გოგო, რომელიც ყოველ დილას ყვავილებს ელაპარაკება - გზაპრესი

გოგო, რომელიც ყოველ დილას ყვავილებს ელაპარაკება

სოფო გუგუნავა ულამაზეს საახალწლო აქსესუარებს ქმნის - მისი კომპოზიციები გამორჩეულია და უცხო, რადგან თავის ბაღში მოკრეფილი სუკულენტებით, სედუმით, ხავსით, ჰამიციპარისებით, კვიპაროსებით, ჯუჯა ვარდებითა და სხვა მცენარეებით აწყობს. ეს საქმე, თავის პროფესიასთან ერთად, დიდ ბედნიერებას ანიჭებს. არადა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

- უნივერსიტეტში იაპონურ ენასა და შორეული აღმოსავლეთის ისტორიას ვასწავლი. დავამთავრე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა კი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით. შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები - ჩინეთი, იაპონია, კორეა ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა იქაური კულტურა. როდესაც აუდიტორიაში შევდივარ, ხშირად ჰგონიათ, რომ მეც სტუდენტი ვარ. ისე, ბოროტი ლექტორი არა ვარ (იცინის), კი არ ვამწარებ, მოტივაციას ვაძლევ სტუდენტებს და ისინიც ყოველთვის მონდომებულები არიან. ცოდნის გადაცემა დიდი პასუხისმგებლობაა. რთულია ონლაინსწავლება, კომუნიკაციის ნაკლებობაა სტუდენტსა და ლექტორს შორის, თუმცა ცდილობენ, დანაკლისი შეძლებისდაგვარად აინაზღაურონ.

- თქვენი ახალი გატაცებისა და საქმიანობის შესახებ მომიყევით.

- მცენარეები, ხატვა, ძერწვა და კომპოზიციების შექმნა ბავშვობიდან მომწონდა. ქოთნის მცენარეები მქონდა და ვაკეთებდი კოლაჟებს, ჰერბარიუმებს. ბოლო 3 წელია, რაც ოჯახთან ერთად კერძო სახლში გადავედი საცხოვრებლად და ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩემს ახალ საქმიანობას. ბაღში მაქვს 58 სახეობის ვარდი, კვიპაროსები, ზამბახები, ტიტები, ყოჩივარდები, ნაძვები, "ჩერის" ყვითელი პამიდორიც კი მაქვს ხოლმე სეზონზე. აპრილის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე ყვავის ჩემი ეზო. პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე და ონლაინ გავიარე კურსი "მებაღეობა და დიზაინი". რაც სახლში მქონდა, თავდაპირველად იმ ნივთებით დავიწყე კომპოზიციების შექმნა. ერთ დღეს წინ მეწყო ჩემი სუკულანტები და ჩაის ჭიქა. უეცრად გავიფიქრე, რომ ულამაზესი იქნებოდა ამ გამჭვირვალე ჩაის ჭიქაში ჩაწყობილი სუკულანტები და ასე ავაწყვე პირველი კომპოზიცია. "ფეისბუკ"-გვერდზე დავდე და ჩემს მეგობრებშიც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. შემომთავაზეს, იქნებ შენი გვერდიც გააკეთო, ორიგინალურია და ბევრს მოეწონებაო. როცა ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, გადავწყვიტე გამეკეთებინა გვერდი. მაშინ გაყიდვაზე არც მიფიქრია. ნაძვის ხის ბუშტში ცოცხალი მცენარეები მოვათავსე, შეიძლება მთელი წელი გქონდეთ და როდესაც გაიზრდება, სხვა ქოთანში გადაიტანეთ. ამ კომპოზიციაზე ერთმა ქალბატონმა მომწერა, ხომ არ ყიდითო? არა-მეთქი, მაგრამ ისე მთხოვა, უარი ვეღარ ვუთხარი და სიმბოლურ თანხად, 13 ლარად მივყიდე. მან თავის მეგობარს უთხრა, იმან - სხვას და ასე მომიმრავლდა შეკვეთა. ამასობაში ახალი წელიც მოახლოვდა და ძირითადად, საახალწლო თემატიკაზე გადავერთე. აღდგომის შემდეგ ეს დღესასწაული განსაკუთრებით მიყვარს. ნოემბრის დასაწყისიდან უკვე ვიწყებ სამზადისს, 15 ნოემბრისთვის ნაძვის ხეს ვრთავ, ვწერ საჩუქრების სიას, მენიუს... მოკლედ, მაბედნიერებს ეს დღესასწაული. ჩემი 11 წლის ბიჭი ძერწავს და გამახსენდა, რომ ჰქონდა პოლიმერული თიხა და საღებავები. გავიხსენე ძერწვა, სკოლის პერიოდში წრეზე დავდიოდი და პატარა სანტა კლაუსები და თოვლის ბაბუები გამოვძერწე. საახალწლო კომპოზიციებს მოუხდა. მართლაც კარგად გამოვიყენე პანდემიის პერიოდი. უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ ეზოს, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი ვიპოვე - ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა და რაც მახარებს. სიამოვნებას მგვრის მუშაობის პროცესი და ხალხს რომ მოსწონს, ეს კიდევ უფრო მახარებს.

GzaPress

- ალბათ შრომატევადია ამხელა ბაღის მოვლა და არც კომპოზიციების შექმნა იქნება იოლი, არა?

- კომპოზიციებისთვის ყველაფერს ბუნებრივს ვიყენებ. წინასწარ არასდროს ვიცი, როგორი გავაკეთო ან რა გამოვა. გავალ ხოლმე ეზოში, შევალ სათბურში, ვათვალიერებ ყველაფერს და უცებ თავში რა აზრიც გამიელვებს, ის გამოდის ყველაზე კარგი. ჩემი ეზო და ბაღი ჩემი ინსპირაციაა. ყოველ დილით გავდივარ და ჩემს ყვავილებს ვესაუბრები, ვესალმები... მეზობლები გაოცებულები მიყურებენ, უკვირთ გოგოს დანახვა, რომელიც ყოველ დილას ყვავილებს ელაპარაკება (იცინის). ყოველდღიურ შრომას მოითხოვს ამხელა ბაღის მოვლა, ადვილი არ არის. სჭირდება გასხვლა, ნიადაგს - გაფხვიერება, ნაკელის შეტანა. ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება და მხარში მიდგას, რადგან იცის, ეს ყველაფერი როგორ მაბედნიერებს.

ნინო ჯავახიშვილი