"ბავშვები თუ არ გიყვარს, პედაგოგად მუშაობა ძალიან გაგიჭირდება" - გზაპრესი

"ბავშვები თუ არ გიყვარს, პედაგოგად მუშაობა ძალიან გაგიჭირდება"

ხშირად განვიხილავთ, ეფექტიანია თუ არა დისტანციური სწავლება? ზოგი თვლის, რომ ეს დრო დაკარგულია მოსწავლეებისთვის; რომ მასწავლებლები სახლებში სხედან და არაფერში იღებენ ფულს; რომ საგაკვეთილო პროცესი სრულყოფილი არ არის და ბევრი ხარვეზი აქვს ონლაინსწავლებას. 158-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ნათია უჩავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც უამრავი "გაზიარება" ჰქონდა და შეეხებოდა იმ ყოველდღიურ პრობლემებს, დისტანციურმა სწავლებამ მოსწავლეებსა და თავად პედაგოგებსაც რომ შეუქმნა.

"სამწუხაროდ, ბევრჯერ გავიგე და ვნახე მასწავლებლების მიმართ თითის გაშვერისა და მათი გაუფასურების მცდელობა. რომ თურმე დისტანციური სწავლება არაფრის მომცემია და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ; რომ მასწავლებლები სახლში სხედან და არაფერში იღებენ ფულს; რომ ვერ ატარებენ საინტერესო გაკვეთილს... თქვენ, ვინც ასე ან მსგავსად ფიქრობთ, იცით, რამდენ შრომას სწევს მასწავლებელი ისე, რომ არც ამბობს და არ ახმოვანებს ამას?! იცით, რამდენი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილებს ისეთ დროს, როდესაც საკუთარი შვილებისთვის გასამზადებელი აქვს სადილი?! იცით, რამდენი მასწავლებელი იძინებს გამთენიისას იმიტომ, რომ მეორე დღისთვის მოამზადოს რესურსები?!.

...როდესაც მასწავლებლებს ცოცხალი ურთიერთობის საშუალება არ გვაქვს მოსწავლეებთან და ვცდილობთ, რაღაცნაირად ჩვენთან დავტოვოთ ბავშვები, მათი ყურადღება არ დავკარგოთ, ინტერესი შევუნარჩუნოთ, იცით, ეს რის ფასად გვიხდება?! ან იმაზე თუ გაქვთ წარმოდგენა, გაკვეთილების ჩატარების გარდა, რამდენ საათს ვატარებთ კომპიუტერთან სხვადასხვა რესურსის მომზადებაში, დავალებების შესწორებაში, რომლის დაწერაც ბევრ მოსწავლეს ეზარება...

ყოველდღე ტრენინგებს ვესწრებით, ვასრულებთ დავალებებს და სხვადასხვა მითითებას და თან გაკვეთილებს ვგეგმავთ. ჩემ გარშემო მყოფ ბევრ მასწავლებელს "თავზე აზის ბავშვი", სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ბაღი დაიხურა და მაინც ცდილობს, სრულყოფილი გაკვეთილი ჩაატაროს. იცით, რომ დისტანციურ სწავლებას ორჯერ, სამჯერ მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილებს? იცით, რამდენ წყენას და იმედგაცრუებას ვყლაპავთ ყოველდღიურად, როდესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში რომელიღაც უმადურ კომენტარს ამოვიკითხავთ?!

...მერვე წელი დაიწყო, რაც მასწავლებლად ვმუშაობ და ამ რვა წლის განმავლობაში დაფასებასთან ერთად, ძალიან ბევრ უმადურობას, დაუნახაობასა და დაუფასებლობას გადავაწყდი. ამის მიუხედავად, მაინც ძველებური შემართებით ვაგრძელებ საქმეს, რადგან ჩემი მოსწავლეების ერთი გაღიმება, ერთი წარმატება ყველაფერს წონის და სწორედ ესაა მასწავლებლობის ჯადოსნური მაგია..."

GzaPress

ნათია უჩავა:

- ერთ-ერთ გვერდზე კომენტარი წავიკითხე, მასწავლებლები სახლში სხედან და ხელფასს არაფერში იღებენო. ისედაც ბევრი სათქმელი მქონდა დაგროვილი და ეს კომენტარი გახდა პოსტის ინსპირაცია. თან, მარტო ჩემი კი არა, პედაგოგების გულისტკივილიც ვთქვი. დამიჯერეთ, ჩვენთვის ბევრად დამღლელია ეს პროცესი, რადგან დისტანციურად უფრო მეტს ვმუშაობ. მეორე დღის ყველა გაკვეთილისთვის ვცდილობ, ბავშვებს მოვუმზადო პრეზენტაციები ან მოვიძიო ვიდეორესურსი, უფრო საინტერესო და სახალისო რომ იყოს სწავლისა და ახალი საკითხის ახსნის პროცესი. დისტანციურად კიდევ უფრო გასაგებად უნდა მიაწოდო ინფორმაცია. სკოლაში 40-წუთიანი გაკვეთილები რომ გვქონდა, ახლა დრო შეზღუდული გვაქვს. ამიტომ ხშირად ვაჭარბებ სარეკომენდაციო დროს, სხვანაირად არ გამოდის. მცირე დროში უკუკავშირს ვერ მიიღებ მოსწავლისგან, რაც მნიშვნელოვანია. სხვა თუ არაფერი, ერთი კითხვა მაინც ხომ უნდა დაუსვა თითოეულს? ამასაც ვერ ასწრებ. არადა, არ მინდა, ვინმე უყურადღებოდ დამრჩეს. ვიღაც რაღაცას ვერ იგებს, გეკითხება, უპასუხოდაც ვერ დატოვებ ბავშვს. როცა კლასში ხარ, ყველას უყურებ და მათ თვალებში კითხულობ, ვინ გაიგო შენი ნათქვამი და ვინ - ვერა, ონლაინ ამას ვერ შეძლებ. გასაგებია, რომ დისტანციური სწავლება ისეთი სრულყოფილი და შედეგიანი ვერ არის, როგორიც სკოლაში ჩატარებული გაკვეთილებია. სწორედ ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი გავაკეთო და მწყინს, როცა ამბობენ, ონლაინსწავლება არაფრის მომცემიაო.

- დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგებს ყველაზე მეტი დისკომფორტი კიდევ რის გამო შეგექმნათ?

- ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ის არის, რომ ზოგიერთი მოსწავლე არ შემოდის გაკვეთილზე. არიან მოსწავლეები, რომლებიც ხან ერთვებიან, ხან - არა და დავალებებსაც არ ასრულებენ. უკვე ამდენი "დაძალებაც" მერიდება, რადგან თუ მშობელი არ რეკავს, ჩვენ უნდა დავურეკოთ და გავარკვიოთ, რატომ არ ესწრება მისი შვილი გაკვეთილს? ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. პრობლემა ძირითადად, მაინც იმ მოსწავლეებთან მაქვს, რომლებიც სკოლაში სიარულის დროსაც ზარმაცობდნენ და ნაკლებად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. თვითონ მშობელიც აქტიური უნდა იყოს. "თიმსში" მუშაობის ვიდეოინსტრუქციებს ვწერ და მშობელს შეუძლია დაეხმაროს შვილს დავალების ატვირთვაში. აქტიურობა არ ნიშნავს გაკვეთილის დროს გვერდით ჯდომას და კარნახს. ვისურვებდი, მეტი თავისუფლება მისცენ ბავშვებს, რადგან ძალიან იძაბებიან და ნერვიულობენ, როცა ვინმესთან ერთად ესწრებიან გაკვეთილს. უმარტივეს კითხვასაც რომ ვსვამ, მაშინვე მზერა გაურბით უფროსებისკენ. ზოგჯერ მთელი ოჯახია ჩართული ონლაინგაკვეთილში და კურიოზული სიტუაციები იქმნება - პარალელურად ისმის უფროსების საუბარი, კარნახი და ა.შ. გარდა ამისა, გაზარმაცდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებიც მუდმივად აქტიურობდნენ. ხდება ისე, რომ ან დავალებას არ ამიტვირთავენ, ან უყურებ და სხვაგან დაფრინავენ, არ არიან ისეთი მობილიზებულები, როგორებიც სკოლაში იყვნენ. ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან. სკოლაში მხოლოდ ცოდნის გადაცემა ხომ არ ხდება - ბავშვები იქ სწავლობენ ურთიერთობას, მეგობრობას, პატიებას, თანადგომას, არაერთი სოციალური უნარის გამომუშავება ხდება, მით უმეტეს - დაწყებით კლასებში, რის შესაძლებლობასაც დისტანციური სწავლება ვერ იძლევა.

GzaPress

- თქვენი სხვა პოსტებიდან ადვილად მიხვდები, რომ ძალიან გიყვართ ბავშვები, თქვენი მოსწავლეები...

- ბავშვები თუ არ გიყვარს, პედაგოგად მუშაობა ძალიან გაგიჭირდება. ეს პროფესია დიდ ნებისყოფასა და შრომას მოითხოვს. 23 წლისამ დავიწყე მუშაობა სკოლაში. კერძო სკოლა იყო და დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე მოსწავლეებთან ერთად ვიყავი. დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა, ვმეგობრობთ, ერთმანეთს ხშირად ვკითხულობთ, რაც ძალიან მახარებს. შენიანად უნდა ჩაგთვალონ ბავშვებმა. უნდა აგრძნობინო, როგორ გიყვარს ისინი. პოსტშიც ვწერდი და კვლავ გავიმეორებ, რომ მოსწავლეების ერთი გაღიმება და ერთი წარმატებაც კი ყველაფერს წონის მასწავლებლისთვის, ენერგიითა და სიხარულით გავსებს. ახლანდელი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან ძალიან უჩვეულოდ მიწევს ურთიერთობა. ვცდილობთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და მონატრება ვირტუალურად გამოვხატოთ. საგაკვეთილო საათების დასრულების შემდეგ ერთმანეთს წერილებს ვწერთ, ვსაუბრობთ, უფრო ახლოს ვაცნობთ ჩვენ-ჩვენს ყოველდღიურობას. ყველაზე საინტერესო არსებები არიან ბავშვები, ყველაზე გულწრფელები. დაუნანებლად გიზიარებენ სიყვარულსა და სითბოს. შეუძლიათ, უცებ, შუა გაკვეთილზე ახალი სათამაშო ან თავიანთი საყვარელი ცხოველი განახვონ. ამ დისტანციური სწავლების დროს საგაკვეთილო თემა გვქონდა "ჩვენი შინაური ცხოველები". ერთმანეთს ჩართული კამერით ვანახვებდით, ვის რა ცხოველი გვყავდა სახლში - კატა, ძაღლი; მერე ფრინველებზეც გადავედით, მაჩვენეს: იადონი, თუთიყუში, მე ჩემი თევზები ვანახვე... ამ ყველაფერს უნდა აჰყვე და მოსწავლეებს შეუმსუბუქო ყოველდღიურობა, სხვანაირად შეუძლებელია. მასწავლებელი მათთვის უნდა იყოს საიმედო საყრდენი, ვისთანაც სულს მოითქვამენ. მთელი დღე მეფიქრება ჩემს მოსწავლეებზე, რა იქნება მათთვის საინტერესო და უკეთესი. ვისურვებდი სამომავლოდ უკლებლივ ყველასთან მეგობრობის გაგრძელებას და მათი წარმატებებით გახარებას.

ნინო ჯავახიშვილი