"გიდად მუშაობის დროს ხშირად მესმოდა ჩემ მიმართ რასისტული შეძახილები" - გზაპრესი

"გიდად მუშაობის დროს ხშირად მესმოდა ჩემ მიმართ რასისტული შეძახილები"

მარიამ ინაბა (ბეჟანიშვილი) წლების წინ იაპონური ენის შესწავლითა და წეს-ჩვეულებებით დაინტერესდა, 8 წლის წინ კი იაპონიის განათლების სამინისტროს დაფინანსებით, 3-წლიანი მაგისტრატურის პროგრამით თავისი ოცნების ქვეყანაში წავიდა სასწავლებლად. დღემდე იქ ცხოვრობს, კიოტოს პრეფექტურაში საზღვარგარეთის ბიზნესცენტრში კოორდინატორად მუშაობს. მისი ოცნებაა კიოტოს და თბილისის მეგობარ ქალაქებად დარეგისტრირება და დიდი იმედი აქვს, რომ ოდესმე ამ ოცნებას აიხდენს.

კიოტო

- აქ, კიოტოში დაახლოებით 7 წლის წინ ჩამოვედი, იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით. საქართველოდან მხოლოდ ერთს ირჩევდნენ მაშინ, ახლა არ ვიცი, როგორაა. მესამე ცდა იყო და გამიმართლა. მთელი სტუდენტობის პერიოდი ინგლისურს ვასწავლიდი, ყველა ასაკის მოსწავლე მყავდა ენის სკოლებში, მაგრამ რაკიღა "ნეითივ სფიქერი" არ ვიყავი და სტუდენტი გახლდით, ხელფასს ცოტას მიხდიდნენ და შევეშვი. დავიწყე კერძოდ სწავლება, ასე უფრო მეტს გამოვიმუშავებდი. მერე ქართულს ვასწავლიდი, ინგლისურთან ერთად, თან ერთ-ერთ ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდად ვმუშაობდი. ამ ტაძარში ხშირად მესმოდა ჩემ მიმართ რასისტული გამონათქვამები შედარებით ასაკიანი იაპონელებისგან. ერთ დღესაც გადავწყვიტე, არ მომეთმინა და სიტყვა შემებრუნებინა, თუნდაც სამსახურიდან გავეგდე. ასეც ვიქცეოდი და ბევრად მომეშვა გულზე. მერე ისედაც დავანებე თავი იქ მუშაობას. სულ გარეთ ვიდექი. ერთხელ, აგვისტოს გაგანია სიცხეში, გონებას ვკარგავდი და სახლში გამიშვეს, შესვენება მხოლოდ 30 წუთი მქონდა და ამ 30 წუთში უნდა დამესვენა და მეჭამა კიდეც. მუშაობისას დაჯდომა არ შეიძლებოდა. ვინმეს რომ დავენახე, შენიშვნას მომცემდნენ, ამიტომ ვცდილობდი მეკონტროლებინა რადიუსი და სანამ ხალხი არ ჩანდა, სულ ოდნავ, სკამის 2 სანტიმეტრზე მაინც ჩამოვმჯდარიყავი. ნოემბრის ბოლოსკენ ძალიან რომ აცივდა, წამოვედი. ძნელია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, წლები სჭირდება, რომ მიგიღონ, დაგაფასონ და ადამიანად აღგიქვან. სამაგიეროდ, კენწეროში რომ გატკბილდების, მართალი ყოფილა...

GzaPress

ქართული რესტორანი

- ქართული რესტორნის აწ უკვე ყოფილი უფროსი ბიზნესმენია და სულ სხვა საქმიანობას ეწევა, უბრალოდ, ქართული ღვინო და ზოგადად საქართველო ძალიან ჰყვარებია და გადაწყვიტა, პატარა ღვინის ბარი გაეკეთებინა თავისი ოფისის პირველ სართულზე, ქალაქ ოსაკაში. შემთხვევით გავიცანი ღვინის გამოფენაზე ტოკიოში, სადაც მე "თბილღვინოს" ვეხმარებოდი, როგორც თარჯიმანი. ამ კაცს იქვე თავისი ქართული ღვინოების სტენდი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ოსაკაში ცხოვრობდა და ძირითადი სამუშაოც იქ ჰქონდა. რომ ვილაპარაკეთ და გაიგო, საჭმელების კეთება მეხერხებოდა, ღვინის ბარს ცოტა ქართული კერძებიც ხომ არ შევმატოო და სამუშაოდ ამიყვანა. რესტორანი ნულიდან ავაწყვეთ. დიზაინი, ადგილების განლაგება, თეფშები, ჩანგლები, მენიუ - ყველაფერი ერთად დავგეგმეთ და გავაკეთეთ. თავიდან გამოცდილი შეფის აყვანას ცდილობდა, მაგრამ ყველა დაიწუნეს. მე საერთოდ არ მქონია არც ამბიცია და არც პრეტენზია, რომ სამზარეულოში მემუშავა. არც მოვლაპარაკებულვართ ასე. უბრალოდ, მე უნდა მესწავლებინა და გამესინჯა კერძები. არაფერი რომ აკეთო და ისე იდგე, ესეც დიდი პლუსიაო, - გამომიცხადა და მაგაზე გავბრაზდი. - ხე კი არ ვარ, უფუნქციოდ რომ ვიდგე რესტორანში-მეთქი. როცა ყველა შეფის დაწუნების შემდეგ საღამოს ვახშამზე წავედით, უცებ მეუბნებიან, - ვიცით, ვინც უნდა იყოს შეფიო და ხელი ჩემკენ გამოიშვირეს. იმდენად გავოცდი, ახლაც მახსოვს ის ემოციები. შიშმა ამიტანა, ყოველდღე ვნერვიულობდი. ბევრს ვკითხულობდი, ვიდეოებს ვუყურებდი, ფოტოებს ვათვალიერებდი, როგორ გამეფორმებინა კერძები, სანიტარიული ნორმების შესახებ ვიცოდი, სპეციალური საბუთი მაქვს აღებული, რომლის საშუალებით საკუთარი კვების ობიექტის გახსნის უფლება მაქვს იაპონიაში. რესტორნისთვის განკუთვნილი ფორმები შევაკერვინეთ, გულზე ქართული და იაპონური დროშა ჰქონდა ამოქარგული. ახლაც სახლში მაქვს ჩემი ფორმა. ჩავიცვი და სრულიად გამოუცდელი შევვარდი სამზარეულოში... მანამდე, რა თქმა უნდა, ხშირად მქონდა სხვადასხვა კერძი მომზადებული, მაგრამ მაქსიმუმ 10 ადამიანის სამყოფი, ისიც სახლში. რესტორნის სამზარეულო ხომ სულ სხვანაირია. ვისწავლე ყველაფრის გამოყენება, დროის გადანაწილება, რომ არ დამეგვიანა შეკვეთის მიტანა. ერთი გოგო მეხმარებოდა სამზარეულოში, სალათებს ამზადებდა. მერე ხაჭაპურის გაკეთება ვასწავლე, სოკო ყველით, ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. ყოველდღე ახალ რაღაცას ვსწავლობდი, რომ დამეხვეწა გემო, ვიზუალი, მომსახურება. იაპონიაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურებას, ამიტომ ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. გვქონდა გადაღებები, რამდენიმე ცნობილ ჟურნალში დავიბეჭდეთ, ყველაფერი ძალიან კარგად გრძელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს მეორე მხარე... სამუშაო დროის დაწყებამდე 1 საათით ადრე შეხვედრა გვქონდა ხოლმე უფროსთან, სადაც განვიხილავდით სხვადასხვა საკითხს. ხშირად მეუბნებოდა ჩემი უფროსი, რომ მე უცხოელი ვარ და ამას ვერ გავიგებ, იმას ვერ ჩავწვდები და ა.შ. ეს არ მსიამოვნებდა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ისე მექცეოდა, როგორც უცხოელს. ერთხელაც, ისეთი რაღაც დაგვაბრალა მე და ჩემს თანამშრომლებს, რომ ძალიან გავბრაზდი და შევეპასუხე, - დედაჩემსაც კი არასდროს დაუბრალებია ასეთი რამ ჩემთვის. თუკი ოდესმე რამე შეცდომა დამიშვია, მიღიარებია კიდეც, შენ რატომ გვკადრებ ასეთ რამეს-მეთქი? შეპასუხება კი იქ თვითმკვლელობის ტოლფასია. მითხრა, - კი არ უნდა მიხსნიდე, ბოდიში უნდა მომიხადო და გაჩუმდეო. - მე მასწავლეს, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება, ორივე მხარემ თავისი აზრი უნდა გამოთქვას და ასე მიაღწიონ კონსენსუსს-მეთქი, - ვუთხარი. ასე დამეწყო გულის აცრუება. ამ თემაზე აქამდე არსად მისაუბრია. ყველამ იცის, რომ ხერხემალზე პრობლემა შემექმნა და იმიტომ დავანებე თავი იქ მუშაობას. კი, ხერხემალიც და წელიც მტკიოდა სულ ფეხზე დგომისგან, მაგრამ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი და გავაგრძელებდი კიდეც, რომ არა ზემოთ ხსენებული ფაქტი და ასევე ის, რომ ჩუმ-ჩუმად გვამოწმებდა მე და ჩემს ორ თანამშრომელ გოგოს. რა თქმა უნდა, სამივე გამოუცდელები ვიყავით და შეცდომების გარეშეც ვერ გავაკეთებდით საქმეს. მუდმივმა კონტროლმაც იმოქმედა და თითქმის 1 წლის თავზე წამოვედი რესტორნიდან...

