"ყველამ თავისი წილი სამყარო უნდა გახადოს უკეთესი"
ჰილდა მიქავა, მკერავი-კონსტრუქტორი გახლავთ სამეგრელოს პატარა, ულამაზეს სოფელ ჯგალიდან. ბავშვობიდან უყვარდა კერვა და ამ საქმის საფუძვლიანად შესწავლაც უნდოდა, რაშიც დეიდა და მამიდები დაეხმარნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ოცნება, სწავლა ფიზიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით გაეგრძელებინა, აუსრულებელი დარჩა, ამას არ დარდობს, რადგან მიხვდა, რომ წარმატებისთვის სულაც არაა აუცილებელი უნივერსიტეტის დამთავრება. მთავარია, პროფესიონალი იყო საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებ.
- დედასაც ეხერხებოდა კერვა, სულ ლამაზ კაბებს გვიკერავდა. ხუთი და ვართ და მარტივი არ იყო ჩვენს ჩაცმულობაზე ზრუნვა. თავიდან დედას ვეხმარებოდი და ახლობლებს ვუკერავდი სამოსს, მაგრამ მაშინ ატელიეს გახსნაზე არ მიფიქრია, უბრალოდ ჩემი ჰობი იყო.
ბავშვობაში, როცა ვუყურებდი, დეიდები და მამიდები რა ლამაზ კაბებს უკერავდნენ სხვებს, სულ ვფიქრობდი, ნეტავ მეც ვიცოდე ასეთი კერვა, ჩემთვის იმდენ რამეს შევიკერავდი-მეთქი. მაგრამ თურმე, ასე არ არის. როცა მომხმარებელს ეჩქარება (თან მათ სულ ეჩქარებათ), შენთვის ვერაფერსაც ვერ შეიკერავ, ამისთვის დრო არ დაგრჩება. ქორწილში ან სადმე თუ მივდივარ, მხოლოდ მაშინ თუ მოვიცლი საკუთარი თავისთვის და ისიც, წინადღეს...
ერთხელ მახსოვს, სკოლაში ფორმები დაგვირიგეს. ხუთივე დედმამიშვილს კატასტროფულად დიდი გვქონდა სამოსი. მე და დედა დავჯექით, ღამე გავათენეთ და გადავაკეთეთ, რათა დილით ლამაზად გამოპრანჭულები წავსულიყავით. მასწავლებლები გვეკითხებოდნენ: ხუთივეს ასე ზუსტად როგორ მოგერგოთ ფორმებიო? ჰოდა, მაშინ გაიგეს, რომ კერვა მეხერხებოდა.
- სხვა პროფესია გაქვს?
- ფიზიკოსი ან ფსიქოლოგი მინდოდა გამოვსულიყავი, რაშიც მატერიალურმა მდგომარეობამ შემიშალა ხელი და სწორედ ამის შემდეგ დავფიქრდი იმაზე, რომ ჰობი პროფესიად მექცია. არც შევცდი, უკვე თორმეტი წელია ვემსახურები ამ საქმეს, თანაც - დიდი სიყვარულით და მონდომებით.
- მაგრამ თუ მატერიალური მდგომარეობა არ გიწყობდა ხელს, ატელიე როგორ გახსენი?
