"ნიჭიერი" ლაშა გელაშვილი გამარჯვებისა და შვილის დაბადების სიხარულზე - გზაპრესი

"ნიჭიერი" ლაშა გელაშვილი გამარჯვებისა და შვილის დაბადების სიხარულზე

ქართული "ნიჭიერის" ისტორიაში ილუზიონისტმა პირველად გაიმარჯვა. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ სცენაზე ამ სფეროს ზეიმი ბედნიერების განცდას უორმაგებს. როგორ დაინტერესდა ილუზიონისტობით, როგორ ზრუნავს განვითარებაზე და გამარჯვების გარდა, კიდევ რით იყო 2020 წელი მისთვის ბედნიერების მომტანი? - ამ ყველაფერს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ლაშა, მიღწეულ წარმატებას გილოცავ! როდესაც გამარჯვებულად გამოგაცხადეს, რას გრძნობდი - ემოციები გაგვიზიარე.

- ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ ბედნიერება არ იყო, თან ახლდა ჩემთვის უცხო და უცნობი განცდა. გამარჯვების მოლოდინი მქონდა, რადგან ხალხისგან, ჩემი მაყურებლისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ამ სიხარულს ისიც მიორმაგებდა, რომ ქართული "ნიჭიერის" ისტორიაში ილუზიონისტმა პირველად გაიმარჯვა.

- მიუხედავად იმისა, რომ ილუზიონისტები ყველა სეზონზე აქტიურობდნენ და მათ შორის შენც იყავი.

- დიახ, ამ პროექტში პირველად 2016 წელს გამოვედი. შოუში ილუზიონისტების წარმატებული გამოსვლების შემდეგ, ამ სფეროს მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. წელს ზეიმი შედგა, ეს დაგვირგვინება იყო. მიხარია, რომ ამ სფეროს პოპულარიზაციაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის.

- ილუზიონისტობით რა ასაკში დაინტერესდი?

- 10 წლის წინ დავინტერესდი. ბავშვობაში ეს სფერო სულ მომწონდა, მათემატიკური ამოხსნები, ამოცანები მიზიდავდა, რაც ერთმანეთთან კავშირშია. მაშინ რამდენიმე მარტივი ფოკუსიც ვიცოდი. 10 წლის წინ ინტერნეტში ვნახე, ილუზიონისტი დეტალურად ხსნიდა, რას და როგორ აკეთებდა. იმ ვიდეომ ძალიან დამაინტერესა, ჩამითრია. ვცადე, თავად გამეკეთებინა, კარგად გამომივიდა. ფოკუსის ჩატარების შემდეგ ხალხის გაოცება რომ ვნახე, მოტივაცია გამიორმაგდა. მივხვდი, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. დროთა განმავლობაში დავიხვეწე.

- კარგი ილუზიონისტისთვის რა პიროვნული თვისებებია საჭირო?

- ძალიან ბევრი მუშაობა და ვარჯიშია საჭირო, ეს არ უნდა დაიზარო. ილუზიონისტი სულ მომართული, მუდამ რეჟიმში უნდა იყო. მცირე პერიოდითაც რომ მოდუნდე, ეს სფერო მუდმივად ვითარდება და ჩათვალე, რომ ძალიან მალე რეგრესს დაიწყებ. დაუღალავი შრომა და ვარჯიში ამიტომაა საჭირო. ერთი მარტივი ფოკუსის შესასწავლად შეიძლება, რამდენიმე კვირა დაგჭირდეს. ტექნიკას რომ დახვეწ, მერე შესრულების მანერაზე უნდა იფიქრო. მაყურებლის წინაშე კარგი სანახაობით რომ წარდგე, საჭიროა, შოუს ელემენტები ჩაურთო. ერთი ფოკუსი შესაძლოა ორმა ილუზიონისტმა ისე გააკეთოს, ერთზე ხალხი გაგიჟდეს, მეორეზე რეაქცია არ ჰქონდეს.

- სამსახიობო ნიჭიც საჭიროა.

- ნამდვილად, ესაა მნიშვნელოვანი და შოუს ელემენტებით გამრავალფეროვნება.

GzaPress

- ყოველ გამოსვლაზე ძალზე დამაჯერებელი იყავი, ამაზე ცალკე იმუშავე?

- მუშაობის გარდა, გამოცდილებაც დიდ როლს თამაშობს. რთულია, იყო დამაჯერებელი. ისიც დამეხმარა, რომ ამ შოუში მონაწილეობის გამოცდილება მქონდა. ვერ ვიტყვი, სცენაზე არ ვნერვიულობდი-მეთქი. ნომრის ისეთი ფორმით წარდგენა რომ მომეხერხებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, თავის ხელში აყვანა შევძელი, გონების მობილიზება მაქსიმალურად მოვახდინე.

- ახლა როგორ ზრუნავ განვითარებაზე, ისევ ინტერნეტის დახმარებით?

- სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ლიტერატურა, დაწესებულება ან მსგავსი რამ, საიდანაც შეიძლება რაღაც შეისწავლო. მე და ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ვსაქმიანობთ, ყველაფერს ინტერნეტით ვსწავლობთ. კონკრეტულ საიტებზე საინტერესო ინფორმაციები და ვიდეოები იდება.

ამ ნომრის სრულყოფილად წარდგენაში ძალიან დამეხმარა ჩემი ძმა, მან ნომრის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა. ფოკუსის ტექსტსა და შინაარსზე ცალკე ვიმუშავე. შესაძლოა, პატარ-პატარა დეტალები, ცალკე აღებული, მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ მთლიანობაში დიდ ეფექტს ახდენდეს.

- 2016 წლის შემდეგ, ამ შოუში ბედი რატომ აღარ სცადე?

