"ლაპლანდია ყველა ბავშვმა უნდა ნახოს!" - გზაპრესი

"ლაპლანდია ყველა ბავშვმა უნდა ნახოს!"

"პანდემიამ და რეგულაციებმა სახლებში გამოგვკეტა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს, ახალ წელს ონლაინ და ზუმქეიფების ნაცვლად, მაინც მოვახერხეთ ერთმანეთის ოჯახებში მისვლა - სწორია თუ არაა სწორი, მაინც ვერ მოვიშალეთ. თუმცა ეს არ იყო, დავუშვათ 20-30-კაციანი შეკრებები, მხოლოდ 2-2 ან 3-3 მივდიოდით სტუმრად. ახალ წელს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კორონა საერთოდ არ არსებობდა. რადგან 2021 წელი დადგა, ფსიქოლოგიურად იმ წელს გავაყოლე კორონა და სინამდვილეში ასეც მინდა, რომ იყოს", - ამბობს დათო ლიკლიკაძე და საახალწლო განწყობაზე გვესაუბრება.

- ცუდია, რომ არ იყო ღონისძიებები, ქუჩაში საახალწლო გართობა ფეიერვერკებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოჯახურ გარემოში ყოფნა მოგვნატრებია. ჩემს ბავშვობაში ხომ სულ სახლში ვხვდებოდით ახალ წელს და მერე ნათესავებთან მივდიოდით. წელს, ამ მხრივ, ძალიან კარგი იყო ნამდვილად. ბოლო 20 წელია, სახლში ახალ წელს არ შევხვედრივარ, რადგან სულ მთავარი კონცერტები მიმყავდა.

- ორი დღესასწაული - ახალი წელი და შობა, რომელიმეს უპირატესობას ანიჭებთ?

- ჩემთვის და ყველა ქართველისთვის შობა მნიშვნელოვანი და დიდი დღესასწაულია, მაგრამ ჯერ ახალ წელს ვზეიმობთ. კომუნისტური 70-წლიანი ცხოვრების დროს ჯეროვნად არ იყო დაფასებული შობის ზეიმი და ამიტომ მთავარი ახალი წლის აღნიშვნა გახდა. მსოფლიოში ახალ წელს შობის დღესასწაული უსწრებს და მათთვის 25 დეკემბერია მთავარი. გული მწყდება, ადრე ჩვენც შობას ამ დღეს აღვნიშნავდით, მერე გზები გაიყო, მაგრამ სხვათა შორის, ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა (საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) შობას ისევ დეკემბერში ზეიმობს. მინდა, საქართველომ და ყველა ქრისტიანმა ერთად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული. არ ვიცი, ისინი უნდა გადმოვიდნენ 7 იანვარზე თუ ჩვენ უნდა გადავიდეთ 25 დეკემბერზე, მაგრამ ვფიქრობ, ლოგიკური იქნებოდა შობა ერთად აღგვენიშნა.

GzaPress

- ძველით ახალ წელს აღნიშნავთ ხოლმე?

- კი, მაგრამ ის ეფექტი არა აქვს, თან არც დასვენების დღეა... უფრო ტრადიციის თემაა, მიზეზს რომ მოიფიქრებ ადამიანი. ერთი მეზობელი მყავს, რომელიც საქეიფო მიზეზს ყოველთვის იგონებს. მაგალითად, იტყვის: 20 წლის წინ, 15 ნოემბერს ჩვენი შვილი სოფელში ხეზე ავიდა, ჩამოვარდა და გადარჩაო. ამის გამო იქეიფებს და ასე ნებისმიერ დროს, რაღაცას გამოიგონებს. ძველით ახალი წელი არსებობს, ცხადია, მას ვერ ავცდებით, ის ჩვეულებრივი კალენდარული დღე არაა და ამიტომ სუფრას ვაწყობთ. ჩემთვის ახალი წელი ნამდვილად დადგა 31 დეკემბერს საღამოს - პირველ იანვარს.

- წელს თქვენი შვილისთვის თოვლის პაპა იყავით?