- თავიდან სხვადასხვა ატელიეში ვმუშაობდი დიზაინერებთან, რაც დაახლოებით ათი წელი გრძელდებოდა. მერე მივხვდი, ჩემი თავი ამოვწურე, სხვის ატელიეში სამსახური პროფესიული ზრდის საშუალებას აღარ მაძლევდა, ამასობაში საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა, მომხმარებელთან ურთიერთობაც ვიცოდი და გადავწყვიტე, საკუთარი ატელიე მქონოდა. თუმცა, ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის არ მეშინოდა. მეშინოდა, რომ მომხმარებლის მოზიდვა გამიჭირდებოდა, რადგან მოგეხსენებათ, სახელი თუ არ გაქვს განთქმული, ძნელია მომხმარებელი დააჯერო ხარისხში და ამ შემთხვევაში, დავკარგავდი თანხას, რომელიც გავრისკე და ბანკიდან ავიღე... თუმცა, ვინც ნახა ჩემი ნამუშევრები, არ დაიზარა და სხვადასხვა უბნიდან, სხვადასხვა ქალაქიდანაც კი მოდიოდნენ. ერთ კმაყოფილ მომხმარებელს მეორე ემატებოდა, მეორეს მესამე... დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფი ხელი მაქვს და დღედაღამ ვმუშაობ, ვერ ვუმკლავდები შეკვეთებს. ატელიე ერთი წლის რომ გახდა, გადავწყვიტე შრომისმოყვარე პერსონალი ამეყვანა, რომელსაც გადავამზადებდი და მერე მათთან ერთად გავფართოვდებოდი, "შოურუმს" დავამატებდი და ახალი ენერგიით გავაგრძელებდი საქმიანობას, თუმცა პანდემიამ (ახალი დაწყებული იყო მაშინ ამ ვირუსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი) შემაშინა და ეს გეგმა ცოტა ხნით გადავდე. რამდენიმე თვეში ორი წლის გახდება ჩემი ატელიე და იქნებ ამ დროისთვის მაინც შევძლო ჩემი გეგმების რეალიზება. ასე რომ, დავრწმუნდი, თუ ადამიანი მიზანს დაისახავ, უკან არ უნდა დაიხიო და ყველაფერი გამოვა.
- "ფეისბუკ"-გვერდზე ატვირთულ ფოტოებს შორის ჭარბობს საქორწინო კაბები. რას ნიშნავს შენთვის იმ სამოსზე მუშაობა, რომელიც პატარძალმა უნდა მოირგოს?
- საქორწინო კაბის შექმნა ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასია. ვფიქრობ, ვინც საქორწინო კაბის შექმნას გთხოვს, ის ადამიანი განდობს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ბედნიერებით სავსე დღისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს და არ უნდა უღალატო. პატარძალი ძალიან ნერვიულობს ყველა წვრილმანზე, ასმაგად ემოციური ხდება და ამ დროს, მე რომ ვკერავ იმას, რაზეც ის ოდესღაც ოცნებობდა, მერე არაფერი სჯობს მისი სახის დანახვას. ემოციებმა ამ კაბის კერვაში გათენებული ღამეებიც კი შეიძლება დამავიწყოს და ამ დროს, მეც ძალიან ბედნიერი ვარ.
- ყველაზე მეტად, როგორ სამოსზე გიყვარს მუშაობა?
- ძალიან მიყვარს რთული კონსტრუქციის, შრომატევადი მოდელების შექმნა; რაც უფრო რთულია მოდელი, მით უფრო მსიამოვნებს მისი დასრულება. ხშირად დიზაინერებს ვუკერავ კოლექციისთვის რაღაცებს, ზუსტად იმ ემოციების გამო, რომელიც მოჰყვება კონკრეტულ კოლექციაზე მუშაობის დასრულებას. მომწონს, მათ კმაყოფილ სახეებს რომ ვხედავ.
- ყოფილა შემთხვევა, როცა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ისეთი კაბა შეკერე, როგორიც შეგიკვეთეს, კლიენტი მაინც უკმაყოფილო დარჩენილა?
- კი, ყოფილა... მაგალითად, წლების წინ ერთ ფეხმძიმე ქალბატონს შევუკერე ზუსტად ის, რაც უნდოდა. ორჯერ მოსაზომებლადაც იყო მოსული, მაგრამ მუშაობა რომ დავამთავრე, მერე თქვა: ასეთი არ მინდოდაო. ეს იყო შემთხვევა, როცა მომხმარებელს ვერ დავუმტკიცებდი ჩემს სიმართლეს, რადგან ვითვალისწინებდი მის მდგომარეობას (ორსულობის დროს ემოციურ ფონს) და არაფერი მითქვამს, გადავუკეთე, მაგრამ ეს ამბავი მწარედ დამამახსოვრდა. ძალიან ვიწვალე და დამთავრებული კაბის დაშლამ, მხოლოდ იმიტომ, რომ მას რაღაც სხვა მოუნდა, ჩემზე ემოციურად იმოქმედა, ვიტირე კიდეც - რა თქმა უნდა, მისი წასვლის შემდეგ.
