11 წლის მარიამის გატაცება და განხორციელებული ჩანაფიქრი - გზაპრესი

11 წლის მარიამის გატაცება და განხორციელებული ჩანაფიქრი

თბილისელმა მარიამ დიდებაშვილმა ქალბატონების გახარება და მათი სამზარეულოების გამშვენიერება გადაწყვიტა, თუ როგორ - ამის შესახებ თავად გვეტყვის:

- მეექვსე კლასში ვარ, 108-ე სკოლაში ვსწავლობ. ძალიან მიყვარს კითხვა და ხატვა. ბაღში მასწავლებელი ხშირად გვახატვინებდა, პლასტილინით გვაძერწვინებდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა, მინდოდა, ეს ყველაფერი სახლშიც მეკეთებინა. ამიტომ სამუშაოდ სულ უნდა მქონოდა ფუნჯები, საღებავები, ფანქრები. ხან რომელ წრეზე ვიარე და ხან - რომელზე, მაგრამ მალე ვკარგავდი ინტერესს. 2 წელია, რაც ხატვის წრეზე დავდივარ და მივხვდი, სწორად მოვიქეცი. ჩვენი ხატვის მასწავლებელი ილუსტრატორია, ძალიან საინტერესო პროფესია აქვს და მომწონს, როგორ გვასწავლის. გული დამწყდა, რომ კოვიდის გამო, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ხატვის წრეც დაიხურა. ალბათ გაზაფხულამდე ასე გაგრძელდება. ხატვა მაწყნარებს, ამ დროს ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- ახლა ის მითხარი, როგორ მოგწონს ონლაინსწავლა და ვინ ან რა გენატრება ყველაზე მეტად?

- სხვათა შორის, მომწონს ონლაინსწავლა, ალბათ მივეჩვიე, თან ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიგებ ყველაფერს, მაგრამ სწავლისთვის მეტი დრო კი ნამდვილად გვაქვს. თან, დამრიგებელიც ძალიან კარგი მყავს და მასწავლებლებიც, მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეგვიწყონ. ისე, რა თქმა უნდა, მირჩევნია, სკოლაში ვიაროთ - მასწავლებლებიც მენატრება და მეგობრებიც. კიდევ კარგი, ბევრი ჩემი კლასელი ჩემს უბანში ცხოვრობს და, ასე თუ ისე, მაინც ხშირად ვხედავთ ერთმანეთს.

GzaPress

- რატომ გადაწყვიტე სამზარეულოს აქსესუარების მოხატვა?

- მეგობრებს ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი, არც სკოლა, არც რამე წრე არ მუშაობდა - მოკლედ, ბევრი დრო მქონდა, მაგრამ არ მინდოდა, მთელი დღე ინტერნეტში "მეძრომიალა". ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა, რაშიც აუცილებლად ხატვის უნარს გამოვიყენებდი. ვიფიქრე, მოდი, სამზარეულოს კოვზებს მოვხატავ, ასე უფრო გაიხალისებენ მშობლები სამზარეულოში ყოფნას, მათ კარგ ხასიათზე დააყენებს ფერად-ფერადი ხის კოვზები და დაფები-მეთქი. კოვზიც მქონდა სახლში და რა თქმა უნდა, საღებავებიც. ჰოდა, ჩანაფიქრიც იოლად განვახორციელე. მერე დაფების და ახლა უკვე ნაძვის ხის სათამაშოების მოხატვაც დავიწყე.

- მზა მასალას ყიდულობ ალბათ, ხომ? და კიდევ, რამდენად უსაფრთხოა საღებავები, რომლითაც ხატავ?

- კოვზებს მზას ვყიდულობთ, დაფებს შეკვეთით ვამზადებინებთ, რა ზომისა და რა ფორმისაც გვინდა. როდესაც ბიძაჩემმა გაიგო, რასაც ვაკეთებდი, გამახარა და მასალით დამეხმარა - მას ხის საამქრო აქვს. დედა და მამაც გვერდში დამიდგნენ. სტიმული რომ მქონოდა, "ფეისბუკზე" გვერდიც გამიკეთეს და იქ ვდებთ ნამუშევრებს. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი ხელით მოხატული ნივთები გასაყიდად მენანება. მახსოვს, პირველი ნიმუში დედიკოს მეგობარმა იყიდა. სხვათა შორის, ყველას მოსწონს და როცა იგებენ, რომ 11 წლის ვარ, უკვირთ. თითქმის ყოველდღე ვხატავ და ახალ-ახალ ფოტოებს ვამატებ გვერდზე. რაც შეეხება საღებავს, აკრილით ვხატავ - ჯერ ერთი, კარგი ეფექტი აქვს, არც მალე გადადის, არ ხმება და ეკოლოგიურადაც სუფთაა. სხვა იდეებიც მაქვს, თიხაზე მუშაობაც მინდა ვცადო და ვნახოთ, როგორ გამომივა.

GzaPress

- დღეში ბევრს ამზადებ?

- დაახლოებით 4 კოვზის მოხატვა შემიძლია. ბევრი დრო არ სჭირდება. რაც მთავარია, სიამოვნებას მანიჭებს და სიხარულით ვაკეთებ ყველაფერს.

- როგორც ჩანს, პორტრეტები უფრო მოგწონს, არა?

- განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების ხატვა, ხასიათის გადმოცემა. დავხატე ზღაპრებისა და მულტფილმების პერსონაჟები, ასევე - ცნობილი ადამიანების პორტრეტებიც. მაგალითად, პირველი ფრიდა კალოს პორტრეტი იყო... რაკი ახალი წელი მოახლოვდა, ხის საახალწლო სათამაშოებს ვხატავ. შემდგომშიც დღესასწაულების შესაფერის თემატიკაზე ვიმუშავებ - საშობაო, სააღდგომო თემატიკაზე და გამიხარდება, თუ მასაც მოიწონებენ.

ნინო ჯავახიშვილი