"ყველაზე მეტად მაინც ჩემი ბალერინები და ანგელოზები მომწონს"
83 წლის ნელი ოშაყმაშვილი 5 წელია, ნაძვის ხის მოსართავებს ხისგან ამზადებს. საახალწლო დღესასწაულისთვის მთელი წელი განსაკუთრებულად ემზადება, პატარები რომ გაახაროს. მისი ხელით შექმნილი ფერად-ფერადი სათამაშოები ნამდვილად გაგიხალისებთ სადღესასწაულო განწყობას.
- პროფესიით ეკონომისტი ვარ, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამრეწველო საქონელმცოდნეობის განხრით. ჩემი მეორე სპეციალობა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიაა, გათხოვებამდე ვმუშაობდი გროზნოში, ბაქოში. მუშაობის 42-წლიანი უწყვეტი სტაჟი მაქვს. მყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. ადრე არასდროს მქონია შეხება მხატვრობასთან, მაგრამ ახლა დიდ სიამოვნებას მგვრის და ძალიან მიხარია, რომ ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ვამზადებ.
- როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
- 14 წლამდე სოფელ მარტყოფში ვცხოვრობდი. ცხრა წლისას მამა ავარიაში გარდამეცვალა, დღესაც მახსოვს, ხეზე მისი მუშაობა და ლამაზ ნაკეთობათა დამზადება. ეტყობა, სიბერეში გაიღვიძა ჩემში გენმა. ჩემი ძმისშვილიც მხატვარია, ჩემი შვილიშვილი - მხატვარ-ილუსტრატორი. შვილიშვილი ერთხანს ხის ხელნაკეთი სათამაშოებით დაინტერესდა, მაგრამ მალევე დაანება თავი. ხშირად თვალს ვადევნებდი მის მუშაობას და ეს საქმე მე გავაგრძელე. 1937 წელს დავიბადე, ომიანობის პერიოდიც გამოვიარე. მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი. ნაბოლარა ვიყავი და 8 დედმამიშვილიდან მხოლოდ მეღა დავრჩი, ყველა გარდამეცვალა. იქიდან მოყოლებული, სულ ვშრომობდი, რადგან ოჯახს ასე სჭირდებოდა. კოლმეურნეობაში ნორმებს ასრულებდნენ და სკოლიდან დაბრუნებული დედას ყოველთვის ვეხმარებოდი ამ ნორმის შესრულებაში. ერთ შრომა დღეზე ერთ კილო ხორბალს გვაძლევდნენ, გარდა ამისა, ბაღ-ბოსტანს ვამუშავებდით. ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ რაც ქალის ხელიდან შეიძლება გამოვიდეს, ყველაფერი მეხერხება. სხვადასხვა აქსესუარსა და სუვენირსაც ვამზადებ, ვქსოვ ქუდებს, ჩანთებს, ბისერებით ვაფორმებ. რაც პენსიაში გავედი, ძირითადად, ხელსაქმით ვარ დაკავებული - ეს მამშვიდებს.
- მასალად მხოლოდ ხეს იყენებთ?
- მხოლოდ ხეს და საღებავებს. რა ფიგურებიც გვინდა, ვხატავთ და ხელოსანი "ლობზიკით" ჭრის, მერე ვამუშავებ, ფონად ფერს ვადებ და ბოლოს ვხატავ. საღებავებსაც თავად ვაყენებ სასურველ ფერზე. შრომატევადია, მაგრამ არ ვიღლები - ღამის 3-4 საათამდე შემიძლია ვიჯდე და სხვების დაუხმარებლად შეუსვენებლად ვიმუშაო. როცა შვილიშვილს ვეუბნები, შეხედე, მოგწონს-მეთქი, ჩემი შეხედვა რაღად უნდა, ისედაც ლამაზებიაო, მეუბნება.
- სულ რამდენი სათამაშო გაქვთ?
- თოვლის ბაბუები, ცხენები, ანგელოზები, ირმები, ზარები, ნაძვის ხეები - სულ 50 დასახელების სათამაშო მაქვს. ყველაზე მეტად ბალერინები და ანგელოზები მომწონს. დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ცხენის ფიგურებსაც, რადგან სოფელში, ბავშვობისას ცხენი გვყავდა და იმ დროს მახსენებს. პატარაობიდან, როგორც ყველა ბავშვს, განსაკუთრებით მიყვარდა ეს დღესასწაული. მახსოვს, მაშინაც ხელით ვაკეთებდით თოჯინებს, ბურთებს, სათამაშოებს, თოვლის ბაბუებს ბამბისგან ვამზადებდი.
- საუბრისას მითხარით, შვილიშვილთან ერთად მარტყოფში კერამიკული სტუდიის გახსნას ვგეგმავთ და საცხოვრებლადაც იქ გადავდივართო.
- შარშან გავიარე სპეციალური კურსები და კერამიკაზე მუშაობა შევისწავლე. სახელოსნოს გაკეთება გვინდა, სადაც იქაურ ბავშვებს ხატვასა და კერამიკას შევასწავლით, უკვე არიან მსურველები, თან, ადგილობრივებსაც დავასაქმებთ. მშენებლობა თითქმის დასრულებული გვაქვს და პანდემიას რომ არ შეეშალა ხელი, აქამდეც გავხსნიდით. ეს უფრო რთული გადასატანი ყოფილა, ვიდრე ომი. მართალია, სიდუხჭირე იყო, მაგრამ ასეთი დაზაფრულობა და შიში მაინც არ გვქონდა, მხოლოდ თვითმფრინავის ხმაზე გვეშინოდა და მაშინვე ვიმალებოდით. ახლა აღარ ვიცი, სად დავიმალო. 10 თვეა, გარეთ არ გავსულვარ და მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, ისეთი შეშინებული ვარ. ღმერთმა ყველას, მთელ საქართველოს ჯანმრთელობა და მშვიდობა მისცეს!
ნინო ჯავახიშვილი