როგორ ხვდებიან ახალ წელს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში
font-large font-small
როგორ ხვდებიან ახალ წელს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში
საშობაო პერიოდი ბელგიაში 6 იანვარს ნათლისღებით სრულდება

შობა-ახალ წელს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირი სიხარულითა და იმედით ეგებებიან, თუმცა, მასთან შესახვედრად განსხვავებულად ემზადებიან და არაერთი საინტერესო, უცნაური წეს-ჩვეულებებიც აქვთ.



ეკატერინე ლოლაძე, ბელგია:
- ბელგიელებისთვის წმინდა ნიკოლოზი და სანტა კლაუსი ორი განსხვავებული ფიგურაა. "შინტერკლაას" აღინიშნება 6 დეკემბერს - ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. "შინტერკლაასის" წვეულების წინაღამეს ბავშვები ამზადებენ სტაფილოს სანტა კლაუსის ცხენისთვის, ზოგიერთ რეგიონში ასევე ამზადებენ ლუდს, წმინდა ნიკოლოზის დამხმარესთვის... ამ სადღესასწაულო პერიოდში გამომცხვარი ტიპური დელიკატესი არის სპეცულოს - ერთგვარი ცხარე ნამცხვარი, რომელიც უხდება ყავას. შობის ღამე და შობა, ტრადიციულად, ოჯახში აღინიშნება. ბელგიური საშობაო ვახშამი შედგება მთავარი კერძისგან და აუცილებლად - ზღვის პროდუქტებისგან. დესერტი არის საშობაო ცომეული, შოკოლადის კარაქის კრემით, რომელიც ხის ნაფოტს ჰგავს. საშობაო ვახშმის შემდეგ საჩუქრებს ხსნიან.
ახალი წლის ღამეს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ხვდებიან და დილამდე ერთობიან. დიდ ქალაქებში ტარდება ღია ცის ქვეშ კონცერტები, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეიერვერკებითა და სადღესასწაულო სპექტაკლით. შუაღამისას ერთმანეთს საუკეთესოს უსურვებენ ლოყაზე სამი კოცნით. დამდეგი წელი როგორი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მშვიდად და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო სახლში. ფლანდრიასა და ვალონიის ზოგიერთ მხარეში ბებიისა და ნათლიისთვის ხშირად იკითხება საუკეთესო სურვილების საახალწლო წერილი, ხშირად - პოეტური ფორმით. მშობლების ან მასწავლებლების დახმარებით, ბავშვები ლამაზად აფორმებენ და რთავენ ამ საახალწლო წერილს. ხმამაღლა კითხვისთვის მათ ყულაბისთვის ფულს სჩუქნიან. ძალიან მნიშვნელოვანია საშობაო ბარათების წერილობითი ფორმით გაცვლა. ამისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან, ყიდულობენ ან თავად აფორმებენ ბარათებს და მეზობლებს, თანამშრომლებს, მეგობრებს ყოველთვის ხვდებათ საფოსტო ყუთში მისალოცი ბარათი. საშობაო პერიოდი ბელგიაში 6 იანვარს ნათლისღებით სრულდება. ბავშვები კარდაკარ, საშობაო სიმღერას მღერიან და ამისთვის მათ კანფეტებით ასაჩუქრებენ. მცხობელები ამ პერიოდში ყიდიან სამეფო ნამცხვარს - საკონდიტრო ნაწარმს ქაღალდის გვირგვინით. ნამცხვარში იმალება ლობიოს მარცვალი და ადამიანს, ვინც მას იპოვის, შეუძლია ატაროს ქაღალდის გვირგვინი და იყოს მეფე ან დედოფალი მთელი დღის განმავლობაში.
GzaPress
ლელა ჭანკოტაძე, ისრაელი:
- ისრაელში ახალ წელს სექტემბერში აღნიშნავენ. ებრაული კალენდრის მიხედვით, 21 სექტემბერს ისრაელში შემობრძანდა 5578 წელი. ქრისტიანული კალენდარი 3761 წლით ჩამორჩება ებრაულს. აღთქმულ მიწაზე რელიგიური იუდეველებისთვის (დათიმები) წელთაღრიცხვა იწყება სამყაროს შექმნიდან და როგორც ებრაელების მთავარი წიგნი, თორა ამბობს, ეს მოხდა სექტემბერში. თარიღი განისაზღვრება ახალი მთვარის მიხედვით.
