"არ მაქვს გამათბობელი. მყავს 81 წლის ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი" - გზაპრესი

"არ მაქვს გამათბობელი. მყავს 81 წლის ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი"

ქალბატონი ელისო მუმლაძე ჭიათურის ერთ პატარა სოფელში დაიბადა, საიდანაც იძულებით გადავიდნენ საცხოვრებლად ჭიათურაში - მათი სახლის ქვეშ მაღაროსთვის გვირაბი გაითხარა და სახლი "საშიშ ზონაში" მოექცა. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები ოცნებობდნენ, საკუთარი სახლი ჰქონოდათ და ისე დაიხოცნენ, ეს ოცნება არ აუსრულდათ... ახლა მისი ოცნებაც ეგაა, რომ საკუთარი ჭერი ჰქონდეს, სადაც ავადმყოფობისგან განაწამები ცხოვრების დარჩენილ წლებს გაატარებს...

"მე ვარ ელისო მუმლაძე, 53 წლის. უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გავატარე. ალალ-მართალი, მშრომელი მშობლები მყავდა და ტკბილ ლუკმას ბედნიერად ვჭამდით ჭიათურის ერთ პატარა სოფელში. 1985 წელს მაღარომ "გაიარა" სოფლის ქვეშ და საცხოვრებელი დაგვენგრა. იმდროინდელმა მთავრობამ სანაცვლოდ მოგვცა ჭიათურაში, ფანცულაიას 13 ნომერში მე-8 სართულზე ბინა. გაგვიჭირდა სოფლის ჰაერს მიჩვეულებს კორპუსში გამოკეტვა, მაგრამ ბედს შევეგუეთ.

1991 წელს მიწისძვრა მოხდა და ეს კორპუსი თითქმის დაინგრა, გამოგვასახლეს და დროებით შეგვასახლეს მაღაროს მუშათა საერთო საცხოვრებელში. მამამ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა, იმ საერთო საცხოვრებლიდან გავასვენეთ და დავასაფლავეთ. დედა ერთ ოთახში გამოკეტილი ვერ გაჩერდა და დავუბრუნდით ისევ სოფლის ნანგრევებს. "მოვქოხეთ" და იქ ვიყავით. 5 თვეში დედაც დაიღუპა და იმ ქოხიდან გავასვენეთ.

GzaPressქოხი ზამთარს ვერ გაუძლებდა და ძმასთან ერთად, მეზობლის უფრო საიმედო ნანგრევებში გადავედით - ძმა იქ დაიღუპა და მეზობლის ნანგრევებიდან გავასვენეთ...

30 წელია, თბილისში წამოვედი და მას მერე დავეხეტები ქირით. სოციალურად დაუცველი ვარ. ამ გაუსაძლისი პირობების შედეგად გავხდი ცუდად და დამიდგინეს სიმსივნე: დიაგნოზია ავთვისებიანი კარცინომა, მაგრამ დროული ოპერაციის შედეგად ისევ ცოცხალი ვარ.

ასობით განაცხადით მივმართე დევნილთა სამინისტროს, მაგრამ სამართალი ვერსად ვიპოვე. ვარ უკიდურესად გაჭირვებული, მოკვეთილი მკერდით და გინეკოლოგიურად ამოკვეთილი ყველაფრით. არ მაქვს პენსია. ითხოვენ ახალ ფორმა 100-ს, მას კი განმეორებითი კვლევები უნდა, რომელიც არ ფინანსდება, მე კი საამისოდ თანხის გაღება არ შემიძლია.

უკვე აცივდა, მაგრამ არ მაქვს გამათბობელი. მყავს 81 წლის ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი და ქმარი, რომელსაც შარშან ამოაჭრეს ერთი თირკმელი. წვალობს დილიდან საღამომდე, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. ჩემი ერთადერთი სურვილი და ოცნება ჩემი სახლია. პატარა იყოს, ოღონდ ჩემი ერქვას. მინდა მე მაინც მოვესწრო საკუთარ ჭერს და მერე ჩემი სახლიდან გამასვენონ, რაც არც ერთ ჩემი ოჯახის წევრს არ ეღირსა. ქვეყნად ძალიან ბევრია შეძლებული კეთილი ადამიანი და იქნებ თქვენი დახმარებით მივაწვდინო ხალხს ხმა, რომ შეძლონ ჩემი დახმარება. გთხოვთ, თქვენი მხრიდან არ მიმატოვოთ და გვერდში დამიდგეთ. 1 ლარსაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და სურვილისამებრ დაგვეხმარეთ, გემუდარებით".

P.შ. თუ ქალბატონი ელისოს დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაურეკოთ ტელეფონის ნომერზე 5(98) 00.62.16

ან შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

"ლიბერთი ბანკი": GE25LB0211195269468000

"თიბისი ბანკი": GE06TB7159245061600028

"საქართველოს ბანკი": GE30BG0000000678330000

მიმღები ელისო მუმლაძე.