"ჩვენ არ უნდა დავბადებულიყავით, ასე ჰქონდა თურმე მამას გადაწყვეტილი..." - გზაპრესი

"ჩვენ არ უნდა დავბადებულიყავით, ასე ჰქონდა თურმე მამას გადაწყვეტილი..."

ქვემო ქართლში, სადაც ბევრი ეკომიგრანტია ჩასახლებული, ერთი დღით ჩავედი და საინტერესო ადამიანებს შევხვდი. 36 წლის გია ტყუპისცალია და თავის ძმასთან ერთად ვნახე სოფლის მაღაზიის წინ. უფრო სწორედ, ძმას ძმა მიჰყავდა ეტლით. მართალია, ქვემო ქართლში ჩასვლის მიზეზი სხვა რამე იყო, მაგრამ რამდენიმე წუთი მაინც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გავცნობოდი მათ. გუმანით მივხვდი, "სოციალური თემა" მეჭირა ხელთ, ამიტომ რამდენიმე კითხვა დავუსვი. გიამ თქვა, მე ლაპარაკი მეხერხება, ხვიჩას წერა და ჩვენს ამბავს ერთად მოგწერთო. საჩქაროდ ტელეფონის ნომერზე მივწერე ელექტრონული ფოსტის მისამართი და მომდევნო საღამოს ელექტრონული ფოსტის სინქრონიზაციისთანავე ახალი წერილი ამოტივტივდა...

"ჩვენ არ უნდა დავბადებულიყავით, ასე ჰქონდა თურმე მამას გადაწყვეტილი. სამსახურის გამო, დრო არც მას ჰქონდა, არც დედას. მაშინ ყველა მუშაობდა და იმასაც ყველა ხვდებოდა, საბჭოეთი მალე დაიქცეოდა. არავინ იცოდა, რას მოიტანდა შემდეგი წლები. ამიტომ, მამას უთქვამს დედასთვის, რომ აბორტი გაეკეთებინა. დაგვიანებული აღმოჩენილა. ექიმს უთქვამს, ნაყოფი დიდია და ვერ გავრისკავთო. შესაძლოა, ტყუპის მუცლად ყოფნა ვერ განსაზღვრა ექიმმა და ედიდა ან სულაც - შევეცოდეთ... ამაზე ხშირად გვისაუბრია ძმებს და ყოველთვის იმას ვამბობთ, ექიმს არ შეეშლებოდა და დაგვინდო. ვინ იცის, ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სამზეო ვერ გვენახა და კანალიზაციის ნაკადს სადღაც ისე მიველამეთ, როგორც ათასი სიბინძურე. ოთხი და ექვსი წლით უფროსი და-ძმა გვყავს. სავარაუდოდ, ამ "გენდერული" ბალანსის გამო აღარ უნდოდა მამას სარჩენის და თავის ტკივილის დამატება. დავიბადეთ და წარმოგვიდგენია, რა სახე ექნებოდა მამას, როცა ერთის ნაცვლად, სახლში ორი სული ვემატებოდით. ეს კიდევ არაფერი, ორივე ძმა დეფექტებით დავიბადეთ: ერთს - ფეხის წვერებით სიარული, ისიც ცოტა ხნით და დანარჩენი დრო ინვალიდის ეტლში, მეორეს - სიელმე დაგვებედა. ძალიან განსხვავებულები ვართ: ერთი თეთრი, მეორე შავგვრემანი; ერთს ტკბილი, მეორეს მლაშე გვიყვარს; ერთს ლაპარაკი, მეორეს წერა გვირჩევნია; ერთი ვერცხლისწყალივით მოძრავი, მეორე თითქმის ცოცხალი კუნძია...

სკოლაში როცა მივედით, ორივე ყურადღების ქვეშ მოვექეცით. მაშინ ვინ იცოდა, როგორ უნდა მოგვქცეოდნენ. ორივეს ჩვენი გასაჭირი გვქონდა. ახლა სათითაოდ მოგწერთ ჩვენს სათქმელს.

