თაზო ექიმი - გზაპრესი

თაზო ექიმი

ვიდრე საზოგადოება იმაზე მსჯელობს, უნდა გამკაცრდეს თუ შემსუბუქდეს კოვიდსიტუაციის გამო შეზღუდვები, მანამდე ეგებ ერთხელ მაინც შეგვეხედა იმ მედიკოსების შრომითი რეჟიმისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ამჯერად ერთ მათგანზე - თაზო თოდაძეზე უნდა გიამბოთ.

როცა პანდემიის გამო იტალიაში მდგომარეობა გამწვავდა, თაზომ განაცხადა, რომ მოხალისე ექიმად გაემგზავრებოდა ევროპაში. თაზოს დედამ, მირანდა ჯანხოთელმა, რომელთანაც მრავალი წლის ნაცნობობა მაკავშირებს, ხუმრობითა და გამჟღავნებული დედური შეშფოთებით მომწერა, შენ რომ მეუბნები, კარგი შვილი გყავს და მომაშვილე, თანახმა ვარ, მე არ მიჯერებს, იტალიაში აპირებს წასვლას და არ ვიცი, რას იზამსო. დედას შვილთან განშორება არასდროს უნდა, მით უფრო, როცა ის სამაგალითო და აღიარებულია. მერე მალე საქართველოსაც დასჭირდა ექიმების თავდადება და თაზო საჩხერის სამედიცინო ცენტრში დარჩა... ისევ მივიღე მირანდა ექიმის შეტყობინება, თაზო დღე და ღამე საავადმყოფოშია, ვერ ვნახულობ, ასე ახლოსაა და მაინც ძალიან შორსააო. შესაძლოა, მშობლის გული ბევრჯერ შეიკუმშა, როცა ამხელა საფრთხის წინაშე დადგა მისი შვილი, იქნებ და პროფესიული არჩევანიც დაუწუნა, მაგრამ არჩევანი ერთი იყო - ავადმყოფების თანადგომა. სკაფანდრის ქვეშ სახის კანის დამწვრობა შეამჩნია ერთხელ დედამ შვილს შორიდან, მაგრამ მიახლოების უფლებაც არ ჰქონდა და თუნდაც ჰქონოდა, სენტიმენტების დრო ახლა არაა, ჰიპოკრატეს ფიცი მეტია იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლეს შეეხება საქმე, ვიდრე დედაშვილობაა! ეს ვინ თუ არა, მირანდა ექიმმა იცის ძალიან კარგად!

ის, რომ თაზომაც გადაიტანა კოვიდი, თან სტაციონარშივე, თან ექიმის ამპლუაში და არა პაციენტის როლით, ეს უკვე ბევრმა იცის. ცოტას ეცოდინება, რატომ ირჩია ახალგაზრდა, კოვიდდადებითმა მედიკოსმა გადაღლილობის მიუხედავად საქმის მსახურება. გამოძინებაც უნდოდა, მკურნალობაც, მაგრამ პალატებში უხილავ მტერთან საბრძოლველად გამოწვევა მიღებული იყო და თაზო ექიმი პაციენტებს ვერ მიატოვებდა. არის ჰიპოკრატეს ფიცზე მეტიც პროფესიაში - მორალი, ყველაზე დიდი მსაჯული ადამიანისთვის. მორალი, რომელიც ოჯახში ჩამოყალიბდა, არ მისცემდა უფლებას, თუნდაც გულშეღონებული არ წამომდგარიყო და არ მიეხედა პაციენტებისთვის, რომელთა უმეტესობა სათქმელს ვერასდროს ამბობდა იმდენს, რამდენიც გულს სწადდა. ასეთ დროს კარგი ექიმი პაციენტის გასაჭირსა და მადლიერებას თვალებში კითხულობს!

საზოგადოება ასეთ დროს ვალდებულია, დააფასოს ექიმის თავდადება. როცა ჩვენ უფრო ნეგატიური შეფასება გვიზიდავს, ვიდრე დაფასება, მაშინ თუნდაც ერთი ადამიანის ასეთი სიტყვები ამხნევებს თაზოს.

GzaPress

თეონა სხირტლაძე: "ჩემი მეგობარი გმირია! რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გერმანელი ექიმის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც თავად ინფიცირებული იყო და კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა. ემოციური ფოტო წარწერით "გმირი" ბევრ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: სადღაც, ბერლინის საავადმყოფოს ექიმის გმირობასა და თავგანწირვაზე საუბრობდა ხალხი, ამ დროს ჩემი უახლოესი მეგობარი, აქვე, ჩვენს რაიონში, "კოვიდ 19"-ის დაფიქსირების დღიდან, თავის კოლეგებთან ერთად, არანაკლებ გმირულ ბრძოლაშია ჩართული. ჰოდა, გადავწყვიტე თაზო ექიმზე გიამბოთ. ჩემი და თაზოს ურთიერთობა მეგობრობას, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასაც მოიცავს. ის კარგი მეგობარი და უფრო კარგი ექიმია. მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და თსსუ-ის რეზიდენტი სულ რაღაც 28 წლისაა. თაზო თოდაძე მესამე წელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ემერჯენსის ექიმად მუშაობს. იმ დროს, როდესაც მასზე გამოცდილ ექიმებსაც, სრულიად უცხო ვირუსის წინაშე, ერთგვარი შიში ჰქონდათ, კოვიდდადასტურებულ პაციენტებთან მუშაობის შეთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდა. რაც დრო გადის, გამოცდილებასთან ერთად, მისი პაციენტების რიცხვიც მატულობს. მე მეგობარი ვარ და ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმის შესახებ ვიცი. ვიცი, თითოეული პაციენტის მდგომარეობას როგორ განიცდის. ვხედავ, რადიკალურად როგორ შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. მუდმივად გამოუძინებელია, ბევრჯერ მშიერი, ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი. საკუთარი ცხოვრებისთვის, არც დასვენებისთვის, დრო არ რჩება. ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით მძიმედ იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე, ახლა მაინც ხომ დაისვენებ-მეთქი, ნურას უკაცრავად! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო. აი, ასეთი ექიმია თაზო - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლა და მოტორბოლა უხაროდა. წელს ყველაზე მეტად რა გიხარია-მეთქი? - რომ ვკითხე, პაციენტს შემოსვლიდან მეორე დღეს დადებითი დინამიკა რომ აღენიშნებაო. არ სიამოვნებს შექება, ალბათ, ამ დაწერილზეც გამინაწყენდება. რომ ვეუბნები, გმირი ხარ-მეთქი, უარობს, ეს ჩემი არჩევანი და მოვალეობააო.

მხოლოდ კოვიდპაციენტები არ ჰყავს თაზოს, აქეთ, სტაციონარის გარეთაც მრავლად ვართ შეშინებული მეგობრები, მეგობრის მეგობრები, ახლობლები - მიკვირს, როგორ ახერხებს ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს. დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! მალე იუბილარია და მინდა, აქედან მივულოცო. თაზო, ვამაყობთ შენით! აუცილებლად კარგად გეყოლება პაციენტები, წახვალ ტოკიოში, დაისვენებ და იყიდი შენი ოცნების "ბაიკს".

ზემო იმერეთში ჩვენი კარგი ექიმი გვყავს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერ ისვენებს, ვიდრე გამოჯანმრთელებულ პაციენტს არ გააცილებს პალატიდან. წარმომიდგენია, როგორ უხარია მაშინ ახალგაზრდა კაცს, რომ მოერივნენ ვირუსს ის და მისი მორიგი პაციენტი... ასეთი გამარჯვებები მისთვის ყველაფერია, ქება-დიდებაზე, ხელფასსა და აღიარებაზე მეტიც. აუცილებლად დასრულდება ეს ვირუსი და თაზო გასცდება პროფესიულ ვალდებულებებს ზოგჯერ მაინც - ხან ტოლებთან ერთად გაატარებს დროს, ხანაც - უფროსი თაობის ხალხთან ერთად ქართულ, ტრადიციულ სუფრას მოკრძალებით შეუერთდება. სასმელს, არ დალევს, ბუნებრივია. უფროსები უნდა მიაცილოს ოდნავ შესამჩნევი ღიმილითა და ზრდილობის მაღალი პილოტაჟის გამოვლინებით სახლამდე...

თაზო ახალ წელსაც პაციენტებთან ერთად შეხვდება. შესაძლოა, 31 დეკემბრის ბოლო წუთებში ხელში შამპანურით სავსე ჭიქის (ასე რომ უხდება ახალ წელს!) ნაცვლად, შპრიცი ეჭიროს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს უფრო მეტია, ვიდრე დამდეგი წლის დალოცვა!

P.S. ამ წერილით "გზის" რედაქცია თაზო ექიმსა და ყველა მედიკოსს დამდეგ ახალ წელს ვულოცავთ...

როლანდ ხოჯანაშვილი