რატომ არ გვაქვს მეტი ეროვნული საახალწლო ფილმი - გზაპრესი

რატომ არ გვაქვს მეტი ეროვნული საახალწლო ფილმი

მსოფლიო კინემატოგრაფიაში საახალწლო თემაზე არაერთი ფილმია შექმნილი. რაც შეეხება საქართველოს, ასეთი მხოლოდ რამდენიმეა. უპირველესად სამი ფილმი გვახსენდება: გურამ პატარაიას "კუჩხი ბედინერი", რეზო ესაძის "ნეილონის ნაძვის ხე" და ამირან დარსაველიძის "სათადარიგო ბორბალი". ამ შემთხვევაში იგულისხმება დაახლოებით 25 და უფრო მეტი წლის წინ შექმნილი ფილმები. თუმცა, საახალწლო ატრიბუტიკას, სხვადასხვა დეტალს, მინიშნებებსა და იმას, რომ სიუჟეტი საახალწლო დღესასწაულის პერიოდში ვითარდება, კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშიც აღმოვაჩენთ.

GzaPress

1978 წელს ეკრანზე გამოსულ კომედიური ჟანრის ფილმს - "კუჩხი ბედინერი" საფუძვლად უდევს ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც დღემდე მეტ-ნაკლებად აქტუალურია ოჯახებში. მასპინძლები მეკვლეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებენ და როცა ოჯახის უნებლიე მეკვლე ძაღლი ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ, იმ დროს რა ხდება?! ამის გამო, კოჩიასა და ცუცას ოჯახში ტრაგედია დატრიალდება, არადა, მალე აღმოჩნდება, რომ მათ და მათ შვილებს იღბლიანი წელი დაუდგათ, ამიტომ მათი ძაღლი მთელ სოფელში ყველაზე სასურველი სტუმარი ხდება.

კინორეჟისორმა გურამ პატარაიამ ფილმის სცენარი თავად დაწერა და ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილთან ერთად გადაწყვიტა, მასზე ემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ გურამ პატარაია თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური სამეგრელო და კარგად იცოდა იქაური ადათ-წესები. ფილმი მცირე დროში გადაიღეს. გადაღებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაღაც ნაწილი - მანგლისში მიმდინარეობდა. თოვლი არ იყო და მანგლისში მარილი აიტანეს, ზოგან ბამბა დააფინეს და ე.წ. ნატურის სცენები და კადრები ასე გადაიღეს.

ბროლია სამხედროების ძაღლი იყო, რომელიც ნარკოტიკების მოძებნაში ჰყავდათ დაგეშილი. ისეთი ჭკვიანი ყოფილა, რომ მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა და პრობლემა არავისთვის შეუქმნია.

GzaPress

როგორც ცნობილია, ფილმში სამი თუ ოთხი მსახიობი მონაწილეობს, დანარჩენები არაპროფესიონალები არიან, რადგან გურამ პატარაიას უყვარდა არაპროფესიონალების შეკრება. გოვენ ჭეიშვილმა (კოჩია) და ციალა გურგენიძემ (ცუცა) მეგრული არ იცოდნენ. სარეპეტიციოდ ორივე მეგრელებთან დადიოდნენ და მათ მეტყველებას ისმენდნენ. ტექსტი იმდენად კარგად აითვისეს, მათ მეგრელობაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

რაც შეეხება ერთ-ერთი მთავარი გმირის შემსრულებელს, ჯუნა (დიმიტრი) მიქატაძეს, ის არ იყო მსახიობი, რეჟისორთან მეგობრობდა და პატარაიამ ძლივს დაითანხმა ფილმში მონაწილეობაზე. იმ პერიოდში ჯუნას მატერიალურად არ ულხინდა და რეჟისორს კინოსტუდიის დირექტორისთვის უთხოვია, მისთვის ორმაგი ჰონორარი გამოეწერა. როგორც რეჟისორის შვილი, სოფო პატარაია იხსენებს, დირექტორს მამამისისთვის რომ უკითხავს, რატომ მთხოვ მისთვის ორმაგ ჰონორარსო? მიუგია, - მხეცთან უწევს მუშაობა და იმიტომო. იმხანად ფილმის გადაღების დროს ვისაც ცხოველთან უწევდა მუშაობა, ორმაგ ჰონორარს უხდიდნენ, ოღონდ, ამ "მხეცში" იგულისხმებოდა ლომი, დათვი და სხვა მტაცებლები და არა - ძაღლი, მაგრამ რეჟისორის თხოვნა მაინც დაკმაყოფილდა.

"ნეილონის ნაძვის ხის" სიუჟეტი კი ასეთია: ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, ავტობუსის სადგურში კი პრობლემებში ჩაძირული და ნერვებმოშლილი ათასი ჯურის ადამიანი ირევა. მგზავრებს ერთი მიზანი ამოძრავებთ - დროზე ჩააღწიონ დანიშნულების ადგილამდე.

რეჟისორმა რეზო ესაძემ სცენარზე ამირან დოლიძესთან ერთად იმუშავა, ხოლო ფილმის ოპერატორი ლევან პაატაშვილი გახლდათ. სცენარს საქართველოში ბევრი პრობლემა არ შეჰქმნია, სამხატვრო საბჭომ დაამტკიცა, მაგრამ ოფიციოზი მოსკოვში მას კარგად არ შეხვდა. რეზო ჩხეიძემ, რომელიც მაშინ კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, როგორღაც შეძლო და სცენარი მოსკოვსაც მიაღებინა.

გადაღებები 1984 წლის ზაფხულში დაიწყო. ავტობუსში დაახლოებით 20 პერსონაჟი იჯდა, მათ შორის მსახიობი იური ვასაძე. ის ფილმის გადაღებას ასე იხსენებდა: "სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინადღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბრისას) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით. ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო "გრუზავიკი", ბოლი-ნისლისთვის. რუსი რა ხეირს დაგაყრიდა - გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს "სასწრაფო". კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი ამ ბოლით მოიწამლა და ორი თვე იწვა"...

ზურა ყიფშიძე: "მგონი, ეს საერთო წვალება-წამება ღირდა. ცხელოდა და ჩვენ კი ვითომ გვციოდა. ზოგჯერ ვძვრებოდით იმით, რომ ღამის გადაღებებზე გვირაბში შევდიოდით და იქ შედარებით გრილოდა, მაგრამ ნისლის იმიტაციისთვის ბოლს ვუშვებდით. წარმოიდგინეთ, ფილტვებში რა ხდებოდა. მახსოვს, რამდენიმე კაცს გულიც კი წაუვიდა"...

"...არის ერთი ფრიად საყურადღებო პერსონაჟი, რომლის როლს მსახიობი არ თამაშობს. ეს გახლავთ სიცივე. ოპერატორი ლევან პაატაშვილი და რეჟისორი რეზო ესაძე სიცივის ატმოსფეროს, მის აშკარად გამოკვეთილ სახეს, მარტო იმიტომ არ ქმნიან, რომ ფილმში აღწერილი ამბავი ზამთარში ხდება. დეკემბრის ბოლო დღეს ეს სიცივე უფრო ვრცელი, ალეგორიული შინაარსისაა. იგია უსიყვარულობის სიცივე", - წერდა აკაკი ბაქრაძე ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება".

GzaPress

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ფილმი გამოჩნდა ეკრანზე და არაერთი ფესტივალის პრიზიც დაიმსახურა.

2020 წლის მიწურულს მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. 1978 წელს ეკრანებზე გამოსულ "სათადარიგო ბორბალთან" დაკავშირებით, ის ასეთ ეპიზოდს იხსენებდა: "სათადარიგო ბორბალს" ბორჯომში ვიღებდით. მახსოვს, არაჩვეულებრივად ლამაზი იყო დათოვლილი ბორჯომის ქუჩები, მით უმეტეს, რომ იმ წელიწადს დიდი თოვლი მოვიდა - გადამღებ ჯგუფს ძალიან გაუმართლა. გადაღებები ძირითადად, ღამე გვქონდა. ჩვენს საყურებლად უამრავი ხალხი მოდიოდა, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, თავისთან გვეპატიჟებოდნენ. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ის პერიოდი საოცრად კარგ მოგონებად დამრჩა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე მანქანის მართვა არ ვიცი, არადა, ფილმში არის ეპიზოდი, სადაც მანქანა კადრში უნდა "შევიყვანო" და მერე უკან "გამოვიყვანო".

საერთოდ, "სათადარიგო ბორბალი" მანქანასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს, ვიცოდი თუ არა მისი მართვა. მეც ვიფიქრე, ალბათ ამ ეპიზოდს ისე გადაიღებენ, რომ არ გამოვჩნდები-მეთქი, მაგრამ უცებ დავდექი ფაქტის წინაშე. დამიწყეს სწავლება, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. საკმაოდ დიდხანს მიხსნიდნენ. მას შემდეგ არცთუ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მანქანის მართვა კიდევ ვერ ვისწავლე.

ფილმში ჩემი გმირი ახალ წელს ქუჩაში ხვდება. მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი - 1971 წელს შევხვდი გზაში, თან - საზღვარგარეთ. მაშინ ბათუმის თეატრის რეჟისორი ვიყავი. ბულგარეთში, ქალაქ ბლაგოევგრადში გახლდით, სადაც ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა" დავდგი. წინასაახალწლო დღეები იყო. მეგობრებმა მითხრეს, ახალ წელს სოფიაში შევხვდეთო. ბლაგოევგრადიდან სოფიამდე დაახლოებით იმხელა მანძილია, რამხელაც თბილისიდან გორამდე. ოცდათერთმეტში საღამოს მანქანით წავედით სოფიაში, მაგრამ დრო კარგად ვერ განვსაზღვრეთ და ახალ წელს გზაში შევხვდით. მახსოვს, მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით, შამპანურები გავხსენით და ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. მერე უცნობებიც შემოგვიერთდნენ - ისინი, ვისაც ჩვენსავით გზაში მოუწია ახალ წელთან შეხვედრამ"...

რეჟისორი და კულტურის მენეჯერი ნათია ბერიძე საახალწლო თემაზე შექმნილ ქართულ ფილმებთან დაკავშირებით, რამდენიმე საინტერესო ამბავს იხსენებს:

- საახალწლო განწყობა დაახლოებით ათამდე ფილმშია ასახული. ერთ-ერთი პირველი, რომელიც საახალწლო ტრადიციებს ეძღვნება, გურამ პატარაიას "კუჩხი ბედინერია", შემდეგ ალბათ ყველას "ნეილონის ნაძვის ხე" ახსენდება. ამას მოჰყვება რეჟისორ ამირან დარსაველიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სათადარიგო ბორბალი", რომელშიც გოგი ქავთარაძე და ლიკა ქავჟარაძე მონაწილეობენ და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ამ ფილმს ბოლო 2 წელია უჩვენებენ ჩვენი ტელევიზიები, ინტერნეტშიც "იუთუბზე" აიტვირთა. აქვე, ამავე თემასთან დაკავშირებით დავასახელებ "ვერის უბნის მელოდიებისა" და "ჯარისკაცის მამის" ეპიზოდებსაც.

როგორც გიორგი შენგელაია იხსენებდა, "ვერის უბნის მელოდიებში" როცა შეშისმჭრელების სცენას იღებდა, თბილისში თოვლი წამოსულა. მართალია, რეჟისორს აღნიშნულ სცენაში თოვლი გათვალისწინებული არ ჰქონდა, მაგრამ მოსწონებია და გადაღებები გაგრძელებულა, ოღონდ სამუშაო 1 დღეში ვერ ჩაეტია და სანამ მორიგი ეპიზოდების გადაღება გაგრძელდა, თოვლი დადნა. ამიტომ გადამღებ ჯგუფს მთელი ორი თვე დასჭირდა ლოდინი, რადგან მხოლოდ მარტში წამოვიდა თოვლი და სცენის დასკვნითი ეპიზოდები კოჯორშია გადაღებული. მოგეხსენებათ, ამ ფილმში ისმის საშობაო სიმღერაც - "25 დეკემბერსა" და სუფრის სცენა ნაძვის ხის ფონზე ვითარდება. ფილმიდან სიმღერა არ არის ამოჭრილი და ყველაფერი ისეა, როგორც სცენარის მიხედვით იყო გათვალისწინებული.