ხვიჩა:

"მე ფეხის წვერებით დავდიოდი, ისიც ძალიან ცოტას. როცა საკლასო ოთახში მიგვიყვანდნენ მშობლები, ცოტას ვმოძრაობდი. რადგან გამხდარი ვიყავი, მაშინ იოლი იყო გადაადგილება. ახლა წონაშიც მოვიმატე და თითქმის აღარ დავდივარ. ჩემს ძმას გავყავარ ეზოში ან მაღაზიამდე. იმის იქით არასდროს, თუ ექიმთან არ მომიწია წასვლამ. ტანსაცმელსაც გია ყიდულობს ჩემთვის და მეც არასდროს ვიწუნებ ან ვის უნდა მოვაწონო თავი? ესე მეხუმრება ხოლმე, ჩემნაირი მხედველობის პატრონის არჩეული ეგებ, არ მოგეწონოსო, მაგრამ ძმის გემოვნებასაც ვენდობი და ჩვენი ჯიბის სისქიდან გამომდინარე, რაც შეიძლება იყიდოს, იმას ყიდულობს. სკოლაში რამდენჯერ გამიგონია, როგორ მიცოდებდნენ. მინდოდა, მეღრიალა, არაფერი მჭირს თქვენი შესაცოდებელი და თავი დამანებეთ-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. რაც შეუძლია ხალხს, იმას აკეთებს. უფასოა სახეზე ხელის ჩამოსმა და იმის თქმა, რომ ცოდვა ვარ. ახლა ტელევიზორთან და კომპიუტერთან ვარ უმეტესად. რისი გაკეთებაც შეიძლება, რომ ვაკეთო დამჯდარმა, ვაკეთებ. ხელი სწრაფი მაქვს, თვალიც. კიდევ კარგი, გია მყავს გვერდით და უფროსი და-ძმაც მუდამ ყურადღებას მაქცევს. არ მეშინია ცხოვრების. გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე მიჭირს უფრო, სულ სახლში უნდა ვიყო, მაგრამ როცა დათბება, ეზოში გავდივარ, ხან ვწევარ, ზოგჯერ ვცდილობ, ცოტა მაინც გავიარო. ამბობენ, რომ მშობიარობის ტრავმის გამო ვარ ასე. მიზეზებს აღარ ვკითხულობ, ვიცი, ამას ვერაფრით შევცვლი. ეს განაჩენია - ეტლში უნდა გავატარო ცხოვრება. გია ვიდრე მყავს, ვიცი, არასდროს ვიქნები ერთ ადგილზე. მას შეუძლია ერთი ოთახიდან მეორეში ისე გამიყვანოს, თითქოს შორეულ მოგზაურობაში მივდივართ. მაღაზიაში თუ გავედით, ჩათვალე, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურე. ამბობს, რომ მე მისი შვილიც ვარ, სიცოცხლეც და მომავალიც. ცოლს არ შევირთავ, მერე ყურადღებას ვერ მოგაქცევო. მეც ასე მგონია, რომ რძალს არ მოუნდება ხეიბარ მაზლს გადაჰყვეს მისი ქმარი და ოჯახი დაივიწყოს. რატომ იღებს ამხელა მსხვერპლს, არ ვიცი... ეს კი უნდა ვთქვა, რომ არა ის, მე ვერასდროს ვიქნებოდი თუნდაც ოდნავ ბედნიერი. ჩემმა ძმამ თავისი ცხოვრება მომიძღვნა და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. შემოჩვეულ სევდას გია ისე ოსტატურად ამარცხებს, არ შეიძლება, თავი არ ვიგრძნო ბედნიერად..."

GzaPress

გია:

"ხვიჩა სკოლაში ეცოდებოდათ, მე დამცინოდნენ. ჩემი მდგომარეობა უარესი იყო, მაგრამ ის ვიცოდი, რომ ელამი ვარ და შევეგუე კლასელების დაცინვას. ბოლოს მოსწყინდათ, რომ მე არ ავყევი. არავინ იცის, რამდენჯერ მომიმუჭავს ხელი, რომ მეცემა უმწარესად ისინი, ვინც ჩემს ნაკლზე იცინოდნენ. დიდი ოჯახი გვაქვს, შემოსავალიც იმდენი, რომ თავი ღარიბებად არ ვიგრძნოთ. სულ ვცდილობ, ჩემი არსებობა გავამართლო. ძმასაც ვჭირდები, ოჯახის წევრებსაც. მეურნეობას ყველა ერთად ვუვლით. მინდა იქამდე ვიყო ჯანზე, ვიდრე ჩემს ხვიჩას დავჭირდები. საღამოს, როცა ვახშმობას დავასრულებთ, შევალთ ჩვენს საძინებელში და ბევრ რამეზე ვლაპარაკობთ. ამ ლაპარაკის დროს ვაპატიეთ ყველას, თუ ვინმეს საპატიებელი ჰქონდა ჩვენგან. არ გვიჭირს, ვიყოთ ბედნიერები. მერე რა, მამამ ჩვენს დაბადებაზე რომ თქვა უარი, ჩვენ დავიბადეთ და ახლა მას არ ვტკენთ გულს წამოძახებით. თავად გვითხრა, თურმე მეტი ბოროტი აზრი არ შეიძლება კაცს მოუვიდეს, ვიდრე შვილის დაუბადებლობაო. რადგან ჩემს ძმას ვჭირდები, უკვე ვხედავ ცხოვრების აზრს. ხვიჩაც ხედავ აზრს თავის ცხოვრებაში. აი, თუნდაც ის ტყავის სამაჯური, რომელიც მუდამ მაჯაზე მაქვს, მაგის გაკეთებულია. ისეთი მარჯვე თითები აქვს, ყველაფერს ლამაზად აკეთებს. მის მომზადებულ სალათსაც სხვა, ძმობისა და სიყვარულის გემო აქვს. ზოგჯერ სახლიდან მიშვებს. მაიძულებს, რომ სადმე სამიოდე დღით მაინც წავიდე. ავიღებ ხოლმე ზურგჩანთას და მივდივარ. ვიცი, ხვიჩას უჩემობა უჭირს, მაგრამ მაინც მაიძულებს, ასე მოვიქცე. როცა ჯგუფს მივყვები, ყოველთვის ვატარებ სათვალეს. ბავშვობის მერე დამჩემდა ასე - მინდა, ერთ ადამიანს მაინც დავუმალო ჩემი სიელმე...

P.S. რატომ გაიღებს ადამიანი მსხვერპლს, რატომ უძღვნიან ერთმანეთს ცხოვრებას? - პასუხი ქვემოთ მოთხრობილში შეიძლება იპოვოთ... მონათხრობი ეკუთვნის ისრაელში მცხოვრებ ემიგრანტს, მაგდა წაქაძეს:

"მეთხუთმეტე საუკუნეში, ნიურნბერგთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა ოჯახი, სადაც იზრდებოდა 18 შვილი. ოჯახის უფროსი დღეს და ღამეს ასწორებდა, რომ ერჩინა ისინი. მიუხედავად სიღარიბისა, ორი უფროსი ძმა მაინც ოცნებობდა, რომ გამხდარიყო მხატვარი. მათ ისიც მშვენივრად ესმოდათ, რომ ოჯახი ვერასდროს უზრუნველყოფდა მათ სწავლას. ბევრი ოცნებისა და ფიქრის შემდეგ, ძმებმა გადაწყვიტეს, ეყარათ წილი და ერთი მათგანი წასულიყო სასწავლებლად, ხოლო მეორე წასულიყო სამუშაოდ მაღაროში და უზრუნველეყო პირველის სწავლება, ხოლო შემდეგ როლები შეიცვლებოდა, ნასწავლი ძმა უზრუნველყოფდა მეორის სწავლას. ერთ კვირა დღეს, როდესაც ისინი მოდიოდნენ ეკლესიიდან, წილი ყარეს და ერთი ძმა გაემგზავრა სასწავლებლად ნიურნბერგის აკადემიაში, ხოლო მეორე - სამუშაოდ მაღაროში. სასწავლებლად გამგზავრებული ძმა თავიდანვე გამოირჩეოდა აკადემიაში თავისი ნიჭით და ტალანტით. მისი ნამუშევრები, იქნებოდა ეს გრავიურაში თუ ზეთში შესრულებული ტილოებით, აღემატებოდა მისი პედაგოგების ნამუშევრებს. აკადემიის დამთავრებისთანავე მას უკვე ჰქონდა საკმაო შემოსავალი, რომელსაც ის იღებდა თავისი ნამუშევრების გაყიდვით. ახალგაზრდა მხატვარი დაბრუნდა სახლში. ამის აღსანიშნავად ოჯახმა გამართა დიდი სუფრა. ლხინი ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც მხატვარი წამოდგა და თავისი საყვარელი ძმის სადღეგრძელო წარმოთქვა, რომელიც შემდეგნაირად დაასრულა:

"შენ შენი ტალანტი მსხვერპლად გაიღე, რათა ჩემი ოცნება რეალობად გექცია. ახლა შენი ჯერია გაემგზავრო ნიურნბერგში და ახლა მე ვიზრუნებ ყოველმხრივ შენზე, შენი ოცნების ახდენაზე". ყველამ გაიხედა იქითკენ, სადაც იჯდა ამ სიტყვების ადრესატი. მას კი ცრემლები ჩამოსდიოდა და დაბნეული იძახდა: "არა... არა... არა..."

ბოლოს ის გონს მოეგო, შეიმშრალა ცრემლები, მივიდა ძმასთან, სახეზე მოეფერა და ალერსიანად უთხრა:

"არა, ჩემო ძმაო. მე ვერ წავალ ნიურნბერგში, ჩემთვის უკვე გვიანია. შეხედე, რას დაემსგავსა ჩემი ხელები მაღაროში მუშაობისას. ოთხი წლის განმავლობაში არ დარჩენილა არც ერთი თითი, რომელიც ერთხელ მაინც არ მომტეხოდა. მარჯვენა ხელი ისეთ დღეში მაქვს, ჭიქაც კი ძლივს მიჭირავს. ჩემი თითები ვერასდროს შეასრულებენ მხატვრის ფაქიზ სამუშაოს. მე ვერასდროს შევძლებ ფანქრისა და ფუნჯის თავისუფალ და ზუსტ ხმარებას. არა ძმაო, ჩემთვის უკვე გვიანია, ძალიან გვიანია".

ამ ამბიდან გავიდა ხუთას წელზე მეტი. დღეს ალბრეხტ დიურერის ნამუშევრები, იქნება ეს გრავიურა, აკვარელი, ზეთი თუ სხვა, ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმს, მაგრამ ყველაზე ცნობილი შედევრი არის ის, რომელიც მან მიუძღვნა თავის ძმას. ამ სურათზე, ალბრეხტ დიურერმა, თავისი ძმის მიერ გაღებული მსხვერპლის უკვდავსაყოფად და პატივსაცემად გამოსახა მძიმე შრომისაგან დაღარული მისი ხელები, რომლებიც შეერთებულია ხელისგულებით და თითებით და მიმართულია ზეცისაკენ. მან ამ თავის უმშვენიერეს ნახატს დაარქვა "ხელები", მაგრამ ხალხმა, შერაცხა რა მისი ეს ნამუშევარი შედევრად, გადაარქვა სახელი და დაარქვა "მლოცველის ხელები".

P.S. ვისაც როგორ შეუძლია, ისე გამოხატავს მადლიერებას...

როლანდ ხოჯანაშვილი