"მომხმარებლები ფლირტის ობიექტად არ აღმიქვამენ, რაც ძალიან მომწონს" - გზაპრესი

"მომხმარებლები ფლირტის ობიექტად არ აღმიქვამენ, რაც ძალიან მომწონს"

29 წლის მარიამ ბერძენიშვილი, რომელიც საზოგადოების ნაწილს ალბათ, იუმორისტული სკეტჩებიდან და მოცეკვავის ამპლუაში ახსოვს, ამჟამად გარაჟში მუშაობს - დითეილერი გახლავთ... გადავწყვიტეთ, მარიამის ამჟამინდელი პროფესიის შესახებ მეტი შეგვეტყო.

- მარიამ, გვითხარი, დითეილერის საქმიანობა რას მოიცავს?

- ავტომობილებზე ზრუნვას, დეტალებში ჩაღრმავებას, ინტერიერსა და ექსტერიერზე კოსმეტიკას (პოლირება, რესტავრაცია...).

- ამ სფეროში როგორ მოხვდი?

- დიდი ხანია, ჩემი მეგობარი ამ სფეროში მუშაობს. ერთ-ერთი პროდუქტის რეკლამის გადაღებაში მონაწილეობა შემომთავაზა. რეკლამის განსახილველად რომ მივედი, მთხოვა, დითეილინგიც მეცადა - იქნებ გამოგივიდესო. ვცადე და მაგრად გამომივიდა, თუ საკუთარი თავის ქებაში არ ჩამომართმევთ (იღიმის). მოკლედ, რეკლამა ვერ გადავიღეთ, მაგრამ გარაჟში შემოვრჩი.

GzaPress

- ამ საქმემ დაგაინტერესა?

- ავტომოყვარული არასოდეს ვყოფილვარ. მართვის მოწმობაც კი არ მაქვს. მანქანებში დიდად ვერც ვერკვეოდი, მაგრამ დითეილინგი ისეთი საქმიანობაა, რომ თუ ერთხელ მოგეწონა, მგონი, თავს ვეღარ დაანებებ. ვფიქრობ, შემიძლია, მთელი ცხოვრება ეს საქმე ვაკეთო. თურმე ავტომობილების მოვლასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები ყოფილა, რომლის შესახებ ბევრ ავტომოყვარულსაც კი წარმოდგენა არა აქვს. ეს საქმე მომეწონა - საინტერესოა და ნებისყოფის გამომუშავებაშიც მეხმარება.

- საქმის სრულფასოვნად დასაუფლებლად რამდენი დრო დაგჭირდა?

- ეს სფერო ისე ვითარდება, რომ როცა გგონია, ისწავლე და ამოწურე, უცებ ახალი პროდუქტი გამოდის, ახალი სერვისი ემატება და გადამზადებას, სწავლას ხელახლა იწყებ... ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ მუშაობა პირველსავე თვეს დავიწყე - საქმე მალე ავითვისე.

- დღის განმავლობაში რამდენი ავტომობილის მოწესრიგებას ასწრებ?

- სხვათა შორის, ბევრის - არა. ძირითადად ვცდილობ, დღის განმავლობაში ერთი ავტომობილი "ავიღო" და მასზე ვკონცენტრირდე, მაგრამ ზოგჯერ მომხმარებელს ეჩქარება. ასეთ შემთხვევაში სამსახურში ადრე მივდივარ, შინ კი გვიან ვბრუნდები, რომ 2 ავტომობილის მოწესრიგება მოვასწრო. დღეში 3 ავტომობილიც "გამიშვია", მაგრამ ეს რთული და დამღლელია.

- მუშაობისას რა სირთულეს აწყდები?

- მაგალითად, პოლირებას თავისი სპეციფიკა აქვს: მნიშვნელოვანია, ავტომობილი როგორი შეღებილია, რა მდგომარეობაშია... არც ერთი ნაკაწრი არ უნდა გამოგეპაროს, მუშაობისას ავტომობილი არ უნდა დააზიანო: მაგალითად, როცა მანქანის ინტერიერს წმენდ, საწმენდი საშუალება იმ რაოდენობით არ უნდა გამოიყენო, რომ ტყავი დაზიანდეს. იმავდროულად, არც ერთი ნაკერი არ უნდა გამოგრჩეს გასასუფთავებელი... სირთულეს რაც შეეხება, სიმძიმის აწევა მიჭირდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე. მაგალითად, თავდაპირველად, მაღალი წნევის აპარატთან მუშაობა რთული იყო - უკან მაგდებდა. ახლა ჩვეულებრივად ვიყენებ.

- ყველაზე ხშირად, რა ტიპის მომსახურებას ითხოვენ?

- ჯერჯერობით საქართველოში დითეილინგის კულტურა არ არსებობს, მაგრამ ვცდილობთ, სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ. უმეტესად, ინტერიერის დითეილინგზე, პოლირებასა და კერამიკაზეა მოთხოვნა. კერამიკა ავტომობილს მზის ზემოქმედებისგან, ნაკაწრებისგან და საერთოდ, გარეგანი დაზიანებისგან იცავს, რაც ბევრმა არ იცის.

GzaPress

- მუშაობისას ავტომობილის მარკას მნიშვნელობა აქვს?

- დიდად არა. პოლირებისას მუქი მანქანები ბევრად რთული სამუშაოა, ინტერიერის მოწესრიგებისას ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაგალითად, საზღვარგარეთიდან ახალი ჩამოყვანილი ავტომობილები ძალიან დაბინძურებულია, დიდი ხნის ლაქები აქვს. ამ შემთხვევაში, საქმე უფრო შრომატევადია.

- მუშაობისას შენს ჯანმრთელობას საფრთხე ხომ არ ექმნება?

- არა. საჭიროების შემთხვევაში, რესპირატორით, ხელთათმანებით ვმუშაობ. ბიჭები ძალიან მეხმარებიან: ცდილობენ, ისეთი საქმე არ გამაკეთებინონ, რაც ზედმეტად დამტვირთავს. ყველა მხარში მიდგას და მეც ვცდილობ, საქმეში მათ არ ჩამოვრჩე, ზედმეტად არ შევაწუხო და ავტომობილს რომ მივიღებ, თავადვე მოვაწესრიგო.

- თქვენს გარაჟში ერთადერთი გოგონა ხარ?

- არა. ახლახან ტყავის რესტავრატორი გოგონა მივიღეთ. დითეილინგის მიმართულებით - კი, ჩვენს გარაჟშიც და მგონი, საქართველოშიც ერთადერთი გოგო ვარ.

- ბიჭებს ბილწსიტყვაობა უყვართ. ამას როგორ შეეგუე?

- (იცინის) თავიდანვე გავაფრთხილე, რომ ბილწსიტყვაობა არ მიყვარს, მაგრამ ძალიან მეგობრული გარემო გვაქვს. ასაკით ჩემზე უმცროსები არიან - და-ძმებივით ვართ. ერთმანეთს მივეჩვიეთ.

- მომხმარებლებს შენ მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- თავიდან, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ჩემი იქ ყოფნა ეუცნაურებოდათ და გარაჟში მოსულები მეუბნებოდნენ, - ბიჭებს დაუძახეო. ახლა რომ მოდიან, მეუბნებიან, - მარიამ, შეგიძლია, ჩვენი მანქანა ნახოო (იღიმის)?.. როცა ჩემ მიერ მოწესრიგებული ავტომობილის წასაყვანად მოდიან, ხშირად საჩუქრები მოაქვთ, პატივისცემის ნიშნად. აღნიშნავენ - მუშაობისას დეტალებს გოგო მეტად აქცევს ყურადღებასო. მომხმარებლები ფლირტის ობიექტად არ აღმიქვამენ, რაც ძალიან მომწონს.

- მუშაობისას რაიმე დეტალი ხომ არ გაგფუჭებია, თუნდაც - თავდაპირველად, როცა მუშაობა დაიწყე?

- ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ მქონია, რის გამოც ბედნიერი ვარ, რადგან ასეთ საკითხებში ძალიან ემოციური ვარ, განვიცდი ხოლმე. სხვათა შორის, მუშაობის პირველ დღეს მომატყუეს, თითქოს რაღაცა გავაფუჭე. ძალიან ვინერვიულე. აღმოჩნდა, რომ მეხუმრებოდნენ (იცინის).

- როგორი სამუშაო რეჟიმი გაქვს?

- დილის 10 საათზე უკვე სამსახურში ვარ. საერთოდ, საღამოს 6-მდე ვმუშაობთ, მაგრამ თუ მომხმარებელს შეჰპირდები, რომ მოწესრიგებულ ავტომობილს საღამოს გაატან, ასეც უნდა მოიქცე - საქმე უნდა მოასწრო. პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობაა საჭირო. ამიტომ შესაძლოა, საღამოს 10 საათამდეც ვიმუშაო... უამრავი მომხმარებელი გვყავს. მაგალითად, ოქტომბერში მხოლოდ 2 დღე დავისვენე, რადგან ბევრი ავტომობილი მივიღე. ეს ცოტათი რთულია, რადგან ადამიანი ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. მუშაობისას დაღლილობას ვერ ვგრძნობ. მხოლოდ დღის ბოლოს ვხვდები, რომ დავიღალე...

- როგორც ვიცი, მოცეკვავე ხარ, იუმორისტულ სკეტჩებშიც მონაწილეობდი... ეს სფეროები აღარ გაინტერესებს?

- როგორ არა! ცეკვაც ძალიან მიყვარს, გადაღებებზეც ვგიჟდები!.. პანდემიამდე, 6-7 თვე კვიპროსში ვიყავი (ვცეკვავდი). საქართველოში დაბრუნებულმა 1-2 გადაღებაში მონაწილეობა მოვასწარი... მერე პანდემია დაიწყო და ეს სფეროები თითქმის "გაჩერდა"... ცეკვას, გადაღებებს ალბათ, ვერასოდეს შევეშვები.

- დითეილერად შენი მუშაობა შემოსავლის წყაროს აუცილებლობამ განაპირობა?

- არა. სანამ გარაჟში მუშაობას დავიწყებდი, მანამდე ესთეტიკის ცენტრში, ოფის-მენეჯერად ვმუშაობდი. უბრალოდ, დითეილინგი მართლა საინტერესოა. ვფიქრობდი, აქამდე რატომ არ ვიცოდი ასეთი საინტერესო პროფესიის არსებობის შესახებ-მეთქი? რა თქმა უნდა, შემოსავალიც მნიშვნელოვანია.

- რამდენად შემოსავლიანი საქმეა?

- საკმაოდ შემოსავლიანია, ოღონდ ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: საერთოდ, ავტომოყვარულების ძირითადი ნაწილი დითეილერისგან მაღალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოს ელის. თუ ხარისხზე ორიენტირებული ხარ, შემოსავალიც კარგია.

- ალბათ, სამუშაო ტანსაცმლის შერჩევისას მთავარია, კომფორტული სამოსი გეცვას. არ გენატრება ლამაზ კაბაში გამოწყობა, მაკიაჟი?..

- კი. ძალიან! გარაჟში მუშაობისას კაბის ჩაცმა გამორიცხულია - ვერ იმუშავებ. მაგალითად, დღეს დილით მომინდა, ქალად მეგრძნო თავი: ტუჩსაცხი წავისვი, წამწამები "ავიტუშე", მაგრამ სამუშაოა დღის ბოლოს უკვე ქალს აღარ ვგავარ - "პომადა" "გადამძვრალი" მაქვს (იცინის). შილაკი, სალონში სხვადასხვა პროცედურა როგორია, დამავიწყდა. ერთადერთი ის მოვახერხე, რომ ჩემთვის თავის მოსავლელად შესაბამისი აპარატურა, თავის მოვლის საშუალებები ვიყიდე, მაგრამ მოწესრიგებას მაინც ვერ ვახერხებ, მაინც მოკლე ფრჩხილები მაქვს... მხოლოდ თმას ვიღებავ, რომ "ბომჟს" არ დავემსგავსო (იცინის)... სამუშაო რეჟიმს თუ მიჰყვები, ყველაფერს მოახერხებ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ შევძელი.

- როგორც ვიცი, დაოჯახებული ხარ. ვინ არის შენი მეუღლე და როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა დითეილერად მუშაობა დაიწყე?

- ჩემი მეუღლე - ნოდო პერანიძეც მოცეკვავე გახლავთ. თავდაპირველად ვერ გაერკვა, სამუშაოდ სად მივდიოდი, რა უნდა გამეკეთებინა. დღემდე მეღადავება... ჩემი პროფესიის სახელი ვერ დაიმახსოვრა და ხშირად "მალიარს" მეძახის, რაც დითეილერობასთან არანაირ კავშირში არ არის (იცინის). მეუღლეს ჩემი საქმე მოსწონს და ცდილობს, მხარში ამომიდგეს. მაგალითად, სამსახურიდან შინ თუ თავად მიმასწრო, საჭმელს დამახვედრებს ხოლმე. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ბიჭი მყავს (იღიმის).

- როგორც ვიცი, ერთხანს ჩინეთშიც ცხოვრობდი. ცოტა რამ ამ პერიოდზეც გვიამბე...

- ჩინეთში გამგზავრება სპონტანურად გადავწყვიტე. აზიის ქვეყნები ყოველთვის მომწონდა. გამგზავრების შანსი რომ გამიჩნდა, უარი არ ვთქვი. ჩინეთში ძირითადად, ვცეკვავდი. ასევე, შოუებში, გადაღებებში ვმონაწილეობდი... ძალიან საინტერესო იყო! იქ 3 წელი ვიცხოვრე. საქართველოში დაბრუნებას არც ვაპირებდი. უბრალოდ, ვიზის გასაგრძელებლად ჩამოვედი და რატომღაც, შემოვრჩი... შემდეგ მომინდა, ცოტა ხანს ბათუმში მეცხოვრა, მერე კვიპროსში გავემგზავრე... ჩინეთი ძალიან მენატრება. დღეს ასეთი სიტუაცია რომ არ იყოს, კიდევ ერთხელ გავემგზავრებოდი...

ეთო ყორღანაშვილი