ატმისა და ტყემლის აყვავებული რტოების ლეგენდა - გზაპრესი

ატმისა და ტყემლის აყვავებული რტოების ლეგენდა

15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. წელს ანას დაბადების დღე არც ისე ცოტას გაახსენდა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე ადამიანმა მისი ლექსები გამოაქვეყნა და უცებ დაბრუნდა ის მალამო გარემოება, რომლის შექმნაც მხოლოდ ანამ შეძლო მეორე მსოფლიო ომის მერე საქართველოში. მაშინ თითქმის ყველა ოჯახი მგლოვიარე იყო. ტიროდნენ სამშობლოდან შორს დამიწებულ ახლობლებს ქართველები, ტიროდნენ დასახიჩრებულ სულსა და ხორცს ფრონტიდან დაბრუნებული მეომრები. ამ დროს ერთი ახალგაზრდა ქალის სიტყვებმა გული გაფრენად მოუმზადა მთელ ერს... უცნაური იყო ანას ლექსები თუნდაც იმით, რომ მასში სიახლე სიძველე იყო, დიდს მცირედით გამოთქვამდა, ყაყაჩოს ღვინოებს ასმევდა მკითხველს და პირგახეთქილ ბროწეულებს, დუმილით დაქანცულებს, გაათქმევინებდა საიდუმლოს, როგორ მოგხვია წელზე ხელი თუთამ...

როგორი იყო ანა? - ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ და ისაუბრებენ ადამიანები. და მაინც, ვინ შეიძლება მასზე ობიექტურად ილაპარაკოს? მისმა ნაცნობებმა, ბუნებრივია. მკითხველს ვთავაზობ ორ გახსენებას, ერთი ნოდარ დუმბაძის სტუდენტობის დროს უკავშირდება, მეორე კი ახლახან დაიწერა ჩოხატაურის რაიონში სპეციალურად "გზის" მკითხველისთვის, 15 დეკემბერს...

GzaPress

ნოდარ დუმბაძე იხსენებდა:

"გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო. უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი "ლიტერატურა და ხელოვნება" გაეშალა და მეორეს უკითხავდა:

- ნახე, რას წერს! "ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო". ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?

- არ გამიგია, - ეუბნებოდა მეორე და იცინოდა.

1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში, გაზეთი არ ჰქონდათ. შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში, გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი - გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი "ლიტერატურა და ხელოვნება" გაწყდა. ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს "ფულსა და კრედიტში", 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი "ლიტერატურა და ხელოვნება" გამომიწოდა და მითხრა: "წაიკითხე, დუმბაძე, ხმამაღლა წაიკითხე".

ვკითხულობდი:

"და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,

რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,

შეხედეს და, შეუკურთხეს გამჩენი".

რომ დავამთავრე, არავის უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი. ყველა მე მიცქეროდა და მე კი - ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე. და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო".

GzaPressნანა კალანდაძე (პედაგოგი ჩოხატაურიდან):

- წლების წინ, როცა მე-7 კლასის მოსწავლე ვიყავი, ქართულის მასწავლებელმა კონფერენციისათვის თემების მომზადება გვთხოვა. რატომღაც, გონებაში გაუაზრებლად ერთი ფრაზა ამოტივტივდა - "პოეტი ჩემი სოფლიდან". მე გადავწყვიტე ანაზე დამეწერა; ანაზე, რომლის მზესაც ყოველი ხიდისთაველი იფიცებდა. მერე ჩემს კლასელს, ანას ძმისშვილს, ვახტანგს ვთხოვე, რაღაც მოეთხრო ანას ცხოვრებიდან, მაგრამ ვახტანგმა ვერაფერი გაიხსენა. პაპუნა, ანას მეორე ძმისშვილი ხშირად დადიოდა ჩვენთან, ჩემს ძმასთან მეგობრობდა. მან მიამბო, თუ როგორ დაწერა ანამ პირველი ლექსი ჯერ კიდევ მე-5 კლასის მოსწავლემ და რომ ის ლექსი ზაფხულის მშვენიერი საღამოს მანათობელ მთვარეს მიუძღვნა, მამიდა ფოციას წაქეზებით. მას შემდეგ არ შეუწყვეტია მუზებთან საუბარი, რომელიც გრძნობებად აკინძულ პწკარებად მიალამბა ჩვენი გულის საპერანგეს. მას მერეა, ასე ძალუმად რომ შევიგრძენი და შევისისხლხორცე ანა. მერე დაიწყო ლამაზი დღეები. ოღონდაც, ჯერ წინ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე მელოდებოდა, სადაც პირველად შევხვდი "ლექსების დედოფალს". ჩემი თემით დაინტერესდნენ და დიპლომის გადმოსაცემად თბილისში მიმიწვიეს, სადაც წამაკითხეს აღნიშნული თემა. მოწვეული ჰყავდათ ქალბატონი ანა, რომელსაც ატმისა და ტყემლის აყვავილებული რტოები ჩავუტანე საკუთარი ეზო-კარიდან. ანა ხიდისთავში იშვიათად ჩამოდიოდა. წარმოიდგინეთ, ჩემთვის რამხელა ბედნიერება იყო, როცა ანამ გულში ჩამიკრა და სახე დამინამა მისმა სიხარულისაგან დადენილმა ცრემლებმა. მეც და რტოებსაც მთელი გრძნობით, ერთნაირად გვეფერებოდა ჩვეული სიფაქიზით. ჩვენ იმ დღიდან ერთმანეთისთვის ახლო ადამიანები გავხდით...

