"მე დავამარცხე ბევრი კომპლექსი" - გზაპრესი

"მე დავამარცხე ბევრი კომპლექსი"

სოციალური ქსელი XXI საუკუნის ცხოვრების წესად იქცა. ადამიანები აქ საკუთარი თავის რეალიზებას ბევრად უკეთ ახერხებენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. "ფეისბუკი", "ინსტაგრამი" და "ტიკტოკი" ბევრისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების წყაროდაც იქცა. გიორგი მახარაშვილი ერთ-ერთ კომპანიაში სერვის-მენეჯერად მუშაობს, მაგრამ საკუთარი თავი საზოგადოებას მაინც "ტიკტოკით" გააცნო. ამბობს, რომ მისი საშუალებით კომპლექსების დამარცხება შეძლო.

- რატომ დაიწყეთ ვიდეოების გადაღება და როგორ შეიქმნა ზინაიდას პერსონაჟი?

- მე და ეკა, ჩემი მეგობარი, დიდი ხანია ვიღებთ ვიდეოებს, მაგრამ არ ვიცოდით "ტიკტოკის" არსებობა, რომ აგვეტვირთა და ალბათ ვერც გავბედავდი, რადგან ბევრი კომპლექსი მქონდა. როდესაც მთელი მსოფლიო ჩაიკეტა და ეპიდემიამ სახლებში გამოგვკეტა, მაშინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზინაიდას, ამ პერსონაჟში ბევრი ქალის ხასიათი გავაერთიანეთ და ამიტომაც აღმოაჩინა ბევრმა მასში საკუთარი თავი.

- ათასობით გამომწერი გყავთ. როგორ მოიპოვეთ ამ ადამიანების სიყვარული?

- გულწრფელი ვარ და სანამ ვიდეოს ავტვირთავ, ძალიან ბევრჯერ ვუყურებ, რამე რომ არ გამომეპაროს და ზუსტად მივაწოდო მაყურებელს ჩემი სათქმელი.

- რა მოგიტანათ "ტიკტოკმა" და შეცვალა თუ არა თქვენი ფინანსური მდგომარეობა?

- ბევრი ადამიანის სიყვარული მომიტანა. არ მიყვარს სიტყვა "ფანები", ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან და ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არაფერი შეცვლილა.

- რა კომპლექსი გქონდათ? ერთი შეხედვით, სრულიად თავისუფალი ადამიანი ჩანხართ.

- ჩემი ხმის ტემბრი არ მომწონდა, არ მომწონდა ჩემი ვიზუალიც, ახლა გაცილებით თავდაჯერებული ვარ.

- რას გრძნობთ, როდესაც გამომწერები რესტორანში თქვენ გამო მოდიან და როდესაც ქუჩაში გცნობენ?

- აი, სწორედ ეს მომწონს "ტიკტოკის" - მან მომიტანა ადამიანების სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ არც ტელესახე და არც პრესასთან მაქვს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს და ყველა ადამიანის სიყვარული, ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ამა თუ იმ პროდუქციისთვის პიარის ან ანტიპიარის გაკეთება შეგიძლიათ. გააკეთებთ თუ არა იმ პროდუქციის რეკლამას, რომელიც არ მოგწონთ?

- არასოდეს. რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ ასეთი პროდუქციის რეკლამას. ვერავის ვურჩევ იმის შეძენას, რაც თავად არ მომწონს.

- სოცქსელში ატვირთული ვიდეოები ხშირად უკონტროლოა, ყველა ასაკის მაყურებელს შეუძლია ნახვა ისეთი ვიდეოებისაც კი, რომელსაც +18 უნდა ედოს.

- ეს არის ძალიან ცუდი მხარე, სრულიად უკონტროლოა და პირადად მე, შვილი რომ მყავდეს, არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი უფლებას გამხდარიყო სოციალური ქსელის მომხმარებელი. ამას მშობლის გარდა, სხვა ვერავინ გააკონტროლებს. ძალიან ბევრი მოზარდი ხდება ბულინგის მსხვერპლი ამ სივრცეში და თუ დედა არ დაიცავს საკუთარ შვილს, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს.

