"ტელეფონით გადაღებული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო პრიზი მოიპოვა" - გზაპრესი

"ტელეფონით გადაღებული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო პრიზი მოიპოვა"

"ფარაჯანოვის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ხშირად მსმენია მისი დიდებული სახელის შესახებ. ერთი მხრივ, სასიამოვნოა, როცა მაიგივებენ რეჟისორთან, რომელიც მსოფლიომ, მისი უნიკალური ხედვის გამო აღიარა, მეორე მხრივ კი, ჩნდება ეჭვი ჩემი ფილმის ინდივიდუალიზმზე - ვინაიდან, იქ დაინახეს ელემენტები, რომელიც ფარაჯანოვმა უკვე გამოიყენა. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ მე მინდა ვიყო ბოდოკია კინოსამყაროში და არა - "ახალი ფარაჯანოვი", - საბა ბოდოკია ვრცლად გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ შეძლო წარმატების მიღწევა...

- საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი გერგოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის და რას ეტყოდით თანატოლებს, რომლებსაც სურთ, წარმატებისკენ მიმავალ რთულ გზას შეუდგნენ?

- იმ ფაქტს, რომ ფესტივალის გამარჯვებული გავხდი, უკვე კარგად აღვიქვამ და შევეჩვიე კიდეც. ყველაზე დიდი პრიზი, რომელიც ფესტივალმა გადმომცა - არის სახელი, როგორც რეჟისორის, ვინაიდან ხალხმა გამიცნო, როგორც ამ სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენელი. ისევ და ისევ მადლობას გადავუხდი აწ უკვე ჩემთვის პატივსაცემ მეგობარს, ფესტივალ "ოქროს პეპელას" დირექტორს - ირაკლი ჯაოშვილსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც "გრძნობათა ქაოსი" ოთხმოცამდე ფილმიდან გამოარჩია და გამარჯვების ღირსად ჩათვალა. ვფიქრობ, წარმატება პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა მოიპოვო, რაც გულისხმობს საკუთარი სურვილების შეცნობასა და კვლევას, მაგრამ აქვე დავწერ, რომ სურვილებს უნდა გავუფრთხილდეთ, ვინაიდან, განხორციელების შემდეგ შესაძლოა, ისინი გადაიქცნენ სასტიკ და კოშმარულ მონსტრებად. წარმატების/მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას რატომღაც, თან ახლავს საზოგადოების მიერ "გადმოგდებული" ცინიზმი, რაც ადამიანს ერთი მხრივ უკარგავს მოტივაციას, მეორე მხრივ კი პირიქით, უძლიერებს წყურვილს, რომ დაუმტკიცოს ცინიკოსებს, თუ რამდენად ძლიერია სინამდვილეში. დაბოლოს, წარმატება ხშირად მაშინ მოდის, როცა მასში 100%-ით არ ხართ დარწმუნებული.

- როგორც ვიცი, ძალიან პატარა ასაკიდან მრავალი მიმართულებით გამოიჩინეთ ინტერესი...

- მახსოვს დრო, როცა მისტიკური არსებების ნახვის იმედით, შუაღამით ფანჯრიდან გავყურებდი ეზოსა და ქუჩებს; მახსოვს ჩემი დიდი ინტერესი ღრუბლებზე სიარულისა და ფრენისადმი, ასევე ვარსკვლავების დაკრეფისა და მთვარეზე ცხოვრებისადმი. ეს შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია იმ სურვილებისა, რომლის ასრულების დიდი იმედი მქონდა 10 წლამდე. 13 წლის ასაკში ბუნებისადმი დიდი ინტერესი გამიჩნდა. თითოეულ მცენარეს ქაღალდზე ვაკრავდი და ვინახავდი - სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ფოტოგრაფია. მალევე, 14 წლისას მიჩნდებოდა უამრავი კითხვა და ხელი მივყავი ხატვას - როგორც ჩემი გრძნობების ქაღალდზე გადმოტანის საშუალებას. შემდეგ გავეხვიე გრძნობათა ქაოსში - ეს ის პერიოდია, როცა ვიწყებდი მხატვრული ჩანაწერების კეთებას, ფილოსოფიასთან დაახლოებას, საკუთარი თავის ფოტოებზე აღბეჭდვას, ხეებთან საუბარს, მეგობრებთან ერთად მუსიკის შექმნას და ხელოვნების ჩემში სრულად შემოჭრას. 16 წლისა შევეცადე საკუთარი ფიქრებისა და ჩანაწერების ეკრანიზაციას, სცენარების წერას... მოკლედ, ყველა ასაკს საკუთარი ისტორია, სურვილები თუ ინტერესები აქვს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს საინტერესოდ ერწყმოდა.

GzaPress

- "რასაც ახლა დავწერ, ამ სფეროში პროფესიონალებმა უნდა წაიკითხონ... საბამ ზუსტად ორ დღეში შექმნა საკონკურსო ფილმი და ეს რამდენ უნარზე მიუთითებს, თავად განსაზღვრეთ... წერდე სცენარს, იყო რეჟისორი, ოპერატორი, გამხმოვანებელი, ყველა რესურსს თავად იძიებდე და ფილმს ამონტაჟებდე სუბტიტრებით.... დიახ, ორ დღეში და საბას ხელებით შეიქმნა ეს ყველაფერი! საბა, ნინა, თემო, თორნიკე - მეამაყებით; მეამაყება საბას ოჯახი, რომელიც მუდმივ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული!", - ამბობს თქვენი სკოლის დირექტორი... გვიამბეთ, როგორ შეიქმნა ეს ფილმი?