- ჩემი გოგონა ჯერ სამი წლისაც არაა და მართალი გითხრათ, არც თოვლის ბაბუა მოუთხოვია, არც პაპა და არც სანტა კლაუსი. თუმცა ნაძვის ხეს ცნობს და ისე კარგად, რომ ჩვენ ვეღარ ვცნობთ - სულ გაატყავა, არც ერთი სათამაშო არ შეარჩინა. ჩათვალეთ, რომ სამ დღეში მოუღო ბოლო ნაძვის ხეს, რომელსაც "ჯინგლ ბელს" ეძახის და უკვე გადმოცემით ვიცით, რომ ოდესღაც მოვრთეთ. ქუთაისის ცენტრში ვცხოვრობთ, ჩემი ფანჯრებიდან ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ჩანს და ჩემს შვილს გული სწყდება, რომ იმასაც ვერ გლეჯს (იცინის).

რა თქმა უნდა, საახალწლოდ ბევრი საჩუქარი მიიღო. საჩუქრები ძალიან უყვარს, მისი სიხარული არის ზუსტად ერთწუთიანი და მერე ავიწყდება, მაგრამ იმ ერთი წამისთვის, როცა სახე უცებ გაებადრება, ყველაფრად გვიღირს. 6 იანვარს ესპანეთიდან საჩუქრები მივიღე მეგობრისგან, მეგონა მე გამომიგზავნა და ყველაფერი ბავშვისთვის გახლდათ. ისე გაუხარდა, ჭკუაზე აღარ იყო, ბოლოს კი სულ მიჰფანტ-მოჰფანტა. მალე მოვა დრო, როცა თოვლის ბაბუაც უნდა ვიყო და შეკვეთებიც მივიღო... ამის მზაობა ფსიქოლოგიურად მაქვს და სიამოვნებითაც გავაკეთებ.

GzaPress

- თავად გჯეროდათ თოვლის პაპის? მისი როლი არასოდეს შეგისრულებიათ?

- თოვლის ბაბუის როლი არ შემისრულებია და ბავშვობიდან, დიდად არც მჯეროდა მისი არსებობა. ერთხელ საბავშვო ბაღში მოვიდა თოვლის ბაბუა და საჩუქრები დაგვირიგა. დამთავრდა ზეიმი და მას უკან გავყევი, მაინტერესებდა, სად წავიდოდა. შევიდა საბავშვო ბაღის სამზარეულოში, გაიხადა ფორმა, შევხედე და მზია დეიდა იყო, ჩვენი მზარეული. დედაა, გადამიტრიალდა გული და სახლში რომ ვთქვი, მშობლებმა დამამშვიდეს: კაი, შვილო, დაწყნარდი, თოვლის ბაბუები ჩვეულებრივი ადამიანები არიანო. მერე ამ ამბავს შევეგუე.

ბავშვობაში საახალწლო კარნავალზე მგელს ვთამაშობდი. სხვათა შორის, სიმღერაც მახსოვს (ღიღინებს): მე ხომ კეთილი მგელი ვარ, ძველი ჩვევების უარმყოფელი... ვეფერებოდი კურდღლებს, კრავებს და ყველანი ერთად ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ბაბუის კარგა ხანია არ მჯერა, შარშან შობას ლაპლანდიაში, სანტა კლაუსის სოფელ როვანიემში შევხვდი და მთელი ერთი კვირა საოცარი შეგრძნებით ვიცხოვრე. ლაპლანდია ყველა ბავშვმა უნდა ნახოს! თქვენ არ იცით, რა დღეში ვიყავი, მისის კლაუსის ან ჯინჯერის სახლში, ან ძველ ფოსტაში წერილების გაგზავნისას, სანტა კლაუსზე ხომ აღარაა ლაპარაკი. რომ გადავჯეგავდი პოლონელ, ლატვიელ თუ ჩინელ ბავშვებს, გადავახტებოდი ამ პატარებს და პირველი გავრბოდი ყველა ატრაქციონზე.

წელს იანვრის დასაწყისში ტყიბულში, ცხრაჯვარზე ვიყავით გიდები, სადაც ამ რაიონის მეჩაიეობის გზა გავიარეთ. დავპოსტე კიდეც: 2020 წლის შობას ლაპლანდიაში ვიყავი და 2021-ში იმავე დროს ტყიბულში. რა ვიცი, ჩემთვის სულაც არ იყო 2020 ცუდი-მეთქი (ყველა ხომ ლანძღავს). სჯობს, ტყიბულით დავიწყოთ და მერე მთელი წელი, მაგარი მოგზაურობები გვქონდეს ევროპაშიც და სხვაგან. ძალიან მიყვარს ტყიბული, ჩვენი ქვეყნის არც ერთ ქალაქს და ვერც ერთ გოჯს ვერ გადავცვლი ლაპლანდიაში. იმის თქმა მინდა, შარშან ევროპით რომ დავიწყე მოგზაურობა და 2020 წელი ქუთაისში გიდობით დავამთავრე, მგონი მაინც ასე სჯობს, პირიქით დავიწყო.