- ყველა ვიდეოში ხაზს უსვამთ მატერიალურ მხარეს. თავად თუ აქცევთ ყურადღებას მატერიალურ სიკეთეებს?

- არა. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ადამიანური მხარე და ვიზუალი. შეიძლება ამბიციური ვჩანვარ, მაგრამ რეალურად ასეთი არ ვარ. სიბერეში მხოლოდ ოთხი თხა და ერთი პატარა სახლი მინდა სადმე სოფელში.

- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, აქვთ თუ არა თქვენს ფან გოგონებს შანსები?

- შანსები ალბათ ცოტა, რადგან ანგარებიან გოგონებთან ურთიერთობა არ შემიძლია და დღეს, სამწუხაროდ, ქართველი სოციუმის აზროვნება სწორედ "აქ გადის". მიყვარს და ვფიქრობ, რომ ქალს კაბაზე მეტად არაფერი უხდება, შინაგანი მე ჩაცმულობითაც გამოიხატება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

GzaPress

- ვინ არის ეკა, რომელთან ერთადაც ვიდეოებს იღებთ?

- ეკას თვალდახუჭული ვენდობი. ჩვენ შორის წრფელი მეგობრული სიყვარულია. ჩვენ ვართ კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ქალისა და კაცის მეგობრობა შესაძლებელია.

- როგორი ხართ სინამდვილეში, როგორია ერთი შეხედვით უდარდელი და ძალიან მხიარული ბიჭის ცხოვრება?

- ასეთი უდარდელი და მხიარული არა ვარ, ცოტა უჟმური და უხასიათო გახლავართ. მაქვს პროფესია, ერთ-ერთი კომპანიის სერვის-მენეჯერი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. უფრო მეტად მიყვარს მიმტანად მუშაობა. მიყვარს, როდესაც კლიენტს ვთავაზობ სხვადასხვა კერძს და ვუყვები ამ კერძების წარმომავლობას.

- ყველა ქართული კერძის წარმომავლობა და ყველა ღვინის ისტორია იცით?

- დიახ, რაც ჩვენს რესტორანშია, ყველა კერძის ისტორია ვიცი და თითქმის ყველა ღვინის სახეობა მაქვს დაგემოვნებული როგორც ქართული, ასევე ევროპული, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც საფერავია.

- გიორგი, არასოდეს საუბრობთ მშობლებზე. თქვენს ვიდეოებში ხშირად ახსენებთ ბებოს, მაგრამ მშობლებს - არასოდეს. ვინ არიან და რატომ არიდებთ თავს მათზე საუბარს?

- ეს ჩემი ბავშვობის ტრავმაა და ამაზე საუბარი რთულია ჩემთვის. ჩემი მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც შვიდი წლის ვიყავი. დღემდე არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. როდესაც 8 წლის ვხდებოდი, ერთ-ერთ მეტროსთან, ჩემს ოქროს დაბადების დღეს ველოდი ადამიანს, რომელიც არ მოვიდა... დედა ჩემთვის სხვა ფენომენია. დედა არის ადამიანი, რომელზე საუბრის დროსაც სხვა ემოცია მომდის და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, რასაც ვერ ვიტყვი მეორე მხარეზე (მამაზე), თუმცა მასთანაც ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ბებომ გამზარდა და მას ძალიან ვგავარ როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათით და ძალიან მიყვარს.

- რას ურჩევდით "ტიკტოკერებს"?

- ეს არის გასართობი საიტი და შეეცადონ, მისგან სიამოვნება მიიღონ. ნუ დააბულინგებენ ადამიანებს იმის გამო, რომ არა აქვთ სახლში ევრორემონტი ან "შანელი" ვერ ჩაიცვეს. იყავით ის, ვინც ხართ და დაფიქრდით, რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს თქვენმა ბულინგმა თუნდაც არასრულწლოვანი. იყავით ნამდვილები და დაიცავით "საზღვრები".

ფიქრია რობაქიძე