პოლიტიკის გამო გაფუჭებული ურთიერთობები - გზაპრესი

პოლიტიკის გამო გაფუჭებული ურთიერთობები

სახელი, გვარი: ნინი გრძელიშვილი.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (ბაკალავრი). სწავლობს საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მაგისტრატურა).

ამჟამინდელი საქმიანობა: არის მოდელი. მონაწილეობს სამოდელო სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში. ასევე, ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში მუშაობს რეკრუტინგის მიმართულებით, პარალელურად - ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს.

ჰობი: თეატრი და ოპერა.

- რამდენიმე ფრაზით გვითხარი, როგორი გოგო ხარ?

- საკუთარ თავზე საუბარი რთულია - არ მინდა, ქედმაღლურად ნათქვამი გამომივიდეს... ვფიქრობ, ჩემი ასაკის კვალობაზე, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც გამიკეთებია. პირადად მე, ჩემი ცხოვრების სტილით კმაყოფილი ვარ: დამოუკიდებელი გახლავართ. მიმაჩნია, რომ საღად და პროგრესულად ვაზროვნებ. მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ყოველ ახალ საქმეს, უპირველეს ყოვლისა, ენთუზიაზმით ვუდგები და არა - სარგებლის მიღების გამო. ძალიან პრინციპული ვარ. უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ცოტათი მიჭიანურდება. ძალიან ერთგული ვარ: მეგობრობაში, სიყვარულში, საქმიანობაში. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დადებითი თვისებება... ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უინტერესო პიროვნება არ ვარ (იღიმის).

- საღამოს 9 საათის მერე რას აკეთებ ხოლმე?

- სამუშაო დღეს საღამოს 7 საათზე ვასრულებ, შემდეგ ან წიგნს ვკითხულობ, ან - სერიალებს ვუყურებ, თუმცა ბოლო დროს, უფრო ხშირად ვკითხულობ, რადგან მთელი დღე ისედაც კომპიუტერთან ვარ და მინდა, ეკრანს ცოტა ხნით მოვცილდე.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- ალბერტ კამიუს "უცხოს" კითხვა დავასრულე. ახლა ოშოს "ცარიელ ნავს" ვკითხულობ, რომელიც საკმაოდ "სხვა სიმაღლეებია". ვფიქრობ, ამის წაკითხვა ჯერ ადრე ხომ არ არის-მეთქი? ვნახოთ, ახლახან დავიწყე...

GzaPress

- პანდემიის გამო, პირველად გამკაცრებული რეგულაციების გამო, როგორი განწყობა გქონდა და ახლა რას გრძნობ?

- წინა "ჩაკეტილობა" ისეთი ახალი, უცხო იყო, რომ მაშინ ბევრად გამიჭირდა, რადგან უცბად, ყველაფერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ახლა თითქოს მივეჩვიე კიდეც, მაგრამ პროტესტის ბევრად მძაფრი შეგრძნება მაქვს, ვიდრე პირველი "ჩაკეტილობისას" მქონდა. ალბათ, პირველად ყველას გვჯეროდა, რომ ეს გარდაუვალი, აუცილებელი იყო. მთელ მსოფლიოში მსგავსი სიტუაცია სუფევდა. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ მომავალი უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ეს მომავალი ბევრად უარესი დადგა. შესაბამისად, ამ ყველაფრის აზრს ვეღარ ვხედავ და მძაფრი შინაგანი პროტესტი მაქვს...

- დღის განმავლობაში რას აკეთებ?

- დილაობით ლექციები მაქვს, დისტანციურ რეჟიმში. უნივერსიტეტში ჯერ არ ვყოფილვარ. შემდეგ ვმუშაობ, საღამოს კი - ვისვენებ.

- ჯერ საუზმობ თუ სოციალურ ქსელს სტუმრობ?

- სოციალური ქსელი პირველ ადგილზეა, რადგან ლექციები დილით ადრე მაქვს. დილით გაღვიძება ჩემი ტკივილია - ვერანაირად ვერ შევეჩვიე, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ადრე ვიძინებ. ამიტომ გამოსაფხიზლებლად ჯერ სოციალურ ქსელში შევდივარ.

- თანატოლებთან ყველაზე ხშირად, რის გამო კამათობ?

- ისე გამოვიდა, რომ ჩემ ირგვლივ ჩემი ასაკის ახალგაზრდები ნაკლებად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის ხარისხიც პოლიტიკურ მეცნიერებებში მაქვს და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტიც ამ თემებს აქტიურად ეხება, მაინც მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდების მეტი "ჩართულობაა" საჭირო. ამაში ახლო მეგობრებიც კი არ მეთანხმებიან. ძირითადად, ჩვენი კამათის თემა ის არის, რომ მეუბნებიან, - ზედმეტად აქტიური, ანგაჟირებული ხარ, რად გინდა? "დაიკიდეო". ეს არ გამომდის. მგონია, არც უნდა გამომდიოდეს და მიმაჩნია, რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა: ჩვენ, მომავალი თაობა პოლიტიკაში აუცილებლად ჩართული უნდა ვიყოთ, მით უმეტეს - როცა ასეთი პოლიტიკური ფონი გვაქვს...

- პოლიტიკის გამო, ვინმესთან ურთიერთობა გაგფუჭებია?

- ბევრ ახლობელ ადამიანთან... სიმართლე გითხრა, მინანია კიდეც - იქნებ ზედმეტად ხისტი ვარ? უფრო "მსუბუქად" თქმაც შეიძლებოდა-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა ან მათ არ გამოუვიდათ. მაქსიმალურად ვცდილობ, დელიკატური ვიყო, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც "მეკეტება" (იღიმის).

- შენთვის სამაგალითო ძლიერი ქალის ვინ არის?

- დედაჩემი. ეს არის ადამიანი, ვინც ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღე მაოცებს. ჩემთვის გმირი დედის მოდელია - პირველ რიგში, იმიტომ, რომ დედისერთა ვარ, მან უმამოდ გამზარდა. თან, ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა და რეალურად, ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება უფრო გვაქვს, ვიდრე დედაშვილური. ტაბუირებული თემა არ არსებობს, რომელზე საუბარიც მასთან მეუხერხულება ან ვიფიქრებ, რომ ვერ გამიგებს, განმსჯის, გვერდში ვერ დამიდგება... უპირველეს ყოვლისა, ჩემი საუკეთესო მეგობარია, შემდეგ - დედა. პატარა ასაკში ბავშვით მარტო დარჩენილმა რაც შეძლო, ვფიქრობ, რომ ეს ერთეულებს შეუძლიათ. ალბათ, მე ვერ შევძლებდი...

- პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის რომელ ფაქტებს აწყდები ყველაზე ხშირად?

- ალბათ, რაც ყველაზე თვალში მოსახვედრია, ნიღბის არასწორი ტარებაა. წინა შეზღუდვებისას, სანამ სიტუაცია გართულდებოდა, მეც იმ ადამიანებს შორის ვიყავი, ვინც ამ საკითხს არასერიოზულად ეკიდებოდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასე იყო: შეიძლებოდა, ერთი კვირა ისე გასულიყო, რომ ჩანთაში ერთი სამედიცინო ნიღაბი მქონოდა, რომელსაც შენობაში შესვლისას ვიკეთებდი, მერე კი - ისევ ჩანთაში ვდებდი. მგონია, რომ ახლა ნიღბის ტარების კულტურაც ჩამოგვიყალიბდა. ვხვდებით, ეს ისევ ჩვენთვისაა საჭირო და თუ ნიღაბს ვიყენებთ, სწორად უნდა გამოვიყენოთ. დიდ დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ სხვა გზა არ არის.

- საჭესთან მჯდომი, გაბრაზებულ გულზე ყველაზე ხშირად, რას ამბობ?

- ამას ვერ გეტყვი, რადგან რაც საჭესთან დავჯექი, ტაქსის მძღოლივით ვიგინები (იცინის). საოცრად ნერვული ვხდები - ვერც თავს ვაკონტროლებ და ვერც - ლექსიკას.

- ავტომობილის მართვისას ყველაზე მეტად, რა გაღიზიანებს?

- მოგეხსენებათ, დასახლებულ პუნქტებში სიგნალი მიღებული არ არის - მართვის წესები რომ ვისწავლე, იქ გარკვევით ეწერა, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დასახლებულ პუნქტში სიგნალის გამოყენება არ შეიძლება. პირველი, რაც მაღიზიანებს, სწორედ გაუთავებელი სიგნალია! ასევე, ჩემს გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, როდესაც გზაზე 4 ზოლია, "ჩემს ზოლში" მივდივარ, ამ დროს ვიღაც "მისიგნალებს" თუ რაღაც არ მოსწონს ან ვერ ეტევა, თავად გადავიდეს... სისწრაფის თემაც გამაღიზიანებელია: ბევრჯერ ავტომობილს ისე ჩაუქროლია, რომ ძალიან დავბნეულვარ... ამიტომ ვცდილობ, ავტომობილის მართვისას მუსიკას ხმა ავუწიო, ასეთ დროს სიგნალის ხმა აღარ მესმის. შესაბამისად, არ ვრეაგირებ, რის გამოც მძღოლებისგან რეპლიკებს ვიღებ და არის მთელი ამბავი (იცინის). ვცდილობ, არ ავყვე, მაგრამ არ გამომდის...

GzaPress

- დაასახელე ღირსეული ქართველი მოქმედი პოლიტიკოსი...

- დიდად არავის ვეთაყვანები, მაგრამ პირველი, ვინც გამახსენდა, ზურა ჯაფარიძეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რომლის იდეებსაც ვიზიარებ. ვფიქრობ, ჩვენს რეალობაში ერთ-ერთი პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსია.

- პაემანზე ბოლოს როდის იყავი?

- ვაიმე, პაემანი რა არის? აღარ მახსოვს (იცინის). პაემანზე რომ წახვიდე, პირველ რიგში, უნდა დაგპატიჟონ, კარგი, მაგრამ სად მიდიხართ? მსგავსი შემოთავაზება ყოფილა. ამ დროს ლოგიკური კითხვა ჩნდება: პაემანი - სად? ეს "სად" აღარ არსებობს: ვერც კაფეში დაჯდები, ვერც თეატრში წახვალ... სურვილიც რომ გქონდეს, სად უნდა წახვიდე, რა უნდა გააკეთო, ვერ ვხვდები. ამიტომ მაქსიმალურად თავს ვიკავებ. როგორც გვეუბნებიან, სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ. შესაბამისად, საკონტაქტო პირების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანე.

- რა არის შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- სიყვარული, ერთგულება და ნდობა - ნებისმიერ ურთიერთობაში, საქმიანობაში... ამის გარეშე, უბრალოდ, აზრი არაფერს აქვს: როდესაც რაღაც საქმეს აკეთებ, მიმაჩნია, რომ სიყვარულით უნდა აკეთო; უნდა ენდობოდე, თუნდაც - დამსაქმებელს... პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე მივიყვანო, დაკისრებული საქმე ღირსეულად და დამოუკიდებლად შევასრულო. უბრალოდ, სათქმელადაც რომ მქონდეს, დამოუკიდებლად მივაღწიე-მეთქი და ჩემთვის "წამოსაძახებელი" არავის არაფერი ჰქონდეს... ჯერჯერობით 22 წლამდე ასე მოვდივარ...

ეთო ყორღანაშვილი