ნიკორადან მეტალის ხარამდე - გზაპრესი

ნიკორადან მეტალის ხარამდე

2021 წელი ხარისააო. აღმოსავლურ კალენდარს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა, ყურმოკვრით გაგონილიც საკმარისი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ნიკორა ხარი - ჩემი ბავშვობის თანმდევი ნაღვლიანი სიტკბოება.

იმის გამო, რომ ფიზიკურად ძალიან სუსტი ვიყავი, მშობლები სულ მამხნევებდნენ. ყველა ჩემი ტოლი ბავშვი უფრო სწრაფად დარბოდა, არ ცივდებოდნენ და ჩემსავით წამლებით არ ჭყეპდნენ... გარდა ამისა, მუგუზალივით შავი ბავშვების გვერდით კიდევ ერთი უხერხულობა მექმნებოდა - ძალიან თეთრი ვიყავი, ცისფერი თვალები და კვერცხის გულის ფერი თმა მქონდა! გამხნევება ვახსენეთ ზემოთ და ასეთ რამეს მიამბობდნენ გულის მოსაცემად: ოდესღაც ერთი ბრძენი ცხოვრობდა, რომელსაც ბევრი მოსწავლე ჰყავდა. კითხვა არ არსებობდა, რომელზეც ბრძენს პასუხი არ ექნებოდა. ერთხელაც, ერთმა მოინდომა, ისეთი კითხვა დაესვა მასწავლებლისთვის, რომელიც აუცილებლად გააწითლებდა ბრძენს. პეპელა დაიჭირა მინდვრად და მუჭში მოიქცია. მივიდა და ჰკითხა სიბრძნით გასხივოსნებულ აღმზრდელს, ეს პეპელა ცოცხალია თუ მკვდარიო? თუ ცოცხალს ეტყოდა, ოდნავ მოუჭერდა და პეპელა მაშინვე მოკვდებოდა, რითაც ბრძენის ყოვლისმცოდნეობას წერტილს დაუსვამდა. თუ მკვდარიაო იტყოდა, მაშინ გაუშვებდა და გაფრინდებოდა. ბრძენმა მოკლედ უპასუხა: შენს ხელთაა ყველაფერი! ასეა შენს ხელთაც ყველაფერიო, მეუბნებოდნენ მშობლები...

ზემო იმერეთში ძლევამოსილ გაზაფხულს 14 აპრილის მერე ელოდებიან. მანამდე საზამთრო გაზაფხულია - ჭინჭყლი, ცვალებადი ამინდები აბეზრებს თავს ადამიანს. ზოგჯერ გამონათებული მზე გლეხკაცებს სახლიდან ნაფუზვრებსა და ვენახებში გაიყვანს. საქმე სოფლად სულ არის: ვაზია გასასხლავი, თოვლისგან გადაქცეული ღობეები ფეხზეა დასაყენებელი, სახნავებში მომძლავრებული მაყვლის ეკლებია ამოსაძირკვი (იმერეთში, გლეხებს თუ დავუჯერებთ, ერთადერთი მცენარე მაყვალია, რომელიც თოვლქვეშაც არ წყვეტს ზრდა-გამრავლებას) და ვინ მოთვლის, რა აღარაა საკეთებელი. ჩემი ოჯახიც არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან: ვამზადებდით მიწას სახნავად, სარს - ვაზის ხარდნად, სეკატორებს - ჩაის სასხლავად...

