"კინო წამოსწევს ყველა სხვა დარგს - დაასაქმებს მუსიკოსებს, რეჟისორებს, მხატვრებს" - გზაპრესი

"კინო წამოსწევს ყველა სხვა დარგს - დაასაქმებს მუსიკოსებს, რეჟისორებს, მხატვრებს"

მიხეილ კასრაძე პროფესიით მხატვარი და ფოტოგრაფი გახლავთ. საინტერესო ადამიანია, ულამაზეს ეთნოგრაფიულ მინიატიურებს ამზადებს, ორნამენტებით ალამაზებს ცულებსა და დანებს, ბოლოს კი ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა, მაგრამ კორონაპანდემიამ, ისევე როგორც ბევრი ხელოვანის, მისი გეგმებიც შეცვალა.

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე 2004 წელს, სამრეწველო დიზაინის სპეციალობით. მამაც მხატვარია და შეიძლება ითქვას, ზეთის საღებავების სუნში გავიზარდე. 4 პერსონალური გამოფენა მქონდა, ვმონაწილეობდი საერთაშორისო გამოფენებშიც, რომლებიც საქართველოში ტარდებოდა. საკმაოდ საინტერესო გამოფენები მქონდა აქტუალურ თემებზეც, მაგალითად, გლობალურ დათბობაზე, ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავიდან ავტომობილის დიზაინით დავინტერესდი, დიპლომიც ამ თემაზე გავაკეთე. "პეჟოს" ავტომობილის კონსკურსში მთელი მსოფლიოდან 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, ათეულში ვერა, მაგრამ პირველ ასეულში კი მოვხვდი. ჯერ სიურრეალიზმმა გამიტაცა, ორიგინალური სტილია, ფანტაზიის შესაძლებლობა გაქვს, შემდეგ - პეიზაჟების ხატვამ, 2007 წლიდან კი ფოტოგრაფიით დავინტერესდი. არაფრით ჩამოუვარდება მხატვრობას. გასაქირავებელი და გასაყიდი სახლების ინტერიერებს ვიღებ, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებას. ასე რომ, ახლა უკვე 2 პროფესია მაქვს.

- რომლით უფრო ამბობთ თქვენს სათქმელს, როგორც ხელოვანი?

- რა თქმა უნდა, ნახატებით. ლამაზ პეიზაჟს გადაიღებ და ბუნება ამბობს თავის სათქმელს. ჩემი სათქმელი კი ის არის, რომ შევიცნო სამყარო, რა არის ჩვენი მიზანი ამ ცხოვრებაში, ბუნების სილამაზის გადმოცემა. ადამიანმა უნდა შეიცნოს საკუთარი თავი და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჰარმონიულად ცხოვრება რომ შეძლოს. ყველანაირი ტექნიკით ვხატავ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც კომპიუტერში ხატავდა. ციფრული ხატვა ჰქვია ამას, შეიძლება ტილოზე დაბეჭდო მერე, ვხატავ ზეთის საღებავითაც, მაგრამ უფრო აკრილით.

GzaPress

- ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ხელოვანი თავისი ნიჭის რეალიზებას ვერ ახერხებს?

- ნამდვილად დგას ეს პრობლემა, წარმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხატვარს სჭირდება მენეჯერი, კურატორს რომ ეძახიან, ვინც დაეხმარება და საზღვარგარეთ გაიტანს მის შემოქმედებას. ხელოვანს უჭირს ამის ორგანიზება. მთელ მსოფლიოს უნდა გავაცნოთ ნიჭიერი ხალხი, ნებისმიერ სფეროში. იცით, რომ საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მძიმე მდგომარეობაა, არ არის დაფასება, ჭირს დასაქმება, ხელოვანი ხალხის წარმოჩენა. არადა, კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის. პირველ რიგში, ბევრი ხარისხიანი ფილმი უნდა გადაიღონ საქართველოში და ყველაზე მეტი ფინანსები სწორედ ამაში უნდა ჩაიდოს, რადგან კინო წამოსწევს ხოლმე ყველა სხვა დარგს - დაასაქმებს მუსიკოსებს, რეჟისორებს, მხატვრებს, მთლიანად მოიცავს სახელოვნებო სფეროს. კარგი იქნება, შეიქმნას ვებგვერდი, ასევე - კულტურის არხი, რომელიც საზოგადოებას ასეთ ადამიანებს გააცნობს. ასეთი არხი არაერთ ქვეყანაშია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც მხოლოდ სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული. ნიჭიერ ადამიანში ჩადებული თანხა არასდროს არ არის დაკარგული, ის მხოლოდ წაადგება ქვეყანას.

- მიხეილ, როგორც ვიცი, ეთნოგრაფიულ მინიატიურებს, ასევე ცულებს, დანებს ამზადებთ...

- ეთნოგრაფიული მინიატიურების, სუვენირების გაკეთება დავიწყე. წარმოიდგინეთ არყის სახდელი პატარა ქვაბი, კარაქის სადღვები, თონე... თითოეულის მოცულობა 10-15 სანტიმეტრია. ძირითადად ხისგან ვამზადებ, შეღებვა და გალაქვა უნდა და ლამაზი გამოდის. სასიამოვნოა მუშაობის პროცესიც. მხოლოდ ტურისტებზე არ გამითვლია, აქაურებსაც ძალიან მოსწონთ. ხელოვანი რომ ხარ, მუდმივად სიახლეებს ეძებ. ამიტომაც დავიწყე ცულების, ხანჯლებისა და დანების კეთება. ყველა ნამდვილ მამაკაცს იარაღი მოსწონს, მოგზაურობა უყვარს და აბა, უცულოდ და უდანოდ ბუნებაში თავს როგორ გაიტან?.. ჯერ ჩემთვის გავაკეთე და მერე უკვე გასაყიდადაც. საკმაოდ ლამაზი გამოვიდა, ორნამენტები აქვს ტარზე, ტყავის ელემენტებით გავაწყვე, თანდათან ვცდილობ, ტექნოლოგია დავხვეწო.

- ისიც მითხრეს, რომ გემრიელ კერძებს ამზადებთ და თურმე, ხინკალს ისე ახვევთ, რომ კუჭს არ უკეთებთ.

- ხინკალი კია მრგვალი, მაგრამ მე სულ დავამრგვალე და უკუჭო გავაკეთე. ბავშვობიდან გურმანი ვარ. კაცისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო, რომ ამბობენ, ვეთანხმები (იცინის). უგემურ საჭმელს მირჩევნია, სულ არ შევჭამო. 50 სახეობის კერძი მაინც მაქვს მომზადებული, ძირითადად - ტრადიციული, ოღონდ - ჩემი ინტერპრეტაციით. ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს, მით უფრო, თუ ბუნებაში ვამზადებ. რაც უნდა დაღლილი ვიყო, არასდროს მეზარება საჭმლის მომზადება. რაც შეეხება ხინკალს, დავამრგვალე მთლიანად, გულში კარტოფილი, ყველი და წვრილად დაჭრილი შებოლილი "სალა" ჩავუდე და უნდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი გამოვიდა. რთულია ხინლის მოხვევა, ნაოჭების კეთება და ბევრჯერ მაინც იშლება, ჩემი გამოგონილი ხინკლიდან კი შიგთავსი ფაქტობრივად, არასდროს გადმოდის.

GzaPress

- როგორც ჩანს, თქვენს რჩეულს ძალიან გაუმართლა...

- ამ მხრივ მართლაც გაუმართლებს მას, ვინც ჩემი მეუღლე იქნება. დაოჯახებული არა ვარ. მკითხავთ, - რატომო? გიპასუხებთ, რომ ძალიან რთულია დაოჯახება. ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ არ შეცდე. მატერიალისტი არა ვარ და ისეთი ქალი მინდა შემხვდეს, ვინც გამიგებს. თანაც, ამ პანდემიაში როგორ გინდა, დაქორწინდე, ყველას პირბადე უკეთია და ვერ ხვდები, ვინ როგორია (იღიმის).

- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავთ თქვენს აზრს. რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად და გამოსავალს რაში ხედავთ?

- ძალიან მაღელვებს ერთმანეთის გაუტანლობა, ასეთი დაყოფილი და დანაწევრებული ხალხი არ მინახავს. იმიტომაც ვერ გავიმართეთ წელში, წლების წინ ერთმანეთს ტყვიები რომ დავუშინეთ თბილისში. უნდა იყოს რაღაც, რის გამოც ყველა გავერთიანდებით. დღეს რომ ჰკითხო ვინმეს, საითკენ მივდივართ და რა გვინდა, ვერავინ ვერაფერს გეტყვის. ამიტომ მგონია, რომ მონარქია ბევრ რამეს დააყენებს თავის ადგილზე. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ამდენი ხანია, მიდი-მოდიან ეს პარტიები და არაფერს აკეთებენ. ესეც ვცადოთ, იქნებ გაამართლოს. 30 წელია, სულ ექსპერიმენტების რეჟიმში ვცხოვრობთ...

ნინო ჯავახიშვილი