გია ბაღაშვილი: "ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის" - გზაპრესი

გია ბაღაშვილი: "ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის"

შობა-ახალი წლის დღეები გია ბაღაშვილისთვის ძალიან ლამაზ და ხალას მოგონებებთან ასოცირდება. "მქონია შემთხვევა, როცა 31 დეკემბერს, ღამის თორმეტ საათზე გავსულვარ სცენაზე, მაგრამ ის დღეები მაინც დაუვიწყარია ჩემთვის!" - ამბობს ბატონი გია.

- ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. შობა-ახალი წელი - ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს უკლებლივ ყველას - დიდსა თუ პატარას. თანაც, ის მთელ მსოფლიოში დაკავშირებულია ოჯახურ სითბოსთან, ზეიმის ერთად განცდის სიხარულთან, ბედნიერი ხვალინდელი დღის მოლოდინთან... ჯადოსნურად მახსენდება გურიაში ბებია-ბაბუასთან ერთად გატარებული ახალი წელი, როცა 6 წლის ვიყავი. მახსოვს, როგორ მოვრთეთ მე და ჩემმა დამ, თეონამ პატარა ნაძვი, რომელიც ჩვენს ეზოში იზრდებოდა. ახლაც ყურში მაქვს ბებიას ნაბიჯების ხმა დათოვლილ ეზოში, როცა სამზარეულოდან ოდა-სახლში, სუფრასთან საახალწლოდ საგანგებოდ გამომცხვარი გურული ღვეზელები მოჰქონდა. ღამის თორმეტ საათზე ბაბუამ თოფი მასროლინა. შეგრძნება მქონდა, რომ თოფის გასროლის ხმის ექო, მთებიდან არეკლილი, მთელ სამყაროს ესმოდა. დაუვიწყარი იყო თბილისში გატარებული შობა-ახალი წლის დღეებიც: ყიფშიძის ქუჩაზე გავიზარდე, სადაც თორმეტსართულიანი სახლის მეცხრე სართულზე ბაღაშვილები ვცხოვრობდით, ხოლო ზემოთ - მეათეზე - გონაშვილები. უახლოესი მეგობრობა აკავშირებდათ მამაჩემს და ბატონ ჰამლეტ გონაშვილს. მისი უმცროსი ვაჟი, გიორგი ჩემი ნათლულია. ასე რომ, ახალ წელს ხან ჩვენ ვულოცავდით პირველები, ხან - ისინი გვასწრებდნენ. 9 წლის ვიყავი, როცა ჰამლეტმა კახური "ალილო" მასწავლა და ახალი წლის სუფრასთან პირველად მასთან და მამაჩემთან ერთად ვიმღერე. "ყოჩაღ, გია ბიჭო!" - ასე იცოდა ხოლმე შექება, თუკი კახური ჩახვევა სათანადოდ გამომივიდოდა. როგორც წესი, ახალი წლის დღეებში გვსტუმრობდა და გვილოცავდა ნათლიაჩემი - ალექსანდრე ბასილაია, აგრეთვე, მამაჩემის უახლოესი მეგობრები - "ივერიელები" - თემურ წიკლაური და ვახტანგ ტატიშვილი.

ნაძვის ხესთან გვედგა დიდი თოვლის პაპა, რომელიც შიგნიდან ცარიელი იყო და ამ სივრცეს ჩემი მშობლები ჩვენთვის განკუთვნილი საახალწლო საჩუქრების შესანახად იყენებდნენ. ყველაზე ჯადოსნური შეგრძნება იყო ჩემთვის და თეონასთვის, პირველ იანვარს, დილაადრიან წამოხტომა და თოვლის პაპის მოტანილი საჩუქრების დათვალიერება. თეონა ჩემზე ორწლინახევრით უმცროსია. სიხარულს ყოველთვის ჩემზე მეტად გამოხატავდა და მახსოვს მისი აღტაცებული თვალები, როცა თოვლის პაპა სურვილის "გამოცნობას" და შესაბამისი საჩუქრის მოტანას ახერხებდა. შემდეგ, უკვე წლების განმავლობაში გვქონდა კიდევ ერთი დაუვიწყარი საახალწლო ტრადიცია, რომელიც ბედობა დღეს უკავშირდებოდა.