ტრადიციულად, ახალ წელს მამაკაცები მიდიან სალოცავში, ქალები კი სუფრას აწყობენ. მზის ჩასვლის წინ ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ. შემდეგ მთელი ოჯახი სადილზე იკრიბება. კერძებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგიდაზე უნდა იყოს პური, ღვინო, მარილი, ბროწეული, თევზის ან ცხვრის თავი, ვაშლი თაფლში, ლობიო, პრასი, ჭარხალი, სტაფილო და ინდური ხილი. ოჯახის უფროსი იწყებს ლოცვას. მაგალითად, აიღებს თევზის თავს და ამბობს: ვიყოთ თავში და არა - ბოლოში. აიღებს ინდურ ხილს და ილოცება ასე: ჩვენი წინაპრების ღმერთო, ყველა ცუდის მთქმელი დაიხოცოს. ლობიოზე ილოცებიან: გავმრავლდეთ; პრასზე ილოცებიან: წაიჭრნენ ჩვენი მტრები და ყველა, ვისაც ჩვენი ცუდი უნდა; ჭარხალზე ილოცებიან: ჩვენი ყველა მტერი გაიფანტოს; სტაფილოზე - თუ რამე ცუდია, ყველაფერი ჩამოგვცილდეს; ვაშლსა და თაფლზე ამბობენ, ახალი წელიწადი იყოს ტკბილი და გემრიელი. საახალწლო სუფრაზე აკრძალულია მწარე და მარილიანი კერძები. რაც შეეხება 1-ლ იანვარს, ისრაელში ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. მაგრამ აღთქმულ მიწაზე ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნებიდან ჩასულ მიგრანტთა დიდმა რაოდენობამ მოიტანა ის, რომ თელ-ავივში იდგმება დიდი ნაძვის ხე, ე.წ. რუსულ მაღაზიებში გაჩნდა საახალწლო სათამაშოები და ნაძვის ხეები, თუმცა ქვეყანაში მაინც არ იგრძნობა საახალწლო განწყობა, სხვებისგან არაფრით გამორჩეული დღეა.
GzaPress
მარიამ ინაბა (ბეჟანიშვილი), იაპონია:
- ახალი წელი ანუ - შიოგაცუ - იაპონიაში ყველა დღესასწაულზე მეტად მნიშვნელოვანია. ყველა ოჯახში მზადება მთელი სახლის ძირფესვიანად დალაგებით იწყება. ისეთ ჭურჭელსაც კი რეცხავენ, რაც არასდროს გამოუყენებიათ და ჩვენსავით, მხოლოდ თაროზე აქვთ შემოწყობილი. მგონი, ამ ჩვევაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს...
ახალ წელს იაპონელებთან დიდი ჟრიამულია. ოჯახის წევრები თავს იყრიან მშობლების სახლში... 31 დეკემბერს მაღაზიები ადრე იკეტება, რათა ყველამ მოასწროს 12 საათამდე შინ დაბრუნება. ამიტომ თუ რამე დაგრჩათ შესაძენი, აუცილებლად საღამოს 6-8 საათამდე უნდა მოასწროთ. ახალი წლის უქმეებამდე, მთელი დეკემბერი ყველა კომპანიას ე.წ. ბონენკაი აქვს - წლის დამამთავრებელი წვეულება. ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელია თანამშრომლებთან ერთად მოლხენა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იაპონიამ 12 საათის დადგომის ფეიერვერკებით აღნიშვნა არ იცის. შესაბამისად, მხოლოდ იოკოჰამაში ან "დისნეილენდში" შეგიძლიათ დაესწროთ "ქაუნთდაუნს".
ახალი წლის ღამეს იაპონელები ტოშიკოში სობას, ანუ წიწიბურის ნუდლსებს მიირთმევენ, რომელშიც ბრინჯის ცომი გვხვდება და ყოველწლიურად რამდენიმე ადამიანი იღუპება ამისგან - გადასცდებათ და იგუდებიან, ძირითადად - მოხუცები. ამბობენ, ახალი წლის სობას მთელი წლის იღბალი მოაქვსო, ამიტომაც ტრადიციად იქცა მისი მირთმევა. ამბობენ, რომ ნუდლსები ადამიანის დღეგრძელობასთან ასოცირდება, რადგან ისიც გრძელია; წიწიბურა მყარია და მას გამძლეობასთან აკავშირებენ. წიწიბურის ნუდლსები ადვილად ტყდება ჩაკბეჩისას და ამიტომ მთელი წლის სირთულეების იოლად "გადატეხასთანაც" ასოცირდება.