- გადაწყვეტილება ახლაც სპონტანურად მივიღე. 2016 წლის "ნიჭიერის" ფინალისტი ვიყავი. ბუნებრივია, გააზრებული მქონდა, ამჯერად იმაზე ნაკლები დონის გამოსვლა აღარ მეპატიებოდა; ფინალისტობაზე მეტი - გამარჯვებაა. სწორედ ამიტომ, ამ ნაბიჯის გადადგმა სარისკო იყო. გავრისკე, რადგან შოუ ახალ არხზე გადიოდა, ფორმატი სახეცვლილი იყო, ჟიურის წევრები - შეცვლილი... გარდა ამისა, "იუთუბზე" "გამომწერები" მყავს, მათ ვასწავლი ფოკუსებს, მაყურებელს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. სწორედ ისინი მეუბნებოდნენ და მირჩევდნენ, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი.

- რამდენი "გამომწერი" გყავს?

- ეს სპეციფიკური სფეროა, ვიწრო სეგმენტზე გადის. ამის გათვალისწინებით, ცოტა "გამომწერი" ნამდვილად არ მყავს - 44 000. უამრავი ადამიანის თხოვნამ გავლენა მოახდინა, დავფიქრდი და გადაწყვეტილება მივიღე.

- მსოფლიოში ცნობილ ილუზიონისტებს შორის, შენი ფავორიტი ვინ არის?

- ძალიან ბევრი შემსრულებლის დასახელება შემიძლია, მაგრამ გამორჩეულად ორი ადამიანის მოღვაწეობას ვაფასებ. ერთი არის დევიდ ბლეინი, მსოფლიოში ცნობილი ილუზიონისტი. დახვეწილი ტექნიკისა და შესრულების სტილის მიღმა, დამატებით იმდენ რამეს აკეთებს, ისეთ ილუზიას ქმნის, უდავოდ დასაფასებელია. მეორე ჯასტინ მილერი გახლავთ. ის საუკეთესო შემსრულებელია. მაყურებელზე საოცარ ზეგავლენას ახდენს.

- ილუზიონისტთა სკოლის დაარსებაზე თუ გიფიქრია?

- ბევრი მეკითხება, მოსწავლეები ხომ არ შეგიძლიათ აიყვანოთო? ეს მარტივი არ არის, მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. არა მგონია, ახლო მომავალში მოვახერხო, თუმცა, მსგავსი სკოლა რომ არსებობდეს, სიამოვნებით ვასწავლიდი.

- ნომერი რა გათვლით შეარჩიე?

- ამ ნომერზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. ისიც გავითვალისწინე, პანდემიის გამო, განსხვავებული ფორმატი რომ იყო. შესაბამისად, მაყურებლის ჩართვას ვერ შევძლებდი. მაყურებლის გარეშე გამოსვლა რთული იყო, რადგან დარბაზი აბსოლუტურად განსხვავებულ მუხტს გმატებს, ხშირად ეს თავდაჯერებას გიძლიერებს.

- ჟიურის წევრებზე რას იტყვი?

- კომპეტენტური და კარგი ჟიური იყო, ბევრ რამეში დამეხმარნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს, ფოკუსს ვის უჩვენებ. ჟიურის წევრებს რასაც ვეუბნებოდი, ზუსტად იმას ასრულებდნენ, ოდნავი ხელის შეშლაც კი არ მქონია მათგან. ხშირად ადამიანები არ აკეთებენ იმას, რასაც ილუზიონისტი ეუბნება. ცდილობენ, ხელი შეგიშალონ. ამის გამო შესაძლოა, ნომერი ჩაგივარდეს.

- ოჯახზე მიამბე.

- მყავს მეუღლე, სამი წლის გოგონა და ახლახან ბიჭი შეგვეძინა. ჯერ მხოლოდ 2 კვირისაა. მე და ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, ორივეს ეს პროფესია გვაქვს.

GzaPress

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- გაცნობიდან მალე დავმეგობრდით, შემდეგ ერთმანეთი შეგვიყვარდა და დღეს ნინუცას სახით არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს.

- ის შენი ფოკუსების პირველი შემფასებელია?

- რა თქმა უნდა, თან, კრიტიკული თვალით მიყურებს, შენიშვნების მოცემას არ ერიდება და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ნინუცასთან ერთად, მშობლები და ძმაც ყოველთვის უცხო მაყურებლის თვალით მიყურებენ, მაქსიმალურად ობიექტურად მაფასებენ.

- "ნიჭიერში" გამარჯვება და შვილის დაბადება ერთმანეთს დაემთხვა - ბედნიერი წელი გქონია.

- იმ დღეებში მართლა საოცარი განცდები მქონდა. პანდემიისა და გართულებული ცხოვრების ფონზე, ჩემთვის პოზიტიური წელი იყო. მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც 2020 წელს კარგად გაიხსენებს.

- ილუზიონისტობა არ არის ერთადერთი საქმე, რომლითაც დაკავებული ხარ, არა?

- ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში ჩემი პროფესიით ვმუშაობ.

- ბათუმში ბინა მოიგე. უკვე ნახე თუ არა?

- ჯერჯერობით არ მინახავს, გადმოფორმებაც არ მომხდარა. ემოციებისგან რომ დავიცლები, ამ ბინასთან დაკავშირებით მინდა გონივრული გადაწყვეტილება მივიღო. მე და ჩემი მეუღლე თავდაპირველად მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით, მეორე შვილის მოლოდინისას საცხოვრებლად ცალკე გადმოვედით. ბინის საჭიროება ნამდვილად მქონდა. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

თამუნა კვინიკაძე