"წაქცეულ ხეს ახალ სიცოცხლეს ვაძლევ" - გზაპრესი

"წაქცეულ ხეს ახალ სიცოცხლეს ვაძლევ"

პროფესიით ფინანსისტია და გამოყენებითი ხელოვნების კუთხით არც უმაღლესი განათლება მიუღია და არც საგანგებო კურსები გაუვლია. და მაინც, ბესო სიხარულიძის სახელოსნოში დამზადებული ნივთები - კედლის საათი იქნება ეს თუ ათასნაირი სახის სარკე ან ზომით, ფორმით, შინაარსითა და ბესოს ფანტაზიით დახვეწილი ჟურნალებისა თუ მისაღები ოთახის და სამზარეულოს მაგიდა, - თვალს აუცილებლად წარგტაცებს. ეგ კი არა, თავისი ოჯახისთვის, სარკისა და მაგიდის გარდა, საწოლიც გააკეთა და კარადაც.

მისი ნამუშევრები კომბინირებულია - მასიური ხის ნივთები სხვადასხვა შეფერილობისა და ფორმის ღარებითაა დამშვენებული. ბესო ხეზე ბუნებრივად არსებულ ღარებსა და ნაპრალებში გამჭვირვალე ეპოქსიდის ფისს ასხამს და დამკვეთის სურვილისამებრ, სხვადასხვა ფერის პიგმენტს ურევს. ეს ბესოს ხელწერაა, ორიგინალური და მიმზიდველი.

ხეზე მუშაობა და მისგან ლამაზი ნივთების დამზადება წელიწად-ნახევარია, რაც დაიწყო და უკვე საკმაოდ კარგი ოსტატია.

- ხეზე მუშაობით საკმაოდ გვიან დავინტერესდი. ერთი ადამიანი გავიცანი, ისიც - არაპროფესიონალი, რომელიც ხისგან კუსტარულად რაღაც ნივთებს თლიდა და ჩემი შემდგომი გატაცების ინსპირაციაც სწორედ ის გახდა. ვიფიქრე, თუ ეს აკეთებს, მე რატომ ვერ გავაკეთებ-მეთქი? ყველაფერი "იუთუბის" მეშვეობით ვისწავლე. თავიდან ვწვალობდი და სათანადოდ არ გამომდიოდა, მაგრამ ნელ-ნელა ისე დავოსტატდი, ზოგიერთი, ვინც 4-5 წელიწადია თბილისში ხეზე მუშაობს, ჩემთან მოდის და რჩევას მეკითხება.

GzaPress

- თავიდან რისთვის დაიწყე მუშაობა - მხოლოდ ინტერესისა და თავის გამოცდის მიზნით თუ მაშინვე ფიქრობდი, სერიოზულ საქმედ გექცია?

- თავდაპირველად, კომერციაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ხესთან ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო და ვხედავდი, რომ დროთა განმავლობაში რაღაცები კარგად გამომდიოდა. მერე უფრო მასიურ ნივთებზე გადავედი და ისიც რომ გამოვიდა, მივხვდი, აღარ უნდა შევშვებოდი. პირველად გავაკეთე კედლის საათი. მერე და მერე ისე გამიტაცა, ერთ ნამუშევარს რომ მოვრჩები, მაშინვე ახალ იდეაზე ვიწყებ ფიქრს. 50 წლის ვარ და ეს ნახევარსაუკუნოვანი მიჯნა, ბოლო წელიწად-ნახევარი ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, უბედნიერეს ადამიანად მაქცია, რადგან ცოლად შევირთე ადამიანი, რომელთანაც უსაზღვრო სიყვარული მაკავშირებს და წამოვიწყე საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მგვრის.

- ხეზე მუშაობა მხოლოდ ფანტაზიითა და გემოვნებით შეუძლებელია. მას შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარები სჭირდება. შენს სახელოსნოში რა ხელსაწყოები გაქვს?

- თავდაპირველად, ხერხი შევიძინე, მერე კი ნელ-ნელა შევავსე სხვადასხვა ხელსაწყოთი. მასიური დაზგა-დანადგარები არც ახლა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რაც მაქვს, სწორედ იმ ხელსაწყოებითაა დამზადებული. რაც შეეხება დიზაინს, ხეს ხომ აქვს თავისი ფორმა, მე იმ ფორმას ვარგებ მომავალ ნამუშევარს. დავხატავ ხოლმე, რის გაკეთებასაც ვფიქრობ, მერე ამ ნახატს ჩემი უფროსი ვაჟი - ნოდარი, რომელიც არქიტექტორი და დიზაინერია, პროფესიულად დახვეწს და მისი შესწორებულის მიხედვით მე და შუათანა ვაჟი - რატი კომპიუტერშივე საბოლოო სახეს ვაძლევთ და მუშაობას ვიწყებთ. სხვათა შორის, რატისაც ძალიან კარგად გამოსდის ხეზე მუშაობა, თანაც 24 წლისაა და საკმაოდ საზრიანი, ამიტომ ხშირად რჩევებსაც ვეკითხები. ადრე თუ ვამბობდი, მე და რატი ვმუშაობთ-მეთქი, ამ ბოლო დროს შებრუნებით ვამბობ.

GzaPress

- საუბრისას შენი და ხის ურთიერთობა ახსენე. რას გულისხმობდი - მის მორჯულებას, თუ უფრო ღრმა აზრი ჩადე ამ ურთიერთობაში?

- საქართველოში ბევრი მუშაობს ხეზე, მაგრამ ისინი ძირითადად, ხეს ხარშავენ და მერე აშრობენ. ჩემთვის ასეთი ხე მკვდარია და, გინდ გარეთ დადე, გინდ - შინ, ერთი ფასი აქვს. ჩემთვის ცოცხალ ხეს აქვს ფასეულობა, ამიტომ სოფელ-სოფელ დავდივარ და ეზოებში, სადაც მოჭრილ-გადასაგდებად გამზადებულ ხეებს ვნახულობ, ვყიდულობ. ახლახან რომ უზარმაზარი მაგიდა გავაკეთე, იმისთვის 5.20 მეტრი სიგრძის მორი ვიყიდე. ის მორი ერთმა კაცმა თავის ეზოში მოჭრა და შეშად უნდა გამოეყენებინა. ვეხვეწე, ჩემთვის რომ მოეცა და ძლივს დავიყოლიე. მერე გამოვაშრე ის ხე, თუმცა მარტო გამოშრობით გაცილებით რთულდება მასზე მუშაობა, მაგრამ მაინც ცოცხალ ხესთან ურთიერთობა მირჩევნია. შეიძლება, დღეს გაასუფთაო, გააშალაშინო და მეორე დღეს მასზე პატარა ფოსოები ან ნახეთქები დაგხვდეს. და მაინც მირჩევნია, ვიწვალო. მოჭრილ, წაქცეულ ხეს ახალ სიცოცხლეს ვაძლევ. ცოცხალი ხე სუნთქავს, მას დაელაპარაკები კიდეც. უნდა ნახო, მუშაობისას რომ ვეხვეწები, - ძალიან გთხოვ, არ გამაწვალო, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ-მეთქი, და ასე შემდეგ... მაგალითად, ტრადიციად მაქვს - მაგიდის კეთებას რომ ვიწყებ და ნაპრალებში ჯერ ეპოქსიდი არ ჩამისხამს, ყურსასმენები მაქვს გაკეთებული და ვისმენ ან "მრავალჟამიერს", ან "ცედურს", ან საეკლესიო "მრავალჟამიერს", მაგრამ როგორც კი ეპოქსიდს ჩავასხამ, მუსიკის ჟანრს ვცვლი და უკვე ელექტრონულზე გადავდივარ. იცი, ამგვარად აწყობილი მუსიკალური ფონი როგორ მეხმარება მუშაობაში?!. აქვე გეტყვი ჩემს კიდევ ერთ ჩვევაზე - ჯიბეში მუდამ მიდევს ხის პატარა ნატეხი, რომელსაც ხან კუთხეს მოვატეხ, ხან - გვერდს. რომ დავხედავ, იმ ნატეხში შეიძლება რაღაც დავინახო და მორიგი ნამუშევრის ან დეტალის ინსპირატორიც გახდეს. თითქოს მისგან განსაკუთრებული ენერგეტიკა მოდის, რაღაცას მძენს... მოკლედ, ჩემს სიახლოვეს ყველგან ხე არის - ჯიბეში, მანქანაში, სახელოსნოში, სახლში...

დასრულებულ ნამუშევარს ბოლოს ცვილს ვუსვამ. სამწუხაროდ, ცვილი ქართული არ არის, რადგან აქ ვერსად მივაკვლიე. ფაქტია, ოდესღაც ცვილის დამზადების ტექნოლოგია საქართველოში ექნებოდათ, მაგრამ მე ჯერ მისი დამზადების მეთოდი ვერსად გავარკვიე, თორემ იმასაც თავად გავაკეთებდი. ვნახოთ, ვინც ეძებს, პოულობს კიდეც. მოკლედ, ცვილს სითბოში მდგარ მაგიდას ვუსვამ. ამ დროს ცოცხალ ხეს ფორები გახსნილი აქვს და ცვილი მის სიღრმეში ჩადის. მერე რაც გინდა დაასხი, არ დაზიანდება და ბუნებრიობასაც ინარჩუნებს. გეგონება, ჰა და ჰა, ახლა გაგესაუბრება, თავის ისტორიას მოგიყვებაო, - თითო ამბავს მის ყოველ ხაზში ამოიკითხავ. ისე, თვით ხე მართლა ძალიან მიდგას გვერდში, ხე და რკინაც. ჯერჯერობით მაგიდებს ლითონის ფეხებს ვუკეთებ, სპეციალური რკინის საღუნი დანადგარი მაქვს სახელოსნოში და ლითონზეც თავად ვმუშაობ. ხის ფეხების გაკეთება ცოტათი ძნელია, თუმცა მაგასაც ავითვისებ.

GzaPress

- მოდი, შენს ბოლო ნამუშევარზე - დიდ მაგიდაზე მიამბე. როგორია?

- მორს სიგრძე ხომ 5.20 მეტრი ჰქონდა, მისი გარშემოწერილობა კი 3 მეტრი და რაღაც სანტიმეტრი იყო, ზუსტად არ მახსოვს. თვით ხე - კაკალი ალბათ, სულ ცოტა, 30 მეტრი იქნებოდა. წარმოიდგინე, ამხელა კაკალი მოჭრეს და შეშად უნდა გამოეყენებინათ. მე თითქოს თაყვანი ვეცი ამ ხეს, არაფერი ჩამოვაჭერი და ისე მივეცი სახე. მაგიდა დაახლოებით 270 კილოგრამს იწონის. 6 კაცი დაჭირდა მის ამოტრიალებას. ეს მართლა უნიკალური მაგიდაა და არა იმიტომ, რომ მე გავაკეთე. წარმოიდგინე, ამ მაგიდასთან 20 კაცი რომ იჯდება, საქართველოს სადღეგრძელოს დროს ერთად წამოდგება ფეხზე და თითოეული თავისას რომ იტყვის!.. მიხვდი, რას ვგულისხმობ? - საქართველოს სადღეგრძელოს რომ შესვამენ საქართველოში, ცოცხალი ქართული ხისგან დამზადებულ მაგიდასთან და არა იტალიიდან ან საიდანღაც ჩამოტანილ "დეესპეს" მაგიდასთან. ასე უფრო ჯიგრიანი არ არის?!. ეს მაგიდა იდგება და იდგება, წლებსა და საუკუნეებს გაუძლებს.

ირმა ხარშილაძე