ანასთან შეხვედრიდან მესამე დღე იყო, რუსთაველზე მივსეირნობდით მე, დედაჩემი და ჩემი სკოლის დირექტორი, უნიჭიერესი დარეჯან ცენტერაძე. შორიდან სამი ქალბატონი შევნიშნეთ. მე ყურადღება არ გამიმახვილებია, თუ ვინ იყვნენ ისინი. ქალბატონმა დარეჯანმა თქვა, - ანა კალანდაძეს შეხედეთ, გზა გადმოკვეთა, მგონი, ჩვენკენ მოდისო. მართლაც, ჩვენთან მოვიდა. მერე თავისი უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგულიდან ერთი ვარდი ამოაძრო და გამომიწოდა, - ეს შენ, ჩემო პატარა მეგობარო, ჩვენი სიყვარულის სიმბოლოო (ის ვარდი წლების მანძილზე ინახებოდა ანას კრებულში, რომელიც მეორე შეხვედრისას მაჩუქა. ჩემი სტუდენტობისას, სამწუხაროდ, ჩემმა პატარა ძმისშვილმა ის ვარდიც და წიგნიც გამინადგურა. როცა გავიგე, მთელი დღე ვტიროდი. ბებიამ, რომელიც 80 წელს იყო გადაცილებული, ბოდიში მომიხადა და მითხრა, მე ვეტყვი ანას, ხელახლა გაჩუქოს წიგნიო, მაგრამ როგორ ვეტყოდი ან როგორ ვათქმევინებდი, რომ ამ უძვირფასეს საჩუქარს ვერ გავუფრთხილდი...). გავწითლდი, აღარ ვიცოდი რა მექნა, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. დიდხანს ისაუბრეს ქალბატონებმა, მე კი არაფერი მახსოვდა. როცა დავშორდით, დედამ მითხრა, - ხომ გაიგონე, რა თქვა დიდმა პოეტმა, ლამაზად წერა შეგძლებია და უნდა გააგრძელოო. გახსოვს, რა გითხრეს შეხვედრაზეო? - ხიდისთავს მეორე ანა ეზრდებიო. სიხარულისგან ცრემლებს ვყლაპავდი და სულელივით ვიცინოდი. როცა ვიხსენებ იმ დღეებს, ბედნიერებისგან ახლაც ვთრთი. მერე მეც დავიწყე ლექსების წერა, მაგრამ მოზრდილმა გავაცნობიერე, რომ ეს იყო სურვილი, ლამაზი სურვილი, რომელიც ანამ დაბადა ჩემში. იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი ანას. მხოლოდ მოკლე დროით ვხვდებოდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მის სიყვარულს. მერე "ერისკაცობის" ზეიმზე შევხვდი დიდ პოეტ ქალს. ანას მურმან ლებანიძეც ახლდა. მშობლიური სოფელი მისი "არჯაკელათი", "ბოშა ქალით", "თათრის გოგონათი" თუ სხვა ლირიკული პერსონაჟებით ეგებებოდა თავის საამაყო შვილს. ისევ მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. მან ჩვეული სითბოთი ჩამიკრა გულში და მითხრა, კიდევ არაფერი დაგიწერიაო? მე კი უამრავჯერ დავწერე და გუბაზეულის ტალღებს გავატანე ანასთან. აბა, როგორ გავბედავდი მეთქვა სიმართლე. უკვე, როცა 6 ათეული წელი მხრებზე მოვიგდე, ახლაც ვერ ვბედავ ჩემს ნაწერს ლექსი ვუწოდო. უბრალოდ, ყურში ისევ მესმის დედის ხმა, - ნახე, პოეზიის დედოფალმა რა გითხრაო...