- საბავშვო ტანსაცმელზეც მუშაობ, ხომ?
- ბავშვის და მამაკაცის ტანსაცმელსაც ვკერავ. გამოვარჩევ პატარებს, მათი ემოციები საოცარია, ყველაზე გულწრფელი. მათ შემხედვარეს ყოველთვის ჩემი ბავშვობა მახსენდება. სულ ვცდილობ მათ გახარებას და მგონი, გამომდის კიდეც. ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ, იმწუთას ბავშვი უნდა გახდე...
- ქალები უფრო პრეტენზიულები არიან თუ მამაკაცები?
- ქალები! მამაკაცები მოსაზომებლადაც რომ მოდიან, ძირითადად ამბობენ, - კარგიაო. მე კიდევ რაღაცას რომ შევასწორებ, უკვირთ, - უი, ეს არც შემიმჩნევიაო (იცინის). თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისები ორივე მხარეს არიან.
- როცა კლიენტი მოდის, უმეტესობას ალბათ ფოტო მოაქვს, რომლის მიხედვითაც გთხოვს რაღაცის შეკერვას. ასეთებთან უფრო იოლია მუშაობა თუ იმათთან, ვინც არ იცის, რეალურად რა უნდა?..
- მომხმარებლებმა ხშირად იციან, რა უნდათ, რა მოუხდებათ და პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. არიან მომხმარებლები, რომლებმაც არ იციან, რა შეიძლება მოუხდეთ და აი, როცა მისივე გემოვნების გათვალისწინებით რაიმე ისეთს ვქმნი, რაც მოუხდება და მას ეს მოსწონს, ესეც კარგი შეგრძნებაა. ვცდილობ, ჯერ გავიგო მომხმარებლის გემოვნება და მხოლოდ შემდეგ დავუმატო ჩემეული შტრიხები.
- შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალმა წარმატებას მიაღწიოს და რას ნიშნავს ქალისთვის, როცა ის რეალიზებულია?
- სიყვარული - ეს გრძნობა ყველა საქმეში აუცილებელია, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო; თუ გინდა სამსახური რუტინა კი არა, ის საქმე იყოს, რომლის კეთებაც გიხარია და რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა, მონდომებაც მნიშვნელოვანია. ნაფიქრი უნდა გქონდეს ყველა შესაძლო ვარიანტი და კრახის შემთხვევაშიც მზად იყო იმისთვის, რომ შეძლო წამოდგომა. თუ შეეცდები, აუცილებლად მიაღწევ მიზანს და თუ ვერ მიაღწიე, ე.ი. არ გნდომებია.
ქალისთვის რეალიზებულად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ის თავდაჯერებული, მიზანდასახული, დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც შეძლებს, თავისი წილი სამყარო უკეთესი გახადოს.
- დაბოლოს, შეგიძლია გაიხსენო ყველაზე უცნაური შეკვეთა, რაც ამ 12 წლის განმავლობაში მიგიღია?
- ასეთები იყო, მაგრამ ახლა ერთს გამოვარჩევ: ქალბატონს შევუკერე კაცის აღნაგობის ბალიში და მუშაობის პერიოდი ძალიან მხიარულადაც გავატარე (იცინის).
- როგორ აგიხსნა, რისთვის მინდა ასეთი ბალიშიო?
- მხიარული ქალი იყო და თვითონაც ხალისობდა ამ ამბავზე. მითხრა, - იცი, რისთვის მინდა? გემრიელად რომ შემოვაწყო ფეხები და ისე დავიძინო. აბა, ქმარი სულ ფეხების შემოწყობის გამო მეჩხუბება და რა ვქნაო... აი, ასე იპოვა გამოსავალი...
ლიკა ქაჯაია