GzaPress

- ე.ი. ბედობასაც გამორჩეულად ხვდებოდით?

- დიახ, რადგან 2 იანვარი ჩემი ოჯახისთვის უახლოესი ადამიანისა და გამოჩენილი მსახიობის - რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა. როგორც წესი, 2 იანვარს მასთან, სახლში, ვიწრო წრეში ვიკრიბებოდით: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე და სხვები... ბედნიერი ვარ, რომ მის მეგობრებს შორის ჩვენც ვიყავით - მამა-შვილი ბაღაშვილი. სუფრის უცვლელი თამადა თავად რამაზ ჩხიკვაძე გახლდათ. სტუმრები ხმების მიხედვით ვიყავით განლაგებული თამადასთან ახლოს და ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილები გვქონდა, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლებოდა. ახალ წელს, ბედობასა და ბატონი რამაზის დაბადების დღეს ერთდროულად აღვნიშნავდით. ეს იყო ნამდვილი ფეიერვერკი ნიჭის, გამომგონებლობის, ხალასი იუმორის და განუმეორებელი არტისტიზმისა.

- ალბათ უცხო ქვეყნებთანაც საინტერესო ისტორიები გაკავშირებთ.

- უცნაური და ცოტა ფათერაკიანი საახალწლო ისტორია გადაგვხვდა თავს საფრანგეთში. ალექსანდრე ბასილაიას წყალობით, ანსამბლი "მხოლოდ შენ ერთს" პარიზში საგასტროლოდ მიიწვია მსოფლიოში ცნობილმა კლუბმა - "სენტ ჯეიმს ქლაბმა". რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. თანაც, ჩვენამდე ერთი კვირით ადრე, იმავე სცენაზე გამოდიოდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი, 9 "გრემის" მფლობელი - უილტონ მარსალისი, რომელიც პულიცერის პრემიის ერთადერთი მფლობელია მუსიკოსებს შორის. მოკლედ, ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის და კონცერტისთვის საგანგებოდაც ვემზადებოდით. ანსამბლის რეპერტუარს, ძირითადად, კლასიკური მუსიკის პაროდიული ინტერპრეტაციები შეადგენდა, რაც ძალიან მოიწონა პარიზელმა პუბლიკამ. ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა და ჩვენს გამოსვლას კარგი შეფასება მოჰყვა, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, კონცერტი კინაღამ ჩაგვეშალა: შესვენებაზე ჩვენი სოლისტი, თემურ ოთარაშვილი სიგარეტის მოსაწევად ეზოში ჩავიდა. კარში გასვლისას გაიხსენა, რომ გასახდელში რაღაც დარჩა და უკან შემობრუნდა. იმ ეზოს კარს სქელი, გოფრირებული რკინის ცხაური და ძალიან ძლიერი ზამბარა ჰქონდა, რის გამოც სწრაფად იხურებოდა. უკან შემობრუნებულ თემურს ეს რკინის ცხაური მთელი ძალით მოხვდა შუბლში და კარგა გვარიანად გაუხეთქა. საბედნიეროდ, ჭრილობა ზედაპირული აღმოჩნდა, მაგრამ სისხლი მაინც თქრიალით მოსდიოდა. კლინიკაში წასვლის დრო არ იყო, ვინაიდან 20 წუთში სცენაზე უნდა შევბრუნებულიყავით. რა გვექნა?! ბედად, კლუბის დაცვას აღმოაჩნდა ბინტი, სადეზინფექციო საშუალებები და რის ვაი-ვაგლახით შევუჩერეთ სისხლდენა. თემურმა გმირული გადაწყვეტილება მიიღო: ვიმღერებო, თქვა და ბინტით შუბლგადახვეული, სმოკინგში გამოწყობილი დაბრუნდა სცენაზე. ტრაგიკომიკური სანახაობა იყო: მესამე კომპოზიციის შესრულებისას, სისხლმა ოდნავ გამოჟონა ბინტიდან, მეოთხე-მეხუთეზე სისხლის კვალი გაიზარდა, ხოლო საფინალო მუსიკალური პაროდია ჟორჟ ბიზეს "ჰაბანერაზე" თემურმა ომზე გადაღებული ფილმების პერსონაჟივით, საბრძოლო ჭრილობით ჩაამთავრა. ამ საფინალო ნომერს განსაკუთრებული აღფრთოვანებით შეხვდა პუბლიკა, ვინაიდან ეს ყველამ რეჟისორულ ჩანაფიქრად მიიჩნია. ერთმა მაყურებელმა კონცერტის შემდეგ ისიც კი გვითხრა: ამ ბრძოლის ისტორია ასეთი ორიგინალური ინტერპრეტაციით პირველად ვნახეთო.

