ძალების წარმომადგენლად მიიჩნევს. არავინ იცის, წმინდანად შერაცხავენ თუ არა. ამიტომ, ამ ფილმზე აბსოლუტურად განსხვავებულად ვიმუშავე. ჩავუჯექი, ვუყურე ყველა ფილმს, გადაცემას, როგორ მიდიოდა გადაღება, როგორ თამაშობდა მსახიობი. ვანგა იყო სხვადასხვა ასაკში - ბავშვობა, მოზარდობა, ქალი და მოხუცი. ამიტომ, მასალა საკმაოდ ბევრი და შრომატევადი გახლდათ.

- სხვა შემთხვევაში, სანამ გახმოვანებას დაიწყებთ, რამდენად ეცნობით და აკვირდებით იმ პერსონაჟებს, მიმიკას, ხასიათს, ხმა რომ ტიპაჟს მოარგოთ? თუ არის ამის დრო და საშუალება?

- თუ პერსონაჟის ხმა სახასიათოა, რა თქმა უნდა, ვცდილობ, მეც ამის მიხედვით შევცვალო ტემბრი, ხასიათი, დამოკიდებულება. საინტერესოა მკვეთრი როლების, ბოროტი გმირების გახმოვანება. ჩვეულებრივი გმირისა და რომანტიკოსის გახმოვანება მარტივია. საერთოდ, თუ ეს საქმე არ გიყვარს, თავს ვერ გაართმევ. მე ძალიან მიყვარს და ის სიყვარული, რაც შეიძლებოდა, სცენის მიმართ მქონოდა, აქ გადმოვიტანე.

GzaPress

- პროფესიით მსახიობი ხართ?

- დიახ, თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, ასპირანტურა კი - მეტყველების განხრით. ვასწავლიდი კიდეც სტუდენტებს, მაგრამ მივხვდი, პედაგოგობა ჩემი მოწოდება არ არის. საქმე თუ არ მიყვარს, ვერ გავაკეთებ, მიფუჩეჩება არ მჩვევია, ამიტომ თავი დავანებე.

თეატრალურში გივი სარჩიმელიძე იყო ჩემი რეჟისორი, ყველაზე მაგარი პედაგოგი. მახსოვს, ინსტიტუტის პრორექტორმა გვითხრა, ეს არის ერთადერთი სანთელივით დარჩენილი პედაგოგი, რომელიც მსახიობის ოსტატობას გასწავლითო. ასევე იყო ქალბატონი ქეთინო ხარშილაძე. სტუდენტობის დროს, მესამე კურსზე, ბერნარდას ვთამაშობდი "ბერნარდა ალბას სახლში", მეოთხე კურსზე კი კომედიურ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, ეს იყო ვოდევილი - "ორი მილიონი".

თეატრალური რომ დავამთავრე, პირველმა არხმა, სტუდია "თეატრონმა" დაიწყო გახმოვანება და ჩემი პირველი ნაბიჯებიც "თეატრონს" უკავშირდება, შემდეგ კი იყო სხვა ტელეკომპანიები.

- მკითხველისთვის საინტერესო იქნება ვუამბოთ, როგორ მიმდინარეობს გახმოვანების პროცესი და რა ეტაპებს გადის ფილმი, სანამ ეკრანზე გამოჩნდება?

- ფილმზე მუშაობა, პირველ რიგში, ცხადია, იწყება ტექსტის თარგმნით, რომელზეც მთარგმნელი ცალკე მუშაობს; თანამიმდევრულად იწერება პერსონაჟის სახელი და ტექსტი. მერე ორი გამხმოვანებელი - ქალი და მამაკაცი, ხმის რეჟისორთან ერთად, ვიწყებთ გამოსახულებაზე ტექსტის დადების ანუ გახმოვანების პროცესს, რომელსაც ხშირად სახალისო ამბავიც ახლავს, თუ ტექსტი არასწორადაა ნათარგმნი... გახმოვანებას "აშაყირებენ" ხოლმე, მაგრამ რომ იცოდნენ, რამხელა წვალებაა...

იმ სტილს, რომლითაც დღესდღეობით ტელევიზიებში გახმოვანებისას ვიყენებთ, "ლიფსინგი" ეწოდება, რომელიც ჩემი აზრით, უკვე ძალიან მოძველდა და კარგი იქნება, თუ დუბლირებაზე გადავალთ. საეთეროდ ყველა ფილმი ასე ხმოვანდება, მაგრამ კინოთეატრებში დუბლირებულია. მათთან მეც მითანამშრომლია.

დუბლირება უფრო დიდ თანხებს მოითხოვს. როდესაც მაგალითად, კადრში მსახიობი რაღაცას ჭამს ან სვამს და გარკვეულ ხმას გამოსცემს, პირს აწკლაპუნებს, მსახიობმაც იგივე უნდა გაიმეოროს. ამოსუნთქვაც კი უნდა დაემთხვეს, ტუჩების მოძრაობა. ფილმები რუსულად უმეტესად დუბლირებულია, ჩვენთან - არა. მაგალითად, 45-წუთიან სერიას, თუ ტექსტიც კარგია, პარტნიორიც და რეჟისორიც, მაქსიმუმ ერთ საათში ვახმოვანებთ, მაგრამ დუბლირების დროს შესაძლოა, ერთ ფილმს სამი დღე დასჭირდეს. ჩვეულებრივი გახმოვანების დროს, ერთდროულად საუბარი არ შეიძლება, მაყურებელი ვერ გაიგებს, დუბლირების დროს კი ხმების ჩაწერა საერთოდ, ცალ-ცალკე ხდება და მერე, ხმების მორგება უკვე ხმის რეჟისორის სამუშაოა.