GzaPress

კოსუკე

- 5 წლის წინ კოსუკე საქართველოში პირველად ჩამოვიდა, ჯერ ისევ შეყვარებულის სტატუსით (როგორ გავრისკე და წავიყვანე, ეგ არ მკითხოთ, მეც არ ვიცი). ჩავედით თუ არა, იმავე დღეს მამაჩემის ძმაკაცის დაბადების დღე იყო და წავედით. კოსუკემ პირველად დალია ქართული ღვინო, უფრო - დაალევინეს, ჩაასხეს... იქ რა ისაუბრეს, არ ვიცი, მაგრამ უცებ მოდის ჩემთან და მეუბნება, ქორწილის დღე შეარჩიეო. ქორწილი? როდის, რანაირად?! საერთოდ არ ვგეგმავდით ჯერ. მეორე დღეს წავედით ჩვენი მეგობრის შეყვარებულისთვის ნიშნობის ბეჭდის საყიდლად. რაკიღა იაპონიაში ბეჭდის ყიდვას ერთი თირკმელი კი არა, ორი და ერთი ფილტვიც დასჭირდებოდა, ამიტომ ვუთხარით, საქართველოდან წამოგიღებთო. ვიზომავ ბეჭდებს, ფოტოებს ვუღებთ და ვუგზავნით, რომ აარჩიოს ამ ბიჭმა. ერთ ბეჭედზე კოსუკემ, ძალიან გიხდება და მგონი, შენთვისააო. მოკლედ, ვიყიდეთ ბეჭედი, მაგრამ დიდი იყო და დავტოვეთ დასაპატარავებლად. რამდენიმე დღეში დედას უნდა გამოეტანა. სახლში ვსხედვართ, ვვახშმობთ და უცებ კოსუკე გაქრა. რამდენიმე წუთში ბრუნდება ოთახში, მეძახის და ცალ მუხლზე დგება... მართალია, ისეთი რომანტიკული არ იყო, მე რომ წარმომედგინა, ფლეშმობებითა და ცრემლებით, სიურპრიზებით, მაგრამ მაინც გამიხარდა. 29 აგვისტოს 5 წელი გახდა, რაც დავქორწინდით...

ნინო ჯავახიშვილი