GzaPress

- თქვენ აქტიურად თანამშრომლობდით დაუვიწყარ ქართველ მსახიობთან - გივი ბერიკაშვილთან. მის შესახებ რას გაიხსენებთ?

- საახალწლო სატელევიზიო პროექტს ვამზადებდით, რომელსაც "ბარი-ბარში" ერქვა. სამი დღე და ღამე სტუდიიდან თითქმის არ გამოვსულვართ. ჩვენი უსაყვარლესი და განუმეორებელი მსახიობი - გივი ბერიკაშვილი გადაცემის წამყვანი გახლდათ. გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის დუეტს ბევრი საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული ესტრადის ისტორიაში და ვფიქრობ, სამართლიანადაც. ბატონ გივის შეცდომები არ მოსდიოდა, მაგრამ ეტყობა, იმდენ ხანს გაგრძელდა გადაღების პროცესი, რომ მოთმინებამ მასაც უმტყუნა. ბატონ გივის უმარტივესი რამ უნდა ეთქვა - მაყურებლისთვის უნდა წარედგინა ბაჩუკი მშვილდაძე შემდეგი ტექსტით: "ბაღდათის სახალხო თეატრის მსახიობი - ბაჩუკი მშვილდაძე". ნახევარი საათი გაგრძელდა ამ ერთი წინადადების ჩაწერა. რა ვარიანტები აღარ თქვა ბატონმა გივიმ, ოღონდ ყველა - შეცდომით: "ბაღდათის თეატრის სახალხო არტისტი ბაჩუკი მშვილდაძე... ბაღდათის მსახიობი ბაჩუკი მშვილდაძე... ბაღდათის ბაჩუკის სახალხო თეატრის მსახიობი მშვილდაძე..." და ა.შ. მოკლედ, ამდენი მგონი, არასოდეს გვიცინია. მახსოვს, ბატონი გივი და ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი ძლივს მოვასულიერეთ, იმდენი იცინეს და შემდეგ თავად იგონებდნენ, კიდევ რა ვარიანტების მოფიქრება შეიძლებოდა.

- დავუბრუნდეთ დღევანდელ რეალობას: ბატონო გია, თქვენი შვილები როგორ ეგებებიან შობა-ახალი წლის დღესასწაულს და ვინ არის მათი თოვლის პაპა?

- ოთხივეს ძალიან უყვარს შობა-ახალი წელი და ამ დღესასწაულს ყველა დიდი ხალისით ეგებება. სურვილებს რაც შეეხება, აქ ასეთი ვითარებაა: უმცროსები - 6 წლის მარიამი და 3 წლის ანასტასია, საჩუქრებს ნამდვილი თოვლის პაპისგან ელოდებიან, ხოლო უფროსები - 10 წლის ნინი და 9 წლის ლიზა, ცხადია, ბევრად რეალისტურად აფასებენ ვითარებას და სურვილებიც გაცილებით ადეკვატური აქვთ. მაგალითად, ლიზამ ასეთი ფორმით გამომიხატა მადლიერება საახალწლო საჩუქრების მიღების შემდეგ: "მადლობა, თოვლის მამა!"

- დაბოლოს, როგორ მიულოცავთ ახალი, 2021 წლის მოსვლას ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს?

- სულითა და გულით მინდა მივულოცო მთელ საქართველოს! ამ ახალ, 2021 წელს ნანატრი ბედნიერება მოეტანოს თითოეული ოჯახისთვის. ყველა განსაცდელი გასულ წელს წაეღოს, სულ გვემხიარულებოდეს და გვემღერებოდეს!..

ხათუნა ჩიგოგიძე