- ამ სერიალებს მაყურებელი მაინც ჰყავს და როგორც ჩანს, ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უღირთ. თანაც, არაპროფესიონალის ყური და თვალი ამას ვერც ამჩნევს.

- სხვათა შორის, ზოგს ჰგონია, რომ ამ ფილმებს ჩვენ ვთარგმნით სინქრონში და ბევრჯერ უკითხავთ, ამდენი ენა საიდან იცითო (იცინის)?.. საერთოდ, იტალიური სერიალები ყველაზე კარგია, მაგრამ შესყიდვა ძვირი ღირს, რუსული, უკრაინული და თურქული კი იაფია.

- გახმოვანებისას თქვენთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისაა ფილმი?

- პირადად ჩემთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ რუსული მესმის, კარგად ვიცი. ერთ "კურიოზს" გავიხსენებ: ბრიტანულ ფილმში, რომელშიც ენტონი ჰოპკინსი და ბრედ პიტი მონაწილეობენ, ინგლისურ ტექსტში პერსონაჟი ამბობს: - გელოდები საღამოს, კუთხეში რომ კაფეა, იქ შემოიხედეო, ქართულად კი ნათარგმნი იყო როგორც აქაური ერთ-ერთი რესტორნის სახელი (იცინის). ზოგი მთარგმნელი ისე თარგმნის, როგორც თვითონ ესმის და როგორც მაგალითად, მის კუთხეშია მიღებული. მაგალითად, "სად იყავის" ნაცვლად - "სად იყო რომ მიდიოდი" (იცინის)... ერთხელ წავიკითხე, რომ წერია "თეთრთოვლა". მეუცხოვა... გადავახვიე და თურმე ფიფქიაზე იყო საუბარი: "ბელასნეჟკა" სიტყვასიტყვით უთარგმნია. ასეთი შეცდომები იპარება. ტექსტი რომ კარგი იყოს, მთარგმნელს შესაბამისი გასამრჯელოც უნდა ჰქონდეს. როდესაც შრომის ანაზღაურება დაბალია, მაღალი დონის მთარგმნელს ვერ მოიყვან.

- ხშირად ხუმრობენ, რომ უცხოური სერიალის გმირი ქართულ ანდაზას ამბობს. ამას თარგმნის დროს წერენ საკუთარი ფანტაზიით თუ მართლა რაიმე მსგავს ფრაზას ამბობს პერსონაჟი?

- ამაზე არაერთხელ გვქონია საუბარი მთარგმნელებთან და სხვათა შორის, თურქულ სერიალებს რომ ვახმოვანებდით, რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა იყოს, ჩვენ რომ გვგონია, ქართული ანდაზაა, მთარგმნელებს ხშირად უთქვამთ, რომ ზუსტად იმავეს ამბობს თურქი პერსონაჟი. ძალიან ბევრი რამაა იდენტური, ამიტომ, ეს ანდაზებიც რეალურია. ზოგიერთი ანდაზა ხალხურია და ჩვენი ისტორია თურქებთან ისეა დაკავშირებული, როგორც ჩანს, ერთმანეთისგან ბევრი რამ გვაქვს აღებული.

- ყველაზე კომფორტული ვისთანაა მუშაობა?

- მე ვისთანაც მიმუშავია, მიმაჩნია, რომ რეჟისორების "მამა" ბექა ყუფარაშვილი იყო, პარტნიორებიდან კი - ლევან ყოჩიაშვილი, გოგა ჩხეიძე და დათო ბეშიტაიშვილი. თითქმის ერთიერთში მივყვებით ფილმს. როცა კარგი პარტნიორი გყავს, ტექსტი თუნდაც შეცდომით ეწეროს, ხვდება, როგორ გააგრძელოს, ასეთი კი ცოტაა. ლაშა ბახტაძე ჩემი ახალი პარტნიორია, გახმოვანების ახალგაზრდა მსახიობია, ძალიან ნიჭიერი, მის ხმას არაერთ ფილმში ამოიცნობთ. ამ საქმის კეთებას კარგად აუღო ალღო. არ მქონია სამსახური, სადაც ერთმანეთს ექიშპებიან და დაძაბულობაა. თუ სიტუაცია არ არის კარგი, იქ ვერ ვძლებ, არ შემიძლია ასეთ გარემოში მუშაობა.

- ამ გადასახედიდან, კმაყოფილი ხართ თქვენი არჩევანით, რომ თეატრს ტელევიზია ამჯობინეთ?

- არ ვნანობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ბავშვობისას ბევრ რამეზე დავდიოდი - ცურვაზე, ტანვარჯიშზე, ანსამბლში ვმღეროდი - და დედას ვაყვედრი ხოლმე, ჯობდა, სპორტი გამეგრძელებინა, ახლა გამხდარი ვიქნებოდი-მეთქი (იცინის)... თუმცა, მსახიობობა მაინც სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე არ ვდგავარ. მიყვარს ის ადგილი, სადაც ვარ! ტელევიზიამ "ჩათრევა" იცის. კასტინგები ჩემი სტილი არ არის, ძალიან განვიცდი, ვნერვიულობ და საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ვავლენ, მსახიობი კი ძლიერი უნდა იყოს, ნიჭი გამოავლინოს, როლისთვის იბრძოლოს, ინტრიგებს გაუძლოს და ა.შ. როლის გამო გულს ვერავის ვატკენ, ამიტომ ვარ მშვიდ და სტაბილურ გარემოში... მინდა დედაჩემს მადლობა გადავუხადო ჩემი მრავალფეროვანი, ლამაზი ბავშვობისთვის და ამ პროფესიის არჩევისას მხარში დგომისთვის.

თამთა დადეშელი