GzaPress

რაც შეეხება "ჯარისკაცის მამას", როგორც როგორც რეზო ჩხეიძე იხსენებდა, ერთ-ერთ სცენას მოსკოვთან ახლოს იღებდნენ. ისე ყინავდა, აპარატურაც იყინებოდა და მუშაობის გასაგრძელებლად დროდადრო თბილ ვაგონში ალღობდნენ. მაყურებელს მკაცრი კლიმატი რომ აღექვა და სიცივის განცდა შეჰქმნოდა, ორი კაცი იდგა კამერის წინ, თოვლს ყრიდა, მას სპეციალური მანქანა ქარში ფანტავდა და თოვლის იმიტაცია იქმნებოდა. ერთ-ერთ ზამთრის სცენაში, ქარის წუილში სანგარში მყოფ ჯარისკაცებთან გოგონა რომ მიხოხდება, ახალ წელს ულოცავს, გეხსომებათ. გარმონისა და ვიოლინოს მუსიკის ფონზე ის ცნობილ "ლეკურს" ცეკვავს. იქ მსახიობმა რიტმს ფეხი ვერ ააყოლა თურმე, ამიტომ რეჟისორმა "ვალინკები" თავის ორსულ ცოლს ჩააცვა და თოვლზე ცეკვისას სწორედ მისი ფეხები ჩანს. ამ სცენის გადაღებას რამდენიმე დუბლი დასჭირდა და სერგო ზაქარიაძეს რეზო ჩხეიძე ეუბნებოდა თურმე, ივანე მრისხანესავით სასტიკი ხარო (იღიმის).

- შეიძლება აქცენტი არ იყოს ახალ წელზე, მაგრამ სადღაც ფონად მოჩანდეს ნაძვის ხე. ჩამოთვლილის გარდა, სხვა ასეთი ძველი ქართული ფილმი არ მახსენდება, თქვენ?

- კი. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძესა და გოგი ქავთარაძეს 1981 წელს აქვთ გადაღებული და თავადაც მონაწილეობენ ფილმში - "იცოცხლე, გენაცვალე!" - რომელიც ნოველებისგან შედგება და ქალაქურ მოტივებზეა აგებული. მუსიკა გოგი ცაბაძეს ეკუთვნის. ბუბა კიკაბიძე და გოგი ქავთარაძე, რომლებიც ერთმანეთს ბაღის ასაკიდან იცნობენ, მოსკოვში სხვადასხვა სასტუმროდან ტელეფონში ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს, ყურმილზე შამპანურით სავსე ჭიქებს უჭახუნებენ და ორივეს ოთახში უდგათ ნაძვის ხეები - მწვანე და ვერცხლისფერი. საახალწლო განწყობა ჩანს თემურ ფალავანდიშვილის ფილმშიც - "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი", რომელშიც ბაია დვალიშვილი და ვახტანგ ფანჩულიძე მონაწილეობენ.

- შობა-ახალი წელი ერთმანეთისგან განუყრელი ორი თარიღია. საბჭოთა კავშირის დროს, რელიგიური დატვირთვის მატარებელი სცენები მკაცრად კონტროლდებოდა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძველ ქართულ ფილმებში საახალწლო თემა შობის დღესასწაულის გამო არ ფიგურირებდა, ასეა?

- დიახ, თავისუფლად შეიძლება ასე ვიფიქროთ, რადგან მაშინ მკაცრი ცენზურის პირობებში უხდებოდათ მუშაობა... აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ფილმების გარკვეული ნაწილი "გოსფილმოფონდშია" და რუსეთის ფილმსაცავიდან მათი ორიგინალის დაბრუნება და გაციფრულება საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ეტაპობრივად ეს მაინც ხერხდება. შეიძლება სამომავლოდ საახალწლო თემაზე გადაღებული რაიმე ფილმი კიდევ გამოჩნდეს და ორიგინალების ნახვა ყოველგვარი მონტაჟისა და ეპიზოდების ამოჭრის გარეშე, პირვანდელი სახით შევძლოთ, როგორც ისინი თავის დროზე კინოპრემიერებზე იყო წარმოდგენილი.

ანა კალანდაძე