სობა წიწიბურასთან ერთად სიმბოლურად ნიშნავს გვერდით ყოფნასაც, ამიტომ მას მიირთმევენ ახალ მეზობლებთან ერთად, რაც ხანგრძლივ მეზობლობასთან ასოცირდება... ოსეჩი - პირველი იანვრის კერძია, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ დეკორატიულ ყუთებში. ის შედგება კრევეტებისგან, ასევე, იღბლის მომტანი სხვა ინგრედიენტებისგან, მაგალითად - შავი სოიის მარცვლეულისგან, რაც ჯანმრთელობასთან ასოცირდება.
ახალწლის ღამეს, ვისაც ახლოს აქვს ტაძარი, 12 საათის დადგომას იქ ხვდება. მზის პირველი ამოსვლა ისეთივე მნიშვნელოვანი ამბავია, როგორც ჰაცუმოდე - შინტოისტურ ტაძარში პირველი ვიზიტი. ხალხი სპეციალურად მიდის ისეთ ადგილას, საიდანაც ყველაზე ლამაზად გამოჩნდება მზის ამოსვლა. ჰაცუმოდეზე ტაძარში მისვლისას, თანხას სწირავენ და თან ბედს ცდიან "ომიკუჯის" არჩევით. "ომიკუჯი" ქაღალდზე დაწერილი წინასწარმეტყველებაა. თუ ცუდი რამე ამოგივა, შეგიძლია, იქვე ტაძარში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას მიაბა, თუ კარგი ამოგივა, შინ წამოიღებ და დაელოდები, როდის აგიხდება ოცნებები.
GzaPress
ფიქრია რობაქიძე, ესპანეთი:
- შობის ღამე 24 დეკემბრის ღამეს დგება და ეწოდება "ნოჩებუენა" ("კარგი ღამე"). ამ ღამეს ესპანელები შამპანურს სვამენ. შუაღამისას ზარების ხმა ისმის, რაც გაუწყებს მესის დაწყებას, სახელწოდებით "მამლის მესა". ეს სახელი უკავშირდება ბიბლიურ მოთხრობას პეტრეს უარყოფის შესახებ. როგორც ხედავთ, ესპანეთში შობა ინარჩუნებს ღრმა რელიგიურ სიმბოლიკას. ამ ღამეს ადამიანები ძილზე უარს ამბობენ და დილამდე სუფრასთან სხედან. მონსერატ ფერნანდესმა, ესპანელმა ქალბატონმა მითხრა, რომ ეს დღე ბავშვობიდან ყველა დღესასწაულზე მეტად უყვარს: "ნოემბრის დადგომისთანავე ვიწყებდით მზადებას "ნავიდადისთვის", ვყიდულობდით და ვაგროვებდით ტკბილეულს. ეს ოჯახის ღამეა და ტრადიციულად, მშობლების სახლში ვიკრიბებოდით. სუფრასთან ოთხი თაობის ადამიანები ვისხედით, ბავშვები მოუთმენლად ველოდებოდით საჩუქრებს. წლიდან წლამდე ვიყავით ამ დიდი დღესასწაულის მოლოდინში და ვფიქრობდით, რა ჩაგვეფიქრებინა ამ ჯადოსნურ, ოცნებების ასრულების ღამეს. დღემდე მწამს, რომ ახალი წლის ღამეს ყველა სურვილი ფრთებს შეისხამს. მინდა, ჩემი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის სახელით, შობის დღესასწაული მივულოცო თქვენს სამშობლოს. ვხედავ, ბევრი ქალია ჩამოსული ესპანეთში სამუშაოდ და მათ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ. ყველა დედა ამ ღამეს თავის შვილებთან ერთად უნდა ხვდებოდეს".
