კრიზისის თუ ფუფუნების ბიუჯეტი? - გზაპრესი

კრიზისის თუ ფუფუნების ბიუჯეტი?

"ბიუჯეტი" ძველი ნორმანდიული სიტყვაა და ქართულად "საფულეს" ნიშნავს. ის, თუ როგორ განკარგავს ადამიანი თავის საფულეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იგივე შეიძლება ვთქვათ სახელმწიფოზეც: სახელმწიფო ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ერთგვარი სარკეა. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ახალმა პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. ამ დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს ხარჯებს 2,46 მილიარდი ლარით ზრდის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომავალ წელსაც საგარეო ვალი იქნება, რაც 5,27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირდება, უფრო მეტიც, მთავრობის აპარატის სახელფასო ფონდი 60 მილიონი ლარით გაიზრდება და 1,61 მილიარდი ლარი გახდება. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს: პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია 20 ლარით მოიმატებს (70 წელს გადაცილებულ პენსიონერებისთვის - 25 ლარით), სოციალურად დაუცველი მოქალაქეები კი, 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორ აფასებენ ბიუჯეტის პროექტს ეკონომისტები, ოპოზიციის და ბიზნესის წარმომადგენლები? - ამის გარკვევა რამდენიმე მათგანთან ვცადეთ.

"რა საჭიროა ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა, როცა ქვეყანაში უმწვავესი კრიზისია?!"

ქეთევან კრიალაშვილი, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორის მოადგილე:

- უცნაურია, რომ წლევანდელ ბიუჯეტში 60 მილიონი ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები, თუ ამას შესყიდვების ხარჯებსაც დავუმატებთ, ნათელია, რომ ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც კრიზისის პერიოდში მყოფ ქვეყანას სჭირდება. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს - ბიზნესს წელს შემოსავალი არ ჰქონია. პირიქით, ბიზნესის ნაწილი საერთოდ გაჩერებულია, ხოლო ნაწილი - სახელმწიფოს დასახმარებელია. ამ ვითარებიდან გამომდინარე, პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად საშიშია, რადგან მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ 2021 წელს სერიოზული ინვესტიციები შემოვა. ამჟამად მოქმედი ინვესტორებიც სიტუაციას აკვირდებიან და ფიქრობენ - დარჩნენ თუ არა საქართველოში. ისიც საკითხავია, როგორ შეძლებს ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი გადასახადების გადახდას. ამ სიტუაციაში საზოგადოებას უჩნდება სავსებით ლოგიკური შეკითხვა: რა საჭირო იყო ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა, როცა ქვეყანაში უმწვავესი კრიზისია?! მით უმეტეს, ბიუროკრატიული აპარატის უმეტესობა სახლში ზის და არ მუშაობს. პანდემია უმეტესად იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში არ არიან დასაქმებული. მან ყველაზე მეტად მცირე და საშუალო მეწარმეები დააზარალა. აშკარაა, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, პირიქით, შეიძლება ისევ ორნიშნა ეკონომიკური კლება გვქონდეს, ამ ვითარებაში ნებისმიერი არამიზნობრივი ხარჯი ძალიან საშიში და საგანგაშოა. მაშინ, როცა ბიზნესს ქამრები მოაჭერინეს ან გააჩერეს, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და თანხის სწორად განაწილება. მივესალმები, რომ პენსიების და პედაგოგთა ხელფასების ზრდა აქვთ დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ლამის პარალიზებულია, ინფლაცია ამ დანამატს ერთიანად "შეჭამს". პანდემიაც რომ არ იყოს, ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ბიზნესი გააძლიეროს, ჩვენთან ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და შედეგიც შესაბამისი გვაქვს: ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, რადგან ბიზნესი იძულებული გახდა, თანამშრომლების ნაწილი სახლში გაეშვა. ჩვენ არ ვიცით 2021 წელს რა გველოდება, არც ის ვიცით, კრიზისი რამდენ ხანს გასტანს. მომავალ წელს საგარეო ვალიც კრიტიკულ ნიშნულზე იქნება და რომ გაგვიჭირდეს, ახალ სესხს აღარავინ მოგვცემს. ამ ავადსახსენებელმა ლოკდაუნებმა მოსახლეობა კიდევ უფრო გააღატაკა, თუმცა, რეალური შედეგი ვერ მოიტანა: საერთოდ, ლოკდაუნს იყენებენ, როგორც მოსამზადებელ ეტაპს ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად. გაზაფხულზე ყველა გაჩუმებული ვიყავით და ველოდით, რომ ჯანდაცვის სისტემა ე.წ. მეორე ტალღისთვის მოემზადებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ პირველი ლოკდაუნი სწორად ვერ გამოიყენა და საქართველო აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა "კოვიდ 19"-ის მეორე ტალღას. ფაქტი ჯიუტია: ეს ალოგიკური, აუხსნელი ლოკდაუნები ინფექციის გავრცელებას ხელს სულაც არ უშლის, სამაგიეროდ, ეკონომიკას ასუსტებს და კლავს.

"არც ფუფუნებას იკლებენ, არც მანქანებს და რბილ ავეჯს"

GzaPress

რომან გოცირიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

- პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ვერც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს აუარა გვერდი. პანდემიამ 2020 წლის ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. სწორედ მძიმე ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავს 2021 წლის ბიუჯეტის ძირითად შინაარსს. 2020 წლის ბიუჯეტის კანონით, მისი შემოსავლების რაოდენობა 14,554 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, ცვლილების შემდეგ კი კვლავ იზრდება და 18,420 მილიარდი გახდება. ეს ზრდა ნასესხები ფულით არის განპირობებული. რომ არა საერთაშორისო დახმარება, საქართველოს ფინანსური სისტემა სულ ჩამოიშლებოდა. ბიუჯეტის შემოსავლები წელს უპრეცედენტო მოცულობის საგარეო და საშინაო ვალის აღებით გაიზარდა. ბიუჯეტში მოზიდული საგარეო ვალის ჯამური მოცულობა 6,187 მილიარდი ლარია, ხოლო საშინაო ვალი - 1,850 მილიარდი ლარი. წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი ფორმირებული იყო შემოსავლების არასაკუთარი წყაროებიდან. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

ეს საგანგებო, გადარჩენის წელი უნდა ყოფილიყო ასეთივე ბიუჯეტით, ხელისუფლებამ კი, მიმდინარე წლის კოპირებული ბიუჯეტი შემოგვთავაზა. უფრო მეტიც - 2021 წლის ბიუჯეტი არაეფექტიანი, მფლანგველური და უზნეოც არის. რატომ ვამახვილებ ყურადღებას მიმდინარე წლის ბიუჯეტზე? - იმიტომ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ძალიან ჰგავს მიმდინარეს შემოსავლის წყაროებით, ხარჯებით და დაშვებული შეცდომებითაც. ნაცვლად იმისა, რომ ნასესხები ფული პანდემიასთან ბრძოლას, ეკონომიკის გაძლიერებას და მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას მოხმარდეს, მისი დიდი ნაწილი ბიუროკრატიული, უსარგებლო, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესის დაფინანსებაში უნდა დაიხარჯოს. ქვეყანა ამხელა საგარეო ვალს იღებს და ბიუჯეტში ყველა ის ხარჯი შეინარჩუნეს, რაც "მშვიდობიან" წლებში ჰქონდათ. სახელმწიფო მოხელეების ხელფასებიც კი იზრდება. რას ამცირებენ? - მხოლოდ მივლინებების და სტუმარ-მასპინძლობის ხარჯებს და ეს ბუნებრივიცაა: "კოვიდ 19"-ის გამო უცხოეთში ვერავინ მიდის და აქაც არავინ ჩამოდის. სხვა ყველაფერი ძველებურადაა - არც ფუფუნებას იკლებენ, არც მანქანებს და რბილ ავეჯს... "ქამრების შემოჭერის" ცნება საერთოდ გაქრა ხელისუფლების ლექსიკონიდან!

"გვაკრიტიკებენ, ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდაო - საგანგაშოდ არაფერი გაზრდილა"

GzaPress

პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი:

- კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იგრძნობა, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. აქაც, ისევე როგორც ყველგან, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. ამ ფონზე ჩვენი ბიუჯეტი დაბალანსებულია იმ გაგებით, რომ ყველა ძირითადი სოციალური პროგრამა ფინანსდება. პენსიები და ხელფასებიც მატულობს. პანდემიის დროს ვინც უმუშევარი დარჩა, ბიუჯეტში მათი დახმარებაც გათვალისწინებულია. ამასთან, შენარჩუნებულია კაპიტალური ხარჯები და ყველა ის მიმართულება, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, დღევანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ კარგი ბიუჯეტია. ის სავალუტო ფონდთანაც არის შეთანხმებული და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებთანაც - ისინი ამ ბიუჯეტით კმაყოფილი არიან.

ოპონენტები გვაკრიტიკებენ, ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდაო - საგანგაშოდ არაფერი გაზრდილა. უბრალოდ, ხალხს აღიზიანებენ და ცდილობენ, ამ უაზრო თემებით ყურადღება მიიქციონ. სახელმწიფო სექტორში ხელფასები ნეტავ კი იზრდებოდეს - მერიებში, რეესტრში, ხალხს 400-500 ლარი აქვს ხელფასი, ისინიც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან? ამ ფულზე ვინ იმუშავებს, მაგრამ ამ წუთებში მეტი გასაქანი არ გვაქვს და ისინიც მუშაობენ. ოპოზიციას ბიუჯეტის პროექტის დაკვირვებით წაკითხვა არ უნდა, რამდენიმე სიტყვას დაიჭერენ, მერე გამოდიან და მთელი ხმით გაჰყვირიან - ბიუჯეტის თანხა არასწორად არის განაწილებულიო... ყურადღებით ჩაიხედეთ, რა ნაშრომი და ნაწვალებია ეს დოკუმენტი! რომ იძახიან - პენსიები უფრო მეტად გავზარდოთო, ადგილობრივი თვითმმართველობა სულ რომ გავაუქმოთ, პენსიებს 20 ლარზე მეტად ახლა ვერ გავზრდით.

გვაკრიტიკებენ, რომ საგარეო ვალი იზრდება... მთავარია, ვალი მთლიანი შიდაპროდუქტის 60 პროცენტს არ აჭარბებდეს, ჯერჯერობით ჩვენ 60 პროცენტზე ვართ, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის, მაგრამ დამიჯერეთ, რაღაც სასწაული და საშინელებაც არ ხდება. მჯერა, რომ 2022 წლის ბიუჯეტი უკვე განვითარების ბიუჯეტი იქნება. ჩვენ თანდათან უნდა დავიწყოთ ვალის შემცირება, მაგრამ ეს ახლავე ვერ მოხერხდება: რატომ? - ერთი "უბრალო" მიზეზის გამო - მომავალი წლის ბიუჯეტი კრიზისის ბიუჯეტია და არა განვითარების.

ხათუნა ჩიგოგიძე