გოგონა, რომლის სამყაროშიც მუდამ ანათებს მზე - გზაპრესი

გოგონა, რომლის სამყაროშიც მუდამ ანათებს მზე

6-დან 18 წლამდე 20 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ბოლო და ყველაზე მთავარი წარუმატებელი აღმოჩნდა... ნაცვლად იმისა, მისი ყოველდღიურობა ბაცი ფერებით დატვირთულიყო, პირიქით, თანდათან უფრო აბრჭყვიალდა და ადამიანად დაბადების სიხარულითა და მადლიერების გრძნობით აივსო.

"არავინ იცის, რა გველოდება ხვალ. მაქსიმალურად უნდა დავტკბეთ დღევანდელი დღით, რადგან არ ვიცით, იქნება თუ არა ახალი", - მარიამ სადღობელაშვილი ამ პრინციპით ცხოვრობს. ყოველ დღეს ახალი ფერებით ხვდება - ახალი ფერებით ხასიათში, გარემოში, ტანსაცმელში, ვარცხნილობაში...

- მარიამ, კარანტინის პირობებში ადამიანებმა საკუთარ თავში არაერთი ნიჭი აღმოაჩინეს. ზოგი მიხვდა, რომ კარგი კულინარია, ზოგმა იგრძნო, რომ თურმე ცხოველები, მცენარეები და მათი მოვლა ანიჭებს სიამოვნებას. თქვენ თუ დაუთმეთ დრო ისეთ საქმეს, რაც მანამდე არ გაინტერესებდათ ან ამისთვის დრო არ გრჩებოდათ?

- კარანტინის დაწყებისას იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ არ დავსტრესილიყავი. აქტიურად ვუყურებდი ფილმებს, ვკითხულობდი საინტერესო წიგნებს. საერთოდ, ისეთი წიგნის წაკითხვა მიყვარს, რამეს რომ დამიტოვებს და არ ვკითხულობ წიგნს მხოლოდ იმის გამო, რომ კლასიკაა და "წაკითხული უნდა მქონდეს". იზოლაციისას კიდევ უფრო აქტუალური გახდა "ტიკტოკი". ონლაინლექციებს სიმღერითა და ცეკვით ვანაცვლებ, თავს სტრესისთვის არ ვიმეტებ. ცხოველები და განსაკუთრებით, ძაღლები მიყვარს.

- იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობთ. არჩევანი მოწოდების მიხედვით გააკეთეთ თუ ოჯახის წევრების რჩევაც გაითვალისწინეთ?

- დიახ, ეს უფრო მათი გავლენით მოხდა. მესამე კურსზე ვარ. დამთავრებას ვაპირებ, მაგრამ საკუთარ თავს უფრო ფსიქოლოგიის მიმართულებით ვხედავ და სწავლას აუცილებლად ამ მიმართულებით გავაგრძელებ. საერთოდ, მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, იოლად აღვიქვამ, ამა თუ იმ ადამიანს როგორი ენერგია აქვს. ჩემზე აურაც ძალიან მოქმედებს და სად როგორი აურა მხვდება, ადვილად ვგრძნობ.

- როგორ ინარჩუნებთ ღიმილსა და კარგ განწყობას მაშინ, როცა ირგვლივ ამის დიდი დეფიციტია?

- ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ვარ. მიფიქრია, ცხოვრების ასეთი რთული გზა რომ არ გამევლო, ალბათ არ მექნებოდა ასეთი ძლიერი ფსიქიკა...

GzaPress

- ხშირად ახსენებთ ოჯახის წევრებს, მამას... ამბობთ, რომ მათ გარემოცვაში თავს პრინცესად გრძნობთ. ალბათ თქვენი სიძლიერის ერთ-ერთი წყარო ოჯახის წევრების მიერ გამოხატული დიდი მხარდაჭერაცაა, არა?

- მხარდაჭერას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისინი სულ ჩემ გვერდით არიან, არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სახის თანადგომა მჭირდება - ფინანსური, მორალური... მთავარია, გავაჟღერო. თუ გინდა, იქნებაო, - ამბობენ და არის კიდეც... ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი სწორედ ოჯახს მიუძღვის.

- ოპერაციების პერიოდი თქვენი გარდატეხის ასაკს დაემთხვა. როგორც შშმ სტატუსის მქონე არაერთ ადამიანს, თუ გქონდათ თქვენც სახლში ჩაკეტვის სურვილი და როგორ დააღწიეთ თავი სახლის კედლებს?

- 6-დან 18 წლამდე 20 ოპერაცია გავიკეთე. ეს ურთულესი პერიოდი იყო. კარგი არაფერი მახსენდება. ამას დაემატა ის, რომ მთელი ამ ხნის მოლოდინი გაგვიქარწყლდა - ბოლო ოპერაციისგან გადამწყვეტ შედეგს ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენი მოტივაცია მთლიანად განულდა. ეს იმედგაცრუება მშობლების, მეგობრების, რწმენისა და იმედის მეშვეობით გადავლახე. ახლა რომ ის პერიოდი დაბრუნდეს, არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა მის გადატანას...

- ფაქტია, თქვენ შეგიძლიათ მცირე დეტალებისგანაც შექმნათ, გამოძერწოთ თქვენი წილი ბედნიერება... ამბობთ, რომ განვლილმა ცხოვრებამ ბევრი რამ გასწავლათ, თუმცა ვფიქრობ, ეს ნიჭია, რომელიც განვითარდა...

- ასეა. შიგნით რაღაც ან გაქვს, ან - არა. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ახალგაზრდა სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. ბევრი ადამიანი უკურნებელი სენის მატარებელია... ხვალინდელი დღის გათენებისთვის იბრძვის... მე ამისთვის არ მიხდება ბრძოლა... ბედნიერი და მადლიერი ვარ იმისთვის, რაც მაქვს. სამყაროს ნათელ ფერებში აღვიქვამ.

- შეგიძლიათ განწყობა ფინჯანი ყავითაც შეიქმნათ?

- არა მხოლოდ განწყობა, არამედ დღესასწაულიც (იცინის)... ფინჯანი ყავით და მუსიკით ყოველ დილით ვიწყობ დღესასწაულს. ეს რიტუალი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რადგან ის მთელ დღეს უნდა გასწვდეს, - ემოცია მთელი დღის მანძილზე უნდა მეყოს, გამყვეს.

- მამა და ძმა არიან პოლონეთში, დედა კი საბერძნეთში გყავთ. თქვენ წასვლისგან თავს სწავლის გამო იკავებთ?

- დედასთან ხშირად ჩავდივარ. კარგ ოჯახში მუშაობს და მათი დახმარებით იქ ჩასვლას ხშირად ვახერხებ. პერსპექტივაც მაქვს, კარგი სამსახური რომ მქონდეს, მაგრამ ორი კვირის შემდეგ იქ თავს ცუდად ვგრძნობ. ჩემი მეგობრების გარეშე ვერსად ვძლებ...

- ფერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევით. ხასხასა ფერებითაც განწყობას "კვებავთ"?..

- ფერებს ნამდვილად მოაქვს ხასიათიც.

- ხშირად იცვლით თმის ფერსაც... ამის გამო თმას განსაკუთრებულად ხომ არ უვლით?

- სიახლე ძალიან კარგად მოქმედებს ჩემს ხასიათზე. ამიტომ, თმის ფერსა და სტილს ხშირად ვიცვლი. ეს იმდენად მომწონს, თმის ხარისხის გაფუჭებაზე დიდად არ ვნაღვლობ.

- იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც შშპ სტატუსი აქვს, ნაკლებად აქვთ კონტაქტი საზოგადოებასთან. თუ იყო მსგავსი პერიოდი თქვენს ცხოვრებაშიც?

- ეს უფრო ჩემს ბავშვობაში ხდებოდა. მახსოვს, დეიდაშვილებთან ჩვენი ასაკის ბავშვები რომ მოდიოდნენ, იმდენად ვკომპლექსდებოდი, რომ ცალკე ოთახში შევდიოდი. მქონდა შეგრძნება, რომ იმათ ფონზე ვიკარგებოდი. ვერიდებოდი ნათესავებსაც. ბავშვები მსგავს საკითხებს უფრო მტკივნეულად განიცდიან. არ მომწონდა ჩემი თავი ისეთი და მასთან მუდმივ კონფლიქტში ვიყავი. ბრძოლა იმისთვისაც მქონდა გამართული, რომ ეს კომპლექსი დამეძლია და გავიმარჯვე კიდეც. ამას ძალიან შეუწყო ხელი უნივერსიტეტში ჩაბარებამ, სხვანაირად შევხედე ცხოვრებას. საზოგადოებაში ბევრ რამეს სწავლობ, სხვადასხვა ტიპის ადამიანი გხვდება და თითოეულისგან რაღაცას იღებ. რომ ვაბარებდი, სულ ვფიქრობდი, როგორი ადამიანები იქნებოდნენ, რა იქნებოდა პირველი ეფექტი და მათი რეაქცია, როცა აუდიტორიაში შევიდოდი... ძალიან დადებითად არიან ჩემ მიმართ განწყობილი და მათი ეს განწყობა მაბედნიერებს. ჩვენ არ ვირჩევთ, როგორები ვიბადებით. შეიძლება მეც მინდოდეს, ხელჯოხით არ გადავაადგილდებოდე, მაგრამ რადგან ამას არ ვირჩევთ, ამიტომ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც უფალმა გაგვაჩინა, მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელად.

GzaPress

- რა დანიშნულება აქვს თქვენს ცხოვრებაში სოციალურ ქსელს და ხომ არ იმატა მასზე მიჯაჭვულობამ პანდემიის პირობებში?

- გამოდის, დამოკიდებული ვარ. ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ, ეს კი, დამეთანხმებით, უდიდესი ძალაა. ადამიანები, რომლებსაც არც კი იცნობ, გჩუქნიან ყველაზე ძვირფასს - სიყვარულს, საოცარ სიტყვებს და გიხარია, რომ დაიბადე.

- თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც არასწორი შეფასებით ამაღლებულ განწყობას გართმევთ...

- სამწუხაროდ. არ მესმის ასეთი ადამიანების. შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაუწერო გულის გასახეთქი კომენტარი?! რატომ არ წარმოიდგენენ ასეთი ადამიანები, რომ შესაძლებელია, ჩემს ადგილას მათი შვილი იყოს?!.

- რას უკავშირებთ ამ პრობლემას?

- შურია-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან არ ვფიქრობ, რომ ვიღაცას ჩემი უნდა შურდეს.

- თქვენ გაქვთ აბსოლუტურად ბუნებრივად და თანაც მოჭარბებულად ის, რაც არა აქვთ თითქმის ყველაფრით უზრუნველყოფილ ადამიანებს, - შინაგანი სხივი, მცირედითაც კი სიცოცხლით ტკბობის უნარი და ამაღლებული განწყობა.

- სულ მაინტერესებს, ნეტავ, რას ფიქრობენ ასეთი ადამიანები, როცა ქუჩაში მხვდებიან?.. სამწუხაროდ, მე არ ვარ პირველი და უკანასკნელი. გუშინ წავიკითხე, თითქოს ჩემს მდგომარეობას ცნობადობისთვის ვიყენებ. დიდი შოკი მივიღე. ასეთ არასწორ დამოკიდებულებას ძალიან განვიცდი, თუმცა, დადებითი ემოცია იმდენად დიდია, ფარავს აქა-იქ გამოჩენილ არასწორ განწყობებს.

შორენა ლაბაძე