20 წლის ფეხბურთელი გოგოს ამბავი, დამსხვრეული სტერეოტიპი და მსახიობობის სურვილი
როცა ფეხბურთი პირველად მეზობელ ბიჭებთან ერთად ითამაშა, მაშინ არც ამ თამაშის სახელი იცოდა და არც ის, წლების შემდეგ მის მთავარ ინტერესად თუ იქცეოდა. თათია გაბუნია "ლანჩხუთის" გუნდის მეკარეა. 20 წლის ფეხბურთელის შესახებ უფრო მეტს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- გურიიდან ვარ, ჩოხატაურში დავიბადე და გავიზარდე. 4-5 წელია, რაც ლანჩხუთში მიწევს ცხოვრება. ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე 7 წლიდან ვთამაშობდი. 15 წლის ვიყავი, სანაკრებო დონეზე თამაში რომ დავიწყე. მანამდე ყოველთვის სკოლის ტურნირებზე გავდიოდი, გასვლები გვქონდა რაიონებში.
- გოგოს ფეხბურთელობა ოჯახში როგორ მიიღეს?
- ყველაზე მეტად მამა მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დღეს ის ჩემი პირველი გულშემატკივარია.
- მაშინ მამა რას გეუბნებოდა, მის ამ დამოკიდებულებას რით ხსნიდა?
- მეუბნებოდა, ქალს მოედანზე რა უნდაო?!. პატარა გოგო ხარ, ბევრი რატომ უნდა ირბინო, ეს შენს გარეგნობაზეც აისახება, დამახინჯდებიო... სტერეოტიპი, რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არ არის, ამ ქვეყანაში სულ იყო და ალბათ კიდევ იქნება.
- თუმცა, ამ სტერეოტიპს თქვენ ამსხვრევთ.
- ვცდილობთ. მამას არგუმენტები მაშინ ეს იყო, თუმცა, თან მეუბნებოდა, აკეთე ის, რაც ბედნიერებას მოგიტანსო. მე კი ვამტკიცებდი, რომ ჩემი ბედნიერება ფეხბურთი იყო. როცა მამამ ჩემში ასეთი დიდი ინტერესი შენიშნა, მიუხედავად ქალთა ფეხბურთის დაბალი რეიტინგისა, პატარა წინსვლებიც მქონდა, ამის შემდეგ სულ ცდილობდა, მხარში ამომდგომოდა, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა.
- დედა რას გეუბნებოდა?
- დედა ყოველთვის ცდილობდა, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო, მხარი დაეჭირა.
- ქალთა ფეხბურთის დაბალი რეიტინგი ახსენე. მაშინ როგორ პირობებში გიწევდა თამაში, ვარჯიში?
- გუნდში რომ მივედი, არც ხელფასი გვქონდა და არც არანაირი პირობა. მეტიც, ზოგჯერ დახეული, დაგლეჯილი ბურთებით ვთამაშობდით. მოედნის სავალალო მდგომარეობა ცალკე თემაა, ხან ტალახი იყო, ხან - დიდი ბალახი. სასტუმროში ცხოვრებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ვარჯიშზე რომ გვიძახებდნენ, სტაფის წევრებთან ვცხოვრობდით, მათთან ვიკვებებოდით, მათ ხარჯზე ვიყავით. სახლიდან სამოსგამოცვლილები, მოედანზე გასასვლელი ფორმით მივდიოდით, რადგან იქ გამოსაცვლელი ოთახი არ იყო. სპორტული ტანსაცმლითა და ბუცებითვე ვბრუნდებოდით უკან.
- ასეთი პირობების მიუხედავად, თავის დანებება არასდროს გიფიქრია?
- არა, ეს საქმე მიყვარდა და მიყვარს, თუმცა მაშინ ბევრს არ ვფიქრობდი იმაზე, რომ წარმატებული მეკარე გავხდებოდი. დროთა განმავლობაში გავიგეთ, საზღვარგარეთ ქალთა ფეხბურთი რამდენად მაღალ დონეზე იყოს განვითარებული, უფრო მოვინდომეთ და ვთქვით, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საუკეთესოები ვიყოთ.
- ყოველთვის მეკარის პოზიციაზე თამაშობდი?
- არა, თავიდან თავდამსხმელი ვიყავი, მოგვიანებით გადავწყვიტე, კარში ჩავმდგარიყავი. მწვრთნელის დიდი დამსახურებაა, რომ მეკარე ვარ. ტექნიკური თვალსაზრისით, მეკარეს სხვაგვარი მომზადება უნდა.
- იმ მატჩებს შორის, რომლებიც დღემდე გითამაშია, შენთვის ყველაზე ემოციური რომელი იყო?
- ახლახან რუმინეთის "კლუჟთან" თამაში ძალიან ემოციური იყო. ასეთი ძლიერი განცდა სულ ორჯერ მქონდა, პირველად - 2019 წელს, როცა ჩემპიონები გავხდით, და მეორედ "კლუჟთან" თამაშისას. აი, ახლა ვცდილობ, გადმოგცე, როგორი ბედნიერი ვიყავი და სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. მსგავსი განცდა მანამდე არასდროს მქონია.
- გერქვას ჩემპიონი, ეს რა განცდაა?
- ჯერ კიდევ ვერ გავაანალიზე, ემოციის ქვეშ ვარ. საქართველოს ისტორიაში პირველები ვართ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშეთ.
- გუნდის წევრები დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებთ, მუდმივად ვარჯიშის პირობებში ენერგიის აღდგენას როგორ ახერხებთ?
- რაც ჩემპიონატი დაიწყო, სულ შეკრებაზე ვართ, 24 საათს ერთმანეთთან ვატარებთ. ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრება გვაქვს და ეს ძალზე დამღლელია. ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე საქმე, ერთი და იგივე სტადიონი... სულ ერთი რეჟიმი გვაქვს: გაღვიძება, კვება, ვარჯიში... მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, თავისუფალ დროს ერთმანეთის ამბები მოვისმინოთ, განვიტვირთოთ, სადმე გავიდეთ.
- გუნდის წევრები მეგობრობთ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ოჯახის წევრებივით ვართ.
- თამაშისას, როცა მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელი გიახლოვდება, რა ხდება შენში, შეგიძლია გადმოსცე?
- ამ მომენტში იმდენად ვარ ჩართული, ახლა რომ დავფიქრდი, ვერც გავიხსენე, ამ დროს რა ემოცია მაქვს. ამაზე არც დავფიქრებულვარ.
- ასეთი მომენტებისთვის ფსიქოლოგიურად საკუთარ თავს როგორ ამზადებ?
- ერთადერთი რამ ვიცი - ყველა ბურთი ჩემია. საკუთარ თავს ამას შთავაგონებ და ეს ძალიან მეხმარება.
- როგორ ფიქრობ, ფეხბურთი პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს ხომ არ შეგიშლის?
- ამაზე მიფიქრია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება. ახლო მომავალში გათხოვებას არ ვაპირებ, მაგრამ როცა ამ ნაბიჯს გადავდგამ, ჩემ გვერდით აუცილებლად ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც ხელს შემიწყობს და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს. რაც მთავარია, ფეხბურთი ეყვარება. ამის გარეშე შანსი არავის ექნება (იცინის).
- 20 წლის ხარ, ფეხბურთელობის პარალელურად, სადმე თუ სწავლობ?
- დიახ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, კულტურული ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ მომავალში ვფიქრობ, დრამის ფაკულტეტზე გადავიდე, მსახიობობა მინდა. უნივერსიტეტიც და ჩემი კლუბიც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. როცა მოედანზე ვარ საჭირო, უნივერსიტეტიდან ხელი არ მეშლება და როცა უნივერსიტეტშია ჩემი ყოფნა აუცილებელი, კლუბიდან მიშვებენ. მსახიობობა ჩემი ოცნებაა.
- შენს სპორტულ წარმატებებს ალბათ უნივერსიტეტშიც სიხარულით აღნიშნავენ, არა?
- ონლაინლექციებს რომ ვერთვებოდი, ყოველი თამაშის შემდეგ შეგრძნება, რომ მხარში მიდგანან, მიორმაგდებოდა. იქ სულ მამხნევებენ და მოტივაციას მმატებენ. კურსელები და ლექტორები ჩემი გულშემატკივრები არიან. ყველა მეუბნება, ჩვენ თქვენი გუნდით ვამაყობთო. ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
- 10 წლის შემდეგ საკუთარი თავი სად უფრო წარმოგიდგენია - სცენაზე თუ მოედანზე?
- არ ვიცი (იცინის). არ მინდა, ფეხბურთს ჩამოვშორდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ სცენაზე ვიქნები.
- სცენაზე სიამოვნებით გიხილავ. მსახიობისთვის მაყურებელი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სტადიონზე - გულშემატკივარი. ახლა, როცა თამაში მაყურებლის გარეშე გიწევთ, თქვენზე მოქმედებს?
- გულშემატკივრები ძალას გვმატებენ. ბოლო თამაშის წინადღეს რამდენიმე ლანჩხუთელმა მომწერა, თამაშზე უნდა მოვიდეთო. ეგ როგორ, მაყურებლის გარეშე ტარდება-მეთქი... მოკლედ, გურიიდან რამდენიმე გულშემატკივარი მაინც ჩამოვიდა, "ლოკომოტივის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ყვიროდნენ "გურია!!! ლანჩხუთი!!!" რა თქმა უნდა, გუნდის ყველა წევრისთვის ეს გამხნევება ამაღელვებელი მომენტი იყო. მიუხედავად თამაშის წაგებისა, ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ და გვგულშემატკივრობდნენ.
- როგორია, როცა შინ წაგებული მატჩიდან ბრუნდები?
- ყველაზე რთულია, როცა წაგებული უცხო ქვეყნის მოედნიდან გამოდიხარ. ამ დროს შეიძლება ვერც გაიხსენო, სასტუმრომდე როგორ მიხვედი... მერე ემოცია ცხრება, ანალიზს აკეთებ, ლაგდები და შემდეგი შეხვედრისთვის ემზადები.
- მომავალი თამაში როდის გაქვთ?
- 16 დეკემბერს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე გვაქვს. გასვლითი მატჩი იმავე შვედურ "როზენგარდთანაა", რომელთანაც ახლახან წავაგეთ.
- წააგეთ, თუმცა ამ დღეს 21-ჯერ შეძელი ბურთის აღება.
- მთავარი ხომ მატჩის შედეგია. ეს ძალიან ძლიერი გუნდია.
- გგულშემატკივრობთ, შემდეგი და ყველა მომდევნო მატჩის მოგებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა. ამ გუნდთან წაგების შემდეგ ძალიან გაგვაკრიტიკეს. სოციალურ ქსელში გვწერენ, - ქალის ადგილი სამზარეულოშია, მოედანზე რა გინდათო?! ჩვენ ხელწამოსაკრავები არ ვართ. ყველანაირი კრიტიკისა და უარყოფითი მუხტის მიუხედავად, ჩემს გოგონებს მინდა მადლობა გადავუხადო ბრძოლისთვის, თავდადებისთვის... მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს ბოლომდე მხარში დგომისთვის.
თამუნა კვინიკაძე