"დილის სესიაზე მადლენ ოლბრაიტი, საღამოს - ეკა ებრალიძე" - გზაპრესი

"დილის სესიაზე მადლენ ოლბრაიტი, საღამოს - ეკა ებრალიძე"

ეკა ებრალიძე გამორჩეული ადამიანია ბევრი ნიშნით. კომუნიკაციის მაღალი ხარისხი, ლინგვისტური უნარები, წარმატებული და მრავალფეროვანი შრომითი ბიოგრაფია მის პერსონიფიცირებულობას მკაფიოდ გამოხატავს. მის შესახებ მინიკომენტარებით უფრო მეტს გაიგებთ... თუმცა, დასაწყისშივე გეტყვით, რომ "გზის" მკითხველი გაეცნობა ქალბატონს, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახლდათ პოსტსაბჭოური სივრციდან, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარდგა ამჟამადაც ფრიად პოპულარული თემის ანგარიშით. საქართველოში გენდერზე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ფაქტია, შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან დაიწყო საუბარი.

სკოლამდელი ბავშვობა...

- დავიბადე ერთ-ერთ გამორჩეულ, მყარ, მოსიყვარულე ოჯახში. მზრდიდა ზუსტად 7 მზრუნველი ადამიანი: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, დეიდა, ბებიას და და მისი მეუღლე. სკოლაში მონაცვლეობით დავყავდი თითოეულს. თუმცა, სკოლამდე იყო საბავშვო ბაღი, სადაც დამამთავრებელ ჯგუფში მხოლოდ 4-5 თვე ვიარე. მანამდე არ მატარეს, რადგან ბავშვს, ანუ მე, რაიმე ინფექციური დაავადება არ გადამდებოდა. ბოლო 4-5 თვე მატარეს იმიტომ, რომ სკოლამდე სხვა, უცხო, არაოჯახურ გარემოს შევგუებოდი. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ ოჯახი დაეთანხმა ცნობილ თეზას, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ და ამიტომაც გადაწყდა ჩემი რუსულ ბაღში გამწესება. პირველ დღეს ვიტირე - კარგად მახსოვს. მეორე დღეს ბაღში კოჭის ძაფი წავიღე. რუსული არ მესმოდა. ჰოდა, დროის გაყვანის მიზნით, ძაფს ვახვევდი და ვშლიდი. ბოლოს ძაფი აიბურდა, მომწყინდა და ვიტირე. თუმცა, როგორც ჯერ კიდევ ბავშვობაში ერთობ კომუნიკაბელური არსება, მალე შევეგუე გარემოს და სახლში წამოსვლა აღარ მინდოდა. რუსული ენის ცოდნას მაშინ ჩაეყარა საფუძველი და ასე გავხდი "ორი" ადამიანი. დედა და მამა საკმაოდ დაკავებულები იყვნენ. ორივეს საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა. მზრდიდნენ ბებია და ბაბუა (დედის მშობლები). ყველაზე თბილი და ამავე დროს, ღიმილის მომგვრელი მოგონება ბავშვობიდან არის ბებიას და მამას (სიდედრის და სიძის) ურთიერთობა. კეთილ იუმორისტულ მოთხრობას დაწერდა ადამიანი მათ გადაძახილებზე. ბებიას ორი ქალიშვილი ჰყავდა - დედა და დეიდა, ვაჟი არ ჰყოლია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჰყოლოდა, იმაზე მეტად ვერ ეყვარებოდა, ვიდრე სიძე, ანუ მამაჩემი უყვარდა.

სკოლა...

GzaPress- ვიხსენებ თბილისის ერთ-ერთ ძველ "ოქროს უბანს". მე-20 რუსული საშუალო სკოლა დავამთავრე. კლასში იყო სრული ინტერნაციონალი: ქართველი, რუსი, სომეხი, ებრაელი, ქურთი, პოლონელი, აზერბაიჯანელი, ოსი. არასდროს დავფიქრებულვართ ერთმანეთის წარმომავლობაზე. ერთად, მჭიდროდ შეკრული მუშტივით ვუშრობდით სისხლს მასწავლებლებს. Xა კლასი სწავლასა და მასწავლებლების წონასწორობიდან გამოყვანაშიც პირველები ვიყავით. შემდეგ იყო სტუდენტობა - საოცრად საინტერესო, მხიარული თავგადასავლებით სავსე. მოსაყოლი და გასახსენებელი უამრავია, თუმცა, ბევრად არ განსხვავდება იმ დროის სხვა სტუდენტების ცხოვრებასთან.

სამოქალაქო ომი და სამსახურები...

- უშფოთველ დროს კვალდაკვალ მოჰყვა 90-იანები. ქვეყნის მკვეთრი "ნახტომი" სტაგნაციაში, ომში, სურსათის დეფიციტში, უტრანსპორტობაში, გაზრდილ კრიმინალში, თურქულ "კერასინკებში", პურის რიგში დანთებულ კოცონში, უშუქობაში. ზუსტად ამ დროს დავიწყე სამსახური ქალაქის სადეზინფექციო სადგურში ექიმ-ეპიდემიოლოგად. დღემდე მიკვირს, როგორ ვრისკავდი სახლში ორი მცირეწლოვანი შვილის მოხუც ბებიასთან (ჩემს ბებიასთან) დატოვებას, ხოლო მე კი - სამსახურში სიარულს. რუსთაველის გამზირზე ბარიკადები, მიტინგები, ხანდახან ტყვიების წუილი, მე კი ყოველ დილით ვაკიდან ვარკეთილში (სამსახურში) ღმერთმა იცის, როგორ და რამდენ ხანს ვუნდებოდი მისვლას: სახლიდან დაახლოებით 500 მეტრი ტროლეიბუსის გაჩერებამდე, ტრანსპორტის უშედეგო ლოდინი (ან უბრალოდ, ასვლის საშუალება არ იყო) და ბოლოს მეტრო "რუსთაველამდე" ფეხით მილასლასება, რომ მერე ჩავჯდე მეტროში, "ვარკეთილამდე" ვიმგზავრო და ბოლოს, სამსახურამდე კიდევ ნახევარი კილომეტრი ფეხით. ჰო, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანზე", მიმდებარე ტერიტორიაზე არეულობის გამო გაჩერება დროებით გაუქმებული იყო.

1993 წელს ერთი ძალიან კარგი ადამიანის, აწ გარდაცვლილი მზია ჭანტურიას ძალისხმევით ბოლო მოეღო ჩემს წამებას და სამსახური დავიწყე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. არ შემიძლია სულ რამდენიმე სიტყვა მაინც არ ვთქვა ქალბატონ მზიაზე. ის ხელმძღვანელობდა თელეთში ბატონი ჟიული შარტავას ინიციატივით აშენებულ ე.წ. კომკავშირულ ქალაქს. ამ პერიოდთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო და კურიოზული რამ მახსენდება. 1995 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, აღდგა პრეზიდენტის პოსტი, რამაც სახელმწიფო მეთაურის აპარატის ლიკვიდაცია და სახელმწიფო კანცელარიის, იმავე პრეზიდენტის აპარატის შექმნა განაპირობა. დაიწყო ყველაზე საინტერესო, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე ხანა ჩემს ცხოვრებაში. ლომის წილი ამაში სახელმწიფო მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ბატონ ზაზა შენგელიას მიუძღვის. გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა. ეს არ იყო უფროსსა და ხელქვეითს შორის ე.წ. საოფისე ურთიერთობა. თითოეული ჩვენგანი, ვინც იმ პერიოდში ე.წ. ზაზას "ბლოკში" ვმუშაობდით, ვიყავით მისთვის მეგობრები და თანამოაზრეები. ჩემი მაშინდელი პოზიცია გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვისა და სპორტის საკითხებში. ცოტა - არა, ძალიან მეცინება: მე და მრჩეველი. ვისი? ედუარდ შევარდნაძის! ყოველთვის მიქმნიდა უხერხულობას, როცა რაიმე შეხვედრაზე მიწევდა საკუთარი თავის წარდგენა.

1997 წელიდან დავიწყე აქტიური თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (INDP). იმხანად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიას საქართველოში არაჩვეულებრივი ადამიანი მარკო ბორზოტი ხელმძღვანელობდა. ზუსტად ამ პერიოდიდან ქვეყანაში შემოდის UNDP-ს ორწლიანი პროექტი "ქალები განვითარების პროცესში" (Women in Development). აღნიშნული პროგრამის დასამტკიცებლად აუცილებელი იყო განსახილველად მისი საქართველოს საინვესტიციო საბჭოზე გატანა. საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი. მე მომიწია პროგრამის წარდგენამ, ვინაიდან დავინიშნე აღნიშნული პროექტის ეროვნულ დირექტორად. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო პირველი გენდერული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა, რომლის ეროვნული კოორდინატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ჩარიტა ჯაში. საქართველოში არ დარჩენილა რაიონი, რომ არ მოგვევლო ორი წლის განმავლობაში. დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ამიტომ, ამაზე ალბათ, ოდესმე დავწერ უფრო დეტალურად. სწორედ UNDP და UNICEF-თან მჭიდრო თანამშრომლობა გახდა შედეგი იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიქმნა პირველი მცირე, მაგრამ ქმედითი რგოლი, რომელმაც პატრონაჟი აიღო ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა ქვეყანაში. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნა "დემოგრაფიის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და ოჯახის განვითარების" განყოფილება, რომლის ხელმძღვანელობა მხვდა წილად. პროექტის დასრულებისთანავე, 1999 წელს დავიწყეთ მზადება გაეროს სპეციალური სესიისთვის, რომელიც მიეძღვნებოდა 1995 წლის პეკინის ქალთა კონფერენციის მიერ დასახული მიზნების შესრულების ერთგვარ ანგარიშს. წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა მზადება აღნიშნული შეხვედრისთვის. ვიკვლევდით, რა ნაბიჯები გადაიდგა გენდერული განათლების პოპულარიზაციისთვის, როგორ მიმდინარეობდა ქვეყანაში ქალთა მონაწილეობის როლის გაზრდა სახელმწიფოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

GzaPress

გაეროში...

- 2000 წლის ივნისში დაინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია ქალთა საკითხებში "პეკინი+5". ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ აღნიშნულ სესიაზე, გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მხვდა წილად წარმედგინა მოხსენება საქართველოს სახელმწიფოს სახელით. არ შემიძლია უდიდესი მადლიერების გრძნობით არ მოვიხსენიო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბატონი პეტრე (ზურაბ) ჩხეიძე და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის უფროსი მრჩეველი ბატონი გიორგი ვოლსკი. გამორჩეულია გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომათა დარბაზი, ანუ დარბაზი, სადაც სახელმწიფო ლიდერები გამოდიან მოხსენებებით. იშვიათად მინახავს უმაღლესი დონის შეხვედრების მიმდინარეობა ისეთ ქაოსში ხდებოდეს, როგორიც მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმთავრეს სივრცეში სუფევს. რომ ვთქვა, დასწრება სანიმუშოაო, დიდი ტყუილი გამომივა. ალბათ ზუსტად ამიტომ იყო, გია ვოლსკიმ რომ დამაიმედა, - შენ არ იდარდო, დარბაზში ხალხი იქნება, დილის სესიაზე მადლენ ოლბრაიტი გამოდის სიტყვით და საღამოს შენ, ასე რომ, დასწრება გარანტირებულიაო. სიამაყით მინდა გაუწყოთ, მე და მადლენი ერთმანეთის გამოსვლებს მართლაც დავესწარით...

ბავშვობაში დაბრუნება...

- ცოტა ხნის წინ კოვიდი დამიდასტურდა. ვიცინოდი, ამ ავადმყოფობამ ბავშვობაში დამაბრუნა-მეთქი. საჭმელს მაძალებდნენ და ბუშტებს ვბერავდი... ისე, ბავშვები ძალიან მიყვარს. ამიტომ, არავის გაუკვირდეს, თუ ამოდენა შრომითი გამოცდილების მქონე ადამიანი საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ჩემმა შვილიშვილმა ხელი შეუწყო ჩემს ბავშვობაში დაბრუნებას...

როლანდ ხოჯანაშვილი