ამ ეპიდემიამ პირდაპირ "დაგვარტყა" - გზაპრესი

ამ ეპიდემიამ პირდაპირ "დაგვარტყა"

საბა საფარელი სამი წელია უკვე, ქუჩის მუსიკოსობით ახერხებს თავის გატანას. გარდა ამისა, მხატვარია, ძირითადად პორტრეტებს ხატავს და მისი დამკვეთების უმეტესობა ემიგრანტია.

- მაქსიმუმ 30 ლარია ჩემი დღიური შემოსავალი, რაც სამწუხაროდ, არ არის საკმარისი. რომ არა მეგობრები, ვერ შევძლებდი ქირისა და კომუნალურების გადახდას. ამ ეპიდემიამ პირდაპირ "დაგვარტყა" ქუჩის მუსიკოსებს. დღესდღეობით საქართველოში არაფერი ხდება. ისედაც, წელიწადში ორი კონცერტი ტარდებოდა, ზოგჯერ ისიც არა და სად წავსულიყავი?.. ქუჩა გახდა რეალიზაციის მთავარი ასპარეზი. რესტორანში ვერ ვიმღერებ, ერთ ადგილზე ყოფნა არ შემიძლია. ამიტომაც შევქმენით ჯგუფი "მოხეტიალე მუსიკოსები".

- სხვა სამსახურის მოძებნა თუ გიცდიათ?

- რა თქმა უნდა. ბევრგან მიმუშავია, ხერხზეც კი, მაგრამ ეს არ არის ჩემი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში დაკვრა რთულია. მირჩევნია, დაბალი ანაზღაურება მქონდეს და მხოლოდ საჭმლის ფული შევაგროვო, ვიდრე სხვაგან მაღალი ხელფასი მქონდეს და ვაკეთო ის საქმე, რომელიც არ მიყვარს.

- თქვენთან ერთად მღეროდა ბექა არჩვაძეც, თორღვაც... რატომ დაიშალეთ?

- რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? 25 წლის ოჯახები ინგრევა, მათ თავისი გზა აქვთ, მე - ჩემი. ისინი ისევ მღერიან და მე ისევ ვუკრავ. რაც შეეხება თორღვას, ის ძალიან ნიჭიერია, კიდევ ბევრს მიაღწევს და ვგულშემატკივრობ.

- რატომ არ მღერით ქუჩაში? თქვენ ხომ გამორჩეული ხმა გაქვთ.

- ქუჩის მუსიკოსს უფრო ძლიერი ხმა უნდა ჰქონდეს, ვიდრე მე მაქვს; მას უნდა შეეძლოს, სიმღერით გადაფაროს ქუჩის ხმაური. ამიტომაც, მხოლოდ ვუკრავ.

- ქუჩის მუსიკოსებს დაფასება თუ აქვთ საქართველოში?

- სამი წლის წინ, როდესაც ქუჩაში გამოვედით, იმდენი ხალხი გროვდებოდა, რომ ვთხოვდით, გზა გაეთავისუფლებინათ და დაკვრის საშუალება მოეცათ. დღეს, ეპიდემიის გამო, ქუჩაში ხალხი თითქმის აღარ დადის. ჩვენ არ გვყავს მანქანა და სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გვიწევს. ამდენი ბარგით რომ ჩახვალ და იქ მსმენელი არ გეყოლება, გულსატკენია.

- ერთხელ თქვენმა ერთ-ერთმა მუსიკოსმა განაცხადა, რომ მალე ბენდად ჩამოყალიბდებოდით და მსმენელს თანხის გადახდა მოუწევდა.

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის საშუალება არ გვაქვს. ეს ვთქვი ლაივში - ბათუმში ვიყავით და იმ საღამოს ჩატარდა ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი. საკმაოდ ძვირად გაიყიდა ბილეთები, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, მაშინ როდესაც ჩვენ "კაპიკების" სანაცვლოდ გვიწევდა ქუჩაში სიმღერა. ამით შეურაცხყოფა კი არავისთვის მიგვიყენებია, დიდ პატივს ვცემთ ყველას, უბრალოდ წყენამ გვათქმევინა.

- ძალიან კარგად ხატავთ...

- ძირითადად პორტრეტებს ვხატავ. ემიგრანტები უფრო ხშირად ყიდულობენ.

- როგორ გგონიათ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში წარმატებას მიაღწიო - ნიჭი თუ სოციალური მდგომარეობა?

- ალბათ ნიჭი, თუმცა ვფიქრობ, სოციალური მდგომარეობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვხატავდი მაშინ, როდესაც არ მქონდა საღებავები. სახატავად ვიყენებდი ჩემი დის კოსმეტიკას, ფეხსაცმლის "მაზს", იოდს, "ზელიონკას" და რა ვიცი, რას აღარ, მაგრამ ხატვისთვის თავი არ დამინებებია. რომ მქონოდა უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, მეტს მივაღწევდი.

- მონასტერში იზრდებოდით. რატომ წამოხვედით იქიდან და თუ გიფიქრიათ უკან დაბრუნებაზე?

- მონასტრიდან იმიტომ წამოვედი, რომ მზად არ ვიყავი იმხელა პასუხისმგებლობის ასაღებად. უკან დაბრუნება კი უფლის ნებაა: თუ ისურვებს, დავბრუნდები.

- რაზე ოცნებობთ?

- მინდა ძალიან მალე დამთავრდეს ეპიდემია, ქუჩის მუსიკოსების ქალაქში - ბერლინში წავიდე და იქ გავაგრძელო მუშაობა. ვიცი, ამას შევძლებ. როგორც ყველა პროფესიას, მუსიკოსობასა და მხატვრობასაც დაუღალავად შრომა სჭირდება. თუ შრომა არ დაგღლის, აუცილებლად გახდები წარმატებული.

ფიქრია რობაქიძე