აპრილის მიწურული იდგა, როცა მეზობელმა გაღმა უბნიდან გამოგვძახა, თქვენმა ძროხამ ყანის ბოლოს ხბო დააგდოო. მამა მაშინ ახალგაზრდა იყო და ყველას ჩაგვასწრო დასიცხული ძაღლის ენასავით თავქვე წაგდებულ თავდაღმართში. ბებერი ძროხა, სრულიად შეუფერებელი სახელი, ლამაზა რომ ერქვა, გაოცებული უყურებდა ნაკვეთის ბოლოში აყელყელავებულ ბარდნარს, სადაც მისი პირმშო გადახეთქებულიყო და ხანდახან ამოიზმუვლებდა საწყალობლად, შველას ითხოვდა. მამამ დაურიდებლად შეაბიჯა ყელამდე მაყვლოვანში და ამოიყვანა ბრიალა წითელი მოზვერი, რომელსაც ბავშვის ხელისგულისოდენა ნიკორი შუბლზე სპეციალურად მიხატულივით ჰქონდა. მარცხენა თვალის გასწვრივაც მიხატულს ჰგავდა თეთრი, წვრილი ზოლი. ბუნებრივია, ბოჩოლას ნიკორა დავარქვით. გაზაფხულზე, როცა მიწები დაიხვნებოდა, დაითესებოდა და აფუვებულ ნიადაგს ორყურად ამოსცდებოდა სიმინდი, პირუტყვს ან მწყემსი უნდა გაჰყოლოდა, ან ტყისა და მდინარეების პირას მინდვრებში გრძელი ჯაჭვებით დაებათ. როცა შემოდგომა მთელი წლის მოსავალს დააბინავებდა, მერე მშრალ საქონელს სრული თავისუფლება ენიჭებოდა. გაშრობამდე იყო მისული ძროხა ლამაზა და თავის ნიკორასთან ერთად გავრეკეთ სანავარდოდ, უვადოდ, თოვლის მოსვლამდე. თვის გასვლის მერე კავკასიონის მწვერვალებს დაეტყო მეტი ჭაღარა, მერე მესხეთის ქედი ჩაიშაქრა და ბოლოს ბრაგუნამაც წამოისხა თეთრი ნაბადი. მამამ თქვა, მალე ჩვენთანაც მოთოვს, ნეტავ ძროხა არ აპირებს მოსვლასო? მეორე დღეს ცრიატი ამინდი დადგა, ძვალს რომ გახვრეტდა, ისეთი ცივი წვეთები მოდიოდა ციდან. ჭიშკართან მოდგა ლამაზა თავისი ბებრული თავის ქიცინით. ერთდროულად სასაცილო და შესაბრალისი იყო: ერთი რქა პატარა და ისეთი დაღლარჭული ჰქონდა, იფიქრებდი, პლასტილინისაა, ვიღაცამ იანცა და ფანტასტიკურად საშინელი ფორმა მისცაო. მეორე სულ აღარ ჰქონდა - უშობლობის ჟამს რომელიღაც ძროხას შეაფშვნა დაჭიდებისას თურმე. მის გვერდით იდგა ზორბა, მუქი წაბლისფერი მოზვერი, რომელიც მხოლოდ ორი ნიშნითღა ვიცანით: უზარმაზარი, თეთრი ნიკორითა და მარცხენა თვალთან ასეთივე ფერის ვიწრო ზოლით. ფერი ეცვალა ნიკორას.

ახალი დაწყებული იყო კოლექტივებისა და საბჭოეთის რღვევა მაშინ. ბანკებში ათასობით მანეთს კუჭავდნენ პროლეტარული ფსიქიკის ადამიანები, პარტიული ბილეთები იყიდებოდა, ვიღაც ფუნქციონერებს ოქროს კრუხ-წიწილა ჰქონდა, გეგმები სრულდებოდა ფურცლებზე ასზე მეტი პროცენტით და მოჩვენებითი ბედნიერებით ცხოვრობდა უამრავი, მოძმე კავშირად ნაძალადევად აღიარებული რესპუბლიკების ხალხი. დედა არასდროს ყოფილა პარტიული. ბავშვობისას, როცა წარმატებული მოსწავლის პოზიციის გამო კომკავშირში მიუღიათ, ბაბუას მთელი საღამო უტირებია - რა გინდოდა ახალგაზრდა კომუნისტის სტატუსი, იოლი ცხოვრების მსურველი თუ ხარ, იცოდე, კომუნისტები მაინც დასრულდებიანო. მას მერე არც უფიქრია პარტიულობა და შვილებსაც გვეუბნებოდა, აიცილეთ პარტიულობა, იოლი არასდროსაა ცხოვრება, თუ ნამუსზე ხელს არ აიღებთო. მამა კომუნისტი იყო და პარტიული ბილეთი სათუთად ჰქონდა შენახული. ჩემთვის ეს იდეოლოგიაა, რომელსაც არაფერს ვუწუნებო...

მორყეული საბჭოეთი დღე-დღეზე ჩამოიქცეოდა და თადარიგი დაიჭირა მამამ. ნიკორა წლის და ათი თვის იყო, მამამ პირველად რომ შეაბა უღელში. მთელი უბანი ესწრებოდა მის ხარად მონათვლის ცერემონიას. ვიღაცამ სადღაც მიგდებული, დროჟამგადასული, ჭიანაჭამი უღელი გვაჩუქა. ვიღაცამ სამარხილე "ფრჩხილეები" გვიბოძა, ტაბიკ-აპეურები მამამ მოიხერხა თავად. ტაბიკები ზღმარტლის ტოტებისგან გამოთალა, აპეურები ბამბის ძაფისგან დაწნა. "ნათლობის" ცერემონიის დასაწყისში იდგნენ მოზვრები მშვიდად და უცოდველი თვალით უყურებდნენ ჯერ უღლის ქედზე მორგებას, მერე ტაბიკებზე აპეურების გამოსკვნას... მამაჩემი დახვეწილი, არტისტული თითები ისე სწრაფად აკეთებდა ამას, თვალის მიდევნებას ვერ ვასწრებდი.

დაუღლული მოზვრები გაპაკუნდნენ მოხრეშილ გზაზე. ეუცხოვათ გვერდიგვერდ სიარული. მერე მაჯის სიმსხო შეშა მოჰკიდეს უღელს. სამძლე იყო იმხელა, მეორეკლასელიც რომ შეიგდებდა იოლად მხარზე. ეს უფრო ეუცხოვათ, მაგრამ უკვე ხარის სტატუსით უნდა ევლოთ და იდინჯეს - ასიოდე მეტრზე გაიტან-გამოიტანეს ტვირთი... მას მერე აღარ ჩახსნია ქედიდან ნიკორას სიმძიმე. სახნავი იყო, ურმით ფქვილი საზიდავი თუ შეშა, ნაღვლიანი და უღალატო სხივით სავსე ხედვით კისერს მოუღერებდა ნებისმიერს. ურჩობა არ იცოდა.

ერთ ზაფხულს "დასასვენებლად" გამიშვეს მოხუც ნათესავთან მშობლებმა. ხელს წააშველებ, ჰაერს გამოიცვლი და უცნობ ადამიანებს გაიცნობო. პატარა სოფლის მოსაწყენ ცხოვრებას მთელი თვე შევრჩი. მასპინძელს ტელევიზორი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, თავისუფალ დროს კითხვაში ვატარებდი. მოხუცის მეზობლები ბოღმით და შურით იყვნენ შეპყრობილნი. სძულდათ ერთმანეთის ოდნავ წინ წადგმული ნაბიჯი. ერთმანეთს უთვლიდნენ ტაროს ნალიაში, ქათამს საქათმეში, ჯიბეში ფულს, ვენახში მტევანს, ბოსტანში მწვანილს და ღიმილს სახეზე... შურმა შეიპყროს ერი უსწავლელიო, მახსენდებოდა სადღაც წაკითხული და წიგნებისკენ გავრბოდი, მეც არ დავრჩენილიყავი პატარა ადამიანად, რომელიც სხვისას ითვლის გამწარებით! არავინ იცის, რამდენჯერ წავიკითხე ვერა ჩაპლინას "ჩემი ოჯახი და ცხოველები", "ნიანგის" ნომრები და "საქართველოს ქალის" გაცრეცილი ფურცლები. გავიდა ტანჯვით ის დრო, რომელიც საპატიმროდ უფრო ჩავთვალე, დავბრუნდი სახლში და ვიდრე ჭიშკარს შევაღებდი, მამამ ხარებით შეშა მოიტანა. გავექანე და მამას ჩავეხუტე. მერე ხელიდან დავუსხლტი, ნიკორასკენ გავიწიე. ხარმა ოდნავ ასწია თავი. მის თვალებში წავიკითხე: "მოდი, თავზე დამადე თავი!" გავშალე ხელები და ნიკორას გადაშლილ, უზარმაზარ რქებზე ისე გადავაცურე თითები, როგორც შვილებს ეფერებიან მშობლები. ხარმა მარცხენა მკლავის ქვეშ შეყო დრუნჩი და გაიტრუნა. უტკბესი იყო ის ჩახუტება და მთელი ცხოვრება მრჩება მონატრებად!

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრი კილომეტრი მოკეცა ნიკორას მუხლმა, ბევრი ტვირთი მიიტანა და მოიტანა. სოფელში ამბობდნენ, ამ ხარს სოფელმა ძეგლი უნდა დაუდგასო... ადამიანივით ესმოდა ყველაფერი - აკრძალვაც, მოფერებაც, მიმართულების მითითებაც. ზამთარში, როცა ყელამდე თოვლი დაფარავდა გზებს, ნიკორას პირველს ვუშვებდით ბოსლიდან, რომ იოლად გაერღვია წინაღობა და დანარჩენი პირუტყვი გაჰყოლოდა. ყელს აიღერებდა, ნაღვლიან თვალებსა და უზარმაზარ ნიკორს პროჟექტორივით მიანათებდა წყაროს უკვალავ ბილიკს, მიდიოდა მძლავრი, მოზომილი ნაბიჯით...

17 წლის გახდაო, მამამ ერთ საღამოს თქვა ნიკორაზე. ჩემზე უმცროსია, ვფიქრობ გულში... ეს უკვე დიდი ასაკია ხარისთვის, ბაგაზე ვერ მოვკლავთ, კბილებიც მოუცვდა და ღეჭვა უჭირს, მუხლი კი უჭრის, მაგრამო... ცრემლის სიმწარემ ვახშმის ლუკმა ყელში გამიხირა და ავედი ბოსელში. ნიკორამ ისევ ისე მარცხენა მკლავის ქვეშ ამომიდო თავი და უსიტყვოდ მაგრძნობინა ადამიანების პატარაობა. იმწუთას ხარი მეტი იყო მაშინ, ვიდრე ადამიანები ვართ! მამა ვერ პატიობდა ხარს უკბილობას და უცოხნელობას, ნიკორა კი გვპატიობდა გადმოტრიალებული ბელტების, შეშის თრევისა და უმადურობის სიმძიმეს... სახლში მიბრუნებულმა ვთქვი, რომ ნიკორას ბოსლიდან სასაკლაოზე წაყვანის ყურებას არ ვაპირებდი, მაგრამ როცა მამამ და უფროსმა ძმამ ბოსლიდან მოუსვლელი გზისკენ წაიყვანეს ხარი, თვალი მოვკარი ერთ ნიშანს: ნიკორას კუდის ბოლოს რამდენიმე ღერი თეთრი ბეწვი დავინახე. ნუთუ ჩვენი უმადურობის გამო გაუჭაღარავდა წაბლისფერი ბეწვი კუდზე? თუ თავიდანვე ჰქონდა და ვერ ვამჩნევდი? მინდოდა, უკან მოეხედა ნიკორას, ენა ამოედგა და მოეხალა მწარე სიტყვები ადამიანთა არაადამიანობაზე, უმადურობაზე, მაგრამ უკანმოუხედავად წავიდა სასაკლაოს გზაზე, რომელიც წარმოდგენით მეც გავიარე, როგორც ჩემი სიყმაწვილის გოლგოთა...

როგორ დასრულდა ეს ყველაფერი? სასაკლაოს მეპტარონემ იმდენი გადაგვიხადა, რომ ოთხი ტომარა ფქვილი ვიყიდეთ. თითქმის მთელი ზამთრის სარჩო. ახლა მიკვირს, როგორ ვჭამდით იმ პურს, რომელიც ნიკორამ დაგვიტოვა...

წელს მეტალის ხარის წელიაო. აღმოსავლურ კალენდარს არ ვიცნობ. იყოს 2021 მეტალის ხარის. ჩემთვის ყოველი ახალი წელი ნიკორასია...

როლანდ ხოჯანაშვილი