GzaPress
მაკა ზვიადაძე, შვედეთი:
- შვედებს უყვართ ტრადიციები. 24 დეკემბრის შობის საღამო ოჯახურ დღესასწაულად ითვლება. სადილი წინადღეს მზადდება, დილიდან ყველა ცდილობს გალამაზდეს და გამოიპრანჭოს. წითელი და მწვანე ფერები დომინირებს საშობაო ჩაცმულობაში. სუფრაზე ყველაზე მთავარია ლორი, დესერტებიდან - ზაფრანის ფუნთუშები. ვახშმის შემდეგ იწყება საჩუქრების გახსნა. ყველაზე მეტად ფასდება ხელნაკეთი ნივთები. მოგვიანებით მთელი ოჯახი ერთობა ინტელექტუალური თამაშებით ან ერთად კარგ ფილმს უყურებენ. ყველაზე მეტ დროს მაინც ბავშვებს და მათი სურვილების ახდენას უთმობენ.
მატეო ნარდონი, იტალია:
- ტრადიციულად, შობა-ახალი წლისთვის მზადება იწყება 8 დეკემბრის დღესასწაულიდან, რომელსაც "ჩვეულებრივი ნეტარება" ჰქვია. ამ დღეს ირთვება ნაძვის ხე. აქაურებისთვის უფრო მნიშვნელოვანია შობის სცენის დეკორაცია - "პრეზეპე". სამწუხაროდ, შობის დღესასწაულმა უფრო კომერციული სახე მიიღო და მოაკლდა სულიერება. რასაკვირველია, შობა უმნიშვნელოვანესი დღეა. ოჯახი ერთად იკრიბება, არის ამაში რაღაც ღვთიური. ათეისტებიც კი მონაწილეობენ ამ დღესასწაულში. ახალი წელს კი ერთობიან და მხიარულობენ. საჩუქრების შერჩევა ერთგვარ თავსატეხად გადაიქცა. ჩვენმა ოჯახმა უკვე წლებია გადაწყვიტა, რომ ერთმანეთს ვაჩუქოთ ისეთი რამ, რაც ძვირად ღირებული არ არის, მაგრამ გამოსადეგია. უსარგებლო ნივთის ყიდვას ჯობს, არაფერი იყიდო. ბავშვებთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა - მათ გამო არაფერზე ვიხევთ უკან.
ნაძვის ხის ტრადიცია იტალიაში გასულ საუკუნეში დამკვიდრდა. იტალიელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია შობის სცენა ანუ - "პრეზეპე". იტალიაში ყოველ რეგიონს, ყოველ ქალაქს თავისი ტრადიციული კერძი აქვს, მაგრამ საახალწლოდ გაშლილი სუფრა ყველა რეგიონში მსგავსია. ჩვენ აბრუცოს, ტოსკანას, ლაციოს და ლიგურიის კერძებს ვამზადებთ. ტოსკანაში საახალწლოდ ოსპთან ერთად ხარშავენ ხორცს, ბარაქა მოაქვსო. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც საღამოს ვახშამია, საშობაო წირვა 24-ში ღამით და 25 დეკემბრის სადილი, როცა უკვე ჩამთავრებულია საჩუქრებით გამოწვეული ემოცია და, ბოლოს და ბოლოს, კონცენტრირებული ხარ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორიცაა შობა, ეს ღვთიური დღესასწაული!
GzaPress
ანა არველაძე, ჩინეთი:
- ჩინური ახალი წელი, ანუ გაზაფხულის ფესტივალი, ყველაზე გრძელ და მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება. ჩინელი ხალხი ამ დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ეგებება. ეს დღესასწაული აერთიანებს მათ, დევნის ბოროტ სულებს და აძლევს ახალ შანსს. ჩინური ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და დამოკიდებულია ჩინური მთვარის ტრადიციულ კალენდარზე. ის აღინიშნება ზამთრის ნაბუნიობიდან მეორე ახალ მთვარეს, 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში. ამჯერად ახალი წელი 12 თებერვალს დადგება და ხარის წლით აღნიშნავენ.
ამ დღესასწაულს აქვს თავისი ლეგენდა, რომლის თანახმად, არსებობდა საზარელი მონსტრი - ნიენი, რომელიც აწიოკებდა სოფლებს, იტაცებდა ხალხს და ყველაზე ხშირად - ბავშვებს. სოფლის მცხოვრებლებისთვის ნიენი მოუშორებელ ჭირად იქცა, თუმცა, როგორც ყველა ლეგენდაში, მასაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგე. ერთ დღეს მოხუცი კაცი გამოჩნდა და როცა იქაურები სოფლიდან წასვლასა და დამალვას აპირებდნენ, პირობა დადო, რომ ნიენს მოუვლიდა. მან სახლებზე წითელი ლენტები ჩამოკიდა, შუშხუნები მიამაგრა, წითელი სამოსი ჩაიცვა და ნიენს დაელოდა. როცა მონსტრი გამოჩნდა, შუშხუნები დაანთო, ჭურჭელს არახუნებდა და თან გულიანად იცინოდა. ნიენს შეეშინდა და გაიქცა. სოფლის მცხოვრებლებმა უვნებელი სახლები რომ დაინახეს, მიხვდნენ, ნიენს ხმაურისა და წითელი ფერის ეშინოდა. ამიტომაც, ყოველ წელს, როცა მისი დაბრუნების დრო დგება, შუშხუნებს ანთებენ, სახლებს წითლად რთავენ და ხმაურიანად ერთობიან.
მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება. აუცილებელია სახლის დაგვა, ძველი, უსარგებლო ნივთებისა და ნაგვის გატანა, ახალი ტანსაცმლის ყიდვა, ვარცხნილობის შეცვლა. ეს ყველაფერი სიმბოლურად აღნიშნავს ძველი წლიდან ყოველივე ცუდის მოშორებას და ახალი წლის სიახლით დახვედრას.
ახალი წლის პირველ დღეს ოჯახის უხუცესებს სტუმრობენ, რაც მათდამი პატივისცემას გამოხატავს. მეორე დღეს, ტრადიციისამებრ, ცოლის ოჯახს სტუმრობენ. დღესასწაულის 15 დღეს თავისი დანიშნულება აქვს. ამ დროს იმართება ცნობილი "ფრანების დღესასწაული", ყოველი ოჯახი ცაში ფერად ფრანებს უშვებს. ლეგენდის მიხედვით, ერთხელ ადამიანებმა ნეფრიტის იმპერატორის წერო მოკლეს. განრისხებულმა იმპერატორმა დედამიწის გადაწვა ითხოვა. მისმა მსახურებმა ადამიანებს ფრანების გაშვება ურჩიეს, სანამ იმპერატორის წყრომა გადაივლიდა. მართლაც, ყველა ასე მოიქცა, მიწის ზედაპირი ზეცაში აჭრილი ფრანებით გაივსო. ზემოდან მაცქერალ ნეფრიტის იმპერატორს კი ეგონა, რომ ქვემოთ ცეცხლი ენთო და დაკმაყოფილდა.
ჩინეთში ახალი წლის სუფრაც განსაკუთრებულია. არის კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოამზადო, მაგალითად - ბრინჯისგან მომზადებული "ახალი წლის ნამცხვარი", თევზი, ჩინური პელმენი. დიდი სიფრთხილე გმართებთ საჩუქრის შერჩევისას: ახალი წლის საჩუქარი არ უნდა იყოს ფეხსაცმელი, მაკრატელი ან სხვა მჭრელი ნივთი: ფეხსაცმელი ნიშნავს, რომ ურთიერთობის შეწყვეტა გსურს, მჭრელი ნივთი კავშირების გაწყვეტას აღნიშნავს. დაუშვებელია საათის ან დროის სვლის აღმნიშვნელი სხვა ნივთის ჩუქებაც. როგორც წესი, გაზაფხულის ფესტივალზე საჩუქრების სახით ხილს იყენებენ. ტრადიციულია ასევე ე.წ. წითელი კონვერტით ფულის ჩუქება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვცდილობ დავამტკიცო, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის
ერთი ფლაკონის ფასი 4.000 დოლარია, მკურნალობის კურსი 30-31 ფლაკონის მიღებას ითვალისწინებს
"თუ სალოცავად ხატთან მიდიან, მე სალოცავად თქვენთან მოვედი!.."
ფილმი მტვერსასრუტზე, რომელიც წყალტუბოში სტალინის სააბაზანოში "მუშაობს"
კახა კოჟორიძე პოლიტიკაზე, საქმიანობასა და ოჯახზე
ლანჩვალის უბნის ხედი, მარჯვნივ მარგიანების დასახლება
თავშესაფრად ქცეული პოეზია
ურთიერთობა, რომელიც სითბოს ჩაგიღვრით გულში
მსახიობობაზე მეოცნებე სამართალდამცველი ქალისა და მისი "შეგირდების" ტკბილ-მწარე ურთიერთობები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი