სანტა "კორონამოხდილი" ოჯახებისთვის - გზაპრესი

სანტა "კორონამოხდილი" ოჯახებისთვის

"პირველ შვილზე ორსულად რომ ვიყავი, უთვალავი წამალი მჭირდებოდა, მათ შეძენას კი ფული უნდოდა. ჩემმა მეუღლემ, რომელსაც თეატრალურის სამსახიობი ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, "ჯამბაზობა" მოიფიქრა. სარდაფში ჩავიდა და რეპეტიციები დაიწყო. ერთ თვეში საქმეს შეუდგა. ამას "სანტაობა" მოჰყვა. 10 დეკემბერს გადმოვიღებდი ფორმას (თავი მისის კლაუსი მეგონა), გავრეცხავდი, მოვაწესრიგებდი და საახალწლო დღესასწაულიც იწყებოდა. წელს რაღაცნაირი წელია, თითქოს ვის რად უნდა სანტა და თოვლის ბაბუა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ვამხნევებ ხოლმე, - ნახევარმა ქვეყანამ გადაიტანა ეს ჯანდაბა კორონა და იმ ოჯახებს ხომ მოუნდებათ-მეთქი?!" - დაახლოებით ამ სიტყვებით იწყებოდა ტექსტი, რომელსაც სოციალურ სივრცეში გადავაწყდი. გულგრილად ვერ "ჩავუარე", რადგან ზოგჯერ რამდენიმე წინადადების ამოკითხვაც საკმარისია, ადამიანმა თუ მისმა საქმიანობამ რომ დაგაინტერესოს. აღმოჩნდა, რომ ნანო გაბრიჭიძე თავის მეუღლე გიორგი მაისურაძეზე წერდა, რომელსაც ბევრი ბავშვი "მხიარული ჯამბაზი ჩიპოს" სახელით იცნობს. თავად ნანო კი სადღესასწაულო ღონისძიებების გაფორმებაზე მუშაობს. პანდემიამ, ისევე როგორც ბევრი ოჯახის, ამ წყვილის რეალობაც შეცვალა.

ნანო გაბრიჭიძე:

- ზესტაფონში დავიბადე. თბილისში სულხან საბა-ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალობის შესწავლის შემდეგ, მუშაობა დავიწყე აღმზრდელად ვაკის პირველ ბაგა-ბაღში. გიორგის საბავშვო სტუდია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. შეყვარებულობის პერიოდში "ათონელის თეატრში" თამაშობდა სპექტაკლებში. ერთმანეთი მეგობრის ქორწილში გავიცანით. დაოჯახების შემდეგ მუშაობას თავი დავანებე, რადგან ბავშვები მყავდა წამოსაზრდელი. ორი შვილი გვყავს: 9 წლის კესარია და 7 წლის გაბრიელი. უფროსი სკოლაში რომ შევიყვანე, პარალელურად დავიწყე მუშაობა დაბადების დღის ცენტრის მენეჯერად. იქვე რამდენჯერმე გამიკეთებია სადღესასწაულო დეკორაცია, მაგრამ სრულად და დამოუკიდებლად ამ საქმეს ხელი წელს გაზაფხულზე მოვკიდე, როცა პანდემიის გამო ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და "ჩავიკეტეთ". პირველი რგოლი შინ შევკარით და დეკორაციაც ავაწყვეთ. კარანტინი რომ დასრულდა, რეგულაციები შემსუბუქდა და ღია სივრცეებში მუშაობა შესაძლებელი გახდა, რამდენიმე შეკვეთა მივიღეთ. იმ პერიოდში, როცა კორონავირუსი მძვინვარებს და თან გადარჩენაზე ფიქრობ, ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა საქმიანობა წამოიწყო. როცა ორი შვილი გყავს, აუცილებელია რამე აკეთო და ჩვენც ასე მოვიქეცით.

- თქვენს საქმიანობაში შედის არა მხოლოდ დაბადების დღეების დეკორაცია და გაფორმება, არამედ ნიშნობა, ქორწინება და ა.შ. ასეა?

- ქორწილებზე ჯერ არ მიმუშავია, თუმცა დიდი სურვილი მაქვს. რაც შეეხება სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს, გამიფორმებია ნიშნობაც და სქესის გაგების არაერთი ცერემონია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სულ სახალისო ფაქტები ხდება ჩვენს ოჯახში. მოკლედ ავხსნი არსს: ექოსკოპიაზე მისულ წყვილს ექიმი იქვე არ ეუბნება ბავშვის სქესს, ინფორმაციას ფურცელზე წერს და კონვერტით ატანს. დალუქულ კონვერტს თავად წყვილი ან მეჯვარები გვაწვდიან და ჩვენ ვხსნით. შავ ბუშტში ვათავსებთ ორი ფერის ბრჭყვიალა ქაღალდს, გოგონას შემთხვევაში - ვარდისფერს, ხოლო ბიჭის - ცისფერს. ბუშტი რომ გასკდება, იქიდან გადმოყრილი ფურცლების ფერის მიხედვით იგებენ მშობლები შვილის სქესს. ჰოდა, რამდენი ასეთი კონვერტი მოდის ჩვენს ოჯახში, კესარიას და გაბრიელს ჰგონიათ, რომ ფეხმძიმედ ვარ, იწყებენ ხალისს და ბედნიერები არიან (იღიმის).

GzaPress

- როგორც მითხარით, მეუღლისთვის ჯამბაზის, სანტას ფორმა და ნაბადი თავად შეკერეთ.

- ასეა. გარდა იმისა, რომ პანდემიამდე გასართობ ცენტრებში მუშაობდა, ჰქონდა კერძო გამოძახებებიც. პატარებს ის ძალიან მოსწონდათ და მალე გახდა მოთხოვნადი. კეთილი ადამიანია, ბავშვად გადაიქცევა ხოლმე და შინ ჩვენს შვილებთანაც ისე თამაშობს, სულ ვამბობ, რომ მე მას არ ვგავარ (იღიმის).

წელს ჩვენი ქორწინების 10 წლისთავი უნდა აღგვენიშნა, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. დეკორაციის გასაკეთებლადაც რომ დავდივარ, ყველა წესის დაცვას ვცდილობ. გიორგიც ასე იქცევა. ამას წინათ დაგვირეკეს და გვითხრეს, არ შეშინდეთ, კორონა მოვიხადეთ და შეგიძლიათ, ჩვენთან მოსვლისას მშვიდად იყოთო. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა კიდევ გვქონდა. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება და ერთმანეთის გაფრთხილება სწორია, პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს შენც და იმ ოჯახსაც, სადაც სტუმრობა გიწევს. თუმცა, პირადად მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ახალი წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება (იღიმის).

- "ჩიპო" - ჯამბაზის სახელი როგორ შეარჩიეთ?

- როგორც მახსოვს, თავდაპირველად "პოპოლინო" დაირქვა. ერთხელ საბავშვო ბაღში იყო დაბადების დღეზე მისული, სადაც ბავშვებს ისე მოეწონათ, მთელმა ჯგუფმა სთხოვა მშობლებს, გიორგი მათთანაც მისულიყო. სწორედ მაშინ, ერთ-ერთმა "ჩიპო" დაარქვა და მას შემდეგ ყველა ამ სახელით იცნობს. რაც შეეხება პროგრამას, ფოკუსები და სხვადასხვა სახალისო ნომერი აქვს. გიორგის ბებია რაჭველია და საუბრის დროს "უცნაურ" სიტყვებს იყენებს. გიორგიც, "როლში რომ შედის", ბებიამისის ლექსიკონიდან რაღაც სიტყვებს ამბობს. მართალია, მათ შინაარსს ვერავინ ხვდება, მაგრამ თავადაც ბედნიერია ხოლმე და ბავშვებიც (იღიმის).

- ოჯახში თქვენი შვილების სანტა გიორგია?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ კესარიას მამამისის სანტას და თოვლის ბაბუების ფორმები უნახავს, მაინც სჯერა, რომ სანტა კლაუსი არსებობს. როცა გიორგი სხვა ბავშვებთან მიდის, ეკითხება ხოლმე, - კი მაგრამ, შენ ხომ ნამდვილი არ ხარო?!. ახლაც დაწერილი აქვს წერილი და "ნამდვილი" სანტა კლაუსისგან საჩუქარს ელოდება.

საერთოდ, მეც და გიორგიც ვცდილობთ, მთელი ჩვენი ენერგია იმაში ჩავდოთ, რომ კეთილი შვილები აღვზარდოთ. პანდემიის გამო უწევთ კომპიუტერთან და ტელეფონებთან ყოფნა, თორემ სხვა დროს მაქსიმალურად ვარიდებთ. დიდი ძალისხმევა გვჭირდება, მაგრამ ვახერხებთ, რომ ტელეფონებს არ იყვნენ მიჯაჭვულები. გიორგი წარმოშობით რაჭიდანაა და ვცდილობთ, გაზაფხულზე იქ ჩავიდეთ, ბავშვები ქალაქის ქაოსს მოვარიდოთ, მიწასთან ახლოს იყვნენ. პანდემია სანამ დაიწყებოდა, "კაპიკს კაპიკზე" ვაწებებდით და საგარეჯოსთან, ხაშმში ვიყიდეთ ნაკვეთი. გვინდა, პატარა სახლი ავიშენოთ. ჩვენი მიზანია სოფელში საცხოვრებლად გადასვლა და ვნახოთ, როგორ განვახორციელებთ ჩანაფიქრს.

- როგორც წესი, პირიქით ხდება, თუმცა, ბოლო დროს გამოჩნდნენ თქვენნაირი ოჯახები, ვინც დედაქალაქიდან სოფლად გადადის საცხოვრებლად. იქ მოგიწევთ ალბათ, ხელი მიჰყოთ მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას. გეხერხებათ ეს საქმე?

- დიახ. ხაშმში ნაკვეთი რომ შევიძინეთ, ვაზი ჩავყარეთ, ხაშმის საფერავი. გვინდა, ღვინოც დავაყენოთ. წელს წავედით, დავბარეთ, მოვთოხნეთ, დავთესეთ და დავრგეთ: ლობიო, კიტრი, პამიდორი, გოგრა. ყაბახის კარგი მოსავალი ავიღეთ. ბავშვებისთვის ყაბაყის ფაფა სასარგებლო ყოფილა და სამეგობროში ვისაც ახალშობილი ჰყავდა, რომლებმაც კვებაში უკვე ფაფების დამატება დაიწყეს, ყველას ჩვენს უსასუქო ყაბაყს ვაწვდიდით და ეს ძალიან გვიხაროდა. გვინდა გადასვლა და არა მხოლოდ მე და ჩემს მეუღლეს, არამედ - ბავშვებსაც. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს (იღიმის).

ანა კალანდაძე