"ორშაბათს კორონა გავიცანი" - გზაპრესი

"ორშაბათს კორონა გავიცანი"

კორონავირუსზე ხუმრობები სოციალური ქსელის საშუალებით უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე თვით ვირუსი, რომელსაც არაერთი ლექსი თუ კაფია მიუძღვნეს. პოეზია და იუმორი პანდემიის ვაქცინააო, - ამასაც ხშირად წერდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში იმასაც მივხვდით, რომ სტრესი გაცილებით მეტად კლავს, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი. ამიტომაც, ხალისიანი განწყობის შესაქმნელად, კორონაზე დაწერილ რამდენიმე კაფიასა და სახუმარო ლექსს შემოგთავაზებთ.

მამუკა ჭიპაშვილი: "კორონას შიშით პლატონა/ ოთახში გამოიკეტა,/ წამლებიც ბევრი ყლაპა და/ ნემსებიც ბევრი იკეთა./ მოიმარაგა პირბადე,/ მოსპოს ვირუსის კერები,/ საპნით, ფხვნილით და შამპუნით,/ ბევრი იბანა ხელები./ თან დაიფიცა ხატებთან,/ თქვენ ხართო ჩემი დამცველი,/ სულ რომ დაინგრეს ქვეყანა,/ გარეთ არა ვარ გამსვლელი./ გამოელია პროდუქტი,/ არც პური ჰქონდა, არც წყალი,/ ორ კვირას უძლო და მერე,/ შიმშილით მოკვდა საწყალი!/ რაც გიწერია, ვერ შეცვლი,/ კაცი ვერაფერს გახდება,/ სადაც არ უნდა ემალო,/ მიქელა ყველგან დაგხვდება!"

"შენ არა გაქ მშრალი ხველა/ ფრთაფარფატა თოლია,/ მაშ, ვირუსი უცხოეთის/ რატომ გამოგყოლია./ შენს სიყვარულს დავიფიცებ,/ დაიჯერო იქნება,/ შავ პირბადეს ნუ გაიკრავ,/ თეთრი უფრო გიხდება!"

ლაშა ბიბიჩაძე:

შოთა ნიშნიანიძე კარანტინში

"ორშაბათს კორონა გავიცანი,/ კორონა უხანის კლანის არი,/ მისი კლასტერის გადამკიდე/ სამშაბათს პირბადე ავიკარი./ ოთხშაბათს სიცხემაც ამიწია/ და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი.../ ექიმს სიმპტომები ავუხსენი,/ ჩემი ეჭვები და იმედები./ პარასკევს პასუხი მომივიდა/ ვაიმე, ბედო უკეთურო./ დაგიდასტურდაო ვირუსი და/ ცოლ-შვილს მოერიდე, უბედურო./ თეთრად გავათენე პარასკევი,/ ბოქსში გავატარე შაბათ-კვირე./ გადამტანი ვარ-თქო, დავასკვენი/ ჰოდა, კარანტინიც დავაპირე./ გათენდა მეორე ორშაბათი/ ისევ შემეფეთა ეს უღმერთო,/ თავბრუმ დამიარა კოჭებამდე,/ გამოჯანმრთელებას გისურვებთო./ მე ახლა წამლის დამლევი ვარ?/ უნდა სხვანაირად ვძლიო, მარა.../ მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ/ მოვიმარაგებ ჭაჭის არაყს./ ღმერთია ჩემი მწყალობელი,/ მე კი ამ ჩინელის მგალობელი".

მარინა ხევშელი-პატაშური: "იძულებულ "ლოკაციით"/ თავი ამოვყავ ვერაზე,/ რაღაც "ქეისი" რომ არა,/ ძაან ფრთხილი ვარ ყველაზე,/ ხიფათი მარტო მე დამდევს,/ ბედმა რაღა მე "დამტესტა",/ იმ ხალხში მხოლოდ მე მოვხვდი/ საბურთალოელ "კლასტერთან"./ მანამდე ჯანზე ვიყავი,/ ვგრძნობდი "ვიტალურ" ძალებსაც,/ მაგრამ ეშმაკს ხომ არ სძინავს,/ მალე თავს მეხი დამეცა!/ ცუდად შევიქენ, შევშფოთდი,/ სიტყვის "კონტენტსაც" ვერ ვგრძნობდი,/ თერმოსკრინინგმაც აჩვენა,/ კორონავირუსს ვებრძოდი./ მე ბევრი ვერა გავიგე/ უცხოურ ტერმინებიდან,/ მაგრამ მივხვდი, რომ მიქელა/ მოვიხმე ჩემი ნებითა./ ლეტალურ შედეგს რომ ასცდეთ,/ სახლში ყოფნაზე ვთანხმდებით,/ მე კი ქართულად დამმარხეთ,/ ზურნა-დუდუკის თანხლებით!"