- მეკვლე ყოფილხართ?

- როგორ არა, ძალიან ცნობილია ჩემი ფეხის ამბავი. ბარბარობიდან მოყოლებული, ბევრი მითანხმდება მეკვლეობაზე, მეც დავდივარ და ვყრი ბრინჯს. რატომ ბრინჯს? მისი მოყრა ნიშნავს, როგორც დოვლათისა და ბარაქის, ასევე ფიზიკურ გამრავლებას. ვის ოჯახშიც მივალ, სათითაოდ ყველა ოთახში მუჭით ბრინჯს ვყრი, ვილოცები და ერთ ამბავში ვარ. ბავშვობიდან, მესამე-მეოთხე კლასიდან ყველა მეზობლის მეკვლე მე ვიყავი. ემოციური ტიპი ვარ და სადღეგრძელოსავით, გულით და რიხიანად შემოვძახებ ხოლმე დალოცვის ტექსტს. საკუთარ სახლში შანსი არაა მეკვლე არ ვიყო, როცა საქართველოში ვარ.

- ბავშვობაში, სახლში ნაძვის ხის დადგმა ზეიმის ტოლფასი იყო?

- რა თქმა უნდა, ეს იყო რიტუალი. საბჭოთა პერიოდის საახალწლო სათამაშოები ძირითადად გახლდათ - დათოვლილი სახლები, გირჩები, კოსმონავტები, ნაძვის ხის თავზე დაკოსებული ვარსკვლავი. რამდენიმე წელია, ძველი სათამაშოებისთვის თვალი აღარ შემივლია. როცა ვნახულობ - ზოგი გაბზარულია, ზოგი გატეხილი... ძალიან მიყვარს. ცხადია აღარ ვიყენებთ, მაგრამ ეს ჩემი წარსულია და ვინახავ. ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად ვიყავით - ჩემზე ერთი წლით უფროსი და, მე და მშობლები. სამწუხაროდ, მამა გარდაცვლილია. ის ძალიან სიტყვაძუნწი და მორიდებული კაცი იყო. ყველას უკვირს, ვის ვგავარ? უფრო - დედას. მამაჩემი მეზობელს, გამარჯობის მერე, როგორა ხარო? ვერ ეკითხებოდა. გამარჯობაო, ეტყოდა და თავდახრილი გაივლიდა. ძალიან მშვიდი და წყნარი იყო. გამოირჩეოდა იმით, რომ საოცრად მღეროდა და პროფესიონალურად უკრავდა გიტარაზე. მის სიმღერასა და გიტარაზე დაკვრაზე ახალგაზრდობიდან ლეგენდები დადიოდა. რაც მახსოვს, ყოველ ახალ წელს, მე და ჩემს დას მამაჩემი უამრავ კარგ სიმღერას გვიმღეროდა.

GzaPress

- როგორია თქვენი საახალწლო სადღეგრძელო?

- კოვიდი არ მაქვს, ეს კარგია, მაგრამ სახლში ვზივარ. თუ მსოფლიოში ეს ამბავი არ მოგვარდა, მაინც სახლში უნდა ვიჯდე, ოღონდ ჯანმრთელი. ამიტომ ღმერთს ვთხოვ გლობალურად - მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს და ჯანმრთელობა გვქონდეს მე და ჩემიანებს. არც ფულს, არც კარიერას და არც სამსახურს ღმერთს არ ვთხოვ, რადგან ზუსტად ვიცი, ეს ჩემზეა დამოკიდებული და თავადაც მშვენივრად მივხედავ. მთავარია მშვიდობა და ჯანმრთელობა. ღმერთი თუ ინებებს და კორონაც უკან დაიხევს, ყველანი და ყველაფერი კარგად იქნება.

ნანული ზოტიკიშვილი