- ვფიქრობ, ამ ფილმის არსებობას ჩემს საყვარელ მეგობარსა და მასწავლებელს, ჩემი სკოლის დირექტორს - მაია მამისეიშვილს უნდა ვუმადლოდე, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა შემატყობინა ფესტივალის შესახებ.

ფილმზე ფიქრი მალევე დავიწყე. პირველ რიგში, საჭირო იყო შემეკრიბა გუნდი, რაც თავდაპირველად ვერ მოხერხდა, რადგან არავის ჰქონდა სურვილი, ჩართულიყვნენ მოულოდნელ "გამოცდაში"... მახსოვს, როგორ გამიფუჭდა ხასიათი და იმედგაცრუებულს სევდა შემომაწვა. სწორედ ამ დროს ავიღე ქაღალდი და ზედ დავიწყე იმ გრძნობების რამდენიმე სიტყვით აღწერა, რასაც განვიცდიდი. წერაში გატარებული 20 წუთის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სცენარი მზად იყო! მაგრამ არ მყავდა გუნდი. საბოლოოდ, გზამ ჩემს ოჯახამდე მიმიყვანა: დედა, ბებო, ძმა, მამიდაშვილი და უახლოესი მეგობარი. არ ჰქონდათ სურვილი, მესაუბრა მათ შესახებ, მაგრამ ახლა დამთანხმდნენ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს ჩემი ოჯახია, მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა... გადაღების პროცესი სასიამოვნო იყო, რასაც ვერ ვიტყოდი მონტაჟზე - ალბათ, ყველა, ვინც ამ სფეროში გარკვეულია, დამეთანხმება რომ ნებისმიერი დამხმარე აპარატურის გარეშე, ტელეფონით გადაღება და მასშივე მონტაჟი, არ არის ადვილი.

- დღეს საქართველოში ხელოვნებას ნაკლები ყურადღება ექცევა, რამ მოგცათ ინტერესი და სტიმული ასეთი სერიოზული ნამუშევრისთვის?

- ჩემი აზრით, ადამიანი ხელოვნებას არ ირჩევს, შეუძლებელია ისწავლო ხელოვნება, თუ ის არ გაქვს სისხლში და სულით ვერ გრძნობ მას. ადამიანი ხელოვანად იბადება, მთავარია, როგორ განავითარებს და რა გზით წაიყვანს საკუთარ შესაძლებლობებს. მეტიც, ღრმად მწამს, რომ ხელოვნებას სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, მაგრამ, ბრბო კლავს მას, რადგან ეშინიათ სიახლის. ხელოვნება თვით სიახლეა, თითქოს ის წარსულიცაა, აწმყოც და მომავალიც...

ზოგადად, მოტივაციის დიდი მომცემი, ჩემთვის კლასიკური ან ალტერნატიული ჟანრის მუსიკაა. ასევე, არსებობენ არტისტები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს ჩემს ცნობიერებაზე, განვითარებასა და შეხედულებებზე 13-14 წლის ასაკში. შეიძლება ითქვას, რომ "გრძნობათა ქაოსი" ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შერწყმის შედეგად მიღებული, გაეკრანიზებული ემოციებია.

- გეგუთის სკოლაში სწავლობთ, სადაც არასახარბიელო პირობებია, ძველი შენობა...

- ეგ შენობა ჩემთვის არა მარტო სკოლა, არამედ მეორე სახლიცაა, სადაც ყოველდღე დიდი ოჯახი მელოდება. რაც შეეხება პირობებს - რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ იქ მყოფი ადამიანების ურთიერთობა იმდენად აფერმკრთალებს ამ პრობლემებს, რომ ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი ხდება. როგორც იცით, მოცემულ შენობაში დროებით ვართ; ახალ შენობაზე მუშაობა დაახლოებით ერთ წელში დასრულდება. მიყვარს ის სიმყუდროვე, რაც სკოლაში ტრიალებს, სიმშვიდე, სითბო, მელომანიური დასვენებები, მოსწავლეთა განსხვავებული აზრის პატივისცემა, თავისუფლება და რაც მთავარია - ხარისხიანი განათლება. აქვე მინდა გამოვკვეთო იდეა, რომლის განხორციელების დიდი იმედი მაქვს: კარგი ადამიანების დახმარებით, უკვე დიდი ხანია, გვსურს სკოლის ეზოში კინოჩვენების ღია სცენის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, თუნდაც, სიმბოლურად "ოქროს პეპელას" ფორმის კონსტრუქციით, დიდი ეკრანითა და მაყურებლის სკამებით. ამისთვის მხოლოდ შესაბამისი სპონსორის პოვნაა საჭირო. ეს პროექტი მომავალი თაობებისთვის ბევრის მიმცემი იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოსწავლეების ისედაც მაღალ ინტერესს ფილმებისადმი.

მანანა გაბერიჭიძე