ლექსო ტურაშვილი: "მინისტრის ბრიფინგს ვუსმინე,/ ფიქრმა გულ შამჭრა იარად,/ ორთვე-ნახევრის ტუსაღებ/ ახალ წელს დაგვაფრთიანა.../ ამდენ ხანს უქმად ვით გავძლო,/ რო არც სხვათ ვექცე ზიანად?/ ან ვისთან გამოვიზამთრო,/ თბილად და თავაზიანად?/ ვიფიქრე, დემოგრაფიას/ ვუშველო სამართლიანად,/ მაგრამ არც თავის ცოლი მყავ/ და არც სხვისი მყავ ზიარად./ სასწრაფოდ ძებნა დავიწყე/ პირშავის, პირიმზიანად,/ ახლებმა მაიწეროდით,/ ვადაგასულებმ კი არა".

"თურმე კორონავაქცინას,/ მაჰყვება იმპოტენცია,/ აცრილის კაცობა რა ვთქვი,/ ან წნევა, ან ინერცია.../ სამყაროს ისე დავჭირდი,/ რო დედამიწას ღერძია./ მსურველთ შამიძლავ მავუწყო/ აუცრელ ინტერვენცია".

GzaPress

სპარტაკ ლაცაბიძე: "ვერ გამიბედავს სათქმელი,/ სწუხს მთელი მოსახლეობა,/ გულს კი ერთი რამ ახარებს,/ აღარ ჩანს სმა და ღრეობა./ ტყუილად აღარ დადიან,/ გარეთკენ კაცი და ქალი,/ დამთავრდა, იქმნა როგორაც/ უქმი ბირჟა და ქაქანი./ მე რომ მეგონა,/ ჯერ ჩვენი ჭკუის სწავლება შორია,/ უკვე აღარც სხვის შურია,/ აღარც ბოღმა და ჭორია./ მოიკლო ფულის ჯან-ღონემ,/ მიწა კი ანაბარია,/ ფულიანი და უფულო/ დღეს ბედით თანაბარია./ თავსაც იდაბლებს ქალაქი/ აქამდე ყანის შემლახი,/ ფეხზე წამოდგნენ ღობენი,/ წელში გასწორდა ვენახი./ ახლა კი გახდა მიწასთან/ უბარი, ჭკუათმყოფელი,/ დაინთო ძველი ბუხარი/ ცივ კერებს ითბობს სოფელი./ დედის წინ კვიცის სირბილი/ ვიცით უბედურ დღეთია,/ ისე მოუშვავს აღვირს, რომ/ ახლა პატრონი ღმერთია./ ღმერთმა გვაშოროს პირდაპირ,/ რაც ვთქვა გადაკრულ ენითა,/ შენ გენაცვალე, ჭირო, რომ/ ზნეობა შვენობს შენითა".

"ფრთების სურვილი მაფიქრებს მეც ხან,/ არც ბორბალი სურს, არც თეთრი რაში.../ გადმოუკვეთავს საზღვრები მერცხალს/ და ათას ფრინველს ერევა ცაში./ მომნატრებია ქუჩების ხილვა,/ გულიდან ოხვრის იცლება მასრა,/ საზღვარგარეთად მიქცია ჭირმა,/ ჩემი სოფლიდან ქალაქში ჩასვლა./ ფიქრებით დამაქვს მოძმეთა ლხინი,/ და შეხვედრები მოღიმარ ხალხის,/ რადგან აკრძალვით ტკბილია ხილი,/ დღეები წლებს ჰგავს მხარეთა ნახვის./ ეს რა ბედი გვაქვს,/ მაგრამ რას ვიზამთ?!/ იაქის ადგილს გორდება შაში./ ქვეყნების კარი არა გვთხოვს ვიზას/ და ჩემი უბნის მჭირდება საშვი./ გვაშოროს ღმერთმა ერთობის ჩრჩილი,/ დროა ქნას იქნებ სვე-ბედის ჩარხმა,/ რომ ჭირმაც ჩვენი წაიღოს ჭირი/ გაგვცდეს და იქნებ გავიდეს გაღმა".

ნინო ჯავახიშვილი