ახლა, როცა ვიხსენებ ანასთან გატარებულ წუთებს, ფრაგმენტებად ირეკლება მისი უთბილესი ღიმილი, ანთებული თვალები, რაღაცნაირი მონოტორული ხმა, გონებაში რომ ჩამებეჭდა. მოკლედ შეჭრილი შავი თმით, საშუალო სიმაღლის, "გაუპრანჭავი" ქალბატონი, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა... მას მერე სული ყოველთვის მთხოვს, წავიკითხო ანას შედევრები და შევიგრძნო ბედნიერება, რომელიც ყოველი ლექსის წაკითხვისას მიმძაფრდება. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა. გილოცავ, ჩემი სულის მოსახლევ, იუბილეს!"

GzaPress

P.S. ვრცელი მინაწერი მინდა დავურთო ამ ორ მოგონებას. დიდი ხნის წინ ანა კალანდაძის პოეზიის საღამო მოაწყვეს თბილისში. ლეჩხუმიდან ჩასულმა პატარა გოგონამ მოინდომა სცენაზე ასვლა, - ლექსი დავუწერე ანას და უნდა წავუკითხოო. შესაძლოა, თავხედობად ჩაუთვალა ზოგმა მას ეს სითამამე, მაგრამ... ლექსის წაკითხვის მერე გოგონამ შვებით ამოისუნთქა. ეს თავის მოსაწონებლად კი არა, უბრალოდ, "მხატვრული ხარკის" გადასახდელად მოინდომა. იგრძნო ანამ, რა სურდა პატარას. ვიღაც თაყვანისმცემლისგან მირთმეული თეთრი მიხაკები ერთბაშად ჩაბღუჯა, თავისი სათნო ღიმილი დააყოლა და გადასცა მანანა ფრუიძეს, ლეჩხუმიდან ჩამოსულ გოგონას, რომელიც ახლა ფლორიდაში ცხოვრობს და იმ თეთრი მიხაკების მოგონება ისევე აცოცხლებს, როგორც ნანა კალანდაძეს ანასეული ვარდის გახსენება. ყველას ვერ ექნებოდა ის ბედნიერება, შეხვედროდა ლექსების დედა-დედოფალს. თუნდაც შეხვედროდა, აბა, სად იყო ამდენი მიხაკი და ვარდი, ყველასთვის მიეძღვნა, მაგრამ დატოვა ლექსები ანამ, დატოვა იმისთვის, რომ სულიერი ტკივილები დასცხრომოდა ყველას, ვინც წაიკითხავდა უზუნდარას მოცეკვავე გველზე, ომარ ხაიამის სურაზე, ბეღურებისგან გატაცებულ ვარდის რტოზე შერჩენილ ხმელ თესლზე, ახარხარებულ სატანაზე, შავთვალა ანგელოზსა თუ ქუჩის პირას მდგომ ვარდების გამყიდველ იეზიდ ასულზე.

აქვე რჩევა, როცა სულიერებაში გაგიჭირდებათ, აიღეთ ანას კრებული, გადაიკითხეთ რამდენიმე ლექსი და მერე ხელუკუღმა შეაყარეთ წარმოსახვითი ქარისგან ჩამოყრილი ფოთლები მწუხარებას. ასე აკეთებდა ალბათ ანა, როცა წუთისოფლის ამაოებას ებრძოდა მოკრძალებულად, ჩუმად და უპრეტენზიოდ.

დაბოლოს, ეს პატარა სტატია დარჩეს ატმისა და ტყემლის აყვავებული რტოების ლეგენდად "გზის" ფურცლებზე...

როლანდ ხოჯანაშვილი