უფასო ონლაინკურსები - შანსი ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის - გზაპრესი

უფასო ონლაინკურსები - შანსი ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ეს მიზნად ისახავს აბიტურიენტების მომზადებას ორი მოდულის მიხედვით: მათემატიკა + ფიზიკა ან მათემატიკა + ქიმია, ანუ მას, ვისაც სურს, გახდეს სტუდენტი, ეძლევა შანსი, ამ პროგრამაში ჩაერთოს.

დავით გურგენიძე, პროფესორი, უნივერსიტეტის რექტორი:

- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მოსამზადებელ ონლაინკურსებს ორი მოდულის მიხედვით. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა და ეს არ არის შემთხვევითი - ტექნიკური უნივერსიტეტი პირველ რიგში, დაინტერესებულია, ამ საგანში კარგად მომზადებული აბიტურიენტები მიიღოს. მათემატიკასთან ერთად, ახალგაზრდები, თავიანთი არჩევანის მიხედვით, შეისწავლიან ფიზიკას ან ქიმიას. ისინი არა მხოლოდ წარმატებით დასძლევენ ეროვნულ გამოცდას მათემატიკაში, არამედ ასეთივე წარმატებით შეძლებენ გაიარონ ეროვნული გამოცდა კიდევ ერთ არჩევით საგანში - ფიზიკაში ან ქიმიაში, რითაც პრიორიტეტულ პოზიციაში აღმოჩნდებიან. ეს ჩვენი უნივერსიტეტის საჩუქარი და მხარდაჭერაა მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, სწავლა საინჟინრო-ტექნიკური პროფილის მქონე უნივერსიტეტში გააგრძელონ.

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს მოტივირებული ახალგაზრდებისთვის და ამავე დროს, STEM საგნების (S-მეცნიერება; T-ტექნოლოგია; E-ინჟინერია; M-მათემატიკა) პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი. სასწავლო პროცესი ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებული სასწავლო გეგმის შესაბამისად წარიმართება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უპრეცედენტო პროექტში 300-მდე აბიტურიენტი უკვე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მსურველთა 10% გოგონაა. ისინი სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები არიან. აბიტურიენტებს შორის არის სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ტალახაძე. გიორგი მეთერთმეტეკლასელია. მისი საყვარელი საგნები მათემატიკა, ფიზიკა და ქართული ენაა.

GzaPress

გიორგი ტალახაძე:

- ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ გვერდზე დარეგისტრირდა. ამ ფაქტმა ყველაზე მეტად, ბაბუაჩემი გაახარა. ინჟინერია და ძალიან სწყდებოდა გული, მისი ოთხი ქალიშვილიდან ყველამ ჰუმანიტარული სპეციალობა რომ აირჩია. დედა მიყვება ხოლმე, ბაბუს ოცნება ყოფილა, პირველი შვილი - დედაჩემი ელექტროინჟინერი გამოსულიყო. ბებო თურმე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა - ჩემმა შვილმა "სტოლბებზე" რატომ უნდა იძრომიალოს, ეს რა ქალის საქმეაო?!. მოკლედ, დიდი დავიდარაბის შემდეგ, დედამ იურიდიულზე ჩააბარა და ჩემმა ერთმა დეიდამაც; ორი კი ფილოლოგია. არ გაუმართლა ბაბუს. სამაგიეროდ, ბავშვობიდან "მიჩიჩინებს", რომ ქართველი ინჟინრები საუკეთესონი იყვნენ და რომ მე არ მაქვს უფლება, კარგი მშენებელი ან ენერგეტიკოსი არ გამოვიდე. ბაბუმ თავისი ოცნების ასრულებად ჩათვალა, როცა ვუთხარი, რომ ზუსტი მეცნიერებები მომწონდა. მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა, რაშიც დიდი წვლილი ჩემს მასწავლებელს, გულივერ მესხს მიუძღვის. ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძლიერი მათემატიკოსი მასწავლის საგანს. მინდა გითხრათ, რომ რეგისტრაციამდე გულივერ მასწავლებლისგან ავიღე უფლება. ძალიან გაახარა ჩემმა არჩევანმა. ჩვენ ერთად გავივლით იმ საკითხებს, რომლებსაც ონლაინკურსებზე ვისწავლი, განვიხილავთ ყველა დეტალს. ჩემი აზრით, ეს მეტი მოტივაცია და გარანტიაა საიმისოდ, რომ მომავალ წელს სტუდენტი გავხდე.

საერთოდ, ამბობენ, რომ გოგონებს არ უყვართ ტექნიკური საგნები. ჩემი დეიდაშვილი ნანუკა მეათე კლასშია და ძალიან დასწყდა გული, რომ ჯერ ვერ შეძლებს ამ პროექტში ჩართვას. მასაც უყვარს მათემატიკა. დავპირდი, რომ რასაც ვისწავლი, მასაც გავუზიარებ. ალბათ არ გაუჭირდება ათვისება, თუ არა და, მომავალ წელს ჩაერთვება პროექტში. სხვათა შორის, ჩემი და, მარიამი აბიტურიენტია და ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე აბარებს - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში. კარგად ხატავს და იმედი მაქვს, წარმატებული დიზაინერი გახდება.

პანდემიის გამო ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. უკვე თითქმის მთელი წელია, სკოლაში არ ვყოფილვართ. სკოლა ბავშვების გარეშე უცნაური სანახავია. თავდაპირველად, როდესაც ონლაინსწავლება გამოცხადდა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. დღესაც ვერ ვეგუები სწავლების ამ ფორმას.

სტუ-ის უფასო მოსამზადებელ ონლაინკურსებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია სპეციალური გვერდის - აბიტურიენტი.გტუ.გე-ის მეშვეობით ჩატარდა. ამ ეტაპზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტი სასწავლო მოდულების შესაბამის ცხრილებს ადგენს და აბიტურიენტთა ჯგუფებს აკომპლექტებს. ონლაინკურსები დეკემბრის შუა რიცხვებიდან, სტუ-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - ელეარნინგ.გტუ.გე თითოეულ საგანში კვირაში ორჯერ, ძოომ-აპლიკაციის მეშვეობით ჩაუტარდებათ.